Home ახალი ამბები ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს

755

მთავარი კითხვა დანებთან დაკავშირებით გვაქვს, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა და მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. 
“შესავალ სიტყვაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს კონსტიტუციის მეორმოცე მუხლზე, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს ურთიერთშეთავსებადი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ამტკიცებდეს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული. ამ ეტაპზე ეს სტანდარტი დაკმაყოფილებული არ არის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული.
“დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს დანებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here