მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავი, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი, სტენლის თასის მფლობელი და ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) ერთ–ერთი ბომბარდირი _ ალექსანდრე ავეჩკინი, როგორც მას თავის კლუბ “ვაშინგტონ კეპიტალზში” შეარქვეს, ალექსანდრე დიდი, 1985 წლის 17 სექტემბერს დაიბადა მოსკოვში.
ალექსანდრე ავეჩკინის დედა, ტატიანა ავეჩკინა, პოპულარული კალათბურთელი იყო, რომელმაც 2-ჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში; მამა, მიხეილ ავეჩკინი, კი პროფესიონალი ფეხბურთელი გახლდათ.
ალექსანდრე ოჯახში მესამე და უმცროსი ბავშვი იყო. უფროსი ძმის, სერგეის, წყალობით 8 წლიდან დაიწყო ჰოკეის პროფესიონალურ სექსიაში მუშაობა.
კარიერის დასაწყისი
ალექსანდრე ავეჩკინი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათითა და გამარჯვებისადმი სწრაფვით. სწორედ ამ თვისებების გამო მიიწვიეს ის მოსკოვის “დინამოს” ჰოკეის სკოლაში, ამ კლუბიდან იწყება მისი პროფესიონალური კარიერა. ალექსანდრემ მოსკოვის “დინამოს” ყველა ასაკის გუნდში ითამაშა და ყველგან საუკეთესო იყო. სპეციალისტები ნიჭიერ და პერსპექტიულ ჰოკეისტზე ალაპარაკდნენ. 16 წლის ალექსანდრე რუსეთის სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო.
2003 წელს კი მსოფლიოს ახალგაზრდა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ამასთანავე, 2003-2004 წლების საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. ავეჩკინი ყოველთვის გამოირჩეოდა ბომბარდირის თვისებებით.
ჰოკეის ნაციონალური ლიგა
ნიჭიერი სპორტსმენი მალე შეამჩნიეს უცხოურმა კლუბებმა. ყინულზე ავეჩკინის პროფესიონალიზმი უდავოა, ამასთანავე, ჰოკეისტი სპორტის ამ სახეობისთვის მაინცდამაინც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა _ მისი სიმაღლე 190 სმ-ია, წონა 100 კგ.
2005-2006 წლების სეზონში ავეჩკინი NHL-ის კლუბ “ვაშინგტონ კეპიტალზში” მიიწვიეს მარცხენა თავდამსხმელად და დღესაც ამ კლუბში თამაშობს ამავე ამპლუაში. ახალბედა ჰოკეისტს კლუბმა 3,85-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. მისი დებიუტი შედგა 2005 წლის 5 ოქტომბერს “კოლამბუს ბლუ ჯეკეტსთან” მატჩში, რომელშიც ალექსანდრემ 2 შაიბა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
“ვაშინგტონ კეპიტალზში” ავეჩკინმა მე-8 ნომრით დაიწყო თამაში. ამ ციფრზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ 8-ნომრიანი მაისურით დედამისი თამაშობდა საბჭოთა ნაკრებში.
2005 წელს ახალგაზრდა ჰოკეისტს მეტსახელად ალექსანდრე დიდი შეარქვეს _ სადებიუტო სეზონში მან 48 შაიბა შეაგდო და 44 საგოლე გადაცემა გააკეთა, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას ეს მეტსახელი გულშემატკივრებმა. დროთა განმავლობაში მან კიდევ ორი მეტსახელი შეიძინა _ ოვი და შესანიშნავი რვიანი. ავეჩკინი მალე იქცა კლუბის ე.წ. სახედ. სწორედ მისთვის ირჩევდა კლუბი ახალ მოთამაშეებს, რათა ხელი შეეწყო მისი ზრდისა და წარმატებებისთვის. ალექსანდრეს არ უცდია სათამაშო მანერის შეცვლა ახალ კლუბთან თანამშრომლობის გამო, მაგრამ ყურადღებით შეისწავლა გუნდის მენტალიტეტი და სათამაშო ეთიკა.
ავეჩკინს ყოველ სეზონში გაჰქონდა უამრავი შაიბა და ამართლებდა NHL-ის ყველაზე ძვირად ღირებული ჰოკეისტის წოდებას (13-წლიანი კონტრაქტი, რომელიც ავეჩკინთან გააფორმა, კლუბს 124 მლნ დოლარი დაუჯდა). ჰოკეისტის კარიერაში ბევრია ყინულზე ჩხუბის შემთხვევაც. 2017 წელს “ვაშინგტონისა” და “კოლამბუსის” მატჩში ავეჩკინმა ძალისმიერი მეთოდი გამოიყენა ზაკ ვარენსკის წინააღმდეგ, შედეგად ვარენსკის სახე სერიოზულად დაუზიანდა და მოედანი დატოვა. ამ ინციდენტმა გამოიწვია ჰოკეისტების მასობრივი ჩხუბი. ალექსანდრე დისკვალიფიკაციით დასაჯეს და რამდენიმე მატჩი გამოატოვებინეს.
2018 წელი ავეჩკინისთვის წარმატებული აღმოჩნდა _ მან “ვაშინგტონ კეპიტალზში” მისი დახმარებით ისტორიაში პირველად მოიპოვა სტენლის თასი. ამით ის კლუბის ლეგენდა და საუკეთესო წლის სპორტსმენი გახდა.
მიმდინარე წლის 9 მარტს ავეჩკინმა, “ვაშინგტონ კეპიტალზის” კაპიტანმა, ორი შაიბა შეაგდო “კალგარის” კარში, NHL-ში 766 გოლი დააგროვა და ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა ცნობილ ჩეხ ჰოკეისტ იარომირ იაგრთან ერთად. ავეჩკინის წინ არიან უეინ გრეტცკი (894 შაიბა) და გორდი ჰოუ (80). უეინ გრეტცკის აზრით, ავეჩკინს თავისუფლად შეუძლია მისი რეკორდის მოხსნა და NHL-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვება.
პირადი ცხოვრება
მიუხედავად იმისა, რომ ჰოკეისტი მალავდა თავის პირად ცხოვრებას, ყვითელი პრესა წერდა მის რომანებზე პოპულარულ პიროვნებებთან _ მომღერალ ჟანა ფრისკესთან, მოდელ ვალერია სოკოლოვასთან, ჯგუფ Black Eyed Peas-ის სოლისტ ფერგისთან და სხვებთან. ავეჩკინი დანიშნული იყო რუს ჩოგბურთელ მარია კირილენკოზე, მაგრამ დაშორდნენ. 2017 წელს ალექსანდრე ავეჩკინი დაქორწინდა მოდელ ანასტასია შუმსკაიაზე, რომელთანაც ჰგავს ვაჟი _ სერგეი.
ამჟამად ალექსანდრე ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსი ჰოკეისტია. მისი შემოსავალი შედგება არა მხოლოდ სპორტული მოღვაწეობით გამომუშავებული თანხებისგან, არამედ რეკლამებიდან მიღებული თანხებიდანაც, სპორტსმენი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის “კოკა-კოლა”, “ნაიკი” და სხვ. ავეჩკინი შედის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ჰოკეისტთა სიაში. მან ახალ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი “ვაშინგტონ კეპიტალზთან” და შემდეგ 5 სეზონში 47,5 მლნ-ს მიიღებს. ავეჩკინმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააკეთოს უენ გრეტცკის რეკორდის დასამხობად.
მიღწევები:
* რუსეთის ჩემპიონი (მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში) _ 2005 წ.
* მსოფლიო ჩემპიონი _ 2008, 2012, 2014 წწ.
* “მორის რიშარ ტროფის” მფლობელი _ 2008, 2009, 2013, 2014, 2015, 2016, 2018 წწ.
* NHL-ის 100 საუკეთესო ჰოკეისტის სიის წევრი _ 2017 წ.
* სტენლის თასის მფლობელი _ 2018 წ.
* უეინ გეტცკის პრიზის ფლობელი _ 2019 წ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა