Home რუბრიკები საზოგადოება აზერბაიჯანი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს

აზერბაიჯანი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს

საქართველო ერიდება საკითხის კატეგორიულად დაყენებას, რადგან აზერბაიჯანზე ფინანსურად და ეკონომიკურად მეტისმეტად დამოკიდებული გახდა

10545
დავითგარეჯი

მიმდინარე წლის 11 აპრილს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. წესითა და რიგით, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ, ალიევის გადაწყვეტილებით, ვადამ გადმოიწია, რადგან თურმე შემოდგომაზე აზერბაიჯანი სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს აღნიშნავს და საზეიმო ღონისძიებები ისე მასშტაბური იქნება, რომ არჩევნებისთვის არავის ეცლება.

ვერ გეტყვით, წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი იყო თუ, უბრალოდ, ალიევი მართლა ასე ფიქრობს, მაგრამ მან ძალიან ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

აზერბაიჯანის პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია ერევნის დაბრუნება, რომელიც ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა. ჩვენ, აზერბაიჯანელები, ამ ისტორიულ მიწაზე უნდა დავბრუნდეთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ნაბიჯნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ. ახლა ქვეყანაში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ტარდება გამოფენები, რომლებიც ამ ისტორიულ მიწასთან აზერბაიჯანის კავშირს ეხება და ადასტურებს”, _ თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ილჰამ ალიევის ამ განცხადებას მიუღებელი უწოდეს. სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პირველი პირის ნათქვამი “სასაცილო და უაზროა”.

“მიუღებელია, როცა 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის შესახებ პრეტენზიას გამოთქვამს. სულ მცირე, სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც 100 წლისაც არ არის, ისტორიულ მიწებზე საუბრობს”, _ აღნიშნა შარმაზანოვმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს ჩვენ გარეშეც გაარკვევენ, ჩვენ კი ჩვენი მოვიკითხოთ. 2016 წლის მიწურულს აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა ძალიან საინტერესო რამ განაცხადა:

“საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იურიდიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავითგარეჯაზე, ვიდრე საქართველოს. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მწვავე დავა არასდროს ყოფილა, მათ შორის, ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავითგარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით შედეგებს მოგვცემს”.

იმას, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შარშან უნდა გამართულიყო, ქართული მხარეც არ მალავდა, მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე შეთანხმება არ შემდგარა, არაოფიციალურად კი საქართველო ერიდება საკითხის კატეგორიულად დაყენებას, რადგან აზერბაიჯანზე ფინანსურად და ეკონომიკურად მეტად დამოკიდებული გახდა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, დავითგარეჯის დაარსების ისტორიას შეგახსენებთ: კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ერთერთი ასურელი მამის, დავითის, მიერ დაარსდა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მივიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით

რა გამოდის? მონასტერი, რომელსაც საფუძველი 1500 წლის წინათ ჩაეყარა, თურმე იმ სახელმწიფოს კუთვნილებაა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე საუკუნოვან არსებობას იზეიმებს. და ამ ყველაფერს კი არ ვაპროტესტებთ, არამედ წითელ კვერცხებს ვუგორებთ აზერბაიჯანს, შემთხვევით მეზობელი რომ არ გავაბრაზოთ, ბუნებრივი აირის გარეშე არ დავრჩეთ. და ეს ისტორიული სიწმინდის ხარჯზე ხდება. ჰო, სიწმინდის, რადგან დავითგარეჯაში წმინდა მამები მსახურობდნენ და მონასტერი საზღვარზე მტრისთვის ერთერთ ბასტიონად იდგა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის გაიმართება მოლაპარაკებები საზღვარზე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანი სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს. სწორედ რომ წართმევას, რადგან მათივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გარეჯზე აზერბაიჯანს არც მორალური უფლება აქვს და არც იურიდიული, და ისე ნუ ვიზამთ, ეს უფლება ჩვენი ხელით მივართვათ.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ბედაურნი დაიხოცნენ ვირებს დარჩათ მოედანი.სადამდე უნდა უგოროთ კოჭი ვითომდა ჩვენ მეზობლებს. გარშემო ყველა ჩვენი მეზობლები ჩასაფრებულები არიან,მომენტს ელოდებიან.მაგრამ ვერ მოესწრებიან. ეღირსება კი ლუხუმსა ლაშარის გორზე შედგომა.უთქვამს პოეტს.მაგრამ არ უთქვამს როდის.აი ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი,და რეგიონში ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ.!!!!!!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: უპარტიო ქართველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here