Home რუბრიკები ეკონომიკა ანზორ საკანდელიძე: ნებისმიერი განცხადება ეკონომიკურ აღმავლობაზე უსაფუძვლო პოლიტიკური პიარია

ანზორ საკანდელიძე: ნებისმიერი განცხადება ეკონომიკურ აღმავლობაზე უსაფუძვლო პოლიტიკური პიარია

“ქართული წარმოება, ფაქტობრივად, არ არსებობს”

ანზორ საკანდელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პანდემიის ფონზე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გლობალური კრიზისის პირობებში ქართულ ეკონომიკაში გაჯანსაღების პირველი ნიშნები აშკარაა. მისი თქმით, ის, რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ეკონომიკური დაცემის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაჯანსაღების დინამიკა შეინიშნება, ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს.

თურნავას განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში პირველად მოიმატა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელმა. კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მასშტაბით 4309 საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10,7%-ით აღემატება. თურნავამ განაცხადა, რომ, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა განსაკუთრებით რამდენიმე სექტორშია. მათ შორის სამთო-მომპოვებელ სექტორში, რომლის მუშაობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებითაც არ შეჩერებულა. მინისტრის თქმით, მსგავსი ეკონომიკური დინამიკის ფონზე მომავალში მნიშვნელოვანი მატება იქნება სხვა მიმართულებითაც, მათ შორის აგრარულ სფეროში, სურსათის წარმოებაში და ა.შ.

ცნობისთვის: არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უმუშევართა რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რასაც არაერთი სტატისტიკა და კვლევა ადასტურებს. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა დასაქმებულთა შემოსავალიც, ხოლო ფასებმა, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ისე მედიკამენტებზე, საგრძნობლად მოიმატა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარა მთავრობამ იმისთვის, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანა სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული, უცნობია. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება ეკონომიკის მინისტრის ოპტიმიზმი…

შემცირდა თუ არა საქართველოს ეკონომიკის დაცემის ტემპი, როგორც ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, და რა მდგომარეობაა ქვეყნის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში _ სოფლის მეურნეობაში, რომელიც, ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკის თანახმად, პოსტვირუსულ პერიოდში ტურიზმთან ერთად უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა იყოს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის ერთერთი დამფუძნებელი, პროფესორი ანზორ საკანდელიძე.

_ ბატონო ანზორ, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღისწინანდელ განცხადებას თუ დავუჯერებთ, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ქართულ ეკონომიკაში გაჯანსაღების პირველი ნიშნები გაჩნდა. დადებითი დინამიკა განსაკუთრებით რამდენიმე სექტორში შეინიშნება და სამომავლოდ სერიოზული წინსვლაა მოსალოდნელი აგრარულ სფეროშიც. რეალურია ეს მოლოდინი და რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელისუფლებამ კრიზისის ფონზე უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა (მანამდე ტურიზმს გვიცხადებდნენ პრიორიტეტად, მაგრამ ტურიზმმა წარმატებით დალია ჩაილურის წყალი და ეხლა აგრარული სექტორით გვაიმედებენ)?

_ ძალიან რთული თემაა, რომელსაც ღრმა და სერიოზული ანალიზი სჭირდება, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი დღეს ჩვენ არ გვაქვს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და არც გვექნება ეს ოპტიმიზმი, სანამ არ აღდგება კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ, რომელიც თავის დროზე იყო ერთადერთი ხელშემწყობი კანონი მცირე მეწარმეებისთვის. სხვათა შორის, ბევრმა, ალბათ, არც იცის და, მათ შორის, ვეჭობ, ჩვენმა ეკონომიკის მინისტრმაც, რომ ამ კანონზე იყო მიბმული მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, როგორც მართვის ორგანო, და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში. ამ მართვის ცენტრთან ერთად არსებობდა მცირე საწარმოთა განვითარების საინვესტიციო ფონდიც, რომელიც რეალურად მოქმედებდა და, თუ რამე შემოდიოდა ან გამოიყოფოდა ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან მცირე მეწარმეობაზე, აკუმულირდებოდა სწორედ ამ ფონდში, რაც შემდეგ მიზნობრივად ნაწილდებოდა.

ცნობისთვის: ამ ფონდის პარალელურად არსებობდა სამეთვალყურეო საბჭოც, რომელიც რამდენიმე კაცისგან შედგებოდა და ისეთი კონტროლის ქვეშ იყო სისტემა, რომ, რაც უნდა მოენდომებინა ვინმეს, თუნდაც მაღალ ეშელონებში, თეთრსაც ვერ მიიტაცებდა…

ეს ყველაფერი 2006 წელს საბოლოოდ მოიშალა, ვინაიდან ნაციონალების მიერ ეკონომიკური რეფორმების სახელით დაწყებულმა მყისიერმა ცვლილებებმა, რომლებიც სასიკვდილო დარტყმა იყო რიგი დარგებისთვის, მიწასთან გაასწორა მთელი სტრუქტურა…

რაც შეეხება იმ განცხადებებსა და რიტორიკას, რომ ეკონომიკაში გაჯანსაღების ნიშნებია, არ ვიცი, კონკრეტულად, რომელ სექტორშია ეს ნიშნები, მაგრამ სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში რა მდგომარეობაა, ეს ციფრებითაა ცნობილი. მაგალითად, დღეს საქართველო, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, 80%-ით დამოკიდებულია იმპორტზე. გაეროს რეზოლუციით კი, ნებისმიერი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, თუ მოხმარებული სურსათის 20%-ზე მეტი იმპორტულია.

_ ეკონომიკის ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს, თავისი მასშტაბიდან და რესურსებიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორებისთვის კონკურენციის გაწევა. საუბარია არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე, არამედ ადგილობრივ დონეზეც. ამართლებს სინამდვილეში ეს მიდგომა და რა ბერკეტები არსებობს სახელმწიფოებრივ დონეზე იმისთვის, რომ ქართული წარმოება, ამ შემთხვევაში, სასურსათო, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, იყოს კონკურენტული?

_ სამწუხაროდ, აქ ისევ მივდივართ პოლიტიკურ ხარვეზამდე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა აცდენილია ეკონომიკური დამოუკიდებლობის იდეას. სხვათა შორის, ყველა დიდ ინდუსტრიულ ქვეყანაში, რომლებშიც წარმოებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია და ეკონომიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი გარღვევები მოხერხდა, პირველ რიგში, განვითარდა მცირე წარმოება. კონკურენციას რაც შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ხოლმე მაღალი ტრიბუნებიდან ასეთი სიტყვების წარმოთქმა: “თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი”; “კონკურენტული”; “უმაღლესი დონის” და ა.შ. ეს, როცა საუბარია, ვთქვათ, რამე საწარმოზე. ჩნდება შეკითხვა _ როგორ გაუწიოს ქართველმა მცირე მეწარმემ ევროპელ მცირე მეწარმეს კონკურენცია, როცა ევროპელის წლიური ბრუნვა საშუალოდ არის 10 მილიონი ევრო და ჩვენი მეწარმისა კი მერყეობს 400-დან 500 ათას ლარამდე?! ხედავთ, რამხელა განსხვავებაა? თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, პრობლემა, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების არ არსებობაშია, რაც ნათლად ვლინდება იმაშიც, რომ, მიუხედავად აშკარა აუცილებლობისა, საგადასახადო კოდექსში არ ხორციელდება ცვლილებები. თუ ჩვენ გვინდა, ქართული წარმოება განვითარდეს, უნდა გაიზარდოს შეღავათები და ამ შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ არა მხოლოდ 100-ათასლარიანი წლიური ბრუნვის მქონე საწარმოები, რომლებიც საქართველოს მასშტაბითაც ძალიან ცოტაა, არამედ გაცილებით მეტი შემოსავლის მქონე მეწარმეებიც…

_ თუ ეს არ მოხდება, რა ბედი ელის საქართველოს ეკონომიკას ახლო მომავალში?

_ 2013 წელს, როდესაც დაიწყო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მე ვწერდი და ეს სათაურადაც იყო ერთ-ერთ საგაზეთო წერილში გამოტანილი: დღევანდელი საგადასახადო კოდექსის პირობებში ამ პროგრამით გახსნილი ყველა მცირე საწარმო კრახისთვისაა განწირული”. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. მილიონობით ლარი იყო ამ პროგრამაში ჩაყრილი და უკუგება, პრაქტიკულად, ნულია. სხვათა შორის, ამ პროგრამის ფარგლებში გახსნილი საწარმოების 87% ამოქმედებიდან ორ წელიწადში გაკოტრდა და დაიხურა. დანარჩენები კიდევ ფუნქციობენ, მაგრამ რის ხარჯზე, იცით? ზოგს ვიღაც დეპუტატი ლობირებს და იმას, რა თქმა უნდა, თავის ფინანსური ინტერესები აქვს, ზოგი ვიღაცის ნათესავისაა და .. ანუ, ძირითადად, გადასახადებს არ იხდიან შემოსავლების დამალვის გზით. სხვა დანარჩენი, ვთქვი და კიდევ გავმეორებ: ქართული წარმოება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნებისმიერი განცხადება, მინისტრისა თუ სხვა ვინმესი, რომელიც ეკონომიკურ აღმავლობას შეეხება, ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარია, თუმცა რა შედეგის მომტანია მათთვის ეს პიარი, როცა საზოგადოება კარგად ხედავს რეალურად ყველაფერს, სხვა საკითხია…

_ ეკონომიკის მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, 2020 წელი საწარმოთა დარეგისტრირების მაჩვენებლით უპრეცენდენტო წელიაო. მან თქვა, რომ ამ წელს 4309 საწარმო დარეგისტრირდა

_ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: უმრავლესობა იმ ე.წ. საწარმოებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაიხსნა, გაკოტრდა და დაიხურა. ეს სტატისტიკური მონაცემია. მუშაობს მხოლოდ ის საწარმოები, რომლებსაც ვიღაც ლობირებს და გადასახადებს მალავენ. რაც შეეხება 4309 საწარმოს, ესენი საწარმოს ეძახიან ორ-სამ კაციან სახელოსნოსაც, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული. მორჩა. სხვა დანარჩენი, თუ მართლა არსებობს ასეთი საწარმოები, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გვაჩვენონ, სად არის და რას აწარმოებენ.

_ დასასრულ, რუსული ბაზრის მნიშვნელობაზეც შეგეკითხებით: პოლიტიკოსების აზრი ამ თემაზე არაერთგვაროვანია. ზოგი თვლის, რომ საქართველო რუსულ ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ზოგი პირიქითროგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ბაზარი?

_ თუ პოლიტიკურ კონიუნქტურას გამოვრიცხავთ, რაც, სამწუხაროდ, გადამწყვეტია ეკონომიკურ ურთიერთობებშიც, რუსეთის ბაზარი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. საქართველოს შემთხვევაში ფიქრიც კი ზედმეტია რამე სერიოზულ ეკონომიკურ გარღვევაზე, სანამ თუნდაც ასეთი მძიმე საგადასახადო პირობები გვაქვს. ისე, 2006 წელს თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ გადასახადები ორჯერ უნდა შემცირებულიყო და ეს ნამდვილად იქნებოდა მისწრება ქვეყნის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობები. პირველ რიგში, მსოფლიო სავალუტო ფონდმა არ დაუშვა, შემდეგ იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელიც წინააღმდეგი წავიდა. სწორედ სავალუტო ფონდმა დასვა ის ჯერ ფინანსთა მინისტრად, შემდეგ _ პრემიერად რაც შეეხება რუსულ ბაზარს, 2018 წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ამოქმედდა ევროპული ტიპის საგადასახადო კოდექსი. სხვათა შორის, ამ კანონსაა მიბმული დღეს ჩვენი კონფლიქტური რეგიონებიც _ აფხაზეთი და ცხინვალი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ თუ, სიტყვაზე, 400-500 ათას ლარზე მეტი ბრუნვა არ შეუძლია ჰქონდეს წელიწადში მცირე მეწარმეს, იქ შეიძლება 10 მილიონ ევრომდე იყოს. აი, ამხელა სიკეთეები აქვთ მათ ეკონიმიკური თვალსაზრისით ჩვენთან შედარებით, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ მათ კი არ მოვიზიდავთ და დავაინტერესებთ ეკონომიკური თანამშრომლობით, არამედ პირიქით, სულ მალე ქართველები შეიძლება, იქით გადავიდნენ და დაამყარონ კავშირები ფულის საკეთებლად…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here