Home სხვადასხვა დაიჯესტი ამ საუკუნის კრედო: იცრუე და თავი მოაწონე

ამ საუკუნის კრედო: იცრუე და თავი მოაწონე

422
ამ საუკუნის კრედო: იცრუე და თავი მოაწონე

ოცდამეერთე საუკუნე გამოირჩა იმით, რომ ადამიანები არა მხოლოდ მიეჩვივნენ ტყუილის თქმას, არამედ სიცრუე საზოგადოებასთან ურთიერთობის ნორმად აქციეს. ეშმაკი, მოგეხსენებათ, თვით ადამიანში ზის, ასევე ჩასახლდა ტყუილი თითოეულ ჩვენგანში თუ არა, უმრავლესობაში მაინც.

“ფეიკების” ვირუსი ჩვენგან გავრცელდა, საზოგადოების დაავადების მახასიათებლად მოგვევლინა.

ახლახან ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანების 80 პროცენტი ერთმანეთთან ურთიერთობისას ცრუობს, რათა უფრო ჭკვიანი და მიმზიდველი გამოჩნდეს მოსაუბრის თვალში. რესპონდენტების ორმა მესამედმა ისიც კი თქვა, რომ თითქოს წაკითხული აქვს ლევ ტოლსტოის ისეთი სერიოზული რომანი, როგორიცაა “ომი და მშვიდობა”. გამოკითხულთა ერთმა მეექვსედმა აღიარა, რომ ყოველთვის ცდილობს რეალურზე გაცილებით მაღალ დონეზე თავისი განათლებულობის წარმოჩენას, ტრაბახობს ბევრი უცხოური ენის ცოდნით, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

11 პროცენტი იტყუება დაკავებული თანამდებობის დასახელებისას, ცდილობს, მოსაუბრეს თავი მოაწონოს იმით, რომ შესანიშნავად ერკვევა ღვინოებში _ რომელი რით სჯობს სხვა დანარჩენს. 53 პროცენტმა აღიარა, რომ საკუთარი გარეგნობის შეცვლაც უცდია დადებითი ეფექტის მოსახდენად _ ჭკვიანი და განათლებული ვარო. ასეთი ტაქტიკური ილეთების არსენალში არის მკაცრი, საქმიანი კოსტიუმები და სხვა ტანსაცმელი, რომლებსაც ჭკვიანი ადამიანები ატარებენ, ასევე სათვალეები, მაშინაც კი, როცა თვალის ჩინი უხარვეზო აქვთ.

ზოგ მამაკაცს ამ მიზნის მისაღწევად პირისახე წვერ-ულვაშითაც კი დაუმშვენებია. ეს “მოდური ინფექცია” საქართველოში დღეს საყოველთაოდ არის გავრცელებული, რაც არცთუ იშვიათად კარიკატურულ ეფექტს იძლევა: “მგლოვიარე “ყარაჩოხელი” ან “პირიმთვარისა ვაჟკაცი”…

ქალები თმას იღებავენ: მოსულელო ქერათმიან დიაცებს ემსგავსებიან.

ბრიტანელების სამი მეოთხედი ირწმუნება, მათ იტაცებთ ჭკუა და გონება; 70 პროცენტი აცხადებს, რომ პარტნიორის სილამაზე კი არ მოსწონთ, არამედ _ ტვინი.

სპეციალისტი ჯო ჰემინგსი ამბობს: “კვლევებმა გვიჩვენა, რომ ჭკუა სულ უფრო მიმზიდველი ხდება და ბევრი ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს, იმაზე უფრო ჭკვიანი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. ნებისმიერ დარგში: ლიტერატურათმცოდნეობასა თუ ღვინის დაჭაშნიკებაში, არტჰაუსში მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის გამიზნული თუ უცხო ენაზე გახმოვანებული ფილმების შეფასებაში. ეს პატივმოყვარე პირები გაზვიადებულად წარმოგვიჩენენ თავიანთ ცოდნასა და უნარს, ინტელექტუალების შთაბეჭდილება რომ მოახდინონ”.

კიდევ ერთ ეშმაკურ ხერხს იყენებენ _ სახელდახელოდ უსწორებენ საუბარში დაშვებულ შეცდომებს მასმედიას შეჩვეულ ორატორებს და დროდადრო საუბარში იყენებენ დაშტამპულ გამოთქმებსა და გაცვეთილ ციტატებს. ყოველი მერვე მიმართავს ცნობარებსა და ლექსიკონებს ნაფიქრის ქაღალდზე გადმოსატანად და უცებ იშიფრებიან, რადგან ეს მოპარული სიტყვები და შედარებები მათ ოპუსებს ისე უხდება, როგორც ძროხას უნაგირი (ესეც ერთი მაგალითია დაშტამპული ანდაზის გამოყენების).

რესპონდენტების 8 პროცენტი არ მალავს, რომ საზოგადოებაში ყოფნისას “სულელურად” მოიხსენიებს კინოფილმებს, რომლებიც სინამდვილეში მოსწონს.

რესპონდენტების 6 პროცენტი თავისი განათლებულობის დასადასტურებლად სიტყვასიტყვით იმეორებს “ჭკვიან და სანდო” გამოცემებში გამოქვეყნებულ საინტერესო ინფორმაციას წყაროს დაუსახელებლად, არ ერიდებიან საბავშვო ენციკლოპედიის დონის საყოველთაოდ ცნობილი მასალების პუბლიკაციას.

გამოკითხულთა 5 პროცენტი ბანკეტებსა თუ სხვა შეხვედრებზე წასვლის წინ საგანგებოდ ემზადება; კითხულობს წერილებს სხვადასხვა თემატიკაზე, რათა შემდეგ თავი მოაწონოს იქ დამსწრეთ.

5 პროცენტი ლექსების დეკლამირებას იწყებს, 3 პროცენტს კი შინ აქვს დამალული “ჭკვიანი” წიგნები.

2 ათასი გამოკითხული ადამიანიდან ნახევარზე მეტს (52 პროცენტს) შინ გამოფენილი აქვს წიგნები, რომლებიც არასოდეს წაუკითხავს. მათ შორისაა ჯორჯ ორუელის “1984”, ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” და ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები.

ქალები კაცებზე უფრო მონდომებული არიან, რათა ნაკითხი ადამიანების შთაბეჭდილება დატოვონ. ისინი კლასიკურ ლიტერატურას ასე თუ ისე იცნობენ ტელეეკრანზე დემონსტრირებული ფილმების მეშვეობით.

რაც შეიძლება ჭკვიანად და მცოდნედ თავის წარმოსაჩენად ქალებზე ორჯერ უფრო მეტად კაცები თავიანთ საუბარს ცნობილი გამონათქვამებით ამდიდრებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here