ასე მიმართა ამერიკელმა არქიეპისკოპოსმა ჩარლზ შაპუმ კათოლიკე მრევლს კალიფორნიის ერთ-ერთ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
არქიეპისკოპოსის აზრით, ნებისმიერი ცივილიზაციის მომავალი შვილების გაჩენაზეა დამოკიდებული და ამ საკითხში მუსლიმები სხვა ჯგუფებს ჯობნიან.
“ისლამს მომავალი აქვს, რადგან ისლამს ბავშვების სჯერა, _ ამბობს შაპუ, _ ტრანსცენდენტული რწმენის გარეშე, რომელიც ცხოვრებას აზრს აძლევს, არ არსებობს ბავშვების გაჩენის აზრი, ხოლო ბავშვების გარეშე არ არსებობს თავგანწირვის მიზეზი ან მომავალი”.
მუსლიმებისგან განსხვავებით ქრისტიანული ევროპა უიმედოდაა, რაც მის ისეთ დაბალ შობადობაში გამოისახება, რომ ის საზოგადოების გადარჩენისთვის აუცილებელ მაჩვენებლებს ჩამორჩება. ამ დემოგრაფიულ დაცემასთან ბრძოლა მხოლოდ იმიგრაციის ხარჯზე ხდება.
“ევროპის ექვსი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერებს შვილები საერთოდ არ ჰყავთ. მათი სამყარო მათთან ერთად მთავრდება. ძნელია, მოიშორო განცდა, რომ ევროპის უდიდესი ნაწილი უკვე მკვდარია ან კვდება ისე, რომ ჯერ არ იცის ამის შესახებ”, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა.
საფრანგეთის პრეზიდენტს, აგრეთვე, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, შვედეთისა და ნიდერლანდების ლიდერებს შვილები არ ჰყავთ. მსგავსი რამ, ალბათ, ევროპის ისტორიაში არასდროს ყოფილა. ეს იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები, როგორც ლიდერები, ნაკლებად წუხან თავიანთი ქვეყნების მომავალზე, რადგან მათ არ ჰყავთ შვილები.