ქართველ პოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ლექსიკაში “სამშობლოს ღალატი”, “აგენტობა”, “კოლაბორაციონისტობა” და სხვა მსგავსი ბრალდება–ეპითეტი მხოლოდ რუსეთის კონტექსტში და რუსეთის მიმართ გვხვდება. ასე გრძელდება თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში. აღნიშნული ეპითეტები ატარებს ბრალდების ხასიათს და შემთხვევების 99 პროცენტში ყალბია. ყალბ ბრალდებას კი ცილისწამება ჰქვია. ჩვენ, საქართველოს პატრიოტ, “პრორუს” პოლიტოლოგებსა თუ, უბრალოდ, საზოგადოების წევრებს ეს ბრალდება–ცილისწამება საკუთარ თავზეც გვაქვს გამოცდილი, ამიტომ ვერ ვიქნები ზერელე და ნებისმიერ კონტექსტში ხელაღებით ვერავის დავაბრალებ აგენტობას, მოღალატეობას და ა. შ., თუმცა მიჭირს კვალიფიცირება იმ ვითარებისა, რომელიც შექმნილია ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შოკისმაგვარი განცდა დამეუფლა, როდესაც შევიტყვე, რომ უნივერსიტეტმა “შემცირებაში” მოაყოლა ფილოსოფოსი, პროფესორი გოჩა გვასალია, რომელიც უდიდესი ერუდიციის მქონე პროფესიონალი, საოცარი შრომისმოყვარეობითა და პროდუქტიულობით გამორჩეული პიროვნებაა; ინტელექტუალი, რომლის კვლევები მოიცავს, როგორც ფილოსოფიის, ისე პოლიტოლოგიის, ეკონომიკისა და ლიტერატურის საკითხებს. თანაბარი სიძლიერით წერს ქართულ (მათ შორის, ძველ ქართულ) და რუსულ ენებზე, შესანიშნავად თარგმნის გერმანულიდან და ინგლისურიდან. მისი ნაშრომების წაკითხვა და შეფასება ყველას შეუძლია ინტერნეტში. და აი, ასეთ კაცს, იშვიათი პატიოსნებით გამორჩეულ ადამიანს, აღარ უგრძელებენ კონტრაქტს ცირკად გადაქცეულ უნივერსიტეტში. არც იმას ითვალისწინებენ, რომ ამ ადამიანმა ურთულესი ოპერაცია და ქიმიოთერაპია გადაიტანა, სხვა შემოსავლის წყარო კი არ გააჩნია, გარდა სოლიდურ ჟურნალებში გამოქვეყნებული, შესანიშნავი ანალიტიკური წერილების გამოქვეყნებით მიღებული ჰონორარებისა, რომელთა მოცულობა, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის საარსებოდ. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ხმის ამომღებიც არავინ დარჩა ამ ე. წ. უნივერსიტეტში, კოლეგას მხარში რომ ამოუდგნენ და სამართლიანობა აღადგინონ. გოჩა გვასალიას სახვეწარი არაფერი აქვს, მისი პროფესიონალიზმი ისევ სტუდენტობას სჭირდება. ხოლო როდესაც სტუდენტებს უჭრი გზას, პროფესიონალისგან მიიღონ ცოდნა, ესეც ერთგვარი ღალატია ქვეყნისა და ერისა. სამაგიეროდ, არავინ შეამცირებს სააკაშვილის მეხოტბე კადრებს. ისინი ხომ რუსეთს აგინებენ, ამიტომ “პატრიოტები” არიან?! ამ გინებით ამოიწურება დღევანდელი ქართველი პროფესორის პროფესიონალიზმიცა და სამოქალაქო ვალიც…
ცოტა ხნის წინათ ჩემი ყურადღება მიიპყრო ბაქოში გამოცემულმა ერთმა წიგნმა “გაზახ–ბორჩალის რეგიონის ხალიჩის მქსოველები” (აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ბაქო, 2014 წ.), რომელიც ვითომ აზერბაიჯანელ მეხალიჩეებზეა დაწერილი, სინამდვილეში კი გამსჭვალულია ანტიქართული სულისკვეთებით. ვინმე ვიდადი მურადოვის ეს ნაჯღაბნი თავდაყირა აყენებს, როგორც ქვემო ქართლის _ “ბორჩალის”, ასევე სრულიად საქართველოს ისტორიას. მურადოვს საქმე ისე გამოჰყავს, თითქოს კავკასიის ტერიტორია უძველესი დროიდან თურქული წარმოშობის ხალხებს ეკავათ, ხოლო ქართველები და სომხები აქ გაცილებით გვიან გამოჩნდნენ. მათ მიიტაცეს კიდეც აზერბაიჯანის ტერიტორიები, რომლებიც თურმე უძველესი დროიდან, ლამის დონოზავრების ხანიდან არსებობდნენ კავკასიაში.
მდიდრულად გაფორმებულ და ფოტომასალით სავსე წიგნში ისტორია ტოტალურად არის ფალსიფიცირებული. აზრი არ აქვს, გვერდების მითითებას. წიგნის ყოველ გვერდზე, სადაც კი სამენოვანი ტექსტია, ნახავთ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიის გაყალბების მაგალითებს. მე მხოლოდ რამდენიმე პასაჟი ამოვკრიბე. აი რას ამტკიცებს მურადოვი:
* “კავკასიისა და მთლიანად თურქული სამყაროს პირველი მუსლიმურ–თურქული სახელმწიფოები, ტიფლისისა (730-1122 წწ.) და დმანისის (843-1122წწ.) საამიროები შუა აზიის სახელმწიფო გარახანლილარზე 100 წლით ადრე აღმოცენდნენ, სწორედ გაზახ–ბორჩალის რეგიონში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თავისი დროის ძლიერი საამიროების ისტორია არ აისახა მსოფლიოს საისტორიო მეცნიერებაში. არადა, ტიფლისის დროებითი მიტაცების შემდეგაც კი, ბაგრატიდების დინასტიის მმართველები მონეტებზე ტვიფრავდნენ სიტყვებს: “ალაჰი, მუჰამედი”. მეტიც, ამ დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, გიორგი მეთორმეტემ 1798 წელს მოაჭრევინა ასეთი მონეტები, მუსლიმური სიმბოლიკით”.
* “მე-6 საუკუნის ბოლოს თურქული ტომები სახლობდნენ არა მხოლოდ ამჟამინდელი საქართველოს სამხრეთში, არამედ სამხრეთ–აღმოსავლეთსა (ბორჩალი) და გაზახში, მაგრამ ამასთანავე, ახლანდელი საქართველოს დასავლეთშიც _ ამჟამინდელი სამტრედიის ტერიტორიაზე. ეს მტკიცდება იმით, რომ აგათიას თხზულებაში მოიხსენიება ონოგურებთან დაკავშირებული დასახლების ადგილი, “ონოგურისად” წოდებული. საბირები და ბარსილები (ბორჩალელები) კვლავინდებურად სახლობდნენ, როგორც ყუბანისა და თერგის ნაპირებზე, ისე ბორჩალიში და მტკვრის გაყოლებაზე. მაშინ გაზახ–ბორჩალის ტერიტორია ტიფლისისა და დმანისის საამიროებს ეკუთვნოდა, მთიანი დაღ–ბორჩალი და ბორჩალის ნაწილი (ტაშირი) კი ბაგრატიდებს ეკავათ. კიდევ უფრო გაიზარდა გაზახ–ბორჩალის დაპყრობის საფრთხე ბიზანტიისა და სომხურ–ქართული ბლოკის მიერ”.
* “ქართველ–აფხაზი მეფე დავით მეოთხე სელჯუკებთან ბრძოლის მიზნით დაქორწინდა ატრაგ–ყაენის ქალიშვილზე, ყივჩაყი მმართველის, სარუხანის შვილიშვილზე. 1118 წელს 45 ათასმა ყივჩაღმა დარიალის ხეობის გავლით შემოაღწია დავით მეოთხის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე”…
აღარ დავღლი მკითხველს აზერბაიჯანელი ავტორის აჯაფსანდალით, სადაც ერთმანეთში ფაქტები და ფანტაზიის ელემენტებია აღრეული, შორს მიმავალი დასკვნით _ ბორჩალი და ნახევარი საქართველო, სამტრედიამდე, ოდითგანვე ეკუთვნოდათ თურქულ ტომებს, ანუ აზერბაიჯანელებს. მურადოვი იმასაც კი წერს, რომ 1801 წელს რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანული ბორჩალის ოკუპირება. არსად ახსენებს სიტყვა _ საქართველოს, თითქოს ჩვენი ქვეყანა არც არსებულა. იგი ამბობს მხოლოდ “დღევანდელი საქართველო”, რათა მკითხველს მიუთითოს, რომ ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია ისტორიული “აზერბაიჯანული მიწებია”. ის ბაგრატიონების დინასტიის სომეხ ბაგრატუნებთან კავშირს უსვამს ხაზს, იხსენიებს რა ბაგრატიონებს “ბაგრატიდებად”. დავით მეოთხე, ანუ აღმაშენებელი, მისი აზრით, საქართველოს მეფე არ იყო, იგი მხოლოდ “ტერიტორიას აკონტროლებდა”… “მეხალიჩე” ავტორის მიზანია, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ქართველები მთელი ისტორიის განმავლობაში “ბორჩალის” მისატაცებლად იბრძოდნენ, აზერბაიჯანელები კი თავს იცავდნენ. მეტიც, მურადოვს თვით თბილისი აქვს მოხსენიებული ქართველების მიერ დაპყრობილ მუსლიმურ ქალაქად.
არ შევუდგები ამ აზერბაიჯანული აჯაფსანდალის განხილვასა და კრიტიკას, ისეთი უსუსური და ტენდენციურია იგი. რამდენიმე ადგილას მურადოვის მიერ მითითებული სქოლიოები გადავამოწმე და მისი მსჯელობა არ ემთხვევა მითითებული წყაროს ინფორმაციას (ყოველ შემთხვევაში, იმ გვერდზე, რომელიც არის სქოლიოში აღნიშნული)… რა შუაშია ახლა ამ წიგნის განხილვა და სტატიის დასაწყისში დასმული საკითხი?
საქმე ის არის, რომ მურადოვის “ხალიჩების წიგნის” რედკოლეგიაში ორი ქართველი პროფესორია, ბატონები: გურამ მარხულია და თსუ პოლიტოლოგიის კათედრის (ამჟამად _ დეპარტამენტის) ხელმძღვანელი მალხაზ მაცაბერიძე. არ ვიცი, სად იყურებოდა ეს ორი ბატონი, როდესაც ბაქოში ანტიქართული წიგნი მზადდებოდა, რატომ დათანხმდნენ მურადოვს ამ წიგნის რედკოლეგიის წევრობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არ უარუყვიათ და საჯაროდ არ დაუგმიათ მურადოვის მიერ ფალსიფიცირებული ისტორიის გამოქვეყნება და ამ სიყალბეში მათი გვარ–სახელების გარევა. აღნიშნულ წიგნს ყურადღება, უკვე საკმაო ხანია, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ მიაქცია, მაგრამ საქმე მიჩუმათდა და, ტერმინ “რუსეთუმეს” ანალოგიით თუ ვიტყვით, ქართველი პრაფესორების “აზერთუმეობა” დაუსჯელი დარჩა.
მე ვემხრობი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობა-პარტნიორობას, თუმცა იმასაც ვხედავ, რომ საქართველო ძალიან სახიფათო ვითარებაშია, როდესაც მეზობელ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, მონოპოლისტობა მიანიჭა ენერგეტიკულ ბაზარზე. აზერბაიჯანული “სოკარი” კულუარული მეთოდებით აქტიურად ერევა პოლიტიკაში და ბლოკავს, აზერბაიჯანის გარდა, დამატებით მომწოდებლებთან (რუსეთი, ირანი) ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ერთ ყოფილ მინისტრთან ერთად, “სოკარში” პოულობენ თბილ ადგილებს სამინისტროდან წასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტი. თუ უწინ საქართველო ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლა აზერბაიჯანზეა ჩამოკიდებული. ასეთი “ჩამოკიდება” არც ერთ შემთხვევაში ვარგა, ესაა ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა. არ უნდა ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ მიგვითითოს, სად ვიყიდოთ საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირი ან გავხსნათ თუ არა სომხეთისკენ მიმავალი სტრატეგიული მნიშვნელობის ტრანსკავკასიური რკინიგზა. ეს უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს საქმე, მით უმეტეს, რომ საქართველომ თავისივე ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ გახსნა ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზა და “კოჭს” უგორებს თურქეთსა და აზერბაიჯანს. “სოკარი” კი ამასობაში ისეა განავარდებული, რომ მალე “დაუკრეფავშიც” გადავა. აზერბაიჯანული კომპანია ეთნიკური ნიშნით ეხმარება საქართველოს მოქალაქე სტუდენტ აზერბაიჯანელებს, უფინანსებს მათ სწავლას სხვადასხვა უმაღლესში. საინტერესოა, “დისკრიმინაციის კანონი” ამის შესახებ არაფერს ამბობს? რატომ არ შეიძლება, “სოკარმა” ქართველი ან სომეხი სტუდენტებიც დააფინანსოს? ან თავის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე მაინც მიიღოს არააზერბაიჯანელები? რას იტყვის ამის შესახებ პატივცემული ომბუდსმენი, მისის ლომჯარია?
ოქტომბერში გამართულ “თბილისობაზე”, რუსეთიდან ჩამოსულ ორ სტუმართან ერთად, აბანოთუბანში, “ალიევის ბაღში” აღმოვჩნდი. ბაღი ხალხით იყო სავსე, ყველა სკამი დაკავებული იყო. ჩამოვჯექი ჰეიდარ ალიევის ბიუსტის წინ, უძვირფასესი მარმარილოთი გაკეთებული კვარცხლბეკის საფეხურზე. აქვე ერთი შუა ხნის კაცი და ორი მოზარდი ისხდნენ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანები ძეგლის კვარცხლბეკის საფეხურებზე სხდებიან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიუსტთან დაჯდომა აკრძალული იქნებოდა?! მალე მოვიდა “სოკარის” “დაცვის” ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და უცხო აქცენტით მოგვიწოდა, წამოვმდგარიყავით. შუა ხნის კაცი და მოზარდები ცხვრებივით დაემორჩილნენ მოთხოვნას, მე კი, ასე ვთქვათ, შევუღრინე არამკითხე დარაჯს: რომელი კანონის საფუძველზე მეკრძალება კვარცხლბეკზე ჯდომა-მეთქი. კანონზე აპელირებამ “დაცვის” სრული პარალიზება გამოიწვია. ბოლოს, გამოფხიზლდა და პატრული გამოიძახა, თან ამბობდა, საქართველოს მოქალაქე ვარო. პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით ამ სუბიექტს ავუხსენი, რა არის კანონი და ვუთხარი, რანაირი მუსლიმი ხარ, ძეგლებს თუ აღმერთებ-მეთქი. საბედნიეროდ, პოლიციის თანამშრომლებმაც ვერ აღმოაჩინეს ჩემს ქმედებაში “დანაშაულის ნიშნები” და, უბრალოდ, მკითხეს: თქვენ აქ დასვენების მიზნით ჩამოჯექით და მერე წაბრძანდებით, ხომ ასეა, ბატონო? გამეცინა: რა თქმა უნდა, ალიევის ძეგლთან ღამის თევას არ ვაპირებ-მეთქი. ეს ინციდენტი ამით ამოიწურა, მაგრამ ცუდი განცდა დამიტოვა. სამწუხაროა, რომ ამხელა კომპანიის ხელმძღვანელობა, როგორც “სოკარია”, დათვურ სამსახურს უწევს ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას და ვიღაც უტვინოს აძლევს უაზრო დავალებებს.
მაგრამ მხოლოდ ამით ამოიწურება “სოკარის” საქმიანობა? დავიჯერო, “ხალიჩების წიგნზე” არაფერი გაიღო? რატომ სდუმან ქართველი პროფესორები, იქნებ რამე უთხრან საზოგადოებას?
გულბაათ რცხილაძე
ღმერთი ცოტა გვშველის ამათ რომ კონფლიქტი აქვთ სომხებთან,მათ შორის რომ ჰარმონია იყოს ორივე ერთად გადაგვაშენებდა ამ ჩვენი მიწიდან.ქართველო მეცნიერებო თუ რაიმე ახლის დაწერის თავი არა გაქვთ პასუხი მაინც გაეცით.
neta kidev gvyavs mecnierebi?
…..აქ უკვე არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს…
სომხეთი არ გვყოფნიდა,ახლა აზერებმა ამოიღეს ხმა,ამ საკითხზე მეგობრები ჩვენს წრეში ვკამათობთ ეს ისედაც გაწეწილი ქვეყანა ჩვენია თუ ჩამოსახლებულებივართ,იძახით მეცნიერები სად არიანო სადარიან და ღრმა ძილით ძინავთ.დროა პასუხი გაეცეს ასეთ თავგასულობას.ზოგი იტყვის,ამაში რუსეთის ხელი ურევიაო,შეიძლება ანთებული ნაკვერჩხალი რუსეთმა ჩააგდო ესეც არარის გამორიცხული,ამიტომ დროზეა პასუხი გასაცემი. (ნუ გძინავთ)
Saqartvelos mtavrobam unda uchivlos bolos da bolos sul davkarget tavmoyvareoba