დასასრული.დასაწყისი იხ. #46, 2019 წ.
“გონების განწმენდა” გვჭირდება, “უცხო ბაძით” მოწამლული გონების
ივანე ჯავახიშვილი სინანულით აღნიშნავდა: “ჩვენს ხალხს ანდაზად აქვს ნათქვამი _ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და საუბედუროდ, ილია ჭავჭავაძეს კარგი გამგონე დღემდე არ გამოსჩენია, მაგრამ ეს ხომ მისი ბრალი არააო”. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხშირად გვესმის ხელისუფალთაგან, _ ილიას გზას ვადგავართო, “კარგი გამგონე” არც ამჯერად ჰყავს ერის მამას. საქართველო კვლავ მისი “თანამდევი უკვდავი სულის” გარეშე აგრძელებს სვლას… საკითხავია, როდემდე?
როდემდე უნდა გაგრძელდეს დაპირისპირება, აქციები, მუშტი–კრივი, მავანთა მიერ თავის მართლება ნაკლებ დამაჯერებელი არგუმენტებით?!
ათასნაირ ექსპერტებსა და თეორიებს ვეძებთ მთელს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის პრობლემათა გადაწყვეტისთვის, პასუხს სხვაგან ვეძებთ და არა საკუთარ თავსა და ისტორიაში. “ამის გამო ჩვენ ვეღარ ვიკვლიეთ–რა, ვეღარა გამოვიძიეთ–რა… ან, რაღას ვიკვლევდით, როცა ჩვენი აღარა გვჯერა–რა. ეს ყველა ჩვენი ძველი ნაცადი, ჩვენი წარსულის გამოცდილება გაგვიბათილა სახელმა და ბრუმ უცხო ქვეყნისამ, რომელმაც ყველაფერში ღრმად ჩაგვითრია”. ამ “ღრმად ჩათრევის” შედეგია ის, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ნებისმიერი პრობლემის პასუხს სხვაგან ვეძებთ, გვავიწყდება ილიასეული გენიოსური ფორმულა: “ჩვენს იქით ჩვენი ხსნა მხოლოდ ტკბილი სიზმარია”.
ეტყობა, “გონების განწმენდა” გვჭირდება, “უცხო ბაძით” მოწამლული გონების. უკვე მერამდენედ აგვიხდა შაჰ–აბასის წყევლაც: “ღმერთო, ქართველებს ერთ პირს ნუ მისცემო”.
ილია მთელი სიცოცხლე თავისი “კარგი ქვეყნის დიდების დღენის აღდგენისათვის” ოცნებობდა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მასაც უწევდა ვაიპატრიოტთა მოგერიება და მათ მიერ შეთხზული პასკვილებისთვის პასუხის გაცემა, დამაჯერებელი და უტყუარი არგუმენტებით გამყარებული პასუხის. “ნუთუ?” უკანასკნელი შედევრია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური მემკვიდრეობისა, რომლითაც მან მისი ღირსების შემლახველებს საკადრისი პასუხი გასცა. “აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ (ტელევიზიავ _ რედ.), რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და, საცა პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფებდეს, ჭიაღუა ბეზღობისა ჰჭყუპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს”, _ სინანულით აღნიშნავს წერილის ბოლოს ერის მამა.
საბედნიეროდ, “ივერია” სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორ ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, “საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს”. ასე თუ მოიქცევიან ჩვენი მასმედიის, განსაკუთრებით ტელევიზიების, ჟურნალისტები და “ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო”, არ აჰყვებიან ჭორებსა თუ უსაფუძვლო ბრალდებებს, თავიდან აირიდებენ იმ ლანძღვა–გინებას (ზოგჯერ გადამეტებულსაც), რომლითაც “დაუმადლებლად” უმასპინძლდებიან “რესპონდენტები” თუ მათი “ოპონენტები”. მაგრამ ესა თუ ის ვაიჟურნალისტი ხშირ შემთხვევაში ისე იქცევა, როგორც დიდი ილია ამბობს ზემოხსენებულ წერილში: “ერთი ნამცეცა მართალიც კი ისე ამოუვლია თავის გულის ზაფრაში, რომ თავისი ნიშანწყალი დაუკარგავს, ტყუილს დიდ მანძილზე არ ჩამორჩება და მოგვაგონებს ხავსს, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე, როცა მეტი გზა არა აქვს” და, “რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი და მტყუანი თან მიაქვს”.
ტელეეთერიდან ამჯერადაც ყოველდღე ცუდი ამბების ნიაღვარი მოდის, რომელიც “გალაღებულ” ჟურნალისტს სადმე თუ ჩაეწვეთა ყურში ან, უბრალოდ, მის “ჭკვიან” თავში ამოჩუხჩუხდა, მაშინვე ბუზს აქლემს აშობინებს და თანაც ისეთი პათოსით გვაუწყებს, რომ საზოგადოებისგან აშკარად ელოდება, კვერის დაკვრას თუ არა, ტაშის დაკვრას მაინც _ აქაოდა, ეს რა პროფესიონალი ბრძანებულხარო.
ამის ნაცვლად ჩვენ მხოლოდ შევახსენებთ სულმნათი ილიას სიბრძნეს: “არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა”.
ნ უ თ უ ?
(პასუხად “მოგზაურის” კორესპონდენციისა)
დასასრული. დასაწყისი იხ. #46, 2019 წ.
III
…დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლებელია, რომ ერთი უნამუსო კაცი ვინმე იშოვოს ჩვენმა ნამუსიანმა კორესპონდენტმა და ჩემდა გასამტყუვნებლად პირში წამომიყენოს, მაგრამ ტყუილი მოწმე განა ისე ადვილად გაასაღებს თავის ნათქვამს, რომ გზა და კვალი ვეღარ ვუპოვოთ?.. აქ თუ თითონ ავტორი არ ავალაპარაკეთ, სულელობას ნალაპარაკევისას არავინ დაიჯერებს. გლეხს ვითომც ავტორისათვის უთქვამს: “ძნა ისევ იქ ჩავიტანე (ესე იგი “სანადელო” მიწაში), დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე, მაგრამ სად არის მოურავი. იქ ველოდე (?), მინამ საქონელმა ძნა არ დაშალა და არ გააოხრაო”. ის დალოცვილი გლეხი, რაკი იქ ელოდა, რადღა დააშლევინა და გააოხრებინა ძნა საქონელსა? თუ ის ძნის გაოხრება მართალია და აქ განზრახ ჩაკერებული არ არის, განა ძნის პატრონი შეარჩენდა ვისმე საზღაურს და არ შეატყობინებდა ან მეველეს, ან მამულის პატრონს ახალ სოფელში.
მეორე ბრალი, რომელსაც გლეხისათვის ვითომდა გულდამწვარი კორესპონდენტი მე მწამებს, ის არის, ვითომც მე ერთ სხვა მემამულესთან ერთად მთავრობას ჯარი ვთხოვე “ბუნტის ჩასაქრობად”. ესეც მტკნარი ტყუილია ლილახანაწამხდარ ავტორისა, რომ მეტი არა ვთქვა–რა. აი, აქაც რა თაღლითობაა ავტორის მხრით და რა მოურიდებელი ტყუილია. პირველ ხანებში, როცა გლეხთა მოძრაობამ საგურამომდინაც მოახწია, მე ავად ვიყავ და ტფილისიდამ ფეხი ვერ გავდგი. ზედიზედ ჩემი მოურავისაგან წერილი მომდიოდა (გლეხებსავე ჩამოჰქონდათ მალულად), მოჯამაგირეები, მწყემსები, პურისმცხობელი და სხვანი სულ გაგვიფანტესო და გაგვირეკესო, ამოდენა ცხვარი, საქონელი, ცხენი და ღორი (ყოველივე ესე კარგა ბლომად მყავს, ჩემის მხილებელის სამწუხაროდ), ამოდენა სახლ-კარი, პური, ღვინო უპატრონოდ დაგვრჩაო, ტყეს შეესივნენ და სოფლეურად სჩეხენო.
ჯერ არ დავიჯერე. სწორედ მოგახსენოთ, არ მეგონა, რომ საგურამოს გლეხკაცობა ასე გამომიმეტებდა, მაგრამ რა გაეწყობა? რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი და მტყუანი თან მიაქვს. ყური მოვუყრუე მოწერილ ამბებს და ოთხ თუ ხუთიოდ დღეს გავუჩუმდი, რა უნდა მექნა? ნუთუ ამოდენა ქონება და საქონელი უნდა დამეღუპნა, ან გლეხებს ამით რა შეემატებოდათ? ბოლოს, რომ ვეღარას გავხდი, მაზრის უფროსს დეპეშით ვთხოვე, შველა რამ გაგვიწიეთ-მეთქი. ღმერთმა უშველოს, მაშინვე სამი “სტრაჟნიკი” გამოეგზავნა, _ სასახლეს და კარ-მიდამოს უპატრონეთო. “სტრაჟნიკები”, რა თქმა უნდა, მე ჩემთან დავაყენე, მე ვასმევდი, მე ვაჭმევდი, ცხენებს მე ვუნახავდი და ერთი იმათგანი სოფელს არც-კი მიჰკარებია, არც ერთს მათგანს გლეხკაცის წკირისათვისაც ხელი არ უხლია. როცა მოჯამაგირენი ვიშოვე, “სტრაჟნიკები” მაშინვე დავითხოვე.
ნუთუ ჩვენმა გალაღებულმა მხილებელმა ეს ამბავი ჩაიწვეთა ყურში და ბუზს აქლემი აშობინა თავის ახირებულ სურვილისამებრ იმ სახით, – ვითომც მე ჯარი მეთხოვოს და გურამიანთკარს ჩამეყენებინოს. პირდაპირ ვამბობ: არც მითხოვნია და არც მოვითხოვ, ვსთქვათ, კორესპონდენტის სიტყვისამებრ, მთავრობამ ჯარი გაგზავნა საგურამოში, სხვათა შორის ჩემის თხოვნითაც. რაკი ეს ჩემი თხოვნაც საბუთად დასდებია ჯარის გაგზავნას, ამ თხოვნას ხომ კვალი რამ უნდა დარჩენოდა ან მაზრის უფროსის, ან გუბერნატორის, ან მთავარმართებლის კანცელარიაში. ამისთანა არა-სახუმარად პასუხის საგებელი მძიმე საქმე, როგორც ერთობ ჯარის გაგზავნა და ჩაყენება სოფელში, განა შესაძლებელია ისე, რომ მიწერ-მოწერა არ გაემართათ და შიგ თხოვნა სხვისასთან ერთად ჩემიც არ დაესახელებინათ, ვითარცა მიზეზი?
კორესპონდენტმა რომ თავისზე მეტი სუნის ამღები მეძებრები არბეინოს საძებნელად, საგურამოს ჯარის ჩაყენების საქმეში ვერსად ვერ იპოვის ჩემის სახელის ხსენებასაც, რადგანაც ჯარი არავისათვის მითხოვნია არც სიტყვით, არც წერილით. თუ გაჭირდა, ამის ოფიციალურ მოწმობასაც წარმოვადგენ.
მესამე ბრალი, სხვებზე არა ნაკლებ ტყუილი, ის არის, რომ “არც დიდებული ილია ჭავჭავაძე” თურმე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევს ზეზე სადგომის აგებასაო. ამას კი ჩვენი პატიოსანი კორესპონდენტი თავისით ამბობს და არა სხვისა სიტყვით. სტაროსელსკისა არ ვიცი, და “დიდებული ილია ჭავჭავაძე” კი არა–დიდებულს და ძალიან დანამცეცებულს ავტორს მოახსენებს, რომ საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილები ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის არც ილია ჭავჭავაძეს, არც მის მეუღლეს და სულ სააპეკუნოშია და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მთლად სხვისი მამულია. მაშასადამე, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დავუშალო ვისმე, ან ნება ვაძლიო, ან მიწურის გათხრისა, ან ზეზეურად სახლის აგებისა, ძალიან გულითაც რომ მინდოდეს, აბა, ეს ასეთი დაშლა რა ჭკუაში მოსასვლელია? იმ ჭკუაში, ბატონებო, რომელიც ღმერთს სხვებისთვის დაურიგებია და ზოგიერთისთვის კი არ გაუმეტნია, – მეტი ბარგი იქნება და ვერ ატარებსო, რომ ეს მართლა ჭორია და არავითარი საბუთი არ მიუძღვის, ვთხოვ ავტორს წაბრძანდეს და თავის თვალით ინახულოს თუნდ ტფილისიდან პირველი სოფელი წიწამური (მარტო ერთი რვა თუ ცხრა-კომლიანი სოფელია, წიწამურად წოდებული, საცა მარტო ორი თუ სამი კომლი ნაყმევია ზაალ გურამიშვილისა), რომელიც სააპეკუნო ადგილშია და ითვლება ხუთ საგურამოს სოფელთა შორის და დიდს შარაგზაზეა, წაბრძანდეს-მეთქი, თუმცა უამისოდაც აქამდე ათასჯერ აუვლია, და ინახულოს, რამდენი სახლია ზეზეურად წამოჭიმული ბექობზე, ზოგი კარგა ხნის ნაგები და ზოგი დღესაც არ-დამთავრებული… განა აშკარა არ არის, სადაც სცემს ავტორი, როცა ამისთანა ჭორს იგონებს; აშკარაა, ავტორს სდომებია, ამ ჭორით ქვეყანა დაერწმუნებია, რომ, აი “დიდებული ილია ჭავჭავაძე” რა ღმრთის რისხვა კაცი ყოფილა, _ გლეხს უნდა მიწურიდამ ამოძვრეს, მზე დაინახოს, საღი ჰაერი ჰყლაპოს და ჭავჭავაძე კი არ უშვებს და ამ სახით გლეხკაცს მიწურში აღშთობს.
…დაგვრჩა ეხლა მეოთხე და უკანასკნელი ბრალი, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და საშინელი, რადგანაც თითქმის კაცისკვლამდეა გაჭიმული. რა ზნეობურ ავლადიდების პატრონია ჩემი პატიოსანი მხილებელი, ისე აშკარად არსადა სჩანს, როგორც ამ მეოთხე ბრალის დაწამებაში, საცა მე და ჩემს მოურავს, თუ კაცისმკვლელად არა, კაცის სიკვდილის მიზეზად მაინც გვხდის. აქ ამოდენა საზიზღარს ბრალსა გვდებს ორ კაცსა და ერთს სიტყვასაც, დიახ, ერთს სიტყვასაც მართალს არ ამბობს, თორემ ხომ ვნახავთ, თუ მკითხველი იმოდენა პატივს დამდებს, მოთმინება იქონიოს და ბოლომდე ჯერ თვით ავტორს მოუსმინოს მის მიერ მოთხრობილი ამბავი და მასთან ერთად ჩემი საბუთებიც განიკითხოს.
“ამ ზამთარსაო, _ უთქვამს ვითომც ავტორისათვის ერთს გურამიანთკარელს გლეხს, _ დიდი ყინვებისაგან სოფლის სასმელი წყალი გაიყინაო ისე, რომ მთლად უწყლოდ დავრჩითო”. ეს მთლად თავიდამ ბოლომდე ტყუილია. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მარტო იგი ადვილად და უტყუარად შესამოწმებელი გარემოება მოვიხსენიოთ, რომლის კვალიც თავის დღეში არ წაიშლება, თუნდაც მთელი სიბრძნე “მოგზაურისა” და სიცრუე ავტორისა ზედ დააბღერტოთ. საქმე ის არის, რომ სოფელ გურამიანთკარს, მისდა საბედნიეროდ და ავტორის საუბედუროდ, შიგ სოფელში ეგრეთ წოდებული თეზამის წყალი ჩამოუდის. ამას გარდა, შიგ სოფელშივე არის წყარო, რომელიც ამ ოცის წლის წინათ გამოიყვანეს სტაროსელსკიანთ მილებით, როგორც თავიანთთვის, ისე სოფლისათვის. ეს წყარო კარგა მოზრდილია, ასე რომ კოდიც კი უდგა საქონლის წყლის სასმელად.
თეზამის წყალი ხევის წყალია და გაშლილ მინდორზე მოდის შორიდან. რა თქმა უნდა, ბევრჯელ ზამთრობით იყინება. ხოლო გურამიანთკარის წყარო-კი თავის-დღეში, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, არადროს არც გაყინულა და არც გაიყინება…
აშკარაა, ნაამბობი ვითომდა გლეხისა _ “ამ ზამთარს წყლები გაგვეყინა, ასე რომ უწყლოდ დავრჩითო”, ან კუდიანი ტყუილია გლეხისა, ან ზღაპარია თვით ავტორისაგან ხელდახელ შეხანხლული იმის ძალით, რომ რაც მელას აგონდება, ის ეზმანებაო.
ხომ ათქმევინა გლეხს ის აშკარა ტყუილი, ვითომც ამ ზამთარს გურამიანთკარელებს წყლები გაჰყინვიათ, ასე რომ მთლად უწყალოდ დარჩენილან. ეს ტყუილი თავისთავად არაფერს ნიშნავს, კაცი იტყვის: ილია ჭავჭავაძის რა ბრალია, რომ გურამიანთკარში ზამთრობით წყლები იყინებაო. მოუთმინეთ, ბატონებო, ავტორს, _ ის მოგახსენებთ, აქ ძაღლის კუდი სადა მარხია. აი, იგი რას მოგვითხრობს, ვითომდა გურამიანთკარელს უამბნია: “სოფელ ზევით სამ ვერსტზე ტყეში მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინებაო”. ესეც ისეთივე მტკნარი ტყუილი ან მოლანდებული ზმანებაა თვით ავტორისა. თუ ჩვენი ცრუპენტელა მაბეზღარი მოწყალებას მიიღებს და გურამიანთკარის ზემოთ ამ სოფლიდამ სამის ვერსტის მანძილზე ჩემს ტყეში “მიუვალ ღელეში” ისეთს პატარა წყაროს მიპოვის, რომ ან კოკა მიდგმით აივსებოდეს, ან როგორმე, და იქავ, საცა გამოჟონავს, ახლო მანძილზე სიპატარაობით არ იკარგებოდეს, დიდი მადლობელი ვიქნები …მე თითონ სხვისი მამულიდამ ჩემს ეზოში მილებით გამოყვანილ წყაროს წყალს ვხმარობ. იმას კი აღარ ვამბობ, რომ გურამიანთკარს ზემოთ ტყე სტაროსელსკისაა და არა ჩვენი; ჩვენს ტყესა და გურამიანთკარის შუა სტაროსელსკის ტყე, მინდორი და ვენახებია კარგა მანძილზე.
…ავტორის უკანასკნელ ბრალის შესახებ ასე მოგვითხრობს, _ ვითომდა გლეხის ნალაპარაკევს:
“ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ასე რომ ჩვენ _ ღარიბებს გვყავდა ზურგზე აკიდებული თავისის ცოლ-შვილით. ერთს დღეს ამ კაცს აევსო ორი კოკა, გადაეკიდნა მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, _ რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. _ თქვენ ათი შაური საქონელზედ დაადგინეთ, მე-კი კატაც არა მყავსო. ან ათი შაური ვინ მომცა, მე სულ ორი კვირაა, რაც ქვეშაგებიდამ ავღანტალდი და, ხომ იცი, სულ ავადა ვარო”… “შენთან ბევრი ლაპარაკი არა ღირსო”, _ და ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ დაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხსაო”.
თუ ეს მთელი ისტორიაც კოკების მტვრევისა თავიდამ ბოლომდე ტყუილი გამოდგა და სულ მთლად მოუგონია სახელოვანს წარმომადგენელს ერთგვარ პრესისას, რა სახელი უნდა დაერქვას ან ავტორს, ან მის საქციელს!… რაკი ესეა, მაშ ეს ნახევრად შიშველი გლეხი და მის ზურგზე კოკების მტვრევა სრული ზღაპარია მაბეზღარისა და სხვა არა-რა. თუმცა ესეა, მაგრამ ჩვენი ტყუილის-მცხობელი მხილებელი ამასაც არ ჰკმარობს და მოგვითხრობს, რომ ამ არაყოფილს მტვრევას კოკებისას არაყოფილ გლეხკაცის ზურგზე ილია ჭავჭავაძე _ “ბალკონიდან ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული უყურებდა (აბა, ტრაგედია აქ არის და: ცალკე ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და ცალკე ნახევრად შიშველი გლეხი), გულიანად იცინოდა და თანაც აქეზებდა ერთგულს მოურავსო”. ნუ დაივიწყებთ, რომ ნახევრად შიშველი გურამიანთკარელი გლეხი გზად მიმავალი ყოფილა ჩემის ტყიდან, როცა მე კოკების მტვრევისათვის მიყურებია. თუნდ ეგეც იყოს, ორმოცთუმნიანი ქურქი აქ რა სახსენებელია! რა სიტყვის პასუხია! თუმცა მე ორმოცთუმნიანი ქურქი ჩემს დღეში არცა მქონია და არცა მსხმია, და თუნდ მქონებოდეს და მსხმოდეს, ამაში სამარცხვინოს არასა ვხედავ, რადგანაც მგონია, რომ არც ჩემი მაბეზღარი დაიწუნებდა ორმოცთუმნიან ქურქს, თუ როგორმე მოიხერხებდა, მაგრამ მაინც სასურველია, ვიცოდეთ: აქ ჩემი, ვთქვათ, ორმოცთუმნიანი ტყუილი ქურქი რა მოსატანია, რა შუაშია?
რაკი უმიზეზო ქვეყანაზე არა არის-რა, უნდა ვიფიქროთ, რომ აქაც არის ერთი რამ მიზეზი: ან ის, რომ საშინელი უსამართლოება დაენახვებინა ქვეყნისათვის, აქაო და, ერთის მხრით, ორმოცთუმნიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და, მეორეს მხრით, ნახევრად შიშველი საცოდავი გლეხი, ან, ალბათ, მე გამფრთხილებია, არ გაცივდესო, და ორმოცთუმნიანი ქურქი წამოუსხამს, თუ მართლა არა, სურვილით მაინც.
ამ გაფრთხილებისათვის დიდი მადლობელი ვარ, ხოლო ვთხოვ ჩემს მწემქებარე ავტორს: მიბრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდ ასთუმნიანი ქურქი წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და, თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად მომავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი. თუ კაცმა განგებ ჩემს შემოღობილ ეზოზე არ ჩამოიარა, კაცი ჩემის ბალკონიდან კაცს ვერა სასწაულით ვერ დაინახავს. ხოლო ჩემს ეზოზე ჩამოვლა გარეშე კაცს არ შეუძლიან ისე, რომ ჩემმა ძაღლებმა ფეხზე დააყენონ და არ გაწეწ-გაგლოჯონ. იქნება ჩვენმა გულწრფელმა კაცთმოყვარე ავტორმა ეს ძაღლების ყოლაც დამიგმოს, _ თუ ილია ჭავჭავაძე კაი კაცია, გლეხისათვის საშიშარი ძაღლები რადა ჰყავსო და, თუ ჰყავს, რატომ ისე არ გაუწურთნია, რომ მარტო თავადი და აზნაური სწეწონ და ჰგლეჯონ და გლეხს-კი მუხლმოყრით მიეგებებოდნენო. იმიტომ მყავს ამისთანა კაპასი და გაუწურთვნელი ძაღლები, რომ მარტო ვდგევარ მთაში, ტყის პირას, სოფელზე კარგა მოშორებით და, თუ კაპასი, აფთარი ძაღლები არ ვიყოლიე, ნადირისა და ქურდის შიშით მე იქ არ მედგომილება.…
არც ეს მაკმარა ამ ყოველ მართებულობაზე, ყოველ ადამიანობაზე ხელაღებულმა ავტორმა და აი სადამდე გაადგმევინა უწმინდური ფეხი საზიზღარ ბეზღობას. იგი აი რით ათავებს ამ მოჭორვილს ამბავს კოკების მტვრევისას. “უბედური გლეხი, ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაციებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლად ავად და ერთს კვირაში გაათავა მრავალტანჯული და წამებული სიცოცხლეო”.
აი, ბატონებო, ხომ ხედავთ, რა ღმერთი გამწყრომია! კაცი თუ ჩემის ხელით არ მომიკლავს, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, კაცის სიკვდილის მიზეზად ხომ ვარ გამომჟღავნებული, საქვეყნოდ, სამარცხვინო დაღდაკრული, საქვეყნოდ სახელგატეხილი.
ეს გლეხკაცის სიკვდილის ამბავი რომ წავიკითხე, სწორედ მოგახსენოთ, თმები ყალყზე ამიდგა და კანკალი მომივიდა. ხუმრობაა, კაცის სიკვდილის მიზეზად გახდომა! ამიტომაც გულში გამიარა, _ ვაი თუ, მართლა ჩემს მოურავს ღმერთი გასწყრომია, ეს კოკების მტვრევა ჩაუდენია და ამ მტვრევას კაცის სიკვდილი ზედ მოჰყოლია. მოვკითხე ამისი პასუხი, ვისაც ჯერ არს, და იცით, ბატონებო, რა გამოვიდა ჩემდა სასიხარულოდ და ავტორის სამარცხვინოდ? ის გამოვიდა, რომ ავტორის მიერ შეთითხნილს ტრაგედიას ბოლოც იმისთანა ტყუილი ჰქონია, როგორც დასაწყისი. თურმე ნუ იტყვით: გურამიანთკარს ამ ზამთარს არც ერთი მამაკაცი გლეხი არ გადაცვლილა არამცთუ ჩემის მიზეზით, არამედ სხვა მიზეზითაც. ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი ბეზღობისა ამაზე უფრო უუსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო გულისასამღვრევი? _ ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობს გაზეთს, თუ ჟურნალს, პრესა ჰქვიან თვით პრესის სამარცხვინოდ? თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძღვის წყევლა–კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმედი და ძირს დამცემი პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწუყრომით არ უნდა მიღებულ იყოს თვით პრესისაგანვე ამისთანა ყოვლად უკადრისი საქციელი?
მე ამას მარტო იმისათვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული, შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ხოლო ეს აქლემი ხვალ თქვენ წინაც დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღე თქვენც არ მოგაყენოს ერთმა ვინმემ თავზედხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარ გაზეთისამ თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვრად უქცევია, ადამიანობა და ადამიანი ბეზღობის და ცილისწამების საგნად გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თვის საფარველად გარდუქმნია. აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და, საცა პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფებდეს, ჭიაღუა ბეზღობისა ჰჭყუპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს. არ ვიცი, – რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია: იგი, რომელიც პოლიციის ხელჯოხიანობას გამოიწვევს, თუ იგი, რომელიც ერთს კაცს მეორეს გადაჰკიდებს მტრად, ერთს წოდებას მეორეზედ აალურსებს და აასისინებს, ან თუნდ ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ. დასასრულ, კიდევ ხელმეორედ მოგახსენებთ: არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე