აშშ და მისი “პარტნიორები” ცდილობენ, ავღანეთის ძარცვა ჰუმანიტარული მიზნებით შენიღბონ. 2021 წლის 31 აგვისტოს ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოში გაიტანეს რეზოლუცია ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ და ქაბულს მოუწოდეს, უზრუნველყოს ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების გასვლის უსაფრთხოება. ამასთანავე, უარი თქვეს, დოკუმენტში ჩაეწერათ რუსეთის მიერ შეთავაზებული პუნქტი მოწოდებით, შეეწყვიტათ ავღანეთის საზღვარგარეთული აქტივების ბლოკირება.
ავღანეთის ოქრო
საქმე ის არის, რომ 2021 წლის 17 აგვისტოს ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ თავის ტერიტორიაზე დაბლოკა ავღანეთის აქტივები, რომლებიც ოფიციალურად შეფასებულია 9,5 მლრდ დოლარად. ამ აქტივებში შედის ავღანეთის ცენტრალური ბანკის _ Da Afganistan Bank-ის თითქმის 22 ტონა ოქრო, რომელიც ინახებოდა ფედერალურ სარეზერვო ბანკში ნიუ-იორკში. ეს ოქროს ზოდები ქაბულის სავალო ვალდებულებების დაფარვის გარანტია იყო, მათ შორის მოსკოვის წინაშე ვალის, რომელიც 849 მლნ-ს შეადგენს.
ამას გარდა, აშშ-ის ფინანსური სანქციები ვრცელდება ოფიციალურ სტატისტიკაში გაუთვალისწინებელ აქტივებზეც, კერძოდ, ე.წ. “ბაქტრიის ოქროზეც”. “ბაქტრიის ოქრო” არის კოლექცია 20 ათასი ოქროს ნივთისა, რომლებიც საბჭოთა არქეოლოგების ჯგუფმა თელია თეფეში (ბორცვი ავღანეთის ქალაქ შიბარგანთან) აღმოაჩინა. მათი მიახლოებითი ღირებულება 220 ტონა ოქროს ტოლია და ერთ-ერთ გამორჩეულ და დიდ კოლექციად ითვლება მსოფლიოში. ის საბჭოთა კავშირმა ავღანეთს გადასცა პირობით, რომ ავღანეთის მთავრობა არანაირი გარემოებების გამო არ გაასხვისებდა.
2021 წლის იანვარში ავღანეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ “ბაქტრიის ოქრო” საზღვარგარეთ გაიგზავნებოდა გამოფენებზე დამთვალიერებლების საჩვენებლად და შესანახად. თელია-თეფეში ნაპოვნი საგანძური ოფიციალურად იუნესკოს გადაეცა შესანახად, ამასთანავე, გამოფენებზე მისი გატანით უნდა დაკავებულიყო მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი “არაკომერციული” ორგანიზაცია. მას შემდეგ “ბაქტრიის ოქროს” ბედი უცნობია და ამ საგანძურის ბლოკირება, შეუძლებელია, ავღანეთთან ერთად რუსეთსაც არ აღელვებდეს.
არის თუ არა ბლოკირების საფუძველი
ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურად მიუთითებს ანგლოსაქსურ სამართალზე, რომელიც საშუალებას იძლევა, დაბლოკოს სხვა ქვეყნების აქტივები, თუკი იქ ორხელისუფლებიანობა წარმოიქმნება. სახელდობრ, ასეთი ვითარება, ამერიკელთა აზრით, შეიქმნა ავღანეთში: პრეზიდენტად დე იურე რჩება აშრაფ განი, ხოლო ქვეყანას დე ფაქტო მართავენ თალიბები.
ამასთანავე, აშშ ავღანეთის ოქროს აქტივების ბლოკირებით შემოფარგვლას არ აპირებს. ამერიკელებს სურთ, სრულად მიითვისონ ავღანური ოქრო, რომლის კონფისკაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთი გაქრება ან მას აღიარებენ ტერორისტულ წარმონაქმნად. ამ მიზნით ამერიკელები ცდილობენ, საერთაშორისო სამართალში შეიტანონ ისეთი ცნება, როგორიც არის “შეუმდგარი სახელმწიფო” და რომელიც ჩადებულია ამერიკულ კანონმდებლობაში, კერძოდ, “აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში”.
ამ “სტრატეგიის” შესაბამისად, “შეუმდგარი სახელმწიფოები” ხელს უწყობენ ტერორიზმის განვითარებას და საფრთხეს უქმნიან ამერიკის შეერთებული შტატების, აგრეთვე, სრულიად მსოფლიოს უსაფრთხოებას. ამის საფუძველზე აძლევს ვაშინგტონი საკუთარ თავს უფლებას, არა მხოლოდ დაბლოკოს, არამედ ჩამოართვას აქტივები სხვა ქვეყნებს.
“შეუმდგარი სახელმწიფოების” სიას კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტებისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიურო ადგენს “უუნარობის ინდექსის” (Frogile States Index) საფუძველზე. ამ სიაში რომ მოხვდეს ქვეყანა, მისი მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ვერ უნდა ახერხებდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ავღანეთი, რომელიც “უუნარობის ინდექსის” სიაში პირველ ადგილზეა. იქ პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, უკვე რამდენიმე წელიწადია, გრძელდება, თუმცა ეს არასტაბილურობა თვითონ ანგლოსაქსებმა შექმნეს.
პოლიტიკური ვითარება ავღანეთში
ავღანეთში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას ხელს უშლის ის, რომ ხალხი, რომელიც სახელმწიფოს ქმნის, კერძოდ, პუშტუნები, გაყოფილნი არიან ორ სახელმწიფოში. XVIII საუკუნეში პუშტუნებმა შექმნეს ერთიანი მუსლიმანური კონფედერაცია, რომელშიც შევიდნენ ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. კონფედერაციას დაარქვეს დურანიის სახელმწიფო. მას სათავეში ჩაუდგნენ პუშტუნური ტომის, დურანის, წარმომადგენლები. ასეთი გაერთიანების არსებობა ხელს არ აძლევდა დიდ ბრიტანეთს, რომელიც სამხრეთი აზიის კოლონიზაციას ცდილობდა. პრინციპით “დაყავი და იბატონე” ბრიტანელებმა ხელი შეუწყვეს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას, რომლებმაც დაანგრიეს დურანიის კონფედერაცია, მან არსებობა 1823 წელს შეწყვიტა.
შედეგად პუშტუნთა ნაწილი ბრიტანეთის ინდოეთში აღმოჩნდა, მოგვიანებით _ პაკისტანში, კიდევ ერთი ნაწილი _ მარიონეტულ სახანოებში, რომლებიც გაერთიანდნენ და გამოაცხადეს დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელწოდებით ავღანეთი. ამასთანავე, როგორც ავღანელებს, ისე პაკისტანელებს თავს მოახვიეს თეზისი, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია, ჰქონდეს “განსაკუთრებული უფლება დურანიის სახელმწიფოს მემკვიდრეობაზე. სწორედ ამის გამოა, რომ ავღანეთი და პაკისტანი აქამდე იურიდიულად არ აღიარებენ ერთმანეთის “სახელმწიფოებრიობას”.
ეკონომიკური ვითარება
ავღანეთის ეკონომიკურ სტაბილურობას ხელს უშლის ქვეყნის ჩართულობა ნარკოვაჭრობაში და ესეც ანგლოსაქსების დამსახურებაა. ისინი XVIII საუკუნიდან ავღანეთის ტერიტორიას იყენებდნენ ნარკოტიკების საწარმოებლად ჯერ ლევანტის, შემდეგ ოსტ–ინდური კომპანიებისთვის. შედეგად, 1960-იან წლებში ავღანეთი ოპიატების მწარმოებელ უდიდეს ქვეყნად იქცა მსოფლიოში. მას შემდეგ ნარკოტიკი ავღანეთის ეკონომიკის “მთავარი დარგია”.
ქვეყნის “შეუმდგარად” გადაქცევის სქემა, ე.ი., დიდი ეთნიკური ჯგუფების გაყოფას სხვადასხვა სახელმწიფოდ ანგლოსაქსები არა მხოლოდ სამხრეთ აზიაში, არამედ პლანეტის სხვა რეგიონებშიც იყენებდნენ. ახლა განსაკუთრებით სახიფათო არის ის, რომ ამერიკელები ყველას გაძარცვას აპირებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის “შეუმდგარი ქვეყნების” სიის მიხედვით, მომავალი “ავღანეთის” როლი შეიძლება შეასრულონ აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანამ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილმა. რაც შეეხება “უუნარობის ინდექსის” სიას, მასში არის, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლებიც არ შედის ე.წ. ოქროს მილიარდში.
Ren.tv–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა