Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელი პოლიციელი გფბ-ს გაექცა და რუსეთს თავშესაფარი სთხოვა

ამერიკელი პოლიციელი გფბ-ს გაექცა და რუსეთს თავშესაფარი სთხოვა

ჯონ მარკ დუგანი

აშშში პოლიციელთა ხელით ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, მათ შორის ყველა არ არის საშიში დამნაშავე. არცთუ იშვიათად სამართალდამცველთა მსხვერპლი ფსიქიკურად დაავადებულია. დაპატიმრებულთა ნაწილის დაღუპვა კი იდუმალებითაა მოსილი. ამერიკელი პოლიციელი ჯონ მარკ დუგანი შეეცადა, სისტემას შეწინააღმდეგებოდა, შედეგად იძულებული შეიქნა, სამშობლო დაეტოვებინა და თავშესაფარი რუსეთისთვის ეთხოვა. აშშდან გაქცევის ისტორია დუგანმა სააგენტო Sputnik უამბო.

ცემატყეპა და წამება

დუგანი 1976 წელს დაიბადა ვიეტნამის ომის ვეტერანის ოჯახში. მსახურობდა საზღვაო ქვეითთა ჯარში. 2002 წელს მუშაობა დაიწყო პალმ-ბიჩის (ფლორიდა) პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის ოფიცერი მუშაობის 6 წლის განმავლობაში კანონდარღვევის უამრავ შემთხვევას გადააწყდა. მისი კოლეგების უმრავლესობა უცერემონიოდ სცემდა და აწამებდა დაკავებულებს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა გასისხლიანებული ადამიანების ფოტოებს.

აღშფოთებულმა პოლიციელმა მტკიცებულებები შეაგროვა და შიგა გამოძიების განყოფილებას მიმართა, მაგრამ საჩივარს საწინააღმდეგო ეფექტი მოჰყვა: დუგანი აიძულეს, სამსახური დაეტოვებინა.

ვებგვერდი PBSOTALK

პოლიციელთა რიგების დატოვების შემდეგ დუგანი ბიზნესში ჩაერთო, 2009 წელს კი შექმნა ვებგვერდი PBSOTalk-ი, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს ანონიმურობის შენარჩუნებით შეეძლო ინფორმაციის გამოქვეყნება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების თაობაზე.

დუგანი მიხვდა, რომ უფლებამოსილების გადამეტება მხოლოდ პალმ-ბიჩის პოლიციის განყოფილებისთვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ ნაციონალური მასშტაბის პრობლემაა.

ეს პირველად მაშინ გავაცნობიერე, როდესაც თვითონ გავხდი კოპი, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, რადგან თითოეულს, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა დაიწყებს ლაპარაკს, მყისვე ჩაწერენ ხოლმე სიმშვიდის დამრღვევთა სიაში, უფროსობა კი ეძებს სამსახურიდან მისი დათხოვნის მიზეზს”, _ აღნიშნავს დუგანი.

შერიფ ბრედშოუს ვახშამი

2012 წელს ვებგვერდის ერთ-ერმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით ჩანდა, რომ პალმ-ბიჩის ოლქის შერიფი რიკ ბრედშოუ გადასახადის გადამხდელთა ფულს ხარჯავდა, როდესაც თავისი საარჩევნო კამპანიის (აშშ-ის ბევრ შტატში შერიფის თანამდებობა არჩევითია) სპონსორებთან ერთად ძვირად ღირებულ რესტორნებში ვახშმობდა. თანაც ამ სპონსორებიდან რამდენიმე პირს კრიმინალური წარსული ჰქონდა.

ამ ამბავმა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ბრედშოუს “ვახშმებზე” შტატის ეთიკის კომისიამ იმსჯელა. შერიფი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ “მისი საქციელი არ შეეფერებოდა თანამდებობას”.

ცოტა ხნის შემდეგ PBSOtalk-ის სხვა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრედშოუ, სანამ პალმ-ბიჩის შერიფის პოსტს დაიკავებდა, სხვა ადგილზე მუშაობისას ქვეშევრდომებს ანგარიშების გაყალბებას აიძულებდა.

გაქცევა კანადის საზღვრამდე

დუგანის ინტერნეტრესურსმა არსებობა მაშინ შეწყვიტა, როდესაც ანონიმმა ვებგვერდზე გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური სამმართველოს რამდენიმე ათასი აგენტისა და ფედერალური მოსამართლეების სახელები.

ვებგვერდი დაბლოკეს, მისი დამფუძნებლის საბანკო ანგარიშები გაყინეს, სახლი კი გაჩხრიკეს.

მიუხედავად მტკიცებისა, რომ მონაცემთა არანაირ ბაზაში არ შეუღწევია და ყველა ინფორმაცია ღია წყაროებიდან იყო მოპოვებული, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა დუგანს კომპიუტერები ჩამოართვეს.

“იმ მომენტში, როდესაც კომპიუტერი ჩამომართვეს, მივხვდი, რომ უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი”, _ აღიარა დუგანმა. ყოფილი პოლიციელი ათვითცნობიერებდა, რომ მის წინააღმდეგ შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.

პარიკისა და სათვალის მეშვეობით დუგანმა გარეგნობა შეიცვალა, ავტომობილით კანადის საზღვრამდე მივიდა და იქ პატარა კერძო თვითმფრინავი დაიქირავა. მეზობელ ქვეყანაში გადასვლა მას იმისთვის დასჭირდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე დოკუმენტები არ წარედგინა. როცა ტორონტოს თავზე მიფრინავდნენ, დუგანმა განაცხადა, რომ ცუდად იყო, და პილოტი იძულებული შეიქნა, დაშვებულიყო. კანადაში დუგანმა შეიძინა ბილეთი მოსკოვის მიმართულებით და დატოვა ამერიკის კონტინენტი.

თავშესაფრისთვის რუსეთის არჩევას დუგანი ორი მიზეზით ხსნის:

პირველი _ მას ჰქონდა რუსეთის ვიზა, იცნობდა ბევრ პროგრამისტს, რომლებიც მუშაობაში ეხმარებოდნენ და ამის გამო გფბ-ს შეიძლებოდა ეჭვი შეეტანა, რომ ის რუსულ მაფიასთან იყო დაკავშირებული.

მეორე _ ქვეყანა, რომელსაც თავშესაფარს სთხოვ, უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნებსა და პრეზიდენტს უსიტყვოდ არ დაემორჩილება.

რუსეთი სწორედ ასეთი სახელმწიფოა. და ვერ წარმომიდგენია სხვა მთავრობა, რომელიც უკეთესად დამიცავდა”, _ აღიარა დუგანმა.

ამერიკელი პოლიციელი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. გადაწყვიტა, კვლავ აამუშაოს PBSOtalk-ი, შეიძინა რუსული დომენი და დაიწყო ინფორმაციის აღდგენა.

დუგანი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ რესურსი, რომელზეც ყოველ პატიოსან პოლიციელს შეეძლება კანონის დარღვევის შესახებ გაავრცელოს ინფორმაცია.

“მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ კარგ პოლიციელებს (აშშ-ში კი ძალიან ბევრია კარგი პოლიციელი) ჰქონოდათ ადგილი, სადაც ყველაფერზე ილაპარაკებდნენ და არ შეეშინდებოდათ, რომ ამას მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, საერთოდ, შევქმენი ვებგვერდი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შეეძლოთ სამუშაოს დაკარგვის შიშის გარეშე მოეთხროთ ყველაფერზე, რაც ხდება მათ უბნებზე”, _ განაცხადა დუგანმა და დასძინა, რომ ნაციონალურ დონეზე ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო ზედამხედველობის ინსტიტუტის შექმნით. ეს უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მსგავსი. რადგან დღეს ყველა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. შტატის პროკურორი არ წავა შერიფის წინააღმდეგ, რადგან მონათესავე სტრუქტურებში მუშაობენ. სიტუაციის შეცვლის სხვა მეთოდი კი არ არსებობს.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here