“თეთრი სახლი თავის მოხსენებაში სირიაში ქიმიური შეტევის შესახებ ისეთ “დილეტანტურ შეცდომებს” უშვებს, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: აშშ–ს არ აქვს მტკიცებულებები, რომ ამ ქიმიური შეტევის უკან დგანან სირიის სამთავრობო ძალები”, _ აი ასეთი დასკვნა გამოიტანა საკუთარი ძალებით წარმოებული გამოძიების შემდეგ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა თეოდორ პოსტოლმა.
ამერიკელმა ექსპერტმა ფოტოებს, რომლებიც თეთრმა სახლმა წარმოადგინა, ფალსიფიცირებული უწოდა, თავის დასკვნაში კი მოიყვანა არგუმენტები, რომლებითაც ამტკიცებს მოვლენების მისეულ ვერსიას.
“მთავარი სამხილი, რომელზეც აქცენტს აკეთებს თეთრი სახლი, სინამდვილეში მიუთითებს იმაზე, რომ შეტევა განხორციელდა მიწიდან”, _ დარწმუნებულია თეოდორ პოსტოლი. მისი აზრით, გამოქვეყნებულ ფოტოზე ჭურვი უმნიშვნელოდ არის დაზიანებული, რაც დამახასიათებელი არ არის სიმაღლიდან გადმოგდებული ჭურვისთვის. “ასაფეთქებელმა ნივთიერებამ მილზე ისე იმოქმედა, როგორც ბლაგვი ჩაქუჩის დარტყმამ. ის აფეთქებამ მიწაში ჩამარხა და, ამასთანავე, წარმოქმნა კრატერი”, _ განმარტა ექსპერტმა. ის ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მიამაგრეს ზარინიან ჭურვს, რომელიც მიწიდან გაისროლეს. “შესაბამისად, _ ასკვნის პროფესორი, _ ტერაქტი მოაწყვეს “ბოევიკებმა”, რადგან ხან–შეიხუნს ისინი აკონტროლებენ”.
“არც ერთ კომპეტენტურ ანალიტიკოსს არ გამოეპარებოდა ის ფაქტი, რომ ზარინიანი კანისტრა ზევიდან რაღაცით იყო გაჭყლეტილი და არ იყო აფეთქებული შიგნიდან”, _ ხაზი გაუსვა თეოდორ პოსტოლმა.
“ყველა ეს დილეტანტური შეცდომა მოწმობს, რომ თეთრი სახლის მოხსენება, ისევე, როგორც უფრო ადრინდელი მოხსენება გუტის (დამასკოს გარეუბანი, რომელშიც 2013 წლის 21 აგვისტოს მოხდა ქიმიური იარაღით შეტევა მოსახლეობაზე _ ლ. მ.) შესახებ, სპეცსამსახურებს არ შეუსწავლიათ. თუ დაზვერვაში მომუშავე ანალიტიკოსებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას თეთრი სახლის განცხადების თაობაზე, ისინი არ მოიწონებდნენ ამ დოკუმენტს”, _ ასკვნის ექსპერტი.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ