Home ახალი ამბები აზარტული თამაშები _ ოჯახების ტრაგედიაზე აგებული ბიზნესი

აზარტული თამაშები _ ოჯახების ტრაგედიაზე აგებული ბიზნესი

4167

“არასრულწლოვანთა მოხვედრა ნებისმიერ სათამაშო დაწესებულებაში არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ახორციელებენ ამ ბიზნესის მფლობელები სახელმწიფოსთან ერთად”

“თამაშზე დამოკიდებული ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ, მათ შემდგომ უკვე ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე ემართებათ სტრესი _ თამაშისთვის ხომ ფულია საჭირო? თუ ფული აღარ აქვთ, ეწყებათ დეპრესია.  ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს ანადგურებს. ამ პრობლემით დანგრეულ ბევრ ოჯახთან მქონია ურთიერთობა. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და აზარტული თამაშები კარგი ცხოვრებისკენ მიმავალი მარტივი გზა ჰგონიათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის”

საქართველოში, რომლის მოსახლეობაც უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე დგას, ცალკეული ადამიანებისა და ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს აზარტული თამაშებზედა დამოკიდებული ადამიანები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებზე ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიზანია, შეიქმნას თამაშზე დამოკიდებული პირების სია, რომელშიც, მოთამაშის გარდა, მის ოჯახის წევრსაც ექნება შესაძლებლობა, თამაშზე დამოკიდებული პირის მონაცემები ბაზაში შეიტანოს. ასეთი პირი სიაში შეჰყავთ 3 წლის ვადით. ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში: სიაში შეტანილი აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირების აზარტულ ან მომგებიან თამაშობებში დაშვება, თამაშობის ორგანიზატორის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ორგანიზატორი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს _ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიურმა ბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა. აი ასეთია სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდა ოფიციალური მონაცემებით: 2011 წელს _ 366 მლნ ლარი, 2012 წელს _ 996 მლნ, 2013 წელს _ 1,213 მლრდ, 2014 წელს _ 2.032 მლრდ, 2015 წლის სამი კვარტლის შეჯამებით _ 1.353 მლრდ ლარი. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული ან მოგებული თანხების შესახებ დეტალური კვლევა და სტატისტიკა.

რეალურია წარდგენილი კანონპროექტის საშუალებით ამ პრობლემის მოგვარება? _ ამ საკითხზე იურისტი, ფსიქოლოგი და თვითონ მოთამაშეები გვესაუბრებებიან.

“ონლაინკაზინოებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს”

თამარ ჯუღელი, იურისტი:

_ აზარტული თამაშების ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ტურიზმის სფეროში. კანონპროექტი არ დააზარალებს ტურიზმს და გათვლილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც უკიდურესად გაჭირვებულ ყოფაში უწევთ ცხოვრება და გამოსავალს თამაშში  ხედავენ. კანონპროექტი კარგია, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა ძირფესვიანად უნდა შეისწავლონ მოსალოდნელი რისკები. ჩემი აზრით, ცოტა საეჭვოა, თამაშზე დამოკიდებული ადამიანი თავისი სურვილით დარეგისტრირდეს ამ ბაზაში, კარგია, რომ ოჯახის წევრებს აქვთ ამის უფლება და საშუალება. თუმცა ესეც სათუოა, რადგან ახალგაზრდა ბიჭის მშობელმა შესაძლოა, არ მოისურვოს მისი შვილი ამგვარ ბაზაში იყოს და სამომავლოდ რამე პრობლემა შეექმნას. აი ეს საკითხებია ფსიქოლოგებთან ერთად განსახილველი.

_სახელმწიფოს არ ჩაუტარებია საფუძვლიანი კვლევა და. შესაბამისად, არ აქვს სტატისტიკური მონაცემები რამდენი ადამიანია სათამაშო ბიზნესში ჩართული…..

_ ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ, რომ სახელმწიფოს ამ საკითხზე არ აქვს ნათლად ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ეს საკითხი და რისკები კარგად უნდა იყოს შესწავლილი, თუნდაც სტატისტიკა _ სად მეტია და სად ნაკლები მოთამაშეების რაოდენობა, რომელი ასაკობრივი ჯგუფია, ძირითადად, ამ სენით შეპყრობილი და თამაშზე დამოკიდებული. კანონი კარგია, თუ ამუშავდება და იქნება მსგავსი ბაზა, მაგრამ, მგონია, რომ ეს კანონი პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაგალითად, თანახმად საქართველოს კანონისა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”, „დაუშვებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საკულტო ნაგებობებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულებაა, განსაზღვროს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა”. ეს კანონიც ზედაპირულია, კაზინოები და ტოტალიზატორები ქალაქის ცენტრალურ უბანებში გვხვდება და გაფანტულია ყველა კუთხეში. კარგი იქნება, სახელმწიფომ ამგვარი დაწესებულებები გადაიტანოს ქალაქის ერთ კონკრეტულ ნაწილში, რომელიც მოშორებული იქნება ახალგაზრდებს. შესაძლებელია, კიდევ გამოინახოს სხვა გზები ამ ინიციატივასთან და კანონთან ერთად.

_ რა ინფორმაცია გაქვთ ონლაინკაზინოებზე, როგორ არეგულირებს კანონი ასაკობრივ ზღვარს?

_ ეს უდიდესი პრობლემაა, ონლაინკაზინოებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ეს ყველამ იცის საქართველოში და, ალბათ, ყველას გვყავს ნაცნობი არასრულწლოვანი, რომელიც დარეგისტრირებულია ამგვარ საიტებზე. ეს არის პირველი პრობლემა, რომელზეც უნდა განხორციელდეს რეგულაცია და გამკაცრდეს კონტროლი. არასრულწლოვანთა მოხვედრა ნებისმიერ სათამაშო დაწესებულებაში არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ახორციელებენ ამ ბიზნესის მფლობელები სახელმწიფოსთან ერთად და ჯერ ამას უნდა მივხედოთ. არამხოლოდ ონლაინკაზინოები, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ტოტალიზატორებსა და კაზინოებშიც დადიან არასრულწლოვანი ახალგაზრდები. აზარტული თამაშების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით, “ 21წლამდე პირისთვის სამორინეში და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული  თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.” აქ ძალიან მნიშვნელოვანია წინადადება “თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი”. ანუ, უნდა მოწმდებოდეს უკლებლივ ყველა ახალგაზრდა, ვინც შედის ამგვარ დაწესებულებაში, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა გონივრული ეჭვი.

“ონლაინკაზინოში სათამაშოდ ჩემი ბიძაშვილის ანგარიშს ვიყენებ”

ანდრია,15 წლის, მოთამაშე:

_ ონლაინკაზინოში სათამაშოდ ჩემი ბიძაშვილის ანგარიშს ვიყენებ. როდესაც თანხის გამოტანა მჭირდება, მხოლოდ მაშინ არის ჩემი ბიძაშვილის იქ მისვლა საჭირო. ჩემი ბევრი მეგობარი იქცევა ასე, ზოგი, საერთოდ, თავისი დის პირადობით რეგისტრირდება, ონლაინკაზინოში დარეგისტრირება ძალიან მარტივია. ბევრ თანხას არ ვაგებ, მაგრამ, რასაც მაძლევენ მშობლები, თითქმის ყოველთვის ვდებ ფსონზე, ზოგჯერ ვიგებ კიდეც. ერთ-ერთ კაზინოში სათამაშო აპარატებზე მინდოდა თამაში, მაგრამ არ შემიშვეს. ჩემს მეგობარს უშვებენ, ის 16 წლისაა, მაგრამ არ ჰგავს 16 წლის ბიჭს და კაზინოში თავისუფლად შედის ხოლმე.

 

“სათამაშო დაწესებულებებში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი დადის”

სოსო, 42 წლის,  მოთამაშე:

_ უკვე 10 წელია, თამაშმა ჩამითრია, ოჯახი არ მყავს, ამიტომ დასაკარგავიც არაფერი მაქვს თანხის გარდა. ბევრი თანხა დავკარგე და ახლაც ვკარგავ ყოველდღიურად. ამ კანონმა რა უნდა შეცვალოს, ვერ ვხვდები? ჩემი სურვილით მაგ ბაზაში მე არ შევალ და ოჯახის წევრიც _ ცოლი ან დედა _ ასეთ რამეს ქმრის ან შვილის დაუკითხავად არ გააკეთებს. ეს კანონი, ალბათ, იმ ადამიანებზე არის გათვლილი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ თამაშს თავი დაანებოს. თამაშზე დამოკიდებულ ყველა პირს გაეცინება _ რა ბაზაში შეყვანა?! ფულის გაკეთების ახალი სისტემა მოიფიქრეს, მაგრამ ეგ კანონი ვერც ფულს გააკეთებს და ვერც რამეს შეცვლის.

_ სათამაშო დაწესებულებებში თუ ხვდებით არასრულწლოვნებს?

_ რამდენსაც გინდა, სათამაშო დაწესებულებებში 16-17 წლის ბიჭები ხშირად დადიან. 15 წლის ბავშვიც მინახავს. გვერდით დამიჯდა და ჩუმად მკითხა, უკვე შემოვედი და პრობლემა ხომ აღარ შემექმნება, ვინმე ხომ აღარ შემამოწმებსო? ძალიან ბევრი არასრულწლოვანი დადის.

“მოსაზრება, რომ ადამიანი აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად რამე ბაზაში დარეგისტრირდება თავისი ნება-სურვილით, არარეალურია”

ნანა ებრალიძე, ფსიქოლოგი:

_ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება, ეს არის თამაშისადმი ავადმყოფური ლტოლვა. ლუდომანია დაავადებაა, რომელიც ცვლის ფსიქიკას და ინტერესთა არეალს. ადამიანმა შეიძლება დაივიწყოს ოჯახი, ყველა სხვა ინტერესი, რაც კი ცხოვრებაში ჰქონია. კაზინოში გარემო ფაქტორებიც ხელშემწყობია: სიბნელე, უფასო სასმელი, არანაირი საათი. კარგავენ დროის განცდას და ღამით შესულები გარეთ დილით გამოდიან. ეს ყველაფერი იწვევს სტრესს. ამ დაავადებაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ, რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ადამიანი აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად რამე ბაზაში დარეგისტრირდება თავისი ნება-სურვილით, არარეალურია. აი, თუ ამას ოჯახის წევრი გააკეთებს თამაშზე დამოკიდებულის დაუკითხავად, შესაძლებელია კანონმა იმუშაოს. თამაშზე დამოკიდებული ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ, მათ შემდგომ უკვე ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე ემართებათ სტრესი _ თამაშისთვის ხომ ფულია საჭირო? თუ ფული აღარ აქვთ, ეწყებათ დეპრესია. მოკლედ, ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს ანადგურებს. ამ პრობლემით დანგრეულ ბევრ ოჯახთან მქონია ურთიერთობა. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და აზარტული თამაშები კარგი ცხოვრებისკენ მიმავალი მარტივი გზა ჰგონიათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის…

მოამზადა

გვანცა ნამიჭეიშვილმა

1 COMMENT

  1. ოჯახებიი იქცევა სასწრაფოოდ უნდა გაუქმდეს ეს ჯოჯოხეთიი…ვიღაცის ჯიბეები სქელდება უბედურებების ხარჯზეე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here