Home რუბრიკები საზოგადოება “ადამიანებს აღარ რცხვენიათ მათხოვრობის, სირცხვილის განცდა დავკარგეთ, ეს ძალიან ცუდია”

“ადამიანებს აღარ რცხვენიათ მათხოვრობის, სირცხვილის განცდა დავკარგეთ, ეს ძალიან ცუდია”

1345
დავით იაკობიძე

გასული საუკუნის 80-იან წლებში სიღარიბის გამომწვევი მიზეზებზე გახშირდა დისკუსიები. ნეოლიბერალური თვალსაზრისით, სიღარიბე არის წარუმატებელ ადამიანთა ინდივიდუალური მარცხი, რომელიც ზოგ შემთხვევაში არასწორი სახელმწიფო პოლიტიკითაა განპირობებული. ამერიკელი ნეოლიბერალი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი მიიჩნევდა, რომ სიღარიბე შედეგია არასწორი სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც რედისტრიბუციასა და უნივერსალიზმზეა დაფუძნებული.

მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფრაზაა: “არსებობს არა საზოგადოება, არამედ ინდივიდები”. ის სარჩულად დაედო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, მათ შორის სიღარიბის დაძლევის პროგრამების რეფორმირების მხრივ. ამგვარი შეხედულებების გაბატონების შედეგად შეიცვალა სიღარიბესთან ბრძოლის მეთოდები. თუ 80-იან წლებამდე სიღარიბეს ებრძოდნენ, ძირითადად, სახელმწიფო სოციალური განვითარების პოლიტიკის საშუალებით, დღეს სიღარიბის პრობლემას პოლიტიკური შინაარსი აღარ აქვს, იგი განიხილება როგორც ტექნიკური პრობლემა, რომელსაც უნდა ებრძოლონ იმავე ტექნიკური საშუალებებით. ასეთ ტექნიკურ საშუალებას კი წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის მიზნობრივი პროგრამები.

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე მაჩვენებლით განისაზღვრება, ესენია: რეგისტრირებული სიღარიბისა და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ზუსტ სურათს ე.წ რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი იძლევა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების თანახმად, სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება და, მსოფლიო ბანკის მიერ 2005 წელს დადგენილი სიღარიბის ზღვრის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმის მაჩვენებლით კი საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის თითქმის ბოლო ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციური წნეხის ფონზე საარსებო მინიმუმი რეალურ სურათს ვერ ასახავს.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა და მასში მილიონობით ლარის საბიუჯეტო რესურსი ჩადო. მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესაბამისად, 2013-2016 წლებში უფასო ხვნის პროგრამაც კი შეიმუშავა, რომელზეც ყოველწლიურად 40-45 მილიონი ლარი იხარჯებოდა. მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორის ეკონომიკურმა ვარდნამ 2,2% შეადგინა. ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ახალდანიშნულმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ფერმერთა დაფინანსებაზე დაიწყო საუბარი.

“დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები,” _ თქვა ბახტაძემ.

სიღარიბის დაძლევის ეფექტიანობაზე და არაეფექტიანობაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი _ დავით იაკობიძე გვესაუბრება.

_ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი პროგრამა ედუარდ შევარდნაძის დროს შემუშავდა. ეს იყო 2002 წლის 9 იანვარს. ამ პროგრამაში პირველ ადგილზე იყო წამოწეული ადამიანის განვითარების მაჩვენებლები. მაგრამ მაშინ ამ პროგრამას წაუყრუეს. საქმე ის გახლდათ, რომ, საერთაშორისო ნორმატივებიდან გამომდინარე, ჩვენთან სიღარიბის დონე მაღალი არ იყო.

ქვეყნები სიღარიბეს თვითონ განსაზღვრავენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ადამიანს წლიური შემოსავალი 19 ათასი დოლარი აქვს, ის სიღარიბის ზღვარზე იმყოფება, ასევეა გერმანიაში. საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მსგავსი განსაზღვრა არ ხდება. ასეთ ქვეყნებში მსოფლიო ბანკის ნორმატივი მოქმედებს. მსოფლიო ბანკის ნორმატივით, ერთი დოლარი და ოცდახუთი ცენტი დღიური ხარჯია ღარიბი ადამიანისთვის. თუ ამაზე მეტი გაქვს ხარჯი _ მდიდარი ხარ, თუ ნაკლები _ ღარიბი. ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პენსია 80 ლარი იყო, ეს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ თანხას აღემატებოდა, ამიტომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ხალხი ცოტა გვყავდა.

როდესაც საუბრობენ, რომ ღარიბები ვართ და ხალხი შიმშილობს, ეს ერთგვარი პოლიტიკური იარაღია ოპოზიციური პარტიების ხელში. არავინ ინტერესდება, რა არის სიღარიბე და რა პარამეტრებით განისაზღვრება ის, რა ძირითადი მაჩვენებლებით გამოირჩევა. დაინახავენ მათხოვარს და უკვე ყვირიან: ხალხი შიმშილობსო. მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას კი ეს ნაკლებად აღელვებს, მათ სჭირდებათ კონკრეტული ციფრები, მაგალითად, რამდენი ადამიანისთვისაა წყალი ხელმისაწვდომი, აინტერესებთ წლამდე ბავშვების ზრდის მაჩვენებელი, რა პირობებში და როგორ ცდილობს ქვეყანა ბავშვის ფეხზე დაყენებას. ამას უნდა დავამატოთ განათლებაც. ამ ყველაფერს რომ გამოთვლი, ნახავ, რომ ჩვენთან რაღაც ნაბიჯები იდგმება წინ, უკეთესობისკენ.

აუცილებელია, ქვეყანამ ჯანსაღი მეთოდოლოგია შეიმუშავოს და ამ თემაზე სერიოზული საუბარი დაიწყოს, სიღარიბე არ არის ღლიცინისა და მუდმივი ცილისწამების საგანი.

საქართველოში ადამიანს რცხვენია, თქვას: კარგად ვარო. ყველას ჩვევად ექცა წუწუნი, განსაკუთრებით ხელფასზე, შემოსავალზე. არავინ ფიქრობს შრომის ნაყოფიერების გაზრდასა და ფინანსების მოძიებაზე.

მთავრობის ღონისძიებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, არანაირ შედეგს არ იძლევა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საქმეში. შენდება რაღაცები, ხალხიც ხედავს წინსვლას, მაგრამ, როცა ჰკითხავ, როგორ ხარო, გიპასუხებს, რომ არაფერი არ კეთდება ხალხისთვის.

_ სტატისტიკური მონაცენებით, საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი შიმშილით კვდება

_ ეგ ზღაპარია. ვინმეს სჯერა, რომ მართლა იღუპება ამდენი ბავშვი შიმშილით? ტელევიზიებმა ერთი ამბავი ატეხეს: ბავშვი დაიღუპა შემშილითო, და მერე აღმოჩნდა, რომ სულაც არ შიმშილობდა, ყველა ეხმარებოდა და მეზობლებს წამით არ მიუტოვებია ის ოჯახი.

_ მეზობელი რომ გაჭმევს საჭმელს, ეს სიღატაკე არ არის?

_ სიტყვა ღატაკი არ თქვათ, ღატაკი სამარცხვინო ადამიანს ნიშნავს. რაც შეეხება იმას, რომ მეზობელი გაჭმევს, გეტყვით: თუ გინდა, რომ მეზობელი გაჭმევდეს, კი, ბატონო, გაჭმევს, მაგრამ საკითხავია: შენ რატომ არ გაქვს და მეზობელს რატომ აქვს?

ზოგიერთი მათგანი ტოტალიზატორში ფულს ხომ დებს? ლუდს და არაყს ხომ სვამს? მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ზერელედ ხომ უყურებს? მოკლედ, ეს თემა პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული მსჯელობის საგანია.

ვინმეს სჯერა, რომ მათხოვრები, რომლებიც ქუჩაში სხედან, სხვანაირად ვერ იცხოვრებენ?

_ გამოდის, ხელისუფლებაც ვაჭრობს ამ თემით?

_ დიახ, ხელისუფალნი ვაჭრობენ მათხოვრების თემით, მაგრამ აქცენტებს სწორად ვერ სვამენ, ვითარებას სწორად ვერ აფასებენ. ღონისძიებათა სისტემა არ იძლევა საშუალებას, ადამიანებს უთხრან: ჩვენ ბევრს ვაკეთებთ თქვენთვის და რა გჭირთ, რატომ არ ანძრევთ ხელსო?!

სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობენ. არადა, ბევრი ახალი ფერმერული წამოწყება არსებობს, ძალიან კარგია მეცხვარეთა ასოციაცია, მეყველეთა საზოგადოება. ამ ადამიანებმა პერსპექტივა დაგვანახვეს, მაგრამ მათი წინ წამოწევა არ ხდება. სამწუხაროდ, მთავრობაშიც კი ვერ ხედავენ ამ ადამიანების დამსახურებას, თორემ სულ სხვა თემაზე ისაუბრებდნენ. მთავრობა ტყუის და მას ვერ გავამართლებ.

_ სიღარიბე არ იყო კომუნისტების დროს. რას აკეთებდნენ ისინი განსაკუთრებულს?

_ ხალხს ეუბნებოდნენ, ღარიბები არ ხართო. საბჭოთა პერიოდის ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: დედა შვილს აუხირდა, წავიდა და ქუჩაში სამათხოვროდ დაჯდა. რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდა ამაზე. დაიბარეს იმ ქალის შვილები შესაბამისმა სამსახურებმა, შემდეგ კი დიდი ხვეწნა-მუდარით შვილებმა დედა შინ წაიყვანეს, მას ქუჩაში ჯდომის უფლება არ მისცეს. ახლა პირიქით არის: მათხოვრები ამბობენ, _ უფალი ამბობს, ითხოვე და მოგეცემაო. ერთ-ერთს ვკითხე: ასე რომ ამბობ, მღვდელმა მოგცა ქუჩაში ჯდომის კურთხევა-თქო? მიპასუხა, _ დიახო.

ადამიანებს აღარ რცხვენიათ მათხოვრობის, სირცხვილის განცდა დავძლიეთ, ეს ძალიან ცუდია.

მსოფლიოში მუშავდება ქველმოქმედების ინდექსები. ჩვენ 112-ე ადგილზე ვართ. ინდექსში, მაგალითად, არის ასეთი კითხვები: ბოლო ხანს ვის დაეხმარე? საჭირო იყო თუ არა ეს დახმარება?

ჩვენებს ამ შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ. რომც დახმარებოდნენ, პასუხს მაინც ვერ სცემენ, რადგან ნაფიქრი არ აქვთ ამაზე, კონცეფცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ვნახოთ, რა ღინისძიებებს გაატარებს ახალი პრემიერმინისტრი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. “მთავრობის ღონისძიებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, არანაირ შედეგს არ იძლევა “‘
    ძალიან ცდებით თუ ასე ფიქრობთ, მთავრობას არანაირი გაუმჯობესების პროექტი არ გააჩნია, გარდა საკუთარი ჯამაგირისა. ფაქტი ჯიუტია და მათი პრემია დანამატებითაც ჩანს, რამდენად უზნეოდ ექცევიან ამ პრობლემას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here