ავსტრიელმა ბიზნესმენებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს, გამოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან. ამის შესახებ ავსტრიის ეკონომიკის პალატის ვიცეპრეზიდენტმა რიჰარდ შენცმა განაცხადა.
შენცმა თქვა, რომ ავსტრიული კომპანიები სიამოვნებით თანამშრომლობენ რუსეთის რეგიონებთან და ამ ორ ქვეყანას მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს.
“სამწუხაროდ, სამეწარმეო კლიმატი გაუარესებულია ეკონომიკური სანქციებით, რომელთა წინააღმდეგ გამოდის ავსტრიის ბიზნესი და მოითხოვს, ეს სანქციები არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, _ განაცხადა შენცმა ეკონომიკის პალატაში ფსკოვის ოლქის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე, რომელიც ავსტრიაში რუსეთის რეგიონების პირველი ბიზნესმისიის ჩარჩოებში გაიმართა. მან დასძინა, რომ ავსტრიის ეკონომიკის პალატა ცდილობს, გამოიყენოს პოლიტიკური ასპარეზის ყველა შესაძლებლობა, რათა შერბილდეს ან გაუქმდეს სანქციები, რადგან ისინი უდანაშაულოებს აზარალებს.
შენცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო კავშირი რუსეთთან 2014 წლის სანქციების შემდეგ 2016 წლის ოქტომბრიდან თანდათან უმჯობესდება. “2017 წლის პირველ კვარტალში ავსტრიის ექსპორტმა რუსეთში 28,1 პროცენტით მოიმატა, იმპორტმა რუსეთიდან კი _ 26,3 პროცენტით. მიმდინარე წელს ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 10 პროცენტზე მეტად მოიმატებს”, _ თქვა ეკონომიკის პალატის ვიცეპრეზიდენტმა.
რიჰარდ შენცის განცხადებით, ყველა სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, ავსტრიული კომპანიები განაგრძობენ მუშაობას რუსეთში და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას აპირებენ ამ ქვეყნის ეკონომიკაში.