აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და დასავლეთის სხვა სადაზვერვო სამსახურები ალექსეი ნავალნის თავისი ინტერესებისთვის იყენებენ. “სამუშაოს”, რომელშიც ნავალნი “დასავლური კაპიტალიზმის საყვარელი რუსი დისიდენტის” რანგში მონაწილეობს, დიდი მნიშვნელობა აქვს სადაზვერვო სააგენტოებისთვის”, _ წერს ამერიკული გამოცემა The Greanville Post-ი.
“ნავალნიმ განაცხადა, რომ არ სურს, იმუშაოს ტრადიციული სამართლებრივი და კონსტიტუციური მექანიზმების ფარგლებში რეფორმების განსახორციელებლად, ამის ნაცვლად ის აქტიურად არის დაკავებული, როგორც ამბობენ, “ქუჩური და ქსელური აქტივიზმით”, აგრეთვე, “პირდაპირი მოქმედებებით”, უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყო, მან ანონიმური შემომწირველებისგან მიიღო მნიშვნელოვანი თანხა და კრიპტოვალუტა.
ნავალნის საქციელი ცივი ომის სქემებისა და მეთოდების გაგრძელებაა, ამიტომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს რუსი საზოგადოების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მის მცდელობებს”, _ ნათქვამია სტატიაში.
სხვადასხვა ქვეყნის დესტაბილიზაციის პროცესში და პლანეტაზე ვაშინგტონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობის განსამტკიცებლად საკვანძო ასპექტია ე.წ. არასახელმწიფოებრივი სუბიექტების _ “აქტივისტების”, ფანატიკოსების, რელიგიური კულტების, აგრეთვე, პოლიტიკური ორგანიზაციების გამოყენება. მაგალითად, ჯორჯ სოროსი უამრავ თანხას ურიცხავდა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების დისიდენტებს. ხშირად ეს გზააბნეული დისიდენტები, რომლებიც სახსრებსა და პოპულარობას იხვეჭდნენ დასავლეთის მედიასაშუალებების მეშვეობით (ეს მედიასაშუალებები რაღაც გასაოცარი მიზეზებით ეხმარებოდნენ დისიდენტებს), თავს უწოდებდნენ “დემოკრატ სოციალისტებს” ან “ადამიანური სახის სოციალიზმის” მომხრეებს, “მაგრამ სინამდვილეში ისინი გამოდიოდნენ “ადამიანის უფლებების დაცვის” მოთხოვნით, მათი დახმარებით გზას უკვალავდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს, რომლებიც ამ “სასარგებლო იდიოტების” თანამოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ცდილობენ”, _ აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნავალნის პოლიტიკური აზროვნება რაღაცნაირად ემსახურება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოკლევადიან მოთხოვნებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ ფართოდ გავრცელებული, მაგრამ ჯერჯერობით დაუდასტურებელი განცხადება, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარგანზრახვით მოწამლა, ზუსტად დაემთხვა პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის რეალიზაციის ფინანსურ ეტაპს. ეს მოხდა იმ მომენტში, როცა გერმანია ემზადებოდა, მნიშვნელოვნად გაეზარდა რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა და უფრო განემტკიცებინა ეკონომიკური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან, ნავალნი მოულოდნელად კვლავ მოხვდა გაზეთების პირველ გვერდებზე, _ წერს The Greanville Post-ი. თეთრი სახლი საჯაროდ ლაპარაკობს თავის მისწრაფებაზე “გაბატონდეს ენერგომატარებლების მიწოდების სფეროში”. ვაშინტონს სურს, გერმანიამ ამერიკული კომპანიებისა და ენერგეტიკული კორპორაციებისგან იყიდოს ბუნებრივი აირი და არა მეზობელი რუსეთისგან. ნავალნის “აქტივიზმი” აშკარად იმეორებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ზიგზაგებს. ამის გამო რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის მიერ დაფუძნებული “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი” არაკომერციული ფონდი უცხოეთის აგენტის ფუნქციების შემსრულებელ ორგანიზაციად გამოაცხადა. საკუთარი თავის “დიქტატურის მსხვერპლად” გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროპაგანდისა, რომლითაც ის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს.
“მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ფაქტებს, მივხვდებით, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და დასავლეთის სხვა სადაზვერვო სამსახურები ნავალნის მიერ წარმოებულ კამპანიას თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ. და ეს არ არის ვიღაცის წარმოსახვის ნაყოფი”, _ ასკვნის გამოცემა.
eadayli.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა