დასავლელი პროპაგანდისტები და მათი ქართველი ადეპტები ხოტბა–დიდებას ასხამენ დასავლური ცხოვრების წესს, საერთოდ, კაპიტალისტურ წყობილებას, ხოლო საბჭოთა კავშირის პერიოდს, სოციალიზმის, ადამიანებისა და ხალხების თანასწორობის იდეებს მკვდრადშობილს უწოდებენ და მიწასთან ასწორებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალიზმმა კრახი განიცადა აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ამჟამად რადიკალური კომუნისტური იდეები, რომლებსაც კარლ მარქსი თავის დროზე ქადაგებდა, დასავლეთში ფართოდ ვრცელდება, რაც მთავარია, ვრცელდება ახალგაზრდებს შორის. ამით ძალიან შეშფოთებულია დასავლური მედია. მაგალითად, ამერიკული საინფორმაციო არხის _ Fox News-ის ჟურნალისტი არტურ ჰერმანი წერს, რომ რადიკალური კომუნისტური იდეები სულ უფრო ვრცელდება ამერიკელ ახალგაზრდებს შორის. მათ შორის, მთავარია იდეა რევოლუციის შესახებ, აგრეთვე, ამერიკის ტრადიციულ ფასეულობებთან _ ტოლერანტობასა და ლიბერალიზმთან _ კავშირის გაწყვეტა.
ამერიკელი ჟურნალისტის აზრით, “ცივი ომი” ბრუნდება და ბრძოლის ველზე გამოდის დასავლელი სტუდენტების ჭკუა და გული. თუ თვლით, რომ ამერიკამ გაიმარჯვა “ცივ ომში”, მაშინ ნახეთ Teen Vogue-ში (პოპულარული Vogue-ს შვილობილი გამოცემა ახალგაზრდებისთვის) გამოქვეყნებული სტატია სათაურით “ვინ არის კარლ მარქსი: შეხვდით მეცნიერ-ანტიკაპიტალისტს”.
“ზემოხსენებულ სტატიაში ლაპარაკია, რომ მარქსი აღაფრთოვანებდა ცნობილ მექსიკელ მხატვარ ქალს _ ფრიდა კალოს, უფლებადამცველებსა და მწერლებს, მაგრამ სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ მარქსის იდეები, აგრეთვე, მოსწონდა იოსებ სტალინს, მაო ძედუნსა და პოლ პოტს”, _ წერს Fოხ Nეწს-ი და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატია “გროტესკული კომუნისტური პროპაგანდაა” მოზარდი გოგონებისთვის.
ჟურნალისტი განიცდის იმასაც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “თავისუფლებასა და კომუნიზმს შორის ბრძოლამ” გადაინაცვლა ამერიკის კოლეჯებში, ინსტიტუტებსა და მასმედიაში, და ახლა კარლ მარქსის იდეებს წინ წამოსწევენ არა რუსეთსა და ჩინეთში, არამედ რადიკალურად განწყობილი ამერიკელი სტუდენტები, პროფესურა და მათი მოკავშირეები მასმედიაში.
არის რისკი იმისა, რომ “კოლეჯების კამპუსებსა და უნივერსიტეტებშიც კი დღეს ჩვენ ვხედავდეთ პროტოტალური სახელმწიფოს შექმნას”, _ ასკვნის Fox News-ის ჟურნალისტი და მკითხველს არწმუნებს, რომ მემარცხენე მიმართულების ყველა რადიკალური მოძრაობა _ “შავი ავაზები”, მოძრაობა Occupy Wall Street-ი, “შავკანიანთა სიცოცხლესაც აქვს მნიშვნელობა” _ მოწოდებულია არსებული წესრიგის გასანადგურებლად.
ამჟამად მარქსს სწავლობენ ამერიკულ კოლეჯებში, მაგრამ, Fox News-ის ჟურნალისტის აზრით, საქმე სულაც არ არის მარქსის ეკონომიკურ თეორიაში, არც პროგნოზში, რომ კომუნიზმი შეცვლის კაპიტალიზმს; ყველას ხიბლავს რევოლუციის იდეა და კაპიტალისტური ბურჟუაზიისთვის განკითხვის დღის მოწყობა, ამიტომ ახლა ნებისმიერს, ვინც შეეცდება კაპიტალიზმისა და ბურჟუაზიული ფასეულობების შექებას, მყისვე ნათლავენ რასისტად და თეთრი რასის უპირატესობის მომხრედ.
“თუ აშშ-ის ხელისუფლება არ შეეცდება სოციალური სახელმწიფოს დაბრუნებას, ამას შეიძლება მოჰყვეს ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები კომუნისტური ლოზუნგებით”, _ ეს არის გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობების ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის _ ვასილ კოლტაშოვის თვალსაზრისი აშშ-ში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე.
“ამერიკელ ახალგაზრდებს თავიანთი პრობლემების მოგვარება სურთ ამერიკული რესურსებით და არა იმით, რომ ვიღაცას დაამხობენ ბრაზილიაში”, _ განაცხადა პოლიტოლოგმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ–ში განუხრელად იმატებს სწავლის საფასური უნივერსიტეტებში, სადაზღვევო მედიცინა სულ უფრო მიუწვდომელია, ფასიანი კი _ ძვირი. მოიმატა გადასახადმა ქონებაზე დაქირავებული მუშახელისთვის, პარალელურად ქონების გადასახადი მცირდება უოლ–სტრიტელი ზემდიდრებისთვის.
თუ ასე გაგრძელდა, ექსპერტთა აზრით, აჩრდილი რეალურ ძალად იქცევა და, ადრე თუ გვიან, დაღუპავს ამერიკის ისტებლიშმენტს, მასთან ერთად _ ოლიგარქიულ ელიტებსაც.
ქვეყნის შიგნით უკმაყოფილების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. სწორედ ამიტომ გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო ბერნი სანდერსი სოციალისტური ლოზუნგებით ლიდერობდა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში.
ამერიკის ხელისუფლებამ გაანადგურა რუზველტის სოციალური რეფორმების მემკვიდრეობა, შეუტია პროფკავშირებს და შეძლო მისი ლიკვიდაცია. ამერიკის ხელისუფლებამ კაპიტალიზმი დააბრუნა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო XIX საუკუნეში, რაც ენით აუწერელ სიძულვილს იწვევს ახალგაზრდებს შორის. ამერიკელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოკლებულია პერსპექტივას ცხოვრებაში, მათ იციან, რომ იცხოვრებენ უფრო ცუდად, ვიდრე ცხოვრობდნენ წინა თაობები.
ის, რასაც ნეოლიბერალები უწოდებენ მარქს–ლენინ–სტალინის საშინელი კომუნიზმის შეტევას, სინამდვილეში არის საზოგადოების მისწრაფება, დაიბრუნოს სოციალური სახელმწიფო, რომელიც პირველმა კარლ მარქსმა აღწერა.
ამერიკელ საზოგადოებაში მომწიფდა მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ტრანსნაციონალური კომპანიების მოღვაწეობის რეგულირებაზე, რაც განაპირობებდა ეკონომიკის ზრდას და გადაწყვეტდა ამერიკის პრობლემებს ამერიკისვე რესურსით და არა იმით, რომ ვიღაცას ჩამოაგდებენ ბრაზილიაში ან ვიღაცის მოშორებას შეეცდებიან რუსეთში.
ნეოლიბერალური კაპიტალიზმი არ ვარგა მოსახლეობის აღსაწარმოებლად, გასამრავლებლად, იმიტომ, რომ ეკონომიკურ-ფინანსური ხელმოკლეობის გამო ახალგაზრდები ვერ ქმნიან ოჯახებს, არც ის შეუძლიათ, რომ გახდნენ ლგბტ გმირები, რათა იმედი ჰქონდეთ სახელმწიფოს დახმარების. ნორმალური ორიენტაციით კი ისინი სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აინტერესებს, თუ გადასახადის გადახდის უნარი აქვთ.
ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ