“საქართველო და მსოფლიოს” საშუალებით მსურს, გამოვეხმაურო ლევან ვასაძის ინტერვიუს, რომელიც მას “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩამოართვა და რომელიც განსჯისა და მასმედიური ვნებათაღელვის ობიექტად იქცა. მით უმეტეს, ბევრი ადამიანი მირეკავს, მხვდება და მეკითხება, _ რას ვფიქრობ ლევან ვასაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე, მის პერსპექტივაზე.
ლევან ვასაძემ გაბედა და თქვა ის, რაც ერთ მუჭა ქართველ პატრიოტებს არასოდეს დაგვიმალავს _ ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო გადაარჩინა! ამ ფაქტის კონსტატაციამ კრუნჩხვები გამოიწვია “სალიბერასტეთში”, რაც მოსალოდნელი იყო. ლევან ვასაძის ეს “აღიარება” 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში უნდა ჩაწერილიყო. დიახ, რუსეთის მიმართ მადლიერება უნდა გამოგვეხატა და ჩვენი დამოუკიდებლობა პოზიტიური აზროვნებით გაგვემყარებინა. ამის ნაცვლად, დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში რუსეთის “200-წლოვან დამპყრობლობაზე” დემაგოგიაა გაშლილი. ისე, კარგია, რომ ამ ე.წ. აქტის ორიგინალი გააქრო მავანმა _ დამოუკიდებლები მაინც არ ვართ და არც დამოუკიდებლობის აქტი გვჭირდება. იმხანად, 1991 წელს, რუსეთისთვის მადლობა უნდა ეთქვა ჩვენს “წითელ-ყვითელ” ინტელიგენციასაც, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ზოგიერთმა “ინტელექტუალმა” პირში წყალი ჩაიგუბა (უკეთეს შემთხვევაში), ზოგიერთი კი ქუჩაში მომიტინგეებს აჰყვა და აჯობა კიდეც მათ რუსეთის ლანძღვა-გინებაში, თუმცა ბოლომდე მოსაწონი არც ვასაძის ინტერვიუ აღმოჩნდა. ჟურნალისტმა ვასაძეს ჰკითხა _ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში რუსეთმა რა გააკეთა სასიკეთო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვისო. კითხვა არაკვალიფიციურია და, უბრალოდ, სულელურიც, მაგრამ სულელურ კითხვას ჭკვიანური პასუხი სჭირდება. ლევან ვასაძემ ჟურნალისტს უპასუხა: რუსეთი ამ პერიოდში “სულ ოკუპანტის როლში” გამოდის, მაგრამ ამ ქვეყნასთან დიალოგი აუცილებელიაო და ა.შ. ვერ არის ეს კარგი პასუხი იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც რუსეთთან დიალოგს გვპირდება. პოლიტიკოსმა ფაქტები უნდა იცოდეს. ბატონ ვასაძეს რომ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” (#2, 2017 წ.) ან ინტერნეტის საშუალებით ჩემ მიერ გამოქვეყნებული ფაქტებით დახუნძლული სტატია (“რუსეთის სამშვიდობო ინიციატივები პოსტსაბჭოთა სივრცეზე”) ჰქონდეს წაკითხული, მაშინ ის მიწასთან გაასწორებდა პროვოკატორ ჟურნალისტს.
კერძოდ, 1996 წელს, ბორის ელცინის ინიციატივით, დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება ნიშნავდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას? ამ სანქციებმა მოიტანა ის, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი მოლბა და უკვე 1997 წლის აგვისტოში იმავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა მთელი აფხაზური ელიტა, ვლადისლავ არძინბას ხელმძღვანელობით, თბილისში “ჩამოაცუნცულა”. გაიმართა ძალიან ნაყოფიერი დიალოგი, არძინბამ საჯაროდ გამოხატა მზადყოფნა, მოგვარებულიყო ყველა საკითხი, მათ შორის, ქართველი ლტოლვილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. აფხაზები რეალური პოლიტიკური შეთანხმებისთვის მომწიფებულნი იყვნენ და შეიძლებოდა, რუსეთის დახმარებით, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენა. მკითხველს ვურჩევ, ნახოს ჩემი სტატია, რომელიც არაფერს შეიცავს, გარდა 1997 წლის ოფიციალური ქრონიკისა და მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებების ციტირებისა. იმავე სტატიაში აღვნიშნავ, რომ ქართულ–აფხაზური შეთანხმება ამერიკელებმა ჩაშალეს. არძინბას ვიზიტის პარალელურად, საქართველოში პროვოკაციის მიზნით მოვლენილი იყო სენატორი მიჩ მაკონელი (დღემდე გავლენიანი ფიგურაა), რომელიც ასევე მიიღო პრეზიდენტმა შევარდნაძემ. მაკონელმა მოინახულა ზუგდიდი და “ამ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით დაინტერესდა”, _ იუწყებოდა 1997 წლის 16 აგვისტოს “საქართველოს რესპუბლიკა”. შემდეგ გაზეთი განაგრძობს: “ამერიკელი სენატორის განცხადებით, იგი მხარს უჭერს აფხაზეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. იმისათვის, რომ აფხაზეთში დსთ სამშვიდობო ძალებად წოდებული რუსეთის შენაერთები საერთაშორისო ძალებით შეიცვალოს, საჭიროა, საქართველოს პრეზიდენტმა ამ სურვილით აშშ–ის მთავრობას მიმართოს (SIC! _ გ.რ.), რომელიც, როგორც ირკვევა, მზად არის (SIC! _ გ.რ), მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და მის ნაცვლად საერთაშორისო ძალების შემოყვანას”.
საქართველო, სამწუხაროდ, მაკკონელის ჭკუაზე დაკუნტრუშებს დღემდე. შევარდნაძემ კიდევ ერთხელ უღალატა ქვეყნის ინტერესებს და, ამერიკელებით შეშინებულმა, აღარ გააგრძელა დიალოგი აფხაზებთან. მალე მან თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე, რომელიც რუსული გენერალიტეტის ნდობით სარგებლობდა და გამოაცხადა, რომ საქართველო “ნატოს კარზე მიაკაკუნებს”. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ინიციატივები ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც ჰქონდა. პუტინმა კარგად მიიღო უკვე გაპრეზიდენტებული სააკაშვილი 2004 წლის დასაწყისში, მხარი დაუჭირა მას აჭარის კრიზისში და ოსებთან მოლაპარაკების პერსპექტივაც დასახა, მაგრამ ნაძირალა სააკაშვილმა განზრახ გაამწვავა ვითარება იმავე წლის ზაფხულში, ცხინვალის ე. წ. ჰუმანიტარული შტურმის მცდელობით. თუმცა პუტინმა 2007 წლის დასაწყისში საქართველოში მოავლინა ახალი ელჩი _ ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საჭიროა რუსულ-ქართული დიალოგის დაწყება და საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის შესაძლებლობის განხილვა, რაც უხეში ფორმით, იმთავითვე გამორიცხა სააკაშვილის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ…
აი ამ ფაქტების ცოდნა და თქმა არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სოროსული ხროვა, ლევან ვასაძეს კი არა, ნებისმიერს “შეჭამს”.
ვფიქრობ, ლევან ვასაძე სხვა შეცდომებსაც უშვებს. მთავარ შეცდომად მიმაჩნია მიმდინარე წელს თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმა. დღევანდელი მერის _ კახა კალაძის _ პოზიციები საკმაოდ შესუსტებულია, მისი პოპულარობა მინიმუმზეა დასული, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს: ქალაქში ხელოვნურად შექმნილი საცობები; ძველი თბილისის აღდგენითი სამუშაოების დაკონსერვება; ვაშლიჯვარში უკონტროლო მშენებლობების გამო მეწყერის ჩამოწოლა; ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო განაშენიანების ნებართვა; კორონავირუსის საბაბით გაჩერებული ქალაქის ეკონომიკა და უამრავი გაკოტრებული მეწარმე… ასეთ ვითარებაში თუ არ წამოაყენე კანდიდატურა, აბა, როდის?! მით უმეტეს, რომ ლევან ვასაძის პოტენციური ელექტორატი დღეს, ძირითადად, სწორედ თბილისშია. თუნდაც მე-2 ადგილზე გავიდეს, ლევან ვასაძე მაინც მოგებული დარჩება პოლიტიკურად _ ბევრ ხმას წაართმევს ქოცებს და არც ნაცებს მისცემს გამარჯვების საშუალებას. ამ ფონზე კი მისი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ვასაძეს შეეძლო, ჯერ კიდევ 2018 წელს აერ-დაერია სოროსელების მიერ დალაგებული პოლიტიკური ლანდშაფტი და პრეზიდენტად ეყარა კენჭი. განსხვავებით “ოცნების” არაპოპულარული კანდიდატის _ სალომე ზურაბიშვილისგან. მას ხალხის დიდი ნაწილი სიამოვნებით მისცემდა ხმას (და არა ისე, იძულებით, როგორც ზურაბიშვილს მისცეს _ ოღონდ ნაცები არ მოვიდნენ და ისევ ზურაბიშვილი გვირჩევნიაო…) და დღეს პრეზიდენტი ლევან ვასაძე იქნებოდა.
არ მინდა, ეს პროგნოზი ისეთივე ზუსტი გამოდგეს, როგორც გიორგი გახარიას შემთხვევაში. ის პროგნოზიც “საქართველო და მსოფლიოში” გამოვაქვეყნე და ბევრს ახსოვს.
გულბაათ რცხილაძე,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ბატონო რცხილაძე-მე მაკვირვებს ყველას, ვისაც სწორ პოლიტიკურ ხედვაზე პრეტენზიები გაქვთ, ქმედება. ბატონი ლევანი ვასაძე ამბობს: მეტის მოთმენა აღარ შეიძება ქვეყანა თავზე გვაქვს დამოხობილიო(სრული სიმართლე). წარმოთქვა საკმაოდ ქარტული მსოფლმხედველობით გაჯერებული შხედულებები ქვეყნის ყოფაცხოვრების სხვადასხვა სფეროზე-აქაც მრავალის ჭეშმარიტება!
თქვე კაი ადამიანებო-ამდენ წერას და საუბარს(არც კი ვიცი რა დავარქვა-ტავისგამოჩენა?? )-მიდით ადამიანები ერთმანეთთან, გაუზიარეთ აზრები , შეიკრიბეთ , გამონახეთ შინაგანი ძალა რომ დაძლიოთ ეს ამბიციები(ბატონო ლევან თქვენც მოგმართავტ. ნუთუ სრულიად საქარტველოში არ მოიძებნება 20-30 ნიჭიერი, ერთგული მამულიშვილი რომელიც ერთად შეიკრიბება , ძედმიწევნით შეისწავლის გასული საუკუნის გამოცდილებას(უფრო უწინდელისაც თუ გნებავთ) ახლანდელ უმძიმეს მდგომარეობას და სწორად განჭვრეტს ტუ რა უნდა გაკეთდეს ამ მართლაც და მოჯადოებული წრის გარღვევისთვის, რომ კიდევ უდიდესი მარცხი არ განიცადოს ამ ჩამოყალიბების გზაზე მდგომმა ახალშობილმა გაერთიანებამ( ასე ვიტყოდი ამ ჯერზე).
ნუთ ასე ძნელია ამის გაკეთება?
ბატონ ლევანს არ აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ის გულანთებული ქართველია რომელსაც მართლაც უყვარს სამშობლო და ადარდებს მისი მომავალი ყველაპრის გათვალისწინებით!
კარგით რა მართლაც და მართლაც..მარტო წერას ტავი დაანებეთ და არც მარტო პარტიების შექმნა გინდოდეთ -უბრალოდ არავინ აღგიქვამტ სერიოზულად არც პიროვნებას და არც პარტიას. საქართველოს მატარებელი კი ჩაივლის და გაიყოლებს ყველაზე ძვირფასს-დროს,რომელიც უქმად და სულელურად დაკარგეტ!
ბატონო გულბაათ, თქვენ თანამოაზრედ მიგულეთ. არჩილი ვარ ხოფერია, ლანჩხუთიდან. ერთი შეცდომა თქვენც მოგდით, კერძოდ, როცა დაწერეთ “ლევან ვასაძის პოტენციური ელექტორატი დღეს, ძირითადად, სწორედ თბილისშია”. თბილისში კი არა გურიაში და იმერეთშია, სამეგრელოში და ქართლში…. ყველგან სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს და არა თბილისში სადაც უმეტესობის ცხოვრებისეული იდეალი ფუქსავატურია!
დიდი მადლობა ბატონო გულბაათ. მხოლოდ ერთ განმარტებას გავაკეთებ. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ სიტყვა ‘დეკადა’ ნასესხები სიტყვაა და სხვადასხვა ენაში სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება [ძირი მართალია ყველგან ერთია — ‘დეკა’ ნიშნავს ათს]. დასავლურ, და კერძოდ ინგლისურენოვან კულტურებში ‘დეკადა’ ათ წელს ნიშნავს, რუსულში, ქართულში და ა.შ. კი ნიშნავს ათ დღეს. დღეს ჩვენი ე.წ. ‘ჟურნალისტები’ ხშირად უშვებენ ამ შეცდომას და არავინ მიუთითებს ამ სერიოზულ, აზრობლივ უზუსტობაზე. ის რაც ინგლისურში მართებულია: ‘for decades… ‘ ‘ათწლეულების’ მანძილძე’ ქართულში შეცდომაა თქმა: – ‘დეკადების მანძილზე’. ასეთ ‘შეცდომებს’ დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს არაერთხელ გამოუწვევია გაუგებრობა.