საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის მიმართაც საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული და ძებნაა გამოცხადებული, უკრაინაში კი ამ ქვეყნის პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს მიერ არის შერისხული და მოქალაქეობაჩამორთმეული, ამერიკელი პატრონების წაქეზებით, 10 სექტემბერს, პოლონეთ–უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან ერთად, უკანონოდ გადალახა და ლვოვში შეიჭრა.
უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო თავდაპირველად მკაცრი სასჯელით დაემუქრა, მაგრამ შემდგომ, როგორც ჩანს, დასავლელი პატრონების მითითებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილის არც დაკავება და არც ქვეყნიდან გაძევება არ მოხდება შენგენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მომხდარი ინციდენტის გამო, რადგან “ახალი ძალების მოძრაობის” (ასე ჰქვია სააკაშვილის პარტიას უკრაინაში) თავმჯდომარისა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს”.
ლვოვის სასამართლომაც სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მხოლოდ 3400 გრივნით (130 დოლარით) დააჯარიმა(!), ანუ ამერიკელების მიერ უკრაინის შეშინებულმა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა აშკარა კანონდარღვევაზე და სააკაშვილს კარტ-ბლანში მისცა. სააკაშვილმაც, რომელიც გეგმავდა, 19 სექტემბერს “თეთრ ცხენზე” ამხედრებული შესულიყო კიევში, გადაწყვეტილება შეცვალა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ტყუილუბრალოდ არ გეგმავდა 19 სექტემბერს კიევში შესვლას _ შეიტყო, რომ ეს მართლმადიდებლებისთვის საზეიმო დღეა _ მიქაელ მთავარანგელოზის და სურდა, უკრაინელებისთვის თავი დაემახსოვრებინა, როგორც ბოროტებასთან მებრძოლი “მიხეილ მთავარანგელოზი”. სააკაშვილს ხომ ძალიან უყვარს სიმბოლოები?! ე.წ. “ვარდების რევოლუცია” ნაციონალებმა გიორგობას დაამთხვიეს, აგრეთვე, აჭარიდან ასლან აბაშიძის გაძევებაც.
მაგრამ, როგორც ჩანს, სამშობლოში დევნილ და უკრაინაში შერისხულ “მიხეილ მთავარანგელოზს”, მრჩევლებმა გადააფიქრებინეს კიევის დალაშქვრა 19 სექტემბერს, რადგან ეტყობა, აქცია _ კიდევ ერთი მაიდანი _ ჯერ ბოლომდე მომზადებული არ არის, ამიტომ შტურმი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო, მიშიკო კი “ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად” უკრაინის რეგიონებში სამოგზაუროდ წავიდა, თუმცა მანამდე მოახერხა და ჩვეულ სტილში რამდენიმე ისეთი ტყუილი დაახეთქა, მის ადგილას ნორმალური ადამიანი სირცხვილით დაიწვებოდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ გუბერნატორს, პოროშენკოს აწ უკვე ყოფილ მეგობარს კი წარბიც არ შეუხრია:
“მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკი პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებულნი არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით სასტუმროს ნომრებში. პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ? გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით გინდათ დაკავდეთ? მე მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მე მტრის ერთ–ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმოსაბირებლად გამოყენება უნდოდათ. მე ვთქვი, ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში. თქვენ კი რას აკეთებთ? რა არის ეს?” _ ასე მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციისას.
სააკაშვილს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობას (ყველას თუ არა, დიდ ნაწილს მაინც) მოკლე მეხსიერება აქვს და სააკაშვილის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულები დაავიწყდა, მაგრამ ამ მართლაც უტიფარ ცრუს და მის უკრაინელ, აგრეთვე, ქართველ მხარდამჭერებს შევახსენებთ შს იმჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდან 1 კმ-ში, ტყეში, 2013 წლის 15 ივნისს ნაპოვნ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღზე, დოკუმენტებზე, ნარკოტიკებსა და 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი!) ვიდეო და აუდიოფაილზე, რომლებზეც პოლიტიკოსების, გამოჩენილი ადამიანების, ჟურნალისტების პირადი ცხოვრება, აგრეთვე, სხვადასხვა პირის ცემა, წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და სექსუალური ძალადობაა აღბეჭდილი:
“სამალავებში აღმოჩენილია ადამიანების წამების ძალიან მძიმე ვიდეოკადრები. იმ 8 კასრთან ერთად, კიდევ 4 კასრი ამოვიღეთ, რომლებშიც მოთავსებული იყო 405 დისკი, უამრავი მასალაა ასეულობით ადამიანზე. ბოლო მონაცემებით, საერთო რაოდენობა შეადგენს 17 ათას 500 აუდიო–ვიდეო ფაილს, რომლებზეც მოცემულია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები, ასევე, ჩანაწერებში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის, გამოჩენილი ადამიანის, ჟურნალისტის საქმიანობის ამსახველი მასალები”.
სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი აუდიო და ვიდეომასალების, ანუ ე.წ. კასრების საქმეზე რამდენიმე ადამიანს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასამართლომ ირაკლი ახალაიას 2 წლითა და 3 თვით აღუკვეთა თავისუფლება, პაატა ქირიას _ 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან კობა თოდუას _ 9 წლით, გიორგი ბულიას _ 6 წლით, თემურ უბირიას _ 7 წლითა და 6 თვით, ხოლო სააკაშვილისდროინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამეტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე კოხტა კოდუას 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა საქართველოდან არიან გაქცეული და ორივეზე გამოცხადებულია ძებნა.
მოგვიანებით, 2015 წლის ოქტომბერში, უკრაინულმა ვებგვერდმა tube.ua-მ გამოაქვეყნა სამეგრელოს სამართალდამცავ უწყებაში წამების ამსახველი 5-წუთიანი ვიდეომასალა სათაურით “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, რომელზეც ასახულია მამაკაცის სასტიკი წამება, სექსუალურ ძალადობა, შეურაცხმყოფელი მოპყრობა. კადრებში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობა, რომლის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით _ “სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი”.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კასრების მასალების შემოქმედად ცნობილი მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წლის 19 მაისის განკარგულებით, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მეგის ქარდავას ღირსების ორდენი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის (?! _ ნ.კ.) გადაეცა.
თვალთმაქცი და მატყუარა სააკაშვილი კი ცდილობს, უკრაინელებს, და არა მხოლოდ მათ, თვალში ნაცარი შეაყაროს, როცა ამბობს, ჩემი პრეზიდენტობისას სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდიო. არადა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აჩვენებდნენ რეგულარულად ფარული მიყურადების დამადასტურებელი მასალებსა და ვიდეოკადრებს, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გაუჩნდა ქართველ საზოგადოებას განცდა, რომ ყველას ტოტალურად უსმენდნენ. ადამიანები ტელეფონებს შლიდნენ, მალავდნენ და ოჯახებშიც კი ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. მათ კი, ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეამჩნევდნენ, სამსახურიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და, თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც.
სწორედ სააკაშვილმა დაარწმუნა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომ ხელისუფლება ისმენდა, ხედავდა და კითხულობდა ყველაფერს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების სტილი იყო წინასწარ იმიტირებული დანაშაულის ფარული ჩანაწერებით დაკანონება: ასე იყო ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევაში, როდესაც გავრცელდა 2011 წლის 8 მაისს გადაღებული კადრები რესტორან “ზღაპრიდან”, ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის დიალოგი ლონდონში 2007 წლის 23 დეკემბერს; ირაკლი ოქრუაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი; ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი; ბადრი პატარკაციშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და ვანო მერაბიშვილის შეხვედრა და დიალოგი სუფრასთან; ყინწვისის ე.წ. შეთქმულთა საუბარი, ცოტნე გამსახურდიას საუბარი ძმასთან და სხვ.
ამას გარდა, ინტერნეტში გამოქვეყნდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გადაღებული კადრები, რომლებზეც დიპლომატების (აწ უკვე ყოფილი), პარლამენტარების, ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ცნობილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ინტიმური ცხოვრებაა აღბეჭდილი და, მიუხედავად იმისა, რომ სახეები მკაფიოდ არ ჩანდა, საზოგადოებამ მაინც იცნო ამ ვიდეოსიუჟეტების გმირები…
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიყურადება, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სააკაშვილის ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას, რომელიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა; სხვებს, უმრავლესობას _ არაფრის. სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ორმაგი სტანდარტით მართავდა ქვეყანას _ აუპატიურებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, სხვების დასანახავად კი დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი.
ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში ყოფნას. ისინი დაუფარავად ქადაგებდნენ “ახალი ქართველის” ჩამოყალიბების აუცილებლობას, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდათ და ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან ასე გააფთრებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელს _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს…
სხვათა შორის, სააკაშვილის განცხადებას, სპეცსამსახურებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას ვუკრძალავდიო, 15 სექტემბერს გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებასა და შანტაჟის მოსაწყობად მათ გამოყენებაში დაადანაშაულა:
“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებითაც მე ერთი წლის წინათ მაშანტაჟებდნენ, გადაღებული იყო 2012 წლამდე. ეს ინფორმაცია მე მქონდა. ამის შესახებ გამოძიებასაც მივეცი ჩვენება”, _ განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
უკრაინაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები მოწმობს, რომ უკრაინისა და საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორებს” თვალში აღარ მოსდით მათ მიერვე რევოლუციის გზით ხელისუფლების სათავეში მოყვანილი სააკაშვილის “მეგობარი” და თანაკურსელი პეტრე პოროშენკო და მის შეცვლას ახალი მაიდნის აგორებით ცდილობენ, უკრაინის პრეზიდენტის ადგილს კი სწორედ სააკაშვილს უმზადებენ, სააკაშვილიც, დასავლელი პატრონების მხარდაჭერით გულმოცემული, ოღონდ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ტყუილს ტყუილზე აცხობს:
“რომ ყვირიან, გაარღვიაო საზღვარი, არაფერი გამირღვევია, თუ საჭირო გახდება, საქართველოშიც ასე ჩავალ. აქ უამრავი ხალხი დამხვდა და დამიჯერეთ, საქართველოში ამაზე ათჯერ მეტი დამხვდება, თან მათი ხელისუფლება უკრაინისაზე ბევრად სუსტია, მაგრამ მე ამ ეტაპზე უკრაინელი ხალხის წინაშე ავიღე ვალდებულება. მე მიყვარს ეს ქვეყანა. ახლა უკვე სამმაგად მმართებს უკრაინელი ხალხის, რომელმაც, უბრალოდ, ხელში ამიყვანა და აქ მომიყვანა. ასე რომ, უკანასკნელი ნაბიჭვარი ვიქნები, ამ ბრძოლის ველიდან რომ გავიქცე. ყოველთვის მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავწირო, რადგან ასეთია ჩემი ცხოვრება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საზღვრის უკანონო გადაკვეთაში უკრაინის სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილი და თუმცა შეუსაბამო, მაგრამ მაინც გამოუტანა სასჯელი _ 135 დოლარის გადახდა დააკისრა, რაც შეეხება “უკანასკნელ ნაბიჭვარს”, “ბრძოლის ველიდან არგაქცევას” და “მზაყოფნას უკრაინისთვის სიცოცხლის გასაწირავად”, ჩვენ, ქართველებმა 2008 წლის აგვისტოში უკვე ვნახეთ, როგორ წირავდა საქართველოსთვის სიცოცხლეს მიხეილ სააკაშვილი გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის _ ბერნარ კუშნერის, უამრავი ჟურნალისტისა და კამერის თვალწინ, როდესაც თვითმფრინავის ხმის გაგონებისას შიშისაგან გონებადაბინდული ისე ხოხავდა ბუჩქებში, რომ დაცვის წევრებმა ძლივს შეაჩერეს.
აი “გულადი” და “სამშობლოსთვის სიცოცხლის გამწირავი” სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს:
“კარგად მესმის ყირიმელების იმიტომ, რომ მათ მშობლიურ მიწაზე არ უშვებენ. ჩემთვის უკრაინა საქართველოს შემდეგ რეალურად იქცა მეორე სამშობლოდ, რადგან ჩემი ცხოვრების 13 წელი უკრაინაში გავატარე.
მე საქართველოში, აფხაზეთში, იმიტომ არ მიშვებდნენ, რომ პუტინმა მოისურვა ასე, რუსეთში მოისურვეს ასე 90-იან წლებში, და 500 ათასი უკრაინელი, ქართველი, ებრაელი, ბერძენი გამოაძევეს აფხაზეთიდან. ჩემთვის უზარმაზარი სტრესი იყო, რომ არ შემეძლო მშობლიურ სოხუმში ჩასვლა, საიდანაც, სხვათა შორის, წარმოშობით არის ჩემი ოჯახი, სოხუმთან ახლოს მდებარე ეშერიდან. შემდეგ პუტინმა უბრძანა რუს ოლიგარქს, “გაზპრომის” უმსხვილეს კერძო აქციონერ ივანიშვილს, არ შევეშვი საქართველოში და აღეძრა თითიდან გამოწოვილი სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გააპროტესტა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და, რომელთა აღიარებაზეც თავიდანვე თქვა უარი ინტერპოლმა, და რომელთა წინააღმდეგაც მრავალგვერდიანი წერილი დაწერა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ. ამიტომ ჩემი ფსიქოლოგიური მოტივაცია გასაგებია: უკვე ორჯერ, პუტინის გამო, ვერ შევძელი ჩემი წინაპრების სამშობლოში ჩასვლა, ჩემს სახლში, აფხაზეთში, და მე შემიქმნეს პრობლემები იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მე შევქმენი, როგორც სახელმწიფო, ქვეყანა საქართველო, რის გამოც ძალიან ვამაყობ. ახლა კი პოროშენკომ გადაწყვიტა, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა, თანაც ეს ხელს აძლევს აქეთ პუტინს, იქით _ ივანიშვილს და გადაწყვიტა, არ შემიშვას უკრაინაში, ჩემს მეორე სამშობლოში, არ გამოვა! პუტინმა ეს უკვე ორჯერ გააკეთა, მესამედ ამას ვეღარ გააკეთებს”.
აბა, რა! თურმე საქართველო, როგორც სახელმწიფო, სააკაშვილის შექმნილია, მანამდე ქართველი და საქართველო არ არსებობდა, არც ფარნავაზი ყოფილა, არც ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ერეკლე მეორე, რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ილია, აკაკი, ფიროსმანი, არც სვეტიცხოველი, ჯვარი, ნიკორწმინდა თუ ალავერდი… ყველაფერი თურმე ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის დასმის შემდეგ შეიქმნა…
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, რომელისთვისაც სამშობლო ხან საქართველოა, ხან _ უკრაინა, რომელიც ხან ამბობს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრუკვეთში გაიზარდა, ხან კიდევ _ სოხუმის მახლობლად, ეშერაში, სინამდვილეში უმიწაწყლოა, ანუ უსამშობლო… თუმცა არა… შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ის გამოზარდეს და ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში დაასვეს თავზე. ახლა კი ანალოგიურ რამეს უპირებენ უკრაინელებსაც.
ავანტიურისტი და ცრუპენტელა სააკაშვილი, რომლისთვისაც მთავარი ძალაუფლებაა და არა ქვეყანა და მისი მოსახლეობა, არც მამაცია, არც პატრიოტი და არც საშიში რომელიმე ქვეყნისთვის. საშიშია ის კაცთმოძულე ძალა, რომელიც სააკაშვილს მართავს, რომლის ხელშიც მილიარდებია და, რომელსაც სურს, უკრაინის, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლება მისი ვასალი იყოს, ხალხის აზრი კი, საერთოდ, არ აინტერესებს.
ნიკა კორინთელი
P.S. 1970-იან წლების ეს ანეკდოტი სრულიად შეესაბამება თანამედროვე უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობას:
ქუთაისში, “ტორპედოს” სტადიონზე, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდი “ტორპედო” მარცხდება კიევის “დინამოსთან”. ნერვებმოშლილმა ჭიჭიკომ ტრიბუნიდან დაუყვირა ერთ–ერთ ქუთაისელ ფეხბურთელს:
_ ე, ბიჯო, ხაჟალია, ეიღე ბურთი და დაარტყი პენალტი!
ხაჟალიამ მოედნიდან ამოსძახა:
_ არ მაძლევს სუდია და რა ვქნა?!
_ ვინ ჰკითხავს სუდიას, აგერ არის ჩვენი კომკავშირის ქალაქკომის მდივანიო, _ ჩასძახა ჭიჭიკიამ…
სწორედ ასეა ჩვენი და უკრაინელების საქმე _ ვინ რას ჰკითხავს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს, როცა აგერ არის აშშ–ის ელჩი?!