Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ დანელია: გაყიდეს საქართველო, ეს ხალხი დასაჭერია და ქონების კონფისკაციაა ჩასატარებელი

ანზორ დანელია: გაყიდეს საქართველო, ეს ხალხი დასაჭერია და ქონების კონფისკაციაა ჩასატარებელი

2939
ანზორ დანელია

რუბრიკის სტუმარია ჩვენი გაზეთის მკითხველი, თბილისელი ანზორ დანელია, რომელიც თვითონ დაგვიკავშირდა, რათა საჯაროდ გამოეთქვა თვალსაზრისი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

_ ივანიშვილს დიდი იმედით შევყურებდი, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაზე” უარესი ყოფილა.

მახსენდება ივანიშვილის პირველი მიტინგი, 2012 წლის 30 მაისს ჩატარებული; მახსენდება, როგორი დაპირებები ჰქონდა, რამდენი პუნქტი იყო და როგორ ედებოდა გულს მალამოდ მისი სიტყვები, მაგრამ ახლა ვფიქრობ _ ვინ ექაჩებოდა ენაზე ამ დალოცვილს? რატომ დაგვპირდა იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდა? რატომ მჯეროდა კაცის, რომელიც თურმე მიშა სააკაშვილს აფინანსებდა? არადა, გვეგონა, ამას სოროსი აკეთებდა.

ახლა ვხვდები, რომ მას მართლა არ უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა და ციხის კადრების შემდეგ “ოცნების” წარმომადგენლები შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ ადგილებზე, რომლებზეც ახლა სხედან.

ივანიშვილი მაძღარია, ამიტომ მშიერიც მაძღარი ჰგონია და თავისი გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს. ჩვენი ყოფა ყოფაა?! ჩემს ახალგაზრდობაში ხის დიდი სანაგვე ყუთები იდგა თბილისში, იმ ყუთთან ახლოს მდგარს ვერავის ნახავდით, მხოლოდ ნაგავს ყრიდნენ შიგ და ახლოს არ ეკარებოდნენ. ახლა ვხედავ, ნაგვის ურნებში იქექება უამრავი ადამიანი. დიდი სამამულო ომის პერიოდში თითქოს შიმშილობდა ხალხი, მაგრამ ნაგავში საჭმლის მძებნელს ვერავის ნახავდით. პრინციპიმე ვიყო კარგად და სხვისი დედაც…” არავის გამოადგა და არც ამათ გამოადგებათ. ასე არ არის, ასე არ ხდება!

ქარხანა და ფაბრიკა ჩვენ აღარ გვაქვს, ყველაფერი თურქეთში გაყიდეს და ერთ დროს უმდიდრესი ქვეყანა დაამშიეს, მიწასთან გაასწორეს. ყველაფერში პირველები ვიყავით _ განათლებით დაწყებული, მუშახელით დამთავრებული.

შევარდნაძის პოლიტიკის გამო აფხაზეთის ომში ორი შვილი დამეღუპა _ ერთი 28 წლის, მეორე _ 21 წლის. უფროსი ბიჭისგან შვილიშვილი დამრჩა, შარშან დაოჯახდა; შვილი რომ შეეძინა, საქართველოდან წავიდა. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ეს ბავშვი და წავიდა, იმიტომ, რომ აქ სამუშაო ვერ იპოვა, ვერ დასაქმდა.

ინვესტიციები შემოგვაქვსო, _ ამბობენ. რა ინვესტიცია შემოაქვთ?! ეს ხომ გარიგებაა და მეტი არაფერი. ჩემი დაღუპული შვილების გამო დახმარებას მაძლევენ, მაგრამ ასეთ დახმარებას არავის ვუსურვებ. მოხუცები 180 ლარზე ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გალიეს, წამალსა და პურს ვერ ყიდულობენ, შიათ და წყურიათ. ამის შემდეგ ამას სახელმწიფო ჰქვია?

_ ვის ადანაშაულებთ: “ნაცმოძრაობას”, რომელიც ვერ მოვიშორეთ, ხელისუფლებას თუ

_ ყველა ჩვენი უბედურების სათავე ივანიშვილია. მას ვაბრალებ ყველაფერს, მაგრამ ჩვენც მოვტყუვდით და ის ხელისუფლების სათავეში მოვიყვანეთ.

ამბობენ, ბიძინამ ერთ წელიწადში 600 მილიონი იშოვაო. თქვენს გაზეთში წერია, რომ მაგის ნახევარია საჭირო თურმე, მრავალშვილიან ოჯახებს რომ დაეხმარონ. როდესაც ბიძინას ბანკი დაუყადაღეს, მივედი და 10 ლარი გადავრიცხე მის დასახმარებლად. მაგ მამაცხონებულს ხალხის მხარში დგომა მაინც არ ახსოვს? მისთვის სჯობს, გაიხსენოს.

_ ფიქრობთ, რომ ივანიშვილს ქართველი ხალხი არ უყვარს?

_ მას არ აქვს ურთიერთობა ქართველ ხალხთან; ვისთანაც ურთიერთობა აქვს, ის ხალხი არ არის, საგანელიძე ხალხია? ხალხი არიან ისინი, ათასები რომ არ ჰყოფნით და სხვას 180 ლარზე ცხოვრებას აიძულებენ? ბიძინას მოყვანილმა ადამიანებმა არ გაამართლეს. ჩვენ ბიძინა მოვიყვანეთ, მაგრამ მან ვინ მოიყვანა? პრემიერი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ვინ არიან? _ სოროსის გამოზრდილები.

ბიძინას ჰგონია, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ზოგი ბავშვებს ასეირნებს, ზოგიც _ ძაღლს, ეს კი ხეებს “დაასეირნებს” აქეთ-იქით და თბილისელებისთვის საყვარელ ადგილებს ისე ითვისებს, გეგონება, მამამისის დატოვებული იყოს.

კომკავშირის ხეივანი იმდროინდელი ახალგაზრდებისთვის უსაყვარლესი ადგილი იყო, ახლა ივანიშვილმა მიითვისა და, რას დაამსგავსებს, კაცმა არ იცის, ან შევალთ კი იქ ოდესმე? რაც დღეს უბედურება გვჭირს, ბიძინას ბრალია ყველაფერი.

_ როგორ ცხოვრობდით კომუნისტების მმართველობის პერიოდში?

_ იმ “საზიზღარი” კომუნისტების პერიოდში უმუშევარს ვერ ნახავდით. თუ არ სწავლობდი და ქუჩაში დაყიალობდი, მაშინვე მოგადგებოდა უბნის ინსპექტორი და გაგაფრთხილებდა, რომ სამსახური გეშოვა; თუ ეტყოდი, ვერ ვშოულობო, მოგცემდა მიმართვას და გაგიშვებდა, მერე შეგამოწმებდა და ერთ თვეში სამსახურიდან ცნობის მიტანას მოგთხოვდა. უმუშევარი ვერ გაჩერდებოდი. ანაზღაურება დიდი არ იყო, მაგრამ არავის შიოდა, დენსა და ბუნებრივ აირს არავის უთიშავდნენ, ყველა გადახდისუნარიანი იყო, ახლა გაუსაძლისია ზამთარი. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით, მაგრამ არც გაჭირვებული და თავმოყვარეობაშელახული ვიყავით. ყოველი ჩვენი ნაშრომი წუთი სათანადოდ იყო ანაზღაურებული. ვალი არავისი გვქონდა.

_ თავისუფლება რომ არ გქონდათ? დამოუკიდებლები რომ არ იყავით?

_ დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარ, შებოჭილად თავი არასოდეს მიმიჩნევია. რუსეთში დავდიოდი და დამცირებულად თავი არასოდეს მიგვრძვნია, ცუდად არასოდეს მოვქცეულვარ; სადაც მივდიოდი, იქაურ ქუდს ვიხურავდი. წესია ასეთი და იმიტომ. გურამ რჩეულიშვილი გაღეღილი პერანგით დადიოდა მოსკოვში, თავისუფლად გრძნობდა თავს და იმიტომ.

10 მანეთად ერთი კვირის სამყოფ სანოვაგეს მიიტანდი შინ. სანატორიუმი უფასო გვქონდა…

გლეხები მეცოდებიან _ თავისუფლება წაართვეს, შევარდნაძემ სოფლიდან გამოიტყუა, აქ დაგასაქმებთო, _ უთხრა და დაცალა ქართული სოფლები. ახლა ის გლეხები, შევარდნაძის ღალატის გამო, შეურაცხყოფილები და დამცირებულები არიან. იმ “მონობის” პერიოდში კი გლეხობა ყველაზე საპატიო ფენა იყო.

ქართველები ზარმაცები ვართო. ვინ ააშენა ეს ქვეყანა? ახლანდელმა პარლამენტარებმა? ჩვენზე მშრომელი და გამრჯე ხალხი არ დაბადებულა.

სანამ არ მოვა ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის იშრომებს, მანამდე არაფერი გვეშველება.

_ დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის თუ გეგულებათ ისეთი, ვინც საქართველოსთვის თავდადებით იშრომებს?

_ მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა მარგველაშვილზე: ბევრი ვეხვეწე, სანამ დავითანხმებდი პრეზიდენტობაზეო. ეს სიტყვები ჩვენი დაცინვა იყო.

ერეკლე მეფე, ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია _ აი ეს ადამიანები არიან დიდი ქართველები. პრეზიდენტის არჩევისას შეცდომებს ვუშვებთ. ის “ავადსახსენებელი” კომუნისტები თაობებს ზრდიდნენ, ჯერ ოქტომბრელების რიგებს გამოატარებდნენ, მერე _ კომკავშირის, შემდეგ კი პარტიაში შეჰყავდათ. ამ ადამიანებს გამოცდილება ჰქონდათ და ქვეყნის მართვა შეეძლოთ, ახლა კი პრეზიდენტობა ყველას სურს და მარგველაშვილის მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერის გაპრეზიდენტებაა შესაძლებელი.

მეგულება ერთი კაცი _ ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატია, მაგრამ ეს გაუკუღმართებული პოლიტელიტა არ არის მზად ასეთი კაცის მისაღებად. ჩვენ მივეჩვიეთ პრეზიდენტს, რომელიც იქნება პლასტელინი და მხოლოდ ხელის ჩამორთმევის ფუნქციას შეასრულებს. ასეთი კი ქვეყანას არაფერში სჭირდება, ახლა საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც ექნება სურვილიც, უფლებამოსილებაც და შესაძლებლობაც, მიაღწიოს კონკრეტულ შედეგებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ასეთად მივიჩნევ ბატონ ალექსანდრეს.

_ გამოვა ხალხი ქუჩაში, იქნება საპროტესტო ტალღა?

_ 1956 წლის 9 მარტის შემდეგ სულ ქუჩაში ვარ, სულ ვაპროტესტებ. ახლაც, თუკი სადმე რამე ხდება, იქ ვარ, მაგრამ ამაოდ. ახლანდელი პოლიტიკოსები ამჯობინებენ, დიპლომატიურ კორპუსს წერილი გაუგზავნონ, აშშ-ის ელჩს, იან კელის, ეახლებიან და ქვეყნის პრობლემებზე ელაპარაკებიან. ხან ამბობენ, დათბეს და მერე გამოვალთო… ასეთი პროტესტი არ მომწონს. შვილმკვდარი მამა ვარ, ჩემი შვილები სამშობლოსთვის დაიხოცნენ. უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რაღაც მაინც უნდა შევცვალოთ ქვეყანაში. გაიძახიან: ნატო-ნატოო. ნატო შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს სოციალისტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების საწინააღმდეგოდ _ ასე წერია წესდებაში. სოციალიზმი აღარ არსებობს და ახლა სურთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ჩახშობა. ეს _ მათთვის, ვისაც ნატო უნდა. როცა ნატომ ბელგრადი დაბომბა 1999 წლის აღდგომას, ყუმბარებზე ეწერა: “გილოცავთ აღდგომას”.

შემოსევაა ქვეყანაში. თურქი, არაბი, ირანელი _ ყველა აქ არის. ასლან აბაშიძეს ნაცებმა 15 წელი მიუსაჯეს. არადა, ასლანმა აჭარა შეინარჩუნა, მიწას უფრთხილდებოდა, ერთი გოჯი არ გაუყიდია. მათი გასასამართლებელია ასლანი?

გაყიდეს საქართველო, ეს ხალხი დასაჭერია და ქონების კონფისკაციაა ჩასატარებელი, მილიონერები გახდნენ და მათი ყურება როდემდე შეიძლება?! ქვეყანაში არსებული საშინელი ვითარების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა აღდგეს ხალხი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. batono anzor rogor simartles ambobt, ivanishviltan mimartebashi 100% iani brdzandebit, magram tkveni taobis casvlas, shemdeg chemi taobac da (50 clis) da morcha erovnuli agaraperi darchebat . amitomac advilad daamarcxeben sakartvelos. is xom ukve muxlze dachokil m,dgomareobashia??
    netav martmadidebeli eklesia mainc tu xvdeba iimis mnishvnelobas tu ra pasuxismgeblobas daakisterebs titoeul matgabns upali?? mat miatoves aeri, ers shvela , ggamopxizleba da gaertianeba schirdeba da es mxolod chvens eklesias sheudzlia imitom rom ik kidev shemorchnen patiosanni mRvdelni , magram es tu ar moxda , da albat ar moxdeba, amis dadasturebaa patriarkis agiareba:sakartvelos mdgomareobis shedareba dagorebul kvastan romelic iseti siscrapit miekaneba rom ukve misi shechereba sheudzlebeli…
    samcuxarod me mjera sakartvelos dashlisa(gabriel beri) da eris didi gansacdelisa… es im sazizRar mtavrobasac rom moxvdeba magram amas ver aanalizeben , imitom rom gaumadzgar ivanishvils da mis gosihiebs(elitis chatvlit) hgoniat rom puli mat gadaarchens… samcuxarod ver gadarcheba gansacdelisgan is visi xelic kvelaze metad urevia sakartvelos aset dgeshi chagdebistvis…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here