ფრიდონ თოდუაზე ვამბობდით ამას, ვწერდით, ვაქვეყნებდით და ვიყავით მართლები. დღეს, როცა იგი ზეციურ საქართველოშია ამაღლებული, ერთხელ კიდევ თუ გადავხედავთ მის მიერ განვლილ ცხოვრების გზას, მის ნამოღვაწარს, სიკეთეს უშურველად გაცემულს _ ყველაფერს, რაც მან ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისთვის გააკეთა, უთუოდ და დარწმუნებით ვიტყვით, რომ ფრიდონ თოდუას პროფესიული საქმიანობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მთავარი მუხტი, არსი, კრედო, ალფა და ომეგა იყო “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”.
ფრიდონ თოდუას განსაკუთრებული წარდგენა არასდროს სჭირდებოდა _ საქართველოში მას ყველა იცნობდა _ მკურნალს, საზოგადო მოღვაწეს და კარგ კაცს. იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კლინიკის ფუძემდებელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოსა და უცხო ქვეყნების სახელმწიფო ჯილდოების კავალერი და უამრავი რეგალიის მქონე საერთაშორისო დონეზე აღიარებული მედიკოსი.
და მაინც, უპირველეს ყოვლისა, “მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი” გახლდათ. ექიმი _ მოწოდებით და ცხოვრების წესით, სულისკვეთებით, შეიძლება ასეც ითქვას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სრულიად ახალგაზრდა წავიდა მოსკოვში დასაოსტატებლად, გამოცდილების შესაძენად. 1990 წელს დაბრუნდა საქართველოში
“საქართველოში ჩამოვედი იმიტომ, რომ რაღაც გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, რაც შემეძლო, იმით რომ ამოვდგომოდი მხარში _ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით.
ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, ურთულეს პერიოდში ვყოფილიყავი თბილისში, რომელმაც დამიფასა ჩემი მოკრძალებული შრომა და 1998 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭა”.
დარწმუნებით ამბობდა, რომ ადამიანის წამლობაში, ისევე, როგორც, საერთოდ, ურთიერთობაში, განსაკუთრებით ეფექტიანია ადამიანური დამოკიდებულება, რაც “დამატებითი წამალია, განკურნების სტიმული”.
“ნამდვილად ასეა… როცა ლანძღავენ ადამიანს პრესაში, საჯაროდ, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ვიღაცამ ამ კაცზე რაღაც თქვა, შეუმოწმებლად, ფაქტის დაუდასტურებლად, მეორე მხარესთან შეხვედრის გარეშე, არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა.
ადამიანურ თბილ დამოკიდებულებას რომ უგულებელვყოფთ, მერე გვიჩნდება პრობლემები, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემებიც. პატარა ერი ვართ, მცირერიცხოვანი, მიმტევებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი. ესაა მთავარი”.
კაცთმოყვარე იყო და მიმტევებელი, რაც მისი მაღალი მორალის უტყუარი დადასტურება იყო.
“ბევრმა მაწყენინა ცხოვრებაში, აქ, ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ მათთან დღეს კარგად ვარ, რითაც ფრიად გაკვირვებულნი არიან. ეს წუთია, ჩემგან წავიდა ერთი ცნობილი პიროვნება, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა მოსკოვში წასვლამდე. დაბრუნების შემდეგ ყველაზე ბევრი ცუდი მან გამიკეთა, დაუფარავად გამოხატავდა ჩემ მიმართ აგრესიას: რა უნდა გვასწავლოს, რითაა ჩვენზე მეტი, მერე რა, რომ მოსკოვში მოღვაწეობდაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს, როცა გაუჭირდა, მე აღმოვჩნდი ერთადერთი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა… დედაჩემისგან გამომყვა ეს თვისება”.
პრაგმატიზმი თუ გულმოწყალება? ეს არჩევანი მის წინაშე არასდროს დამდგარა. მიაჩნდა, რომ გულმოწყალება, ექიმის უპირველესი თანმდევი თვისება უნდა იყოს ყოველთვის და _ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებმა არ უნდა დაამახინჯოს. მისაბაძ მაგალითად ასახელებდა საერობო ექიმების (ზესყკმღ ვპთჩ) ლეგენდად შემორჩენილ ურთიერთობას პაციენტებთან, რომლებსაც, როგორც წესი, ეხმარებოდნენ მედიკამენტებით, არცთუ იშვიათად, მატერიალურადაც.
“ჯერ ერთი, ჩვენი ქართული მენტალიტეტი და მხარში ამოდგომის ტრადიცია ნებისმიერ ეკონომიკურ პრინციპებზე მაღლა დგას, მაგრამ, ამასთან ერთად, ანგარიშს ვუწევთ არსებულ რეალობას და ჩვენი კლინიკის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს გარკვეული პროცენტი ქველმოქმედებისთვის. ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელსაც არც ფინანსური საშუალება აქვს, არც _ დაზღვევა, არც რომელიმე პროგრამაშია ჩართული. როგორ უნდა უშველოს მან ოჯახის ავადმყოფ წევრს? რა ქნას? თვალები ცრემლით აქვს სავსე. უჭირს ლაპარაკი.
მე თვითონ მიმყავს ასეთი კაცი ან მისი ოჯახის წევრი გამოსაკვლევად და დიაგნოზის დასასმელად. ვერავინ მისაყვედურებს, რატომ ვიქცევი ასე”.
მაგრამ საქმისადმი პრაგმატული დამოკიდებულების გარეშე, სკრუპულოზური დაგეგმვისა და ყოველდღიური კონტროლის გარეშე, მისი კლინიკა ვერ ჩამოყალიბდებოდა მედიცინის სანიმუშო ცენტრად.
“თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ, აქ მუშაობა რომ დავიწყე, მხოლოდ ერთი სართული გვქონდა. ახლა ორი მრავალსართულიანი კორპუსია მწყობრში. რაღაცის გაკეთება, ეტყობა, შევძელი. ახლახან შემოვიტანეთ სამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანამედროვე აპარატურა.
დილით გაუკეთებენ ავადმყოფს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციას, საღამოს წამომჯდარია. აი, რა დონეზე განვითარდა ტექნოლოგიები.
ტექნოლოგიები შეიძლება შეიძინო, მაგრამ, თუ არ გყავს პროფესიონალი, ადამიანის მკურნალობის ეფექტიანობაზე ლაპარაკი ფუჭია.
ოცი წლის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, ჩემთვის მთავარი იყო ექიმების მომზადება, გადამზადება, სამედიცინო კონგრესებში მათი მონაწილეობა, სპეციალიზაცია საზღვარგარეთ.
შეჩერება ამ გზაზე დაუშვებელია, რადგან ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება და, თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, უიმედოდ ჩამორჩები”.
ყოველთვის აწუხებდა ადამიანების არაადეკვატური დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებისადმი.
“ფაქტია, რომ ჩვენ, მასაში არ გვაქვს შინაგანი კულტურა. ამას წინათ ჩვენმა ინსტიტუტმა “თი-ბი-სი” ბანკთან ერთად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია, სარძევე ჯირკვლების უფასო გამოკვლევა დავიწყეთ. სარძევე ჯირკვლის დაავადება, გავრცელების თვალსაზრისით, პირველ სამეულში შედის, დიდი პრობლემაა. ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოკვლევა და მკურნალობა გამოჯანმრთელების უებარი საშუალებაა. ჩემდა გასაკვირად, გამოხმაურება არაადეკვატური იყო. მიპასუხებთ, რომ ხალხს არ აქვს მატერიალური საშუალება, თავის ჯანმრთელობასაც რო მიხედოს. უჭირს. მაგრამ ჩვენი ინიციატივა ხომ უფასო იყო?
მთავარი ყველა დროში, ყველა სისტემაში იყო და არის პროფილაქტიკა. ბევრი რამ აკლია მედიცინას, განსაკუთრებით, პერიფერიაზე. პრობლემები გამოიწვია უმთავრესად იმან, რომ ერთი სისტემიდან მეორეში გადავედით და დაინგრა ძველი ან დავანგრიეთ”.
სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა მისი საზრუნავი იყო ყოველთვის.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში უნდა გვქონოდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, კერძო კომპანიები რომ არ ყოფილიყვნენ მონოპოლისტები. არ შეიძლება პატარა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს 20 სადაზღვევო კომპანია! რასაკვირველია, დრო დაალაგებს და 3-4 კომპანია დარჩება, მაგრამ ადამიანებიც უნდა ეცადონ, რომ დაეზღვიონ. ესაა საშველი და სწორი გზა”.
მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს სწორი განვითარების უპირველესი კრიტერიუმი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
არ მალავდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა შორს იყო იდეალურისგან. და მაინც:
“7-8 წლის წინათ ავადმყოფების თითქმის 80 პროცენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიოდა; დღეს _ მინიმუმამდე შემცირდა, ათი პროცენტი თუ იქნება.
დიაგნოსტიკისთვის მაინცდამაინც უცხოეთში წასვლა ჩვენს მოქალაქეებს დღეს აღარ სჭირდებათ. საქართველოში ბრწყინვალე ექიმები გვყავს, მათ შორის, ბევრია უცხოეთში პრაქტიკაგამოვლილი. მაგალითად, ჩვენთან კლინიკაში საფრანგეთიდან დაბრუნდა ბრწყინვალე ონკოგინეკოლოგი ირაკლი თოდუა, რომელიც ურთულეს ოპერაციებს აკეთებს. ჩემი მოგვარეა, ნათესავი არ არის და ნეპოტიზმში არ ჩამითვალოთ. ბელარუსიდან ჩამოვიდა, ასევე, ბრწყინვალე ქირურგი თენგიზ გუგეშაშვილი, მინსკში ვეებერთელა კლინიკას ხელმძღვანელობდა.
ვფიქრობ, რომ დღეს პროფესიონალებისთვის საქართველოში ნამდვილად საუკეთესო სამუშაო პირობებია შექმნილი, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და, ვინც თავს ნამდვილ პროფესიონალად, თავისი საქმის სპციალისტად თვლის, თამამად შეუძლია, თავის ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს”.
ფრიდონ თოდუა დარწმუნებული იყო, რომ ძირითადი სიმდიდრე, რომლითაც შეუძლია იამაყოს ქართველმა ერმა, ეს არის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის შენარჩუნებისთვის ზრუნვა ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა.
ამაყობდა მისი ინსტიტუტის საერთაშორისო კონტაქტებით უცხოელ კოლეგებთან. მის თანამშრომლებს ხშირად უწევდათ გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო კონგრესებზე, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ.
და, რაც მთავარია, ინსტიტუტი თვითონ არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ცენტრი. აქ არსებული სასწავლო კათედრები და კურსები უზრვნველყოფს სტუდენტების, რეზიდენტების, ასპირანტებისა და ექიმ-რადიოლოგთა სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
ფრიდონ თოდუა საზოგადოების მხრიდან ექიმებისადმი დამოკიდებულების პრობლემას უდიდეს ყურადღებას უთმობდა, ხაზგასმით ამბობდა, რომ:
“მეტი გაფრთხილება სჭირდება ექიმებს, მეტი მოფერება. სამწუხაროდ, დაზღვეული არ ვართ ავადმყოფის გარდაცვალებისგან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენთან ყველაფერს ექიმებს აბრალებენ, და, როგორც წესი, პრესაში, ტელევიზიით სწორედ ასეთ დამოკიდებულებას აძლევენ უპირატესობას. ნეგატიური აქცენტები აშკარად სჭარბობს დადებითს. ჩემი აზრით, ეს არანორმალური მდგომარეობაა და, რაც მთავარია, უარყოფითად მოქმედებს პაციენტზე, რადგან რწმენას აკარგვინებს მკურნალის მიმართ.
ჟურნალისტების მისამართით ვამბობ ამას. მაგრამ, ბატონებო, როცა გაგიჭირდებათ, ხომ მოდიხართ ჩვენთან?
თხოვნით მივმართავ მასმედიაში მომუშავე ახალგაზრდებს: ნუ გააკეთებთ ისე, რომ ჩამოსული ექიმები იძულებულნი გახდნენ, დატოვონ საქართველო.
კრიტიკა, ნაკლის შენიშვნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, აუცილებელიცაა, მაგრამ მხოლოდ ამით დაკმაყოფილება, დადებითზე თვალის დახუჭვა, ჩემი აზრით, დამღუპველი შეიძლება იყოს”.
გავიხსენოთ, რას გვეუბნებოდა, როგორ გვმოძღვრავდა ეს ბრძენი კაცი და გავითვალისწინოთ. იგი ხომ ყოველთვის სიმართლის მომხრე იყო და ცუდს არავის არასოდეს ურჩევდა.
წავიდა ბატონი ფრიდონი. ხვალ მას მშობლიურ მიწას მიაბარებენ, დაღვრილი ცრემლებით შემსუბუქებულსა და თბილს.
“საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია