Home რუბრიკები პოლიტიკა აგიტაცია-პროპაგანდამ კი არ მოიმატა, ბატონებო, ხალხი იწყებს გამოფხიზლებას!

აგიტაცია-პროპაგანდამ კი არ მოიმატა, ბატონებო, ხალხი იწყებს გამოფხიზლებას!

1539
გაერო

დემოკრატიის ეტალონად გამოცხადებული ამერიკა პირდაპირ ამბობს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მასში შემავალი ერების ინტერესებს ვერ იცავს

საქართველოს წინა, იმის წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ: სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოები უნდა გავიდნენ და იქ წესრიგი გაეროს წარმომადგენლებმა უნდა დაამყარონო. ამას გვიკიჟინებდა ევროსაბჭო, ამის მომხრე იყო ამერიკა და თითქოს პანაცეა ყოფილიყო, ისე ხატავდნენ გაეროს სამშვიდობოებს. მეტიც, ისეთი ფონი შეიქმნა, რომ, თუ გაეროს სამშვიდობოები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შევიდოდნენ, ყველაფერი დასრულდებოდა, გვეშველებოდა

“აშშ ოფიციალურად ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ვამბობდით, რომ ამას გავაკეთებთ, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ-თქო. უკვე დიდი ხანია, რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელია, რომ ჩვენს მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, _ განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ.

რა გამოდის: ორგანიზაცია, რომლის წევრობასაც დღემდე საგანგებოდ ვზეიმობთ, მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველა კონფლიქტს არის მოდებული, არაფრის მაქნისია? ახლა იტყვით, ამერიკის განცხადება არაფერს ნიშნავსო, მაგრამ ნურას უკაცრავად! აბა, გამოვიდეს ხელისუფლების ერთი (მხოლოდ ერთი) წარმომადგენელი და განაცხადოს: ჰეილის სიტყვები მცდარიაო. ამას ვერავინ გაბედავს, მაგრამ ვერც იმის თქმას _ ამერიკა მართალია და გაერო ადამიანის უფლებებს ვერ იცავსო. არადა, გაერო, აგერ უკვე 73 წელია, არსებობს და მასში გაერთიანება დიდ მიღწევად ითვლება ყველასთვის, უფრო ზუსტად, იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამენ და გაეროს ხიბლით თანახმა არიან ყველაფერზე. და ამ დროს, დემოკრატიის ეტალონად გამოცხადებული ამერიკა პირდაპირ ამბობს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მასში შემავალი ერების ინტერესებს ვერ იცავს.

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ გაეროში ყოველწლიურ საწევროს ვიხდით და ვიხდით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, იქაურმა მაღალჩინოსნებმა ათიათასობით დოლარის ხელფასი რომ აიღონ, ფორუმები გამართონ, გაეროს სამბლეაზე მიგვიწვიონ, ორიოდე სიტყვა გვათქმევინონ “გაეროს მაღალი ტრიბუნიდან”, რათა ეს სიტყვა მსოფლიომ გაიგოს, მოგვისმინოს და… თურმე რეალურად გაერო ვერ იცავს ადამიანების უფლებებს, თურმე სულ ტყუილად მოუწოდებენ “მაღალი ტრიბუნიდან” სხვებს: ადამიანის უფლებებს ნუ არღვევთო, და სწორედ ამიტომ, ამერიკამ ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვება გადაწყვიტა.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არის ის, რომ ჩვენი დარი სახელმწიფოები ამ გადაწყვეტილებას, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ გამოეხმაურებიან. ისინი ვერ იტყვიან, რომ ამერიკა არასწორად მოიქცა, რადგან კუჭის გასაძღომად ძია სემისგან წამოსული მილიონები შეიძლება სადღაც გაქრეს; ვერც გაეროს წინააღმდეგ გაილაშქრებენ, რადგან ორგანიზაციამ შეიძლება დაგვაჯარიმოს (ამერიკას ვერ უბედავს, თორემ ჩვენ თავზე გადაგვახევდა ყველა რეზოლუციას) და ისედაც შეჭირვებული და გასარღვევად გამზადებული ბიუჯეტი ამ ჯარიმით შეიძლება, საერთოდ, დიეტაზე დაჯდეს. რადგან ბიუჯეტი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ წლის დასაწყისში პენსიების მოსამატებლად ბიუჯეტში თანხა არ იყო, ახლა კი გამოჩნდა _ აქაოდა, სამინისტროების შემცირების შედეგად, თანხები დაიზოგებაო. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არის ის, რომ სამი სამინისტროს გაუქმებით წელს ახალი პრემიერი 120 მილიონი ლარის დაზოგვას აპირებს. ახალი პრემიერი იმასაც ამბობს, მხოლოდ მინისტრები და მისი მოადგილეები აღარ იქნებიან, თორემ სამინისტროდან ერთი კაციც არ წავაო. რა გამოდის? სამი სამინისტრო მცირდება და სამი სამინისტროს პირველი პირებისა და მათი მოადგილეების შენახვა ნახევარ წელიწადში (ნახევარი უკვე გასულია) 120 მილიონი გვიჯდებოდა?! ეს _ ისე, როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში არიან ადამიანები (მინისტრები, მათი მოადგილები) და არიან პენსიონერები. პენსიონერის შენახვა წელიწადში სახელმწიფოს 2160 ლარი უჯდება, ასი პენსიონერი 21 600 ლარი გამოდის და სამი სამინისტროს მინისტრები და მოადგილეები ასი კაცი ნამდვილად არ იქნება და მათი შენახვა თურმე 120 მილიონი გვიჯდებოდა. ეს _ ისე, შედარებისთვის.

ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ. როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც მან გააკეთა, ნატოს დაფინანსებასა და მიგრანტებს შეეხებოდა. ტრამპს ის თანხები არ მოეწონა, რომლებსაც მისი ქვეყანა ნატოს ბიუჯეტში იხდიდა, ანუ ეძვირა, ებევრა, _ რა ამბავია ასეულ მილიონობით დოლარიო. მიგრანტებისთვის კი საზღვრები ჩაკეტა, სამსახური ამერიკელებისთვის ჭირსო. სამაგიეროდ, ამერიკა საქართველოს ეუბნება, რომ ნატოში მიიღებს (და გაეროს დარად, ყოველწლიური ხარკი აქაც გადასახდელი გვექნება და გაცილებით მეტი) და საამისოდ შეუსრულებელი მისიებიგვაქვს შესასრულებელი. მიგრანტებს კი, გვინდა თუ არა, ცხვირში გვტენიან, მათთვის საცხოვრებლებსაც გვაშენებინებენ და გაურკვეველი წარმომავლობისა თუ იდეოლოგიის ადამიანებს ვუთმობთ დროს, თანხებს, ტერიტორიებსდა ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ამერიკას აღარც ნატო მოსწონს, აღაც მიგრანტები და აღარც გაერო.

დიდი ხანია, გამოფხიზლების დრო გვიდგას, მაგრამ საღათას ძილს ვართ მიცემული, საძილე საშუალებად კი “რუსეთს გვიყრიან ჭიქაში”, აქაოდა, აგრესორია, მაგისგან გიცავთო. ჩვენც გვიხარია და გვჯერა, რომ ამერიკა და ევროკავშირი გვიფარავენ რუსეთის აგრესიისგან, თორემ წაგვლეკავდნენ ჩრდილოელი მეზობლები. ის მეზობლები, რომლებიც არც გაეროს ცნობენ, არც ნატოს, არც მიგრანტებს უსვამენ თავზე ხელს, არც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს აპიარებენ, არც სექტებს აფინანსებენ და, საზოგადოდ, ერზე ზრუნავენ. ჰო, საკუთარ ერზე და ეროვნული თვითშეგნება იმ დონეზე აიყვანეს, ნებისმიერს რომ შეშურდება. შედეგად, მივიღეთ მოცემულობა, რომ ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, მართლმადიდებლური რუსეთი ცუდია და ამერიკა და ევროკავშირი _ კარგი ვერც ვაპროტესტებთ, პროტესტის უფლება წართმეული გვაქვს და მონობა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მდგომარეობა. ჰო, გვიმონებენ, ფოჩიანი კანფეტებით გვაბრმავებენ და ამ ყველაფერს ვიტანთ. ვიტანთ იმიტომ, რომ ძია სემის გაბრაზება არ შეიძლება; ვიტანთ იმიტომ, რომ გვაიძულებენ, ავიტანოთ და იმის უფლებასაც კი არ გვაძლევენ, ელემენტარულად რეფერენდუმი ჩავატაროთ და გავარკვიოთ: რას ფიქრობს ხალხი დღეს. იქნებ ხალხს, ამერიკის დარად, აღარც ნატო უნდა და აღარც გაერო, მაგრამ, ეს შედეგი რომ დაიდოს, ევროპა-ამერიკიდან რამდენიმე კაცის ჯიბეში მდინარედ წასული გრანტები კალაპოტს შეიცვლიან და ეს ხელისუფლების სათავეში მოკალათებულ ადამიანებს ხელს არ აძლევთ.

ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისგან (ხელისუფლების, ოპოზიციის) ხშირად მოისმენთ, რუსეთის მხრიდან აგიტაცია-პროპაგანდამ მოიმატა და სახიფათო მასშტაბები მიიღოო. აგიტაციაპროპაგანდამ კი არ მოიმატა, ბატონებო, ხალხი გამოფხიზლებას იწყებს, ხალხი ხვდება, რომ რუსეთში ჩასულებს სამსახურიც აქვთ, არ დევნიან, არ აპატიმრებენ და სამი წლით არ უკრძალავენ ქვეყანაში სვლას, სუნთქვის შესაძლებლობას აძლევენ და, ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მეტი თანხები საქართველოში სწორედ რუსეთში მომუშავე ჩვენი მოქალაქეებისგან მოედინება. სწორედ რუსეთზეა ჩამოკიდებული ქართველთა უდიდესი ნაწილი, სწორედ რუსეთიდან არჩენს ოჯახს და რაღაც არ ახსენდება, რუსეთის პირველ პირებს ეთქვათ, საზღვარი ჩავუკეტოთ ქართველ მიგრანტებს, ციხეებში დავამწყვდიოთ, სამუშაო ადგილები ჩვენთვის არ გვყოფნისო. არც ის ახსენდება, რუსეთს მოეწოდებინოს: ათასგვარ სექტასა თუ გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანებს ფართოდ გაუღეთ კარი, აღლუმები ჩაატარებინეთ და თავზე ხელი გადაუსვითო. არც ის ახსენდება, რუსეთს დაევალებინოს, სხვა ქვეყნებში საბრძოლველად გაუშვით ბიჭები, იქ ჩახოცეთ, შემდეგ სამხედრო კავშირში რომ მიგიღოთო, და გვაიძულებენ, დავიჯეროთ, რომ რუსეთი მაინც მტერია, ამერიკა და ევროპა კი _ მოკეთე. ის ევროპა და ამერიკა, რომლებიც აღიარებენ, რომ ადამიანების უფლებებს ვერ იცავენ, მაგრამ მაინც გვიკიჟინებენ: ჩვენთან კარგიაო.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ჰო, სკეპტიკოსების გასაგონად: გაგიკვირდებათ და, რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და იქ ჩასული 31 ნაკრების წარმომადგენლებიდან არავის უთქვამს, ორგანიზაციული ან უსაფრთხოების კუთხით რაიმე პრობლემა შეგვექმნაო. ნეტავ, რატომ?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here