ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, ამერიკა-ინგლის-საფრანგეთ-გერმანიით დაწყებული და წიკვინა ბალტიისპირა სახელმწიფოებით დამთავრებული, ყველამ ერთი ციცქნა საქართველოსთვის მოიცალა და ყოველგვარი დიპლომატიური მორიდების გარეშე პირდაპირ გამოგვიცხადა: თუკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და არა ჩვენ მიერ ოპოზიციად ცნობილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რაც უნდა გამჭვირვალედ და სანიმუშოდ ჩაატაროთ იგი, ლეგიტიმურად მაინც არ ვცნობთ და პრობლემებს შეგიქმნით, ანუ ყველაფერზე წამსვლელები ვართო.
ასეც მოხდა – რაც დღეს, ანუ ორ კვირაზე მეტია, რუსთაველის პროსპექტზე ხდება და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, როგორადაც ის შუქდება ჩვენს „პარტნიორებად“ წოდებული სახელმწიფოების საინფორმაციო საშუალებებში, ამის დასტურია. პარლამენტის შენობისთვის და მშვიდად მდგომი სპეცრაზმელებისთვის დამიზნებით, ტყვიამფრქვევივით ნასროლი პიროტექნიკის ჯერი, მოლოტოვის კოქტეილები, პარლამენტის ჩამსხვრეული ფანჯრები და ოთახებში გაჩენილი ხანძარი, აყრილი ქვაფენილის ქვების სროლა და, ამასთანავე, უშვერი სიტყვებით სპეცრაზმელების ლანძღვა-გინება, მათ ცხვირწინ ზეაღმართული შუა თითის ტრიალი, მათთვის „მონებისა“ და „რუსების“ ძახილი, სკამებით, ბანერებით, ნაგვის ბუნკერებით, მორღვეული რკინის მოაჯირით, მოჭრილი ხეებითა და სხვა ინფრასტრუქტურული საგნებით ჩახერგილი პროსპექტი და ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, კამერით ხელში მყოფი ოპერატორისთვის პიროტექნიკის დამიზნებით სროლა – აი, არასრული ჩამონათვალი იმ უმსგავსოებისა, რომლის მსგავსი არეულობა თბილისის მთავარ პროსპექტზე არასდროს ყოფილა და, რომელიც უსირცხვილოდ საღდება, როგორც „ბავშვების“ „უაღრესად მშვიდობიანი“ მსვლელობა–მიტინგი. საღდება, რა თქმა უნდა, პროტესტანტების აღმჭურველ-დამფინანსებელი (ასიათასობით ლარის ღირებულების პიროტექნიკით, აირწინაღებით, ჩაფხუტებით, საღებავებით, ნიღბებითა და სხვა ნივთებით) ამ არეულობების მომწყობ-მაორგანიზებელი ნაცპარტიებისა და მათი კუთვნილი სამი ტელევიზიის მიერ. თითქმის არ ახსენებენ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს (მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს), რომლებიც რუსთაველის პროსპექტსა და მის შემოგარენ ქუჩებზე ცხოვრობენ და რომლებსაც ერთი წუთითაც კი ვერ მოუხუჭავთ თვალი.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ვერ ვხედავდე ძალოვანი სტრუქტურებიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა, მაგრამ აუცილებლად ხაზგასასმელია ის, რომ სპეცრაზმი (სრული აღჭურვილობითა და ფარით) და პოლიცია საათობით (8–10 და 12 საათიც კი) გაუნძრევლად იდგა მწყობრში (საღამოს საათებიდან დილამდე) და არც ერთხელ არ წამოუწყია საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა მანამ, სანამ „მშვიდობიანი“ აქცია არ გასცდებოდა ყოველგვარ ზღვარს. ინიციატორები კი ყოველთვის „ბავშვები“ იყვნენ და, მიუხედავად ამისა, კანონით გათვალისწინებული ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემდეგ, მხოლოდ მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ – „დაშლილიყვნენ“, მთელი ღამე ლოდინის შემდეგ, დილისკენ იწყებოდა.
სამწუხაროდ, ამომრჩევლების უმეტესობას, ანუ მათ, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და, მათაც, ვისაც არც ქოცებისთვის და არც ნაცებისთვის არ მიუცია ხმა, არავინ, თითქმის არავინ გვესარჩლება – თითო-ოროლა სახელმწიფოს (უნგრეთი, სლოვაკეთი და სერბეთი) ლიდერების კანტიკუნტად ამოღებულმა ხმამ შეუძლებელია გადაფაროს ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-კანადა-ბრიტანეთის ხმები, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხმებს თავისას უერთებს ზნედაცემული და სულგაყიდული ოთხი ნაცპარტია.
დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ერთი პატარა სახელმწიფო ან თუნდაც რამდენიმე ვერაფერს გახდება ისეთ დიდ და ძლიერ გაერთიანებასთან, როგორიცაა კოლექტიური დასავლეთი. იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მსოფლიომ გაიგონოს, ერთი დიდი სახელმწიფოს ღია მხარდაჭერა მაინცაა საჭირო. ჩვენი უშუალო მეზობლები და შორეული ახალი პარტნიორი ჩინეთიც დიპლომატიური მოსაზრებებით ხმას არ იღებენ, თვითონ ჩვენ კი, 12 წელია (მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების ხელში), რუსეთისკენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს, ერთი დასაახლოებელი დიპლომატიური სიტყვაც ვერ გაგვიბედავს. გინება? – ლანძღვა–გინება რამდენიც გენებოთ! არადა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „პურს რუსეთი გვაჭმევს“. მიუხედავად ამისა, როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, რუსულ კანონად ნათლავენ (ამერიკულ კანონს ამერიკის ელჩი უწოდებს რუსულს და ამაზე მეტი ცინიზმი რაღა უნდა იყოს?!), არჩევნებს ასევე რუსულ არჩევნებად ნათლავენ, ქართველებს – რუსებად და ა. შ.
ეს ფაქტია. თითქოს გამოუვალი დილემის წინაშე ვდგავართ, ველოდებით 2025 წლის 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციას, ეგებ კეთილი თვალით გადმოგვხედოს მან და გადატვირთვა მოხდეს ჩვენს ურთიერთობებში. პრემიერი გადაჭრით გვეუბნება, გადატვირთვა აუცილებლად მოხდებაო. ღმერთმა ქნას, მაგრამ მანამდე ხელი არ გავანძრიოთ და მშვიდად ველოდოთ მოვლენების განვითარებას? ხომ შეიძლება ლიბერასტულმა ძალებმა 20 იანვრამდე დაამხოს არსებული ხელისუფლება? შეუძლებელი არაფერია, რადგანაც ამ 12 წლის განმავლობაში არც ერთ სტრუქტურაში სათანადო წმენდა (ნაცებისგან განწმენდა) არ ჩატარებულა. არადა, ყველგან, პირველ რიგში კი, ძალოვან უწყებებში ნაცები არიან ჩაბუდებულ-ჩანერგილი, ამიტომ ტრამპს დროზე უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია ოპოზიციის შესახებ, რომელიც მას, არა მგონია, ჰქონდეს. მხედველობაში მაქვს ნაცებისა და მათი მხარდამჭერი ტელევიზიისა და არასამთავრობოების ლიდერ-აქტივისტების პირიდან გადმოღვრილი ტრამპის „შემამკობელი“ ფრაზები. ამ მოსაზრებამდე პოლონელებმა მიმიყვანეს, რომლებმაც დაახლოებით ერთი თვის წინათ შექმნილ ე.წ. სიკვდილის რვეულში თავი მოუყარეს ევროპელი და უკრაინელი პოლიტიკოსების ნეგატიურ გამონათქვამებს ტრამპის შესახებ. მითითებულია ავტორების გვარები, თანამდებობები, ციტატები, პუბლიკაციები, განცხადებები, აგრეთვე დართული აქვს დამადასტურებელი ვიდეომასალა. ყველაფერი ეს უკვე გაიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტში და ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ქალბატონი პრეზიდენტიც თავიანთი სისტემატური ვოიაჟების დროს ევროპასა და ამერიკაში, როგორც წესი, მსტოვრების, დამბეზღებლებისა და დეზინფორმატორების სამარცხვინო როლს ასრულებენ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ, გამორიცხული არ არის, რომ ამჟამადაც ნოტრ–დამის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პარიზში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპთან ზეზეულად შეხვედრისას (მაკრონის მიერ მოწყობილს სადღაც დერეფანში) ერთი-ორი „თბილი“ სიტყვა მაინც არ ეთქვა მმართველი პარტიის მთავარ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე, რათა აქედანვე უარყოფითად განეწყო ამერიკელი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებისა და კონსერვატიული ძალების მიმართ.
ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია პოლონურის მსგავსი „ქართული რვეულის“ შექმნა: ნაცების მხრიდან ტრამპის შესახებ საჯაროდ გაკეთებული (გვარებისა და თანამდებობების მითითებით, რასაკვირველია) ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეკრება და ვაშინგტონში იმავე მისამართებზე გაგზავნა, თუმცა ეს არ იქნება მაინც საკმარისი, მხოლოდ ამას ნამდვილად არ მიაქცევს ტრამპი ყურადღებას (იგი შეჩვეულია ლანძღვა-გინებას, ყველაზე მეტად მას ხომ ამერიკაში ლანძღავენ), თუკი არ დავამატებთ მთავარს, მაგალითად, აი ასე:
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენს მლანძღველ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და პირებს ღიად მხარს უჭერენ საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ლიდერები (მაკრონი, შოლცი, ფონ დერ ლაიენი, მიშელი და სხვები), საქართველოში მოვლენილი ევროკავშირისა და თვით ამერიკელი(!) ელჩებიც (ამჟამინდელი ელჩი დენიგანი და ყოფილი – დეგნანი) და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, ქ-ნი ზურაბიშვილიც.
პოლონური „რვეულის“ ავტორების მიზანი იყო, შეგეწყვიტათ უკრაინისთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა და იგი მიგემართათ პოლონეთისკენ. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ გთხოვთ ფინანსურ დახმარებას და არც ვინმეს დასანქცირებას; ჩვენი თხოვნაა, მხედველობაში მიიღოთ ჩვენი გულისწუხილი და, როდესაც ვინმე საქართველოზე საუბარს წამოიწყებს, ყურადღება მიაქციეთ იმას, ვინ, რომელი პარტიის წარმომადგენელი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით. გთხოვთ, აგრეთვე, რომ ეგებ ახლა მაინც გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ აღიარებული კონსერვატიული ღირებულებების დამცველი, ქართველი ხალხისადმი მეგობრულად განწყობილი ისეთი ელჩი, რომელიც აშკარად მაინც არ ჩაერევა ჩვენს არჩევნებსა და სასამართლოს მუშაობაში, როგორც ეს იყო აქამდე. ამით იგი დაამტკიცებს იმასაც, რომ ნამდვილად ანუ საქმით არის თქვენი ერთგული, რესპუბლიკელების მხარდამჭერი. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროპა–ამერიკაზე გულაცრუებული ქართველი ხალხის დიდი ნაწილის თქვენკენ – დასავლეთისკენ შემობრუნება“!
იაკობ ლეჟავა
11 დეკემბერი, 2024 წ
P.S. კარგი იქნება, ამ ინფორმაციის შეკრებას ხელისუფლება თუ მოაბამს თავს და თავად მიაწვდის ამერიკის პრეზიდენტს თავისი არხებით (მაგრამ არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ამერიკის საელჩოს გზით). ხელისუფლების მიმართვას გაცილებით მეტი წონა ექნება, ვიდრე ვინმეს მიერ (პიროვნების ან ორგანიზაციის) გაგზავნილ ღია წერილს.
ი.ლ.