Home რუბრიკები ისტორია ავლაბარი

ავლაბარი

3040
მეტეხის მიდამო ჩერენცოვის მიხედვით, 1839 წელი

ავლაბარი თბილისის ერთერთი უძველესი უბანია. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს _ რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ისანი ეწოდება. სიტყვაავლაბარი” XIV საუკუნეში დამკვიდრებულა, თუმცა მის პარალელურადისანიშემდეგაც იხმარებოდა. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონია: ერთი _ ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე _ თბილისის, ანუ ქალაქის გალავანი, რომელიც ისანავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალათბილისის ციხეგალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. კალათბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის, ანუ ავლაბრის ხიდი. . . ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭროსახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლესაჩინო”, ფორაქიშვილების დარბაზი, რამდენიმე ეკლესია და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.

ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი (ამ ადგილს მას შემდეგ ეწოდა, რაც აქ VI საუკუნეში ირანული ეთნიკური ჯგუფის _ სოღდების მოსახლეობა გაჩნდა). არსებობს მოსაზრებაც, რომ “სოღდებილი” ნაწარმოებია ქართული სიტყვისგან “საგოდებელი” (სასაფლაო) და მეტეხი.

მეტეხი ისტორიული ადგილია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. მეფე ვახტანგ გორგასალს აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღუმართავს, რომელიც მეფის რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად ნიშნავს “არემარეს სასახლის ირგვლივ”. აქ V საუკუნეში წმ. შუშანიკ დედოფალი დაუკრძალავთ.

თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, რომ შამქორის ბრძოლის წინ, ჯარის გასტუმრების შემდეგ, თამარმა წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისამშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი”.

1235 წელს მონღოლების შემოსევას ვერც ერთი ადრინდელი ნაგებობა ვერ გადაურჩა.

დარეჯან დედოფლის სასახლე
დარეჯან დედოფლის სასახლე

კლდის თავზე აღმართული მეტეხის მაცხოვრის ეკლესია მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.

ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენიმეჯერ აღადგინეს. მეფე როსტომმა (მეფობდა 1633-1658წწ.) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, მეტეხის ტაძარი უკვე მიტოვებული იყო. ჟან შარდენს თუ დავუჯერებთ, მისი მიტოვების უშუალო მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა, ვახტანგ V-ს კი შენობა ეკლესიად კი არ აღუდგენია, არამედ თოფის წამლის საწყობი მოუწყვია. მეტეხის ციხიდან 1748 წელს სპარსელთა განდევნის შემდეგ შეკეთდა და ამოქმედდა დიდი ხნის წინათ მიტოვებული მეტეხის ეკლესიაც. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე. გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა.

მეტეხის ეკლესია დღეს
მეტეხის ეკლესია დღეს

მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა ეკლესიის წინ 1967 წელს აღმართა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა.

ლეგენდის თანახმად, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილია (VIII ს.). აბო თბილისის მფარველი წმინდანია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთვის სარკინოზებმა აწამეს. მცირე ეკლესია მის სახელზე კლდის ძირთან მდებარეობს.

მეტეხის მიდამო მტკვრის მეორე სანაპიროსთან რკინა-ბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. ახალი ხიდის მშენებლობისას მთლიანად დაინგრა იქ არსებულ ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ამჟამად ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის XX საუკუნის დასაწყისის დროინდელ იერზე რესტავრაციის კამპანია მიმდინარეობს.

ავლაბარი. ღვინის აღმართი ერმაკოვის ფოტო, 1900 წელი
ავლაბარი. ღვინის აღმართი ერმაკოვის ფოტო, 1900 წელი

ძველი თბილისის ისტორიული უბანი გარეთავლაბარი კი ავლაბრის ის ნაწილია, რომელიც ძირითადი გამაგრებული უბნის გარეთ მდებარეობდა.

XVIII საუკუნეში გარეთავლაბარი ვრცელდებოდა გალავნით შემოზღუდული უბნის, ისნის მიმდებარე ტერიტორიის მიმყოლი თხრილის გადაღმა მდებარე პლატოზე. აღა მაჰმად ხანის 1795 წლის თავდასხმამ გარეთავლაბარი მთლიანად დაანგრია. თბილისის 1800 წლის გეგმაზეც ეს უბანი ერთიანად განადგურებული ჩანს. ამ გეგმაზე დატანილია 2 ეკლესია: ქართული და სომხური. ქართულ ეკლესიასთან სასაფლაოც არის აღნიშნული. XIX საუკუნეში ეს უბანი განაშენიანდა.

1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლემ _ დარეჯან დედოფალმა ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე ააგო. დარეჯან დედოფლის სასახლეს “დარეჯანის სასახლეს” უწოდებდნენ, ხოლო სასახლის ერთ შემორჩენილ ნაწილს, რომელიც ასე მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს – “საჩინოს”. 1789 წელს დარეჯან დედოფალმა სასახლესთან წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია ააგო.

დარეჯან დედოფლის მიერ აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექტს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია.

თვით სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული ნაყოფითაა ნაგები. სასახლეში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ხის გადმოკიდებული აივანი იპყრობს, რომელიც მომრგვალებულ კონტრფორსს, მხატვრულად ამთავრებს მას.

დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და იქ სასულიერო სემინარია და სამრევლი სკოლები გამართა. ხოლო მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.

რაც შეეხება ავლაბრის სტამბას, ეს იყო 1903 წლის დამლევს თბილისში დაარსებული რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა. მისი მოწყობა დავალებული ჰქონდა მიხო ბოჭორიძეს. მან შენობის ასაგებად ქალაქის განაპირა უბანი _ ავლაბარი შეარჩია. 1907 წლის 7 ოქტომბერს ქალაქის გამგეობამ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას დ. როსტომაშვილს, რომელსაც აქ იჯარით მიწის ნაკვეთი ჰქონდა აღებული, სახლის აშენების უფლება მისცა და პროექტიც დაუმტკიცა. ბოჭორიძემ კი, მშენებლობასთან ერთად, შეიმუშავა კონსპირაციის გეგმა: შენობის სარდაფქვეშ, ღრმა მისწისქვეშეთში, განზრახული იყო დიდი არალეგალური სტამბის მოწყობა. მშენებლობა რევოლუციონერ მუშებს ალექსანდრე, ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებს, მირიმან და თედო მაღრაძეებს მიანდეს. მოკლე ხანში აშენდა ოროთახიანი სახლი.

1904-1905 წლების განმავლობაში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. მისი ადგილსამყოფელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმაც არ იცოდნენ. სტამბა შემთხვევით აღმოაჩინა ჟანდარმერიამ 1906 წლის აპრილში, 15 აპრილს შენობა თითქოს მასობრივი ჩხრეკის ფარგლებში მოჰყვა და სტამბაც შემთხვევით იპოვეს. ჟანდარმთა ოფიცერმა ჭაში სიღრმის შესამოწმებლად ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ფურცელი ჩააგდო, ჭის ბოლოში სტამბისკენ გაჭრილმა გვირაბმა კი ქაღალდი შიგნით გაიტაცა. ოფიცერი მიხვდა, რომ შენობის ქვეშ რაღაც იყო. ჟანდარმერიამ სახლი გადაწვა და ააფეთქა, მეპატრონე დათიკო როსტომაშვილი კი გააციმბირა.

ძველი თბილისის ცხოვრების ამსახველი სურათები თქვენ თვალწინ გაცოცხლდება, თუ გადაშლით იმდროინდელ გაზეთ “კავკაზს”.

“როგორც კი აენთება ცისკარი, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ხალხი რაღაც ჯადოსნური ძალით იღვიძებს და გუნდ-გუნდად მიეშურება მოედნისაკენ. აქ დაინახავთ მუშების წყებას: დურგლებს, კალატოზებს, თულუხჩებს, კურტნიან მუშებს, ხედავთ სოფლელ დედაკაცთა გროვას, რომელთაც წინ უდევთ ქოთნები მაწვნით, კალათები შინაური ფრინველებით, ჩამწკრივებულნი, ფეხმორთხმულნი სხედან ეს ქალები და რაღაცას გატაცებით მოუთხრობენ ერთმანეთს. აი, მოიზლაზნება მწკრივი სახედრებისა დატვირთული შეშით, ნახშირით, ხილით და მწვანილით სავსე კალათებითა და ტომრებით. სახედრების გამოჩენისას მაშინვე იკრიბებიან ხეზე მოვაჭრე გადამყიდველბი, მედუქნენი, დიასახლისები და უსაქმოდ მოხეტიალე ფალან მოკიდებული მუშები, უეჭველი მოწმენი ყოველი თავყრილობისა”.

წარმოიდგინეთ გრძელი, ოდნავ გამრუდებული და ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე ჩამწკრივებულია პატარა დუქნები სახურავებით, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ქუჩასაც ახურავს. აქ იშოვება ყოველგვარი სახის სურსათ-სანოვაგე და სავაჭრო საქონელი. განსკუთრებით თვალში გხვდებათ ქართული და სპარსული ხალიჩები, შალბი, აბრეშუმი, ფირუზები. ბოსტნეული, ყურძენი, ბროწეული, კომში და სხვა აკიდოებად არის ჩამწკრივებული ქუჩის გასწვრივ. “ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები, სპარსელები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი, ევროპული ეტლები, ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები _ ყოველივე ეს ყოველ წუთს განუწყვეტელ პანორამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა” (“ძველი თბილისი”, 1930 წ. გ.87-88).

დღეს ავლაბარი უამრავი ტურისტის ყურადღებას იპყრობს და მათ აღფრთოვანებას ნამდვილად ახერხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here