Home რუბრიკები საზოგადოება “ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა...

“ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი”

601
“ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი”

ახლა შობის წინა მარხვაა _ მრავალდღიანი მარხვა, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს და 7 იანვრამდე გრძელდება. ამ ორმოცდღიან პერიოდში, როგორც წმ. ლეონ დიდი წერს, “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ, მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძეს ღვთისას _ მას ჩვენი წმინდა გული მივუძღვნათ.

მაგრამ რა ხდება დღეს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში? არანაირი სინანული, არანაირი მიტევება, არანაირი დანდობა

თითქოს ყველას დავიწყებია, გაზულუქებულ ადამიანებს უფალი გონს მოსასვლელად განსაცდელს რომ მოუვლენს ხოლმე. აკი მოგვივლინა კიდეც კორონა. ცოტა ხნის წინათ ბევრი ურწმუნო თომა გაიძახოდა: არანაირი კორონავირუსი არ არსებობს, მიმოიხედეთ თქვენ გარშემო, ვინმე დაავადდა და გარდაიცვალაო?

აბა, ახლა მიმოიხედეთ და დათვალეთ, რამდენ თქვენიანს მოუწია ამ საშინელებასთან გამკლავება. სათვალავი აგერიათ? ასეა, როცა არც უფლის გესმის, არც კაცის და ეშმაკის კერძი ხდები. სწორედ ახლაყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვამადლის გასარჩევად, თუ სურს, ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს”, მაგრამადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი, რას ჰქვიან კეთილი და რას ბოროტი? რაც გუშინ ცოდვად აღიარებულა, დღეს ის მადლად მიგვაჩნია, რაც ერთს ქვეყანაში მადლად ჩაეთვლება ადამიანს, ის მეორეში ცოდვაა, რაც ერთს შემთხვევაში ცოდვაა მომაკვდინებელი, ის სახელოვანი საქმეა მეორეში”…

ჩემგან ნაჩვენებს ბარდებში ბილიკი თქვენ თითონ მიაგნეთო”, _ წერს დიდი ილია. ჰოდა, აი ეს წერილიც, ჩემო მკითხველო, იმედია, დაგეხმარება იმ ბილიკის პოვნაში, რომელიცარც საშიშია, არც საკრძალველი”; თან ილიას ეს რჩევაც გავითვალისწინოთ: “თუ ჟამს ხელთ აქვს ისარიო, შენცა ხელთ გქონდეს ფარიო”.

შინაური მიმოხილვა

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და “ღრჭენა კბილთა” მოსდევს. არა, ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ “კბილთა ღრჭენას” და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვამადლის გასარჩევად, თუ სურს, ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს. მეც ქრისტიანი ვარ და არა-რა ქრისტიანობრივი არ მეუცხოების. მეც დავიყენე ჩემი თავი ჩემ წინა, ვითარცა მსაჯულმა და გამკითხველმა, და ვკითხე: აბა რას ინანი და რას არა? სანანებელი ცოდვაა და არ-სანანებელი მადლიაო, მიპასუხა. აბა, მაშ ჩამოთვალე თვითოეული ცოდვა, რაც შენ ჩაგიდენია-მეთქი. ჯერ მიბრძანეთო, მიპასუხა, რა არის ცოდვა და რა არის მადლი და მერე იმისდაგვარად მეც მოგახსენებო. ამისთანა პასუხმა დავთრები სულ მთლად ამირია. ჩავიხედე ჩემის გულის დავთარში და თუმცა მაგისი პასუხი იქ ვიპოვე, მაგრამ დავთრის ბოლო ფურცელზედ ეს ეწერა: შენი შენთვის შეინახეო, საქმე ის არის, სხვა რას ჰფიქრობს მაგ საგანზეო.

მიმოვიხედე ჩემს გარეშემო, დავეკითხე ძველსა და ახალსა, აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მრავალი ჭკვიანი კაცი ვნახე, მრავალი წიგნი წავიკითხე და ვცან, რომ ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი? რას ჰქვიან კეთილი და რას ბოროტი? რაც გუშინ ცოდვად აღიარებულა, დღეს ის მადლად მიგვაჩნია, რაც ერთს ქვეყანაში მადლად ჩაეთვლება ადამიანს, ის მეორეში ცოდვაა, რაც ერთს შემთხვევაში ცოდვაა მომაკვდინებელი, ის სახელოვანი საქმეა მეორეში. მაგალითებრ, უწინ გალილეი კინაღამ ცეცხლში დასწვეს, _ რათა სთქვიო, მზე დგას და დედამიწა ტრიალებსო, და ეხლა კი რომ პირველის კლასის ბალღმა ეგ არა სთქვას, როზგით გაჰხეთქენ. სპარსეთში რომ მთავრობას აშკარა ცუდი რამ დაუწუნო, ენას მოგჭრიან, ინგლისში რომ ეგევე ჰქმნა, გზას მოგცემენ დიდებისა და სახელისათვის. კაცმა რომ აბეზარს მოგიყვანოს, შენი ადამიანობა შეჰლახოს და შემოგაკვდეს, დაგახრჩობენ; ომში რომ ერთის მაგიერად ათასი სული გაჟლიტო _ სახელოვან კაცად ჩაგთვლიან. მშიერ-მწყურვალთა სიკვდილისაგან გადასარჩენად ერთი ლუკმა პური რომ მოიპარო, ვირის აბანოში გიკვრენ თავს; მტრის ქვეყანა რომ მთლად გადაჰბუგო და ათასი კაცი შიმშილით ამოახრჩო, სახელოვან საქმედ ჩაგეთვლება. აბა მოდი და ლარი გააბი, ლარს იქით ცოდვებს მოუყარე თავი და ლარს აქეთ მადლსა!..

რათ უნდა იყოს ესე, თუ გონება ადამიანისა ყველგან ერთნაირად საღია და მრთელი? რა ჰქმნას გამკითხველმა და მსაჯულმა, როცა ამისთანა უთავბოლო დავთარი აქვს ხელში ცოდვა-მადლის გასარჩევად? გამკითხველს და მსაჯულს კიდევ არა ევნება-რა, რა ჰქმნას თითონ გამკითხველმა და განსასჯელმა? როგორ მოაწყოს თავისი დღენი ცხოვრებისა, სად დაიხიოს უკან და სად წაიწიოს წინ? რა იხელთოს და რა უკუირიდოს? რას გაექცეს და რას მოეწიოს? კეთილი და ბოროტი, ცოდვა და მადლი მარტო ადამიანის გულისხმის საქმეა. უტყვის ბუნების წინაშე არ არსებობს ეგ განსხვავება.

ადამიანის გარეთ ცოდვა და მადლი არ არის და რადგანაც ადამიანი ყველგან ადამიანია, მაშასადამე, რაც ერთგან და ერთისათვის ცოდვაა და ბოროტი, მეორესათვისაც ცოდვა და ბოროტი უნდა იყოს ყველგან, ყოველთვის და ყველა შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ და დღე-მუდამ მაგალითებით ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არ არის. რატომ? “რატომაო”? საქმეც იმაშია, რომ მაგ “რატომს” ჯერ-აქამომდე ადამიანმა გულდაჯერებული პასუხი ვერ მოუპოვა. ეხლახან ერთის დიდად გამოჩენილის მწერალის ნაწერი წავიკითხე. საკვირველი ჯოჯოხეთი გამოუვლია თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში, თუმცა მისთვის ბედს ყოველისფერი უხვად მიუნიჭებია. რა გინდა, სულო, გულო, რომ მას არა ჰქონია: დიდი ნიჭი მწერლობისა, დიდი სახელი, დიდკაცობა, დიდი ოჯახი, დიდი სიმდიდრე, ძალიან კარგი ცოლ-შვილი, ჯანი, სიმრთელე, ერთის სიტყვით, ყოვლისფრით და მრავალკეცად ბედნიერი ყოფილა გარედამ, თუ ეგრე ითქმის. ხოლო შიგნით კი, გულში ერთი ჭია ასჩენია, რომელსაც უღრღნია მისი სულიერი არსება და იმისთანა სასოწარკვეთილებამდე მიუყვანია, რომ გადაუწყვეტია, _ ყველაფერი ფუჭიაო, სიცოცხლე სიცოცხლედ არ ჰღირსო და ჰლამობდა თურმე თავის-თავის მოკვლას. დღე-ყოველი მისი ერთი დაუძინებელი ბრძოლა და ჭიდილი ყოფილა, გამწვავებული ბრძოლა და ჭიდილი სულიერი, რომელიც უფრო მწვავია, ვიდრე გაზით ხორცის გლეჯა, ვიდრე ხორცის წვა გახურებულის შანთითა. ამ სასოწარკვეთილების მიზეზად ის გახდომია, რომ ვერ მიუგნია: ცხოვრებას რა აზრი და საგანი აქვს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, რაშია აზრი და საგანი ცხოვრებისაო. თითონ თქვენც იტყვით, რომ ეს ამოცანა შეჩვენებული ამოცანაა. რაკი ეს ამისთანა ამოცანა შეუჩნდება ადამიანს, მე არა მგონია, სხვა უარესმა ჯოჯოხეთმა-ღა ბუდე გაიკეთოს ადამიანის გულში.

“ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი”

საცოდავია კაცი, დევნული ამ ამოცანისაგან, მაგრამ დიდებულიც კია. ღონე სულისა მეტად განდიდებული უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ამ ამოცანას შეეჭიდოს და გაემკლავოს. ეგ შეჭიდება და გამკლავება კიდევ არაფერი, საქმე იმაშია, რომ კაცმა თვისის სიცოცხლის ძაფი მაგ ამოცანას ჩააბას, ან გავხსნა მისი კვანძიო, ან არა და თვით სიცოცხლის ძაფი ჩემი ზედ შევაწყვიტოო. სწორედ ეგრე გადუბამს თავისის სიცოცხლის ძაფი ამ ამოცანაზედ ხსენებულს მწერალსა. ყოველივე მეცნიერება ფსკერამდე გონების თვალით მოუჩხრეკია, გამოუძიებია, არ დარჩენია არც ერთი ფილოსოფოსი, ძველი თუ ახალი, რომ ზედმიწევნით არ შეესწავლოს, ყოველივე ჭკუისა და ხელის ნამოქმედარი ადამიანისა აუწონ-დაუწონია, ყოველივე ხორციელი სიკეთე ამა წუთისოფლისა ხელთა ჰქონია და გამოუკვლევია, ყველგან და ყველასათვის ერთი და იგივე უკითხავს და იმ წყეულის ამოცანის ნამდვილი და გულ-დასაჯერებელი პასუხი ვერ მოუპოვნია ვერსად, ვერაფერში და ვერავისგან. რაკი ეგრეაო და სიცოცხლის აზრი ვერ მოიპოვებაო, მაშ სიცოცხლე სიცოცხლედ არა ჰღირსო და ყოფნას არ-ყოფნა სჯობიაო. გადაუწყვეტია და თავის-თავის მოკვლაზედ მიმდგარა. ამ ამოცანას რომ ნამდვილი, უცილობელი, გულ-დასაჯერებელი პასუხი მოენახებოდეს, მაშინ ჩვენს “რატომსაც” წამალი დაედებოდა და შავი _ შავი იქნებოდა და თეთრი _ თეთრი ყველასათვის, ყველგან და ყოველს შემთხვევაში. ამ წყეულის ამოცანის ჭიას დიდი ხანია კაცის გულში ბუდე გაუკეთებია. ჯერ კიდევ სოლომონ ბრძენს, რომელს იგი გამოჩენილი მწერალიც ამის გამო იხსენიებს თავის ნაწერში, მაგ ამოცანამ დაუწყლულა გული და ეს უნუგეშო, გულსაკლავი სიტყვები ამოაკვნესა: ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაო”. აი, რა-გვარმა მსჯელობამ მიიყვანა სოლომონ ბრძენი ამის თქმამდე: რა უმეტესობა არს კაცისა ყოველსავე შინა შრომასა მისსაო? ნათესავი წავალს და ნათესავი მოვალს და ქვეყანა ჰგიებს უკუნისამდე, აღმოხდების მზე და დახდების მზე და თავის ადგილადვე მიიზიდებაო; გარემოს გარემოვლით დადის სული და სიმგრგვლესა თვისსა ისევ მოიქცევისო; ყოველნი ღვარნი შესდიან ზღვასა და ზღვა მაინც არ ივსებაო; ყოველთა სიტყვათა შრომისათა მამაკაცი ვერ შემძლებელ არს თქმად და არა აივსება თვალი ხედვითა და არცა ყური სმენითა; რაც ყოფილა, იგივ იქნება, რაც საქმნელია, იგივე ქმნულა და არა-რა არს მზესა ქვეშე ისეთი, რომ შეიძლებოდეს ითქვასო: აჰა, ეს ახალიაო. რაც აწ იქმნა, საუკუნეთა შინა ქმნულნი არიან წინასწარ ჩვენსაო. მე მეფე ვიყავიო ისრაელთა ზედა და მივეცი გული ჩემი გამოძიებად და განხილვად სიბრძნისა ყოველთათვის ყოფილთა ცათა ქვეშე, ვნახე ყოველნი ქმნილნი და ნაქმარნი მზესა ქვეშე და აჰა, ყოველი ამაოება და აღრჩევა სულისაო! აჰა, განვდიდდიო და შევიძინე სიბრძნე უფროს ყოველთა, რომელნიც იყვნენ უწინარეს ჩემსა, გული ჩემი მივეც ხედვად სიბრძნისა და მეცნიერებისა და გულმან ჩემმან ნახა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება, იგავნი და ხელოვნებანი და ვცან, რომ ესეცა ამაოებაა და აღრჩევა სულისაო. განვადიდე ქმნულნი ჩემნი, ავიშენე სახლები, დავნერგე ვენახები, გავიკეთე მტილნი და სამოთხენი, დავნერგე მათ შინა ხენი ყოვლისა ნაყოფისა, გამოვიყვანე ჩემდა საბანებლად და იმ ნორჩოვანთა ხეთა სარწყავად წყალნი, მოვიგე მონანი, მხევალნი, მყვანდნენ სახლის-წულნი, შევიძინე მრავალი სამროწლესი და სამწყსოსი, შევიკრიბე ვერცხლი და ოქრო და სიმდიდრე მეფეთა ქვეყანისა, შევკრიბე მემღერენი მამანი და დედანი ჩემთა ყურთა დასატკბობად, შევიძინე სიბრძნე უფროს ყოველთა ჩემზედ უწინარეს მყოფთა და სიბრძნე ჩემი დავადგინე ჩემდა, ყოველი, რაც ჩემმა გულმა და თვალმა ითხოვა, არა-რა დავიკელიო. ხოლო რა მოვიხილე მე ყოველთა ჩემთა ნაქმართა, რომელიც ჰქმნეს ჩემთა ხელთა, ვსთქვიო: “აჰა ესეცა ამაო და აღრჩევაო სულისა!” მოვიხილე მე ხილვად სიბრძნისა და უგუნურებისა და ვნახეო, სიბრძნე სჯობს უგუნურებასა, როგორც ნათელი ბნელსა, ბრძენი სინათლეში დადის და უგუნური ბნელშიაო. მაგრამ რა გამოვიდაო? ერთი და იგივე შემთხვევა ორივეს ერთნაირად წაგვახდენსო, უგუნურის შემთხვევა მეც შემემთხვისო და რაღა უმეტესობაა სიბრძნეშიო?

ბრძენსაც ისე დაივიწყებენ, როგორც უგუნურსა, სიკვდილი ორივეს თანასწორად ჰხოცსო, ყოველნი მიწისაგან შექმნილნი არიან და მიწადვე მიიქცევიანო. და მოვიძულე ცხოვრება და ყოველნი ჩემნი ქმნულნი, მოვიძულე მე ყოველი სოფელი და შრომა ჩემი, რადგანაც იგი უნდა დარჩეს “კაცსა ყოფადსა შემდგომად ჩემსა” და ვინ იცის, ბრძენი იქნება თუ უგუნური იგი, რომელიც დაეპატრონება “ყოველთა შრომათა ჩემთა, რომელსა დავშვერ და რომელსა ვბრძნობდი მზესა ქვეშეო. და აჰა ესეცა ამაოებააო”. მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნიდაო, რომ იტყვიან, სწორედ ეს არის. ამ დალოცვილს ყველაფერი, რაც კაცის სანატრელია და დამატკბობელი, ხელთა ჰქონია, ასე რომ ქვეყანაზედ სხვა აღარა დარჩენია-რა სასურველი. ამ ყველაფრობას, მისდამი ისე უხვად ბედისაგან მინიჭებულს, გული აუსუყებია და, რა საკვირველია, _ რომ გულასუყებულმა ყველა, რამაც გული აუსუყა, ამაოებად ჩასთვალოს, ნამეტნავად მაშინ, როცა თვალ-წინ წარმოუდგება, მიწა ვარ და მიწადვე მივიქცევიო. აბა, პატარა დაიქვეითონ და ზოგი ჩვენა გვკითხონ, ჩვენ, მდაბიოთა, სიკვდილის შვილთა, რომელთაც ყველაფერი გვენატრება, რომელნიც ყველაფერს სისხლით, ოფლით, წვითა და დაგვით ვშოულობთ, და წილად გვხდომია იმავე წვითა და დაგვით ნაშოვნ-ნაამაგევი დავიცვათ და შევირჩინოთ. ჩვენა გვკითხონ და ჩვენ ვეტყვით: რაშიაც არის აზრი, საგანი ცხოვრებისა. მაშინ გამოჩნდება, _ რა არის ცოდვა, რა არის მადლი, მაშინ ერთნაირად გაისაზღვრება ერთიც და მეორეც ყველგან, ყველასათვის და ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ამას არავინა გვკითხავს და თუნდაც იკითხოს ვინმე, “ვერ შემძლებელ არს მამაკაცი თქმად ამისად”, სოლომონ ბრძნისა არ იყოს. შენც სუ! და მეც სუ!..

ესეა თუ არა, ჩვენ ამ მაღალ ფარდებში ტრიალს თუ არ დავანებეთ თავი, შორს წავა საქმე. სოლომონ ბრძენს მარტო უკვდავება-ღა ჰქონია სანატრელი, სხვა ყველა ბედს მისთვის მიუნიჭებია. ჩვენ კი “არსებითი პურიც” გვენატრება. სად ჩვენ და სად სოლომონ ბრძენი? ჩვენ მისადმე არც ხელი მიგვიწვდება და არც სურვილი. ჩვენ ჯერ ბევრი კიბეები გვაქვს ასასვლელი და ჯერ არც ერთს საფეხურზედ ფეხიც არ მოგვიკიდებია. უბედურს კაცს ქვა აღმართში მიეწევაო. ჩვენ თუმცა ძალიან ბედნიერნი ვართ, მაგრამ ყველაფერი ფათერაკის საქმეა: შეიძლება ქვა აღმართზედ ბედნიერსაც მიეწიოს და ამას წინასწარვე გაფრთხილება ჰმართებს. თუმცა სოლომონ ბრძენს გავუბედეთ და სიტყვა მეტ-ნაკლებობით შევუბრუნეთ, მაგრამ, მე და ჩემმა ღმერთმა, ზოგში კი აშკარად მართალია. მართლა-და, საშინელებაა, როცა შენს ნაწვავნადაგსა, შენს ნაჯაფავსა, შენს ნაბრძნობსა უგუნური დაეპატრონება. გინდა თუ არა, სოლომონ ბრძენსავით ამოიკვნესებ და იტყვი: თუ ეგრეა (და რომ ეგრეა, აშკარად ვხედავთ) რისთვის დავშვერ და რისთვის ვბრძნობდი მზესა ქვეშეო? ყველა ყველაო, მეტყვიან: შენ შინაური მიმოხილვა დაგვპირდი და მაგას რაებსა ჰბოდავო. ღმერთი-რჯული, მეც არ ვიცი, რაებსა ვბოდავ. ეს კი ვიცი, რომ მართლა ვბოდავ. როგორღაც გზა-კვალი ამერია და დავიბნივე. თავი სინანულით დავიწყე და ლამის წაწყმედის გზაზედ გავიდე და სამგლე გოჭსავით გავისისწვრიო. იქნება არ დაიჯეროთ და ერთი საოცარი, უცნაური სენი დამჩემდა. ამბობენ, ეს სენი მარტო მე არა მჭირს. თურმე ნუ იტყვით, ყველას, ვისაც ჭკუასთან რაიმე საქმე აქვს, იმათაც ის ემართებათ, რაც მე. დავფიქრდები რაზედმე თუ არა, ან ჩავუკვირდები რასმე და ტვინის ძაფები მოძრაობაში შევლენ, ერთი რაღაც სულთამხუთავსავით ამეტუზება თვალ-წინ და არა მშორდება. ეხლაც ამ ყოფაში ვარ, თუმცა თქვენცა ხედავთ, რომ ჭკუასა და ამ ნაჯღაბნს ერთმანეთში არაფერი კავშირი აქვთ. ეხლაც თვალწინ მიდგა და საშინელს ჯადოს მიკეთებს. მე ერთის თქმა მინდა _ ის სულ სხვას მალაპარაკებს, ენა ჩემი იძვრის _ სიტყვა იმისია, კალამი ჩემი სწერს _ აზრი იმისი გამოდის. რა მემართება, არც მე ვიცი. ქვეყანა ჩემ თვალწინ როგორღაც უხეიროდ, წაღმაუკუღმა ტრიალებს, თითქო ღერძი გაუტყდა და საცა არის ტალახის გუნდასავით დაეცემა და დაიმსხვრევაო. მე ვშიშობ და ვკანკალებ, მართლა ესე არ მოხდესმეთქი, ის ჩემი სულთამხუთავიკი თავს მადგია და იღრიჯება, იცინის. რას იღრიჯები, შე უგვარო, უმსგავსომეთქი, ვეუბნები. იმან პასუხად ღორის ეშვებსავით თავისი სიბერისაგან ფანფალა ღოჯები წამომიყარა და ამოჭვარტლულ ბუხარსავით შავი პირი უფრო დიდად დააღო. ფუ, ეშმაკომეთქი, დავიყვირე, მაგრამ ვერც ამან გასჭრა. პირჯვარი დავიწერე, შენც არ მომიკვდე, არც ამან მოაცვლევინა ფეხი. რა ყოფილა, თქვენი ჭირიმეთ! ესე ამ ყოფაში ვარ ხოლმე, მინამ მამალი იყივლებს. რაკი ის დალოცვილი წამოიყივლებს ხოლმე, სულთამხუთავიც უცბად თვალწინ გამიფრთხება, გაქრება, როგორც ქარისაგან ბოლი. ეხლა კი საათი ქვეყნისა მოშლილია და არ ვიცი ამჟამად მამლის ყივილამდე ბევრი დრო დარჩა კიდევ თუ არა. ვზივარ და შევყურებ სულთამხუთავს, ვზივარ ლოდინით დაღალული და ვნატრობ მამლის ყივილსა. როდემდის უნდა ვილოდინო, როდემდის! შე დალოცვილო მამალო, რაღას უყურებ და არ დაიყივლებ!..

მაინც რისთვის გავაბი ლაპარაკი სოლომონ ბრძენსა და იმ წყეულ ამოცანაზედ, მეც ვერ გამიგია. მე ვგრძნობ, რომ ძალიან შევტოპე და თავს ბოლო ვეღარ გამოვაბი. რით დაგისრულოთ სიტყვა არ ვიცი, ჩემი კალამი ჩემს სურვილს ეურჩება. ჩემგან ნაჩვენებს ბარდებში ბილიკი თქვენ თითონ მიაგნეთ. მე კი ვდუმდები და ვიდრე მამალი დაიყივლებდეს და ეს სულთამხუთავი გამიფრთხებოდეს, მე ჩემსას არას ვიტყვი და ისევ სოლომონ ბრძენს ვალაპარაკებ. არც საშიშია, არც საკრძალველი. სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ ყველას თავისი დრო და ჟამი აქვს ცათა ქვეშეო და ასე განაგრძობს: “ჟამი შობისად და ჟამი სიკვდილისად, ჟამი დანერგვად და ჟამი აღმოფხვრად დანერგულისა, ჟამი წყლულებად და ჟამი კურნებად, ჟამი დარღვევად და ჟამი შენებად, ჟამი ტირილად და ჟამი სიცილად, ჟამი გოდებად და ჟამი განცხრომად, ჟამი განყრად ქვათა და ჟამი შეკრებად ქვათა, ჟამი გარდახვევად და ჟამი განშორებად გარდახვეულისაგან, ჟამი ძიებისად და ჟამი წაწყმედისად, ჟამი დამარხვისად და ჟამი აღმოთხრისად, ჟამი განხევისად და ჟამი შეკერვისად, ჟამი დუმილისად და ჟამი მეტყველებისად, ჟამი სიყვარულისად და ჟამი სიძულილისად, ჟამი ბრძოლისად და ჟამი მშვიდობისად”. აი თურმე სად უნდა ვეძებოთ პასუხი იმ წყეულის ამოცანისა? აი თურმე სად უნდა მოიძებნოს აზრი ცხოვრებისა!

მე შორს, ფილოსოფიის მორევში არ შევდივარ, თავი ხომ არ მომძულებია, რომ დასახრჩობად გამოვიმეტო. მე მოკლედ ვსჯი და მოკლედ ვსჭრი: აზრი ცხოვრებისა იმაშია, რომ შეიტყო, შეიმცნო: ჟამი რას ითხოვს: ტირილსა თუ სიცილსა, განყრას თუ შეკრებას, დუმილსა თუ მეტყველებას, სიყვარულსა თუ სიძულილს, ბრძოლას თუ მშვიდობას და სხვათა და სხვათა ამისთანანა, რაც ჩამოთვლილია სოლომონ ბრძენისაგან.

დროს ჰსჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს?

რას ისხამს, რა მოისთვლების _ ქართველთაგან თქმულია.

მეც ქართველი ვარ და არა ქართული არ მეუცხოების. ამიტომაც იმ ამოცანას ამისთანა პასუხს ვაძლევ და ზედ დავართავ:

თუ ჟამს ხელთ აქვს ისარიო,

შენცა ხელთ გქონდეს ფარიო”.

1885 წელი, თებერვალი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here