Home რუბრიკები საზოგადოება “ამისთანა მთავრობას, დღეს რომ გვყავს, ყველაზე ცუდ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი”

“ამისთანა მთავრობას, დღეს რომ გვყავს, ყველაზე ცუდ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი”

ცუცუნა სხირტლაძე

ქართველებს 25 წლის წინათ უთხრეს, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაში იცხოვრებდნენ, რაც საშუალებას მისცემდათ, თავიანთი თავის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ და უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ… მას შემდეგ ყოველი ახალი წლის დადგომას იმედის თვალით შევყურებთ, ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ ახლისა და უკეთესის მოლოდინში ვართ. გავიზარდეთ, უკვე ვისწავლეთ, რომ ყველა პარტიის დაპირებას ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ და მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის არავის მივცეთ ხმა _ ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი, მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ იძლევა იმის საშულებას, რომ არჩევანის გაკეთების სურვილი გვქონდეს.

საქართველო და მსოფლიომ” გადაწყვიტა, ხალხის ხმას მოუსმინოს და ამით, ერთი მხრივ, რიგით მოქალაქეებს მისცეს საშუალება, საჯაროდ თქვან თავიანთი სათქმელი; ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მიაწვდინოს ქართველი საზოგადოების აზრი…

ჩვენი დღევანდელი სტუმარია თბილისელი ცუცუნა სხირტლაძე, რომელიც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” აქტიური მკითხველია. ყოველ ოთხშაბათ დილას, როდესაც გაზეთი გამოდის, თავისი პატარა, მოკრძალებული საცხოვრებლის ფანჯრიდან მეძახის და გაზეთის მორიგ ნომერს აქებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველი სტუმარი ხანდაზმული ქალბატონი ყოფილიყო.

ოთახში შევედი, მყუდრო, სასიამოვნი გარემო დამხვდა. ქალბატონ ცუცუნას პატარა ოთახში ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა. კედლის ერთ კუთხეში მამა გაბრიელის ხატის ქვეშ გაზეთიდან ამიჭრილი სტალინის ფოტო იყო მიკრული…

_ ამ ასაკამდე მოვიყარე, შვილო, რასაც დღეს ვუყურებ, ასეთი არაფერი მინახავს და მსმენია… ამისთანა მთავრობას, დღეს რომ გვყავს, ყველაზე ცუდ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი.

კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული შევყურებ ამ ქვეყანას, რა არ მინახავს, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ამისთანას _ არაფერს. შვიდი წლიდან მახსოვს ყველაფერი, უსინდისობაც ბევრი მინახავს და უსამართლობაც, მაგრამ ისეთი უსინდისო, უსამართლო და ნამუსგარეცხილი მთავრობა, როგორიც დღეს გვყავს, არ გამიგია. სად გაქრა ის ხალხი, სად არიან ის დიდებული ადამიანები? ამ ახალ პარლამენტში ბევრი ისეთი ადამიანი შევიდა, რომლებსაც პატივს ვცემდი და იმედით შევყურებდი, მაგრამ დასხდნენ იქ და აღარაფერი ახსოვთ. თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული…

25 წლის წინათ გამოგვიცხადეს, საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებს და გვეშველება, უკეთესად ვიცხოვრებთ, საკუთარი მიწა-წყლის მოსავალი ჩვენი იქნება და ავშენდებითო, მაგრამ რა მივიღეთ? ცხოვრება ყოველ წელიწადს უარესდება _ შევარდნაძე იყო და რვა ლარი გვქონდა პენსია. მისი ცოლი გვეუბნებოდა, იკმარეთო და სხვა რა გზა გვქონდა? მერე ვითომ მოგვიმატეს, მაგრამ ყველაფერი გააძვირეს და ისიც უნდა გვყოფნოდა. ახლა 180 ლარი გვაქვს პენსია და თითქმის შევარდნაძისდროინდელ 8 ლარს უტოლდება, ისე გაძვირდა ყველაფერი. კიდევ კარგი, ხორცი არ მიყვარს და იოლად გავდივარ, არც ტკბილეულს ვეტანები. ასე რომ, ვყოფნი ჩემს ვითომ პენსიას…

ჩემს პატარა ოთახთან აბაზანის მოშენება მინდოდა, წინასწარ გამოვიტანე ხუთი თვის პენსია, ხელოსნები მოვიყვანე, მაგრამ მომატყუეს, ფული კი შემომეხარჯა… ახლა, არც პენსია მაქვს და არც აბაზანა, ოცი ლარის ამარად დავრჩი… იმ ხელოსნებმაც რა ჰქნან? ჩამოდიან დედაქალაქში ფულის საშოვნელად, საქმე არ იციან, მაგრამ მაინც ცდილობენ რაღაცების გაკეთებას, თავი ხომ უნდა ირჩინონ? არავის ვამტყუნებ, ყველას თავისი გაჭირვება აქვს, ყველაფერში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა…

ხალხიც გაფუჭდა. ტელევიზორიდან ინფორმაციას ვისმენ: წყალმა წაგვიღო, დავიტბორეთო… გამოვიდეს ეს ამდენი უმუშევარი კაცი და ყველამ თავისით არხი გაწმინდოს, მაგრამ არა _ სხვას შეჰყურებენ ხელებში, სხვისი იმედი აქვთ. მთავრობას აგინებენ და ვიღაცას ელოდებიან, მათ მაგივრად რომ გამოვიდეს და უვარგისი მთავრობა გადააგდოს. იმდენი არ ესმით, რომ, ვინც გადააგდებს, მერე ის მოვა და იმის ხელში ჩავვარდებით. უბრალო ხალხის მოყვანილნი იყვნენ კომუნისტები და ხალხზეც ზრუნავდნენ…

ჩემს ახალგაზრდობაში სხვანაირად იყო. პატარა გოგო სოფელში ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი, მაგრამ მეზობელიც კი არასოდეს შემიწუხებია, სახურავზეც ავდიოდი, თუ საჭირო იქნებოდა და ღობესაც შევაკეთებდი ხოლმე. საქონელს ვუვლიდი და სკოლაში წამით არ ვაგვიანებდი. ახლა ყველას ყველაფერი ეზარება…

_ თქვენ ბევრის მომსწრე ხართ, ბევრი ხელისუფალი გინახავთ… როგორ ადამიანს ისურვებდით დღეს ხელისუფლების სათავეში?

_ დღეს? დღეს ვერავის ვხედავ, ვისაც ხელისუფლების სათავეში ვისურვებდი. სტალინზე ვგიჟდებოდი, ახლაც მიყვარს, მკვდარი სტალინი მირჩევნია ყველა ქართველ თუ არაქართველ პოლიტიკოსს, მაგრამ სად არის?

მრცხვენია კიდეც, სტალინს რომ ვახსენებ და მერე ჩვენს უდღეურ პოლიტიკოსებზე ვიწყებ საუბარს. მატყუარები, ნაძირალები, ღორები არიან. ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, სამშობლო არ უყვართ. ხელფასს ათასობით ლარს იღებენ, პენსია კი 180 ლარია, თანაც გვაყვედრიან…

ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, ყველას იმედის თვალით შევყურებდი, მაგრამ ყოველი მომდევნო უარესი გამოდგა. ეს ივანიშვილი მილიონერიაო, არადა ყველაზე წყალწაღებული კაცი ყოფილა. რა სიკვდილად უნდა ამდენი ფული, თუ თავის ხალხს ასე უჭირს? როგორ ერგება? ვის ამდიდრებს? თავისი ქვეყნისთვის არაფერი გაიმეტა…

ცუდი ცხოვრება აქვს ჩემს შვილს, დღე და ღამე მუშაობს და 400 ლარი აქვს ხელფასი. შვილიშვილებს სამსახურები არ აქვთ, ოჯახს ვერ არჩენენ… ამას ცხოვრება არ ჰქვია! მეცოდებიან ახალგაზრდები და ჩემი თავიც მეცოდება, ნუთუ ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ ასეთი გამწარებული სიბერე მქონოდა? ჩვენ არაფერი გვეშველება. ამ ქვეყანას პატრონი არ გამოუჩნდება…

ცუცუნა სხრიტლაძე

_ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი დამხმარე? ზოგი ამბობს ამერიკა დაგვეხმარებაო, ზოგს კი რუსეთის იმედი აქვს…

_ ამერიკა ვისი დამხმარეა? თქვენ მკითხეთ, როგორი ხელისუფალი გინდაო და ახლა გეტყვით, რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი. როგორი ხელისუფალი მინდა და… ისეთი კაცი გვჭირდება, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი. მსოფლიოს აზანზარებს და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ქვეყანა უყვარს. მერამდენე წელიწადია, მსოფლიოში ნომერ პირველ პოლიტიკოსად ასახელებენ. ღმერთს ვთხოვ, ასეთი ადამიანი ჩემს ქვეყანასაც მოუვლინოს.

_ ამას რომ ამბობთ, თქვენზე იტყვიან, ეს ბებო მოღალატეაო…

_ ვინ გაბედავს ამის თქმას, მოღალატეები თვითონ არიან ისინი, ვინც ქვეყნის საშველს ამერიკაში ეძებენ. ის ამერიკა ფულს ამათ ისედაც უხდის და ქვეყანას მაინც მიხედონ. ევროპაო, _ გაიძახიან, ევროპა, არც ღვინოა და არც წყალი, აზელილია და სარგებელი მისგან არაფერია, თავის თავისთვის ვერ უშველიათ. პუტინის ხსენებაზე პირში წყალი გამოივლონ, შეხედონ კაცი თავისი ქვეყნისთვის რას სჩადის. ევროპაში რა ხეირია? სად იყვნენ ეს მათხოვრები, ბაბუაჩემი ევროპაში რომ დადიოდა?!

ჩვენი მთავრობა ფულის გამო ეტენება ამერიკას. გადააგვარეს ახალგაზრდები. მშობლები გამოდიან და შვილებზე ამბობენ: არა უშავს, თუ ბიჭს ბიჭი შეუყვარდებაო… ეს ხომ გადაშენებას ნიშნავს? ჩვენი მთავრობა კი ამას ხელს უწყობს. ამერიკას ჩვენი გადაშენება უნდა, მაგრამ ჩვენს მთავრობას რატომ უნდა ეს?.. მოღალატეაო, ასე იტყვიან ჩემზე? მოვიდნენ და დამელაპარაკონ…

ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ სწორად აზროვნებას არ ვისწავლით…

_ წელს ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. ვინ გსურთ ამ პოსტზე იხილოთ?

_ ეს ხელისუფლება თუ არ წავიდა, თუ საქმე არ შემობრუნდება, კარგს არაფერს ველოდები. არჩევნები რომც არ გაყალბდეს და ხალხი ნებაზე მოუშვან, სიმართლე გითხრათ, ვინ უნდა ავირჩიოთ, ისიც არ ვიცი. ქვეყნის მოყვარულ ადამიანს ვერ ვხედავ. ვიტყოდი, ჯუმბერ პატიაშვილი კარგია-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბერდა, ალბათ, ისიც…

ახალგაზრდები მოდიან, ლაპარაკობენ ლამაზად, სხაპასხუპით, მაგრამ სამშობლო არ უყვართ, ხალხის ხმა, გაჭირვებული კაცის გოდება არ ესმით, 180-ლარიანი პენსია დიდი შეღავათი ჰგონიათ… დაღუპულია, შვილო, ეს ქვეყანა. არადა, ჩვენი სამყოფი ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ, ვიღაცებს ვაჟკაცობა უნდა ეყოთ და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ.

_ რა არის ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება?

_ ხალხის ხმას უნდა აჰყვნენ, ადამიანების გულისტკივილი მოისმინონ, უარი თქვან ამერიკის ფულზე, უარი თქვან იქიდან წამოსულ სიბინძურეებზე, ნუ შეასრულებენ მათ ბრძანებებს. მოხუცი ვარ, მაგრამ კარგად მესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება. ვეტყვი მათ _ ნუ შეგეშინდებათ, უარი უთხრათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, თქვენ ხალხი დაგიცავთ და შეგინახავთ, ოღონდ ხალხს მოუსმინეთ, გაჭირვებული კაცის ოჯახში შედით, მისი სატკივარი გაიზიარეთ და მეტი დამცველი და პატრონი თქვენს სკამებს, ასე ძალიან რომ გიყვართ, არ ეყოლება.

კარგი საქმე დაუწყია, შვილო, თქვენს გაზეთს. ღმერთი მოგიმართავთ ხელს, რადგან ხალხის გაჭირვებით დაინტერესდით და თანამემამულეების აზრის მოსმენა გადაწყვიტეთ…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here