გასულმა წელიწადმა ისე მიიხურა კარი, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სიახლეების მოლოდინში დატოვა… ზოგი იმედოვნებდა, რომ ქვეყანაში შექმნილ ქაოსს წერტილი დაესმებოდა, რამეთუ ამ ცისქვეშეთში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. “ადამიანის გაბრუებისათვის და თითონ ტკივილების დაყუჩებისათვისაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულმა ერთი უებარი წამალი იპოვნა, _ წერდა დიდი ილია, _ ეგ წამალი ლოდინიაო”, მაგრამ ამაო ლოდინმა “სული და გული დაუმშია ადამიანს, ხელფეხი გაუბაწრა, გაუცვითა ნიჭი ნატვრისა, გაუქსუა სურვილი, მოშალა ტანში და ერთობ მოუდუნა მთელი აგებულება, უამისოდაც მოდუნებული”; “ლოდინში ერთი კიდევ კარგი ის არის, რომ მუქთია. რამდენიც გნებავთ, ხარჯეთ, გროში არ გაგივათ. მეორე კიდევ ის არის, რომ, თუ მოინდომეთ, დაუსრულებელი იქნება, ბოლო აღარ მოეღება. ამ მხრით ლოდინი მეტად კარგი ხერხია და ოსტატის კაცისათვის დიდად გამოსაყენი. შეიძლება ერთს რისამე ლოდინს რომ ბოლო მოეღოს, მაშინვე მეორე საგანი აუჩინო და ამას მიუსიო ადამიანის მუდამ დამშეული გული. ამ გზით შეგიძლიათ ადამიანის გულს არ მოაშოროთ ლოდინი არასდროს”.
ამ დღეშია დღეს ჩვენი ხალხი.
დგანან და ელიან აქეთ ბიძინას დაპირებების შესრულებას, იქით _ მიშნაცებისა და მათი განაყოფების.
პრობლემები კი პრობლემებად რჩება, ადამიანები _ იმედგაცრუებულნი.
ახალი წლიდან ჩვენი რუბრიკით “მოყვარეს პირში უძრახეს” პრინციპით კვლავაც შევეცდებით ილიას პუბლიკაციების განხილვასა და მათში დასმული მწვავე საკითხების თანამედროვეობასთან დაკავშირებას, რათა ქართველმა ერმა წარსულის შეცდომები გაკვეთილად გამოიყენოს, ახალ საერთაშორისო სინამდვილეში სხვა ერებისგან განვითარების გამოცდილება აითვისოს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობის, თავისუფლების, ახალი სინამდვილის გაცნობიერების გზით. სწორედ ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რის საფუძველზე უნდა გავმთლიანდეთ, როგორ შევცვალოთ დღევანდელი რეალობა და შევქმნათ მომავალი.
“თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსაო” _ ილია ამ სიბრძნეს არამხოლოდ ოთარაანთ ქვრივს ათქმევინებს, არამედ 1881 წლის დეკემბერში აქვეყნებს წერილს საზოგადოების ამაო მოლოდინზე _ თუ რას ჰგავს ლოდინით მომართული ადამიანი, რისი წამალია ლოდინი, რადგან დღესაც “კვალად ლოდინი დარჩა ქვეყანას ნუგეშადაო”. როგორც ილია ამბობს, “მაგ ლოდინმა იქამდინ ჩაითრია ყოველისფერით დაქვეითებული ადამიანი, იქამდინ დაიბრიყვა მისი გუნება და ხალისი, რომ სხვაზედ აღარაფერზედ არ მიახედა არც ჭკუა და არც გრძნობა”.
დღესაც უცხოელთა “რჩევებისა” და “რეკომენდაციების” შემყურე ვართ, რომლებიც, არათუ საერთოდ არ იცნობენ ჩვენს ხალხს, არამედ არც სურვილი და საჭიროება დაუნახავთ ამისი. “ეგ აშკარად ზედ ატყვია ყოველს რეფორმას, რომელიც შემოტანილ იქმნა ჩვენში ამ ოც წელიწადში. არ–ცოდნა ქვეყნისა განა მარტო იმ საგნებს დაეტყო, რასაც რეფორმა შეეხო; ათასი სხვა ტკივილია ჩვენში, რომლისათვისაც ჯერ ყურიც არ უთხოვებიათ, რომელიც ჯერ სმენითაც არ გაუგონიათ. ქვეყნის მცოდნეს კი ეგ ტკივილები არ გამოეპარებოდა და, თუ წამალს ვერას დასდებდა, დავთარში მაინც მოაქცევდა საღაღადებლად”, _ სულმნათი ილიას ეს სიტყვები საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაიბეჭდა “ივერიაში”, არადა, როგორ ერგება დღევანდელი საქართველოს ყოფას!
რას მოგვიტანს ეს ამაო ლოდინი და როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა საქართველო ბოლოსდაბოლოს “დადგეს ერად სხვა ერთა შორის”? მოვუსმინოთ ისევ ერის მამას:
“მთელმა წლევანდელმა წელიწადმა მარტო ლოდინით დაალევინა ადამიანს მისი უსიხარულო დღენი… მაგრამ მაინც ლოდინი კი, კვალად ლოდინი დარჩა ქვეყანას ნუგეშადა. მაგ ამაო ლოდინმა სული და გული დაუმშია ადამიანს, ხელფეხი გაუბაწრა, გაუცვითა ნიჭი ნატვრისა, გაუქსუა სურვილი, მოშალა ტანში და ერთობ მოუდუნა მთელი აგებულება, უამისოდაც მოდუნებული. მაგ ლოდინმა იქამდინ ჩაითრია ყოველისფერით დაქვეითებული ადამიანი, იქამდინ დაიბრიყვა მისი გუნება და ხალისი, რომ სხვაზედ აღარაფერზედ არ მიახედა არც ჭკუა და არც გრძნობა. დიდმა თუ პატარამ სული შეიგუბა, განაბულმა ყოველივე გრძნობა სმენადღა გადაიქცია, _ აცა, ხმა რამ გაიხმაურებსო და ჩვენს ყურს არ გამოეპაროსო. მაგრამ ამ სულგაკმენდილს დუმილში ბუზის ბზუილიც არსით იყო: თითქო ქვეყანას ენა მუცელში ჩაუვარდაო, თითქო ადამიანი თავის სიტყვიერების ნიჭს გამოეთხოვაო და როგორც მეტი და გამოუსადეგი ბარგი აიხსნა და თავიდამ მოიშორაო. ჩვენ მაინც რას ველოდით? _ რას ველოდით? კითხვა ადვილია, პასუხი კი ძნელი. ქვეყნის ჭირი ჩვენი ჭირიც არის. ჩვენც ქვეყანაში ვურევივართ და ქვეყანასთან ერთად ბევრი რამ საზიარო გვაქვს. პასუხად ესეც საკმარისია. ლოდინით მომართული ადამიანი ბაკში დამწყვდეულ პირუტყვსავით ნებიერადა წევს და იცოხნება ნელ–ნელად, ტკბილად. ამ–გვარის ყოფისათვის მარტო კბილია საჭირო და მაგარი კუჭი. ღვთის მადლით, არც ერთი დაუზოგავს ბუნებას ადამიანისათვის და არც მეორე: კბილიც უჭრის საცოხნელად და კუჭიც მოსანელებლად. ოღონდ-კი საცოხნელი ჰქონდეს და სხვა არა უშავს-რა. საცოხნელი კიდევ თითონ ლოდინია. ვერც კბილს გასცვეთს და ვერც კუჭს მოშლის, და მშიერს, როგორც იქნება, გამოჰკვებავს. ადამიანის გაბრუებისათვის და თითონ ტკივილების დაყუჩებისათვისაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულმა ერთი უებარი წამალი იპოვნა. ეგ წამალი ლოდინია. ლოდინი ბუნებითაც დინჯი რამ არის, მშვიდობიანი, წყნარი და მთხოვარასავით მუდამ ხელგაწვდილი: მიაწვდი რასმე – მადლობელია და არ მიაწვდი – მაინც მადლობელია. ხელგაწვდით და ღრეჭით თუმცა ჰგავს მთხოვარსა, მაგრამ უმადურობით კი არა. მათხოვარს რომ არა მიაწოდო–რა, გულში მაინც წყევლა–კრულვას შემოგითვლის, ლოდინი კი თავის–დღეში მაგას არ იკადრებს, ყოველთვის მადლიერია და კმაყოფილი. არც ერთ შემთხვევაში არც ფერს იცვლის, არც ზნესა. გარდა მაგისა, ლოდინი იმისთანა სახედარია, რომ არც სადავე უნდა, არც ჯილავის დაჭერა. ოღონდ კი თითით ან თვალით ანიშნეთ, და საითაც გნებავთ _ თავს იქით იქმს შესაფერის ღამითა და მთქნარებითა. ამიტომაც უაღვიროდ სიარულის ნება მარტო ლოდინსა აქვს ამ შემობაწრულ სარბიელზედ, რომელსაც ადამიანის ცხოვრებას ეძახიან. თავის–დღეში თავს არ მოგტაცებთ, კარგად დაგეშილ ცხენსავითა, და თუ მოგტაცებთ, ისე შემოგარბენინებთ მთელ ქვეყნიერობასა, რომ არას გაწყენთ. თითონაც ისიამოვნებს და თქვენც გასიამოვნებთ. ოღონდ კი ფეხი აადგმევინეთ ლოდინსა და ადამიანის გულში ბინა გაუკეთეთ და ფიქრი და შიში ნუღარაფრისა გაქვთ. ლოდინში ერთი კიდევ კარგი ის არის, რომ მუქთია. რამდენიც გნებავთ ხარჯეთ, გროში არ გაგივათ. მეორე კიდევ ის არის, რომ, თუ მოინდომეთ, დაუსრულებელი იქნება, ბოლო აღარ მოეღება. ამ მხრით ლოდინი მეტად კარგი ხერხია და ოსტატის კაცისათვის დიდად გამოსაყენი. შეიძლება ერთს რისამე ლოდინს რომ ბოლო მოეღოს, მაშინვე მეორე საგანი აუჩინო და ამას მიუსიო ადამიანის მუდამ დამშეული გული. ამ გზით შეგიძლიათ ადამიანის გულს არ მოაშოროთ ლოდინი არასდროს. ლოდინი თოკია. თუ ოსტატმა კარგად და ხერხიანად გამოიყენა, მაშინ ხსნილიც დაებმის და დაბმული ხომ დაბმულია და დაბმული. “ლოდინი ხსნილსაც დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების”, _ ესე რომ ეთქვა როსტევანს თავის ქალისათვის, როცა მეფედა სვამდა, არ შესცდებოდა. ნუთუ მართლა _ რაც მღვრიე წყალისათვის შაბია, ის მღვრიე გულისათვის ლოდინია?.. ეს გრძელი ლაპარაკი ლოდინზედ იმიტომ მოვრთეთ, რომ ერთი ქართული სიტყვა აგვეხსნა და მისი ძირეული ძირი გვეპოვნა. სხვა ჩვენ ფიქრად არა გვქონია–რა და ნურც თქვენ იფიქრებთ. იცით, “სულელი” საიდამ გამოდის? ლოდინიდამ. იცით “სულელის” ძირი რა არის? ლოდინი. აბა “ლოდინი” და “სულელი” _ საიდამ სადაო, იკითხავთ. არც ისე შორს არიან ერთმანეთზედ ეს სიტყვები, როგორც თქვენა გგონიათ. იმ კაცს რას ეტყვით, რომელიც “სულ ელის და სულ ელის?” “სულ ელიო”. მორჩა და გათავდა. გამოცანა ჩვენ გვერგება.
…ოჰ, რა კარგი რამ არის შექსპირი. გულთამხილავს რომ იტყვიან, სწორედ ის არის. იმისი ერთი ლექსი მომაგონდა და, თუმცა ამ საგანს, რაზედაც ვლაპარაკობთ, არ უხდება, მაგრამ თითონ ლექსი ისეთი კარგია, რომ ვერ მომითმენია, რომ აქ არ ამოვწერო: “ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, ბედკრულნი კი მას სიხარულით მიეგებიან. მაშ შენ, ჰე სვეო ცვალებადო, აწ სალამს გეტყვი!.. შენ მე შთამაგდე, უბედური, ვაების ზღვაში და რაც მიყავი, ამაზედ მეტს ვეღარას მიზამ”. ამბობენ, თ. დონდუკოვის დანიშვნის ამბავს ეჭვი აღარაფრისა აქვსო და მალეც აღსრულებაში მოვაო. ასე მალე თურმე, რომ იანვრის ბოლოს მოელიან ახალ მთავარმმართებლის მობრძანებას. ამასაც ამბობენ, ვითომც ერთი აქაური ხარისხოვანი მოხელე დაუბარებიათ კიდეც პეტერბურგში, რომ ახალ მთავარმმართებელს აუწყოს აქაურის საქმეების ვითარება და ერთობ ყოვლის მხრით აცოდინოს ჩვენი ქვეყანა. არ ვიცით, რამოდენად ზედმიწევნით და საკმაოდ შეუსრულდება ახალს მთავარმმართებელს ეს დიაღ მოსაწონი სურვილი. იქნება ვსცდებოდეთ, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ აქაურ მოხელეებში ერთიც არ გვეგულება იმისთანა, რომელსაც არამც თუ შეესწავლოს ჩვენი ქვეყანა, არამედ ამისი სურვილი ჰქონდეს და ამისი საჭიროება ეგრძნოს. ჩვენს ქვეყანას დიამბეგების მიწერ-მოწერით იცნობენ და დღეს-აქამომდე ყველანი ერთად და თვითოეული ცალკე ამ ცნობებით იკვებებიან. რა ხეირი დაგვაყარა ამ მხრით შესწავლამ ჩვენის ქვეყნისამ, ეგ აშკარად ზედ ატყვია ყოველს რეფორმას, რომელიც შემოტანილ იქმნა ჩვენში ამ ოც წელიწადში. არ-ცოდნა ქვეყნისა განა მარტო იმ საგნებს დაეტყო, რასაც რეფორმა შეეხო; ათასი სხვა ტკივილია ჩვენში, რომლისათვისაც ჯერ ყურიც არ უთხოვებიათ, რომელიც ჯერ სმენითაც არ გაუგონიათ. ქვეყნის მცოდნეს კი ეგ ტკივილები არ გამოეპარებოდა და, თუ წამალს ვერას დასდებდა, დავთარში მაინც მოაქცევდა საღაღადებლად. აქამომდე ჩვენის ლოდინის საგანი ახალ მთავარმმართებლის დანიშვნა იყო ხომ თ. დონდუკოვის დანიშვნით ამას ბოლო მოეღო. ნუთუ ულოდინოდ დავრჩით და დავიღუპენით? არა, ბატონებო, ტყუილი შიშია. რუსეთის გაზეთებმა სხვა საგანი ლოდინისა აგვიჩინეს და გვიხარებია. ლოდინი ჩვენს გულს არ მოჰშორებია. რუსეთის გაზეთები, რაც ძალი და ღონეა, ნაღარასა სცემენ, რომ აქაურს წესებს ცვლილება მოელისო. აი კიდევ ლოდინი _ წესების ცვლილებისა! დიდხანს გვეყოფა საცოხნელად, მერე უხარჯოა და მუქთი, როგორც უკვე მოგვიხსენებია. ვიდრე წესების ცვლას შეუდგებიან ჩვენში, ჯერ ყველაზედ უწინარეს გამოცნობილ და აღიარებულ უნდა იქმნას ის, თუ რა თვალით და რა გულით უნდა გვიყურონ ჩვენ. უნდა გამოცნობილ იქნას, კარგად განსაზღვრულ და ბეჯითად განმარტებულ, _ თუ ვინა ვართ ჩვენ და რანი ვართ. …კავშირი ძმათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი-მეორეს ძმურად შეეწეოდეს, ერთი-მეორეს შეემსჭვალოს, და არა იმაში _ რომ ერთის ადამიანობა მეორეს მტლად დაედოს, ერთმა მეორე ჩაჰყლაპოს. …სხვა გზა და სხვა აზრი ტყუილია, და ყოველივე ცვლილება, რომელსაც სარჩულად ეს აზრი არ დაედება, წყალის ნაყვა იქნება, როგორც აქამდის იყო. გარდა მაგისა, ესეც წინათვე ცნობილი უნდა იქმნას, _ თუ ვის ეჭირვება ცვლილება, რა მიზეზი აიძულებს ცვლილების მოხდენას. ამაების მიხედვით უნდა დაინიშნოს, _ ცვლილებას წინ რა საგანი დაედვას მისაღწევად. ერთი რუსული გაზეთი ამ საგანს ცალკერძ შეეხო და ამბობს: “ეს უნდა კარგად გაკვეთილი გვქონდესო, რომ არა კავკასია მოხელეთათვის, არამედ მოხელენი არიან კავკასიისათვისო”. საკვირველია, რომ ამ ბოლო დროს ამისთანა გულმტკივნეული სიტყვები გვესმის. საკვირველია მით, რომ არა ვართ ჩვეულნი. მაგრამ რა? სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმისა და ქმნის შუა დიდი მზღვარია. ამას თითონვე იგივე გაზეთი ამტკიცებს. მოჰყოლია, ბატონო, და იძახის, ეს მხარე უნდა მოვაცალოთ სამთავარმმართებლოს და ამას შევუერთოთო; ეს მაზრა და ის მაზრა ერთ მაზრად ვაქციოთო; ესა და ეს გუბერნია გავაუქმოთო და ამა და ამ გუბერნიას მივაკეროთო; მთავარსამმართველო უნდა გაუქმდეს და მთავარმმართებელის კანცელარიად გადაკეთდესო და სხვანი ამ-გვარნი. ეს ყველა კარგი და ჩვენ რა? ვსთქვათ, კავკასიის სამმართველოს ორიოდე გუბერნატორი მოაკლდა, ორიოდე მაზრის უფროსი და ათიოდე მოხელე, მაგითი მითამ ქვეყანა კუჭს გაიძღობს? ეს და ამგვარი ცვლილება სწორედ იმას ეგვანება, რასაც ოხუნჯი რუსის მწერალი შჩედრინი ამბობს: “ერთი გენერალი უფროსად მოვიდა ჩვენში თუ არა, მაშინვე გუბერნატორის კაბინეთში იატაკის აშლას შეუდგა. მაგრამ რა? აშლით _ აშალა, ახალის დაგება კი ვეღარ მოასწრო, გამოსცვალეს. როცა მიდიოდა და გვეთხოვებოდა, გვითხრა: “ბევრი რამ კეთილი მინდოდა მექნაო, მაგრამ ღმერთმა, ჩემო მეგობრებო, არ დამაცალაო”. მოვიდა ახლა სხვა ახალი გენერალი და მაშინვე მოისაზრა და თქვა: ეს რა მიუქარავთო! იატაკი კაბინეთში კი არ უნდა აეშალათ, არამედ სასტუმრო ოთახშიო, და ამისდა-გვარად შესაფერი განკარგულება მოახდინა. მაშასადამე, თუ ეს გენერალიც მალე გადააყენეს და სხვა ახალი გენერალი მოვიდა, _ ვინ იცის, იქნება იმანაც ახლა სასადილო ოთახში მოინდომოს იატაკის აშლა და ამ სახით მთელი სახლი გუბერნატორისა თან-და-თან წაიბილწება, ჯეროვანის განკარგულების ნიჭს კი მაინც-და-მაინც ვერ გამოიჩენენ”. კაცმა მართალი უნდა თქვას, იგივე გაზეთი ამასაც კი ამბობს, რომ საჭიროაო ნაფიცთა მსაჯულება (суд присяжнйх) და ერობა (земство) შემოვიღოთ, თუ ყველგან კავკასიაში არა, საქართველოში მაინცაო. კარგი და პატიოსანი. ძალიან და ძალიან საჭიროა. ეს ორივე ცვლილება მეტად სანატრელია და მარგებელი ქვეყნისათვის. ამას სიტყვა წინ არ უდგა. მაგრამ როგორ? ამ ორივე საგანს მრავალკეცი შედეგი და საჭიროება მოსდევს. თუ ერთი რამ გამოაკლდა, ისეც დატვირთულს ერს ტვირთი მოემატება და ერთი ბეწო სიკეთე არ მიენიჭება. აბა ერთი მიბრძანეთ, მოსამართლენი აქაურის ენის მცოდნენი რომ არ იყვნენ, რომ ადვოკატებმა და ბრალმდებელმა მჭევრმეტყველობის ყაბახი გამართონ სასამართლოში რუსულად, ქართველმა ნაფიცმა მსაჯულმა მარტო ბუზები მოიგერიოს, თუ რა ქნას. და თუ ნაფიც მსაჯულებს კანონად დაუდებთ რუსულის ენის ცოდნას, და თუ სახეში მივიღებთ _ რომ მარტო მოხელეობამ (ჩინოვნიკობამ) იცის ჩვენში რუსული, მაშინ სამართალი ხომ მაინც ჩინოვნიკის სამართალი იქნება და არა ერისა. ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითაა სანატრელი, მარტო იმითაა კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინიდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა. თუ ამ მხრით არას შეიკვეცენ და ისე შემოიღებენ ჩვენში ნაფიცთა მსაჯულებას, ჩვენ მაგ სანატრელს ცვლილებას დიდის სიხარულით მივეგებებით, თუ არა და, მარტო სახელი იქნება და სახრავი კი არა. ერობაც მეტად დიდი რამ არის. იგია უტყუარი ორღანო ქვეყნის საჭიროების გამოთქმისათვის, ერის არჩევანით, იგია ერის წარმომადგენელი კრება. ყოველივე, ვინც-კი უკეთესი მოჭირნახულეა ერისა, იქა მოქმედობს და იღვწის. ერობას ფეხი თვით ერის დირეზედ უდგას, ერის ცხოვრებაში ტრიალებს და ერის ცხოვრებით სულდგმულობს. ამიტომაც იგი ზედმიწევნით მცოდნეა, რა სტკივა ერსა და რა წამალი დაედება. თუ ერობის საქმე ისეა მოწყობილი, რომ იგი მართლა ერობდეს, უკეთესის ნატვრა, ჯერ ამ ხანად მაინც, მეტისმეტის წადილი იქნება. რა თქმა უნდა, კანონზედ ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუნდ თითონ არჩევანის საქმე ავიღოთ. ვსთქვათ, კანონად დაიდოს, რომ თუ არ ჩინოვანი, ამორჩეულ არ უნდა იქმნას, ანუ თუ არ ჩინოვანს, ანუ მდიდარს, არჩევანის ხმა არ უნდა ჰქონდესო, _ მაშინ ერობა ცალიერი, ფუყი და ფუჭი სახელი იქნება. ჩინოვანი და მდიდარი _ ერი არ არის. ერი წრით გარეთ დარჩება. თუ, მაგალითებრ, კანონად დაიდვა, რაც მიამება _ მარტო ისა სთქვიო, და რა წამალიც მე ვინდომო _ ის წამალი იხმარეო, მაშინ ერობა ტვირთია და არა შვება და შეღავათი. მაშინ ერობა ერს კისერზედ დააწვება მთელის თავისი სიმძიმითა, ხარჯებითა, გადასახადებითა და მუხუდოს ოდენა სიკეთესაც კი არ მოუტანს. ერობა ორკეცი რამ არის: ერთით მოვალეობაა და მეორით უფლება, ერთით _ ტვირთია, რადგანაც ხარჯი, გადასახადი მოსდევს, მეორით _ ღონეა სიკეთისა, რადგანაც ერი თითონ ჰპატრონობს თავის-თავს და ხარჯსაც და გადასახადსაც თავის-თავს ახმარებს საჭიროებისამებრ. რაღა თქმა უნდა, რომ ერობაში სანუკვარი უფრო მეორეა, ადამიანი ტვირთს ადვილად იკისრებს, როცა საჭიროა ეგ თავის-თავისვე საკეთილოდ. მაშასადამე, აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოედანი ექნება შემოხაზული ერობას, რა ფართო გზა მოქმედებისა დაენიშნება და უკეთესთა მოჭირნახულეთა არჩევანი დაბრკოლდება რითმე თუ არა. ერობა იმისთანა რამ არის, ან სულ მთლად უნდა იყოს, ან სულ არა. ეს ორი ცვლიდლება _ ნაფიცთა მსაჯულება და ერობა, რასაკვირველია, ასე თუ ისე პირდაპირ ერსა და იმის საჭიროებას შეეხება. მაგრამ გარდა ამისა სხვა მრავალი საჭიროება ღაღადებს ჩვენში და იმათაც არა ნაკლებ ყური უნდა ათხოვონ, თუ მართლა-და სიკეთე უნდათ ქვეყნისა. ჩვენ იქნება თავის დროზედ ვრცლად ავხსნათ ეს საჭიროებანი, მაგრამ ამჟამად კი მოკლედ ავნუსხავთ. საერო განათლების საქმე უნდა გადაისინჯოს და ძირიანად გადაკეთდეს, რომ განათლებამ მართლა ფეხი გაიდგას და მოიკიდოს ჩვენში. ეყო აქაურობას ამოდენა ჭმუჭვნა, აქეთ-იქით ქანება, წაჯექ-უკუჯექობა. დროა განათლების საქმეს მთელის ქვეყნიერობისაგან აღიარებული საფუძველი დაედოს, ერთხელ და ერთხელ თავის საკუთარს გზაზედ დაყენებულ იქმნას, განათლების საქმეში განათლების მეტი არავინ არ შეურიოს და წმინდა რამ არ აამღვრიოს. დიდის ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა. ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს. ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვეღარ იცლიან. ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი. აბა იფიქრეთ, თუ მღვდელს დიდი ოჯახი აქვს და პატარა სიხარბეც მოსდევს, რა მუსრს აადენს თავის სამწყსოსა. ერი ამით ძალიან შეწუხებულია და მომდურავი. ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდეს. ეხლანდელი წესი სახელმწიფო ტყიდამ სარგებლობისა სრულებით უნდა გაუქმდეს და სხვა ახალი წესი დაედგინოს, ჩვენის გლეხკაცობის ცხოვრების შესაფერი.
…დიდი საქმეა გზების კეთებაცა. დღეს-აქამომდე, საცა კი გზის გამართვაზე სიტყვა ჩამოვარდებოდა, მთავრობას სახეში ჰქონდა მარტო მხედრობისათვის საჭირო გზები. ეხლა ჩვენს ქვეყანაში, ღვთის მადლით, სამხედრო არა არისრა. ქვეყანა დამშვიდებულა. ეხლა ჩვენი ქვეყანა სხვა-გვარ გზებსა საჭიროებს, იმისთანა გზებსა, რომელიც გამსყიდავს და მსყიდავს მალე, უწყინრად და იაფად შეახვედრებს. ამისთანა გზებს საეკონომიო გზებს ეძახიან. ამათი დანიშნულება ის არის, რომ მწარმოებელს ბაზარი დაუახლოვოს, ბაზარში მისვლა-მოსვლა არ გაუჭიროს და საზიდავმა გადაზიდვაში მეტი ხარჯი არ გადაიყოლოს. გზამ რომ ეს დანიშნულება შეასრულოს, “ჩინოვნიკმა” კი არ უნდა გააბას ლარი გზისა, როგორც აქამომდე იყო, არამედ ადგილის კაცებს უნდა ეკითხოს, სად რა გზა უნდა. მაშინ გზა იქით არ მიიბრუნებს თავს, საცა მსხვილი კაცია, არამედ იქით, საცა მსხვილი საქმე და მსხვილი საჭიროებაა. გზები ისე საჭირონი არიან, რომ პირველ დღიდანვე ამას მიჰყონ ხელი, _ მეტი არ იქნება. ოღონდ ერთი რამ კი არ უნდა დავივიწყოთ. გაწყალდა ერი გზის ბეგარის უწესოებითა. გზის კეთება მეტად მძიმე ბეგარაა თავისთავადაც და ეს უწესობა ხომ ერთი-ორად ამძიმებს. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წესია და არ ასრულებენ. არა, თითონ წესი არ არის დადგენილი არავითარი. ვისაც ქეიფად რა მოუვა, იმ წესებზედ დაიარება. ამ მხრით მთელი ჩვენი გლეხკაცობა “ჩინოვნიკების” ნებაზედ არის მიგდებული. ვინ იტყვის, რომ “ჩინოვნიკი” უსამართლობას რასმე ჩაიდენს, მაგრამ მაინც ის რომ პატარა შორს იყოს, ისა სჯობია. ამდენი ვაი-ვაგლახი, ცემა-ტყეპა, ხარჯი, დანაკლისი, რას გზის ბეგარას მოსდევს გლეხკაცისათვის, იმიტომ არის, რომ არავინ იცის, _ ვის რა მოვალეობა აქვს და ვის რა უფლება. ერთის სიტყვით, წესი და კანონი არ არის ამ საგანზედ დადგენილი და უსათუოდ კი უნდა იყოს, თორემ უწესობამ ლამის ერი მოიდნოს. რა-გვარი წესია საჭირო და რა და რა საგანისათვის, ამაზედაც იქნება მერეც შეგვხვდეს საუბარი და ჩვენ ჩვენსას ვიტყვით. ეხლა მხოლოდ გვინდოდა ეს მხარეც ჩვენის კეთილდღეობისა ნიშნად დაგვესვა ცვლილებისათვის. ბევრიც კიდევ სხვა რამ არის სათქმელი, მაგრამ… “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”.
ზოგიც მერე იყოს”.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე