პოლონეთში გრძელდება სკანდალი აშშ–ის ელჩ ჯორჯეტ მოსბახერის მონაწილეობით. რამდენიმე დღის წინათ პოლონელმა პოლიტიკოსებმა პრეტენზიები გამოთქვეს ამერიკელი დიპლომატის მიმართ, რომ ის პატივს არ სცემს პოლონელ ერს. საპასუხოდ მოსბახერმა პოლონეთის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავეცკის გაუგზავნა წერილი, რომელიც, როგორც მასმედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დაწერილია “ქედმაღლური ტონით”.
კონფლიქტის წინა ისტორია ასეთია: პოლონეთში მუშაობს პროამერიკული ტელეარხი TVN24, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ მედიაგიგანტ Discovery-ის. 2018 წლის დასაწყისში ტელეარხმა ეთერში გაუშვა სამხედრო დამნაშავე ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების სიუჟეტი პოლონეთში.
2017 წლის აპრილში პროვოკაცია მოაწყო ქალაქ ვოძისლავ-სლიონსკის დაჯგუფება “სიამაყე და თანამედროვეობამ”. ვერმახტის ფორმებში გამოწყობილი ნეონაცისტები ტყეში მღეროდნენ მესამე რაიხისდროინდელ სამხედრო მარშებს, სვამდნენ “ჰიტლერისა და საყვარელი სამშობლო პოლონეთის” სადღეგრძელოებს, მიირთმევდნენ ნაცისტური სიმბოლოებით მორთულ ტორტსა და ნამცხვრებს, ბოლოს კი ფიცრებისგან შეკრული საკმაოდ დიდი სვასტიკისგან ცეცხლი ააგიზგიზეს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა 7 ადამიანი ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობის ბრალდებით. სისხლის სამართლის დევნის ობიექტები აღმოჩნდნენ TVN-ის ჟურნალისტებიც. კინოდოკუმენტალისტი პეტრე ვაკოვსკი, რომელიც ნეონაცისტების ბანაკში იყო ჩანერგილი და რომელმაც ფილმი გადაიღო, ნაციზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. სწორედ ჟურნალისტებისთვის წაყენებული პრეტენზიები იყო პოლონეთში აშშ-ის ელჩის, ჯორჯეტ მოსბახერის, კრიტიკის საგანი.
ჯორჯეტ მოსბახერი თავდაპირველად გამოვიდა პოლონეთის პარლამენტში (სეიმი) მსუბუქი ულტიმატუმით და განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი “ძალიან პოზიტიურია პოლონეთის მიმართ”, მაგრამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. სანამ პოლონელი პოლიტიკოსები განიხილავდნენ დიპლომატის ნათქვამს, ის უფრო შორს წავიდა _ მისწერა მკაცრი წერილი პოლონეთის პრემიერ მორავეცკის. პორტალ Do Rzeczy-ის მონაცემებით, ელჩი “ქედმაღლური ტონით” ითხოვს პოლონეთის კანონებში ცვლილებების შეტანას, რომელთა შედეგად პოლონეთში მოქმედი ამერიკული კომპანიები პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
პოლონეთის მთავრობაში ჯერჯერობით თავს იკავებენ მოსბახერის მიმართვის კომენტირებისგან. მთავრობის პრესსპიკერმა იოანა კოპჩინსკამ მხოლოდ ის თქვა, რომ “პოლონეთსა და აშშ-ს კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს და მას ვერ გააფუჭებს ერთი ინციდენტი”.