ამერიკის შეერთებული შტატების რეჟიმმა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ტერორიზმს ვერ გაუმკლავდა, ტერორისტების ძებნა თავის ტერიტორიაზე დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოროტმოქმედებს მაშინვე მიაგნეს, თანაც _ უამრავს.
ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მთავარი ტერორისტების სიაში ერთბაშად ჩაწერა ყველა თეთრი “სუპრემასისტი” (სუპრემასიზმი _ რწმენა, რომ გარკვეული რასა, მემკვიდრეობა ეთნიკური ჯგუფი, რელიგია, სქესი, საზოგადოებრივი მდგომარეობა ან კულტურა უპირატესია სხვებზე და მათზე დომინაციისა და მართვის უფლებას იძლევა _ ნ.ბ. ), ახლახან კი “შინაური ტერორისტების” ნუსხაში ამერიკელი სკოლის მოსწავლეების დედები და მამებიც მოხვდნენ. რა თქმა უნდა, ყველა არა, მხოლოდ ისინი, ვისაც არ მოსწონს თანამედროვე დღის წესრიგი, მთელი მისი ახირებული გადახრებით _ თეთრების სიძულვილით დაწყებული, ლგბტ კულტით დამთავრებული. ეს ადამიანები კონტროლზე პირადად აშშ–ის გენერალურმა პროკურორმა აიყვანა.
ახლა ასეთ მშობლებს თვალყურს მიადევნებს გამოძიების ფედერალური ბიურო (გფბ). როგორ მიადევნებს? როგორ და ჩხრეკით, დაკავებით, ინტენსიური დაკითხვებით. კარგია, თუ რომელიმე აქტიური მშობელი “თვითმკვლელი” არ აღმოჩნდება: სხვაგვარად მოაზროვნეებს აშშ–ში ეს საკმაოდ ხშირად ემართებათ. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს, ტრამპის მმართველობისას, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ სკოლებში თავისი “გადახდისა და მონანიების” პროპაგანდის აქტიურად დანერგვას მიჰყო ხელი. დღის წესრიგის გამავრცელებელ არხად იქცა ოლქების სასკოლო საბჭოები. მათი თანამშრომლების უმეტესობა დემოკრატიული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. მათი მეშვეობით სასკოლო წესდებებში შეიტანეს ისეთი გამაოგნებელი რამეები, როგორიცაა შეღავათები ლგბტ და ტრანსგენდერი მოსწავლეებისთვის.
ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო სკოლაში წესდება, უბრალო ფურცელი კი არა, მკაცრი ინსტრუქციაა. მისი მცირე დარღვევის გამო მასწავლებელს სამსახურს დაატოვებინებენ, მოსწავლეს გარიცხავენ, ხოლო მის მშობლებს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მიაკითხავენ. სასკოლო საბჭოების ძალაუფლება 50 მილიონ მოსწავლეზე, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. მათი ინსტრუქციების გაკრიტიკება კი ჯერ არავის უცდია. ახლა უკვე ყველასთვის გასაგებია, რას წარმოადგენს დემოკრატიული დღის წესრიგი: ქრისტეფორე კოლუმბი ცუდი ადამიანი იყო, ამერიკის ისტორია უაზრო დანაშაულების სერიაა, თეთრი ამერიკელები პრაქტიკულად ახორციელებენ სისტემურ რასიზმს, შავკანიანებს კი ნაირნაირი ბონუსი ერგებათ. შავი უმცირესობების თემას ემატება სექსუმცირესობები და ბავშვებს პირდაპირ სთავაზობენ საკუთარ თავში ამ მრავალფეროვნების აღმოჩენას. ამ ბრიყვულ და უხამს აბდაუბდას ოთხი-ხუთი წლის მცირეწლოვნებს ტვინში უნერგავენ და ისინიც დადიან დემონსტრაციებზე პლაკატებით Fuck the Police. ბატიფეხურით წერენ თხზულებებს ჯორჯ ფლოიდის მძიმე ხვედრზე. ჭამოზრდილები კი, მოწიფულ ასაკში, საკუთარ თავში მოულოდნელად აღმოაჩენენ რომელიღაც ორმოცდამეთოთხმეტე გენდერს და ითხოვენ ჰორმონულ აბებს.
რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს ამ ყველაფრისადმი? რა უნდა ქნან, ისინი ხომ სხვისი მონა-მორჩილნი არიან, პროფკავშირის წევრები? ეს ორგანიზაცია დემოკრატების განუყოფელი ნაწილია. მცირე რყევა დემოკრატიული პარტიის ხაზის წინააღმდეგ და მასწავლებელს გააძევებენ პროფკავშირიდანაც და პენსიას, სოცპაკეტსაც და ყველა სხვა ბონუსსაც დაემშვიდობება, ამიტომ ყველაზე პატიოსნები დუმან და ითმენენ, უფრო ეშმაკები კი დაუოკებელი ვნებით ერთვებიან დღის წესრიგში.
შედეგად, აშშ–ის სახელმწიფო სკოლები, სულ რაღაც, ერთ წელიწადში გადაიქცა რაღაც პირქუშ ბალაგანად. ახლახან მრავალშვილიანმა დედამ, სტეისი ლენგტონმა, სკოლის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აუდიტორიას აჩვენა ორიოდე წიგნი იმ სკოლის ბიბლიოთეკიდან, რომელშიც მისი ოთხი შვილი სწავლობს. ესაა დასურათებული წიგნები პატარა ბიჭებისა და მოწიფული მამაკაცების სექსუალური ურთიერთობების შესახებ. ამ უგვანობის ციტირება სრულებით შეუძლებელია. ეს არის აშკარა პორნოგრაფია, რომლის გავრცელებაც ბავშვებს შორის, წესით, თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს. წიგნები ფეირფაქსის ოლქის სასკოლო ბიბლიოთეკებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და გაიცემოდა ბავშვებზე უკვე მეშვიდე კლასიდან, ანუ, როცა ბავშვებს თორმეტი წელი შეუსრულდებოდათ. საინტერესოა, რომ, როდესაც სტეისი ლენგტონმა ამ “ბესტსელერებიდან” ციტატების კითხვა დაიწყო, სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარემ უყვირა: “შეწყვიტეთ, მემ! აქ ბავშვები არიან!” შემდეგ ლენგტონმა თქვა, რომ მოსწავლეთა მშობლები მსგავსი შინაარსის მასალებს ქვეყნის ყველა კუთხიდან უგზავნიან. სტეისი ლენგტონი თავის ექვს შვილთან ერთად ვირჯინიაში ცხოვრობს. შტატი პროგრესული და დემოკრატიულია. ერთ-ერთ ოლქში სკოლის საბჭომ ხმა მისცა ტრანსგენდერი მოსწავლეებისთვის სასკოლო ტუალეტებისა და გასახდელების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას იმ გენდერის მიხედვით, რომელსაც დილიდან თავი მიაკუთვნეს. მშობლებმა ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება სცადეს, მაგრამ სკოლის საბჭომ პოლიცია გამოიძახა და პოლიციელებმა მშობლები მიტყიპეს.
სხვა დედამ, რომელმაც უცებ გაითქვა სახელი, კიშა კინგმა, სკოლებში კრიტიკული რასობრივი თეორიის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა გაბედა. სტეისი ლენგტონივით თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, ჩვენ შორის აღარ იქნებოდა, მაგრამ კიშა ინტელიგენტი შავკანიანი ქალბატონია და კატეგორიულად არ მოსწონს რასათა შორის სიძულვილის პროპაგანდა, რომლითაც მისი შვილის მასწავლებლები არიან დაკავებულნი. კინგი კონსერვატიულ ფლორიდაში ცხოვრობს, სადაც მშობლები უკვე ცდილობენ, შექმნან რაღაც გაერთიანებები, რომლებიც მემარცხენე გადახრის სასკოლო განათლებისთვის იბრძვიან, მაგრამ საკუთარი წარმატების თვითონაც არ სჯერათ. კიშა დღეს ყველას მოუწოდებს, უბრალოდ, დატოვონ საჯარო სკოლები თავიანთი დღის წესრიგიანად და ბავშვები კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაიყვანონ. იქ ისინი ასე მკაცრად არ კონტროლდებიან და მოსწავლეებს მართლაც აქვთ შანსი, ბავშვობა ნორმალურად გაატარონ, ითამაშონ ბეისბოლი, წაიკითხონ მარკ ტვენი და გასახდელში რასობრივად შეწუხებულ ტრანსგენდერებს არ გადააწყდნენ, მაგრამ ამასაც აქვს სირთულეები. ამერიკელი ბავშვების მხოლოდ მეათედი სწავლობს კერძო სკოლებში, რადგან ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სწავლის წლიური საფასური ათი ათასი დოლარიდან იწყება “დაწყებითებისთვის” და თხუთმეტი ათასიდან _ უფროსი კლასებისთვის. მრავალშვილიან მშობლებს არანაირი შეღავათი არ ეკუთვნით. განათლების ხარისხის გარანტიასაც არავინ იძლევა. ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, შინ სწავლაა. მოკლედ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკელი მშობლების პრეტენზია სულაც არ არის იმ დედებისა და მამების უაზრო ახირებები, რომლებმაც არ იციან, რით დაკავდნენ. ისინი ნამდვილად წუხან საკუთარ შვილებზე, მაგრამ რეჟიმმა იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებული მშობლები დაამშვიდონ, ისინი მყისვე ხალხის მტრებად გამოაცხადა. არა, ეს სულაც არ არის მეტაფორა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა გამოსცა მემორანდუმი “სკოლის თანამშრომლებისა და მასწავლებლების მიმართ საფრთხეების წინააღმდეგ”. ახლა მშობლებს, რომლებიც გაბედავენ ხმის ამოღებას სკოლის საბჭოს სხდომაზე, ხელისუფლება “შიდა ტერორისტებად” შერაცხავს. გენპროკურორი მათ გფბ–ში დასმენის რეკომენდაციას იძლევა და უკვე ქმნის ძალოვან სტრუქტურას, რომელიც დაკავდება ურჩი მამებითა და დედებით. მასში შედიან გფბ–ს, ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები და სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლები.
“მე მიყვარს მერიკ გარლანდი”, _ ბღავის ცნობილი იურისტი ალან დერშოვიცი, “მაგრამ ძალის გამოყენება საჭიროა არა მხოლოდ მემარჯვენე, არამედ მემარცხენე აქტივისტების წინააღმდეგაც”. ამერიკაში ყველამ ჩინებულად იცის, რომ მშობლებთან შეხვედრებზე სკანდალებისა და შეხლა-შემოხლის უმეტესობას სწორედ მემარცხენეები _ Antifa-სა და Black Lives Matter-ის წარმომადგენლები _ აწყობენ. სოცქსელები სავსეა ვიდეორგოლებით, რომლებშიც ბოდიპოზიტიური შავკანი მამაკაცები და ქალები აგინებენ თეთრ საზოგადოებას, რასისტების იარლიყს აწებებენ, საზოგადოება კი დუმს. ამ შავკანიანებს გენპროკურორი ტერორისტებად არ მიიჩნევს.
აი სტეისი ლენგტონისა და კიშა კინგის მსგავს ადამიანებს კი, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნეთ. ლეგენდარული ამერიკელი ძალოვანები, რომლებმაც, ოცი წელიწადია, ვერ გაარკვიეს, ვინ იყო 11 სექტემბრის ორგანიზატორი, ახლა ამერიკელ დედებს მიადგნენ. თუ წინააღმდეგი ხარ, რომ შენი შვილი გეიპროპაგანდით გარყვნან, მაშინ, როგორც შიდა ტერორისტს, თავს ციხეში გიკრავენ…
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნინო ბერიძემ