კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროებს ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩაუფლავდათ, _ იტყობინება აშშ–ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის საინფორმაციო სააგენტოები.
ერთი თვის განმავლობაში რაკეტის მესამე გაშვება ჩრდილოეთ კორეელებმა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მეასე დღეს დაამთხვიეს. გაშვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ რაკეტა აფეთქდა. ამასთანავე, ეს მცდელობა განხორციელდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ნიშანდობლივია, რომ ამ სხდომაზე განხილული იყო ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის გაძლიერების საკითხი. უშიშროების საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მნიშვნელოვნად გაამკაცრონ კორეელების წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და შემოიღონ ახალი შეზღუდვები. სამხრეთ კორეამ კი განაცხადა, რომ სერიოზულადაა დასაფიქრებელი, ფხენიანის მიერ განხორციელებული პროვოკაციული მოქმედების შემდეგ დარჩეს თუ არა ჩრდილოეთ კორეა გაეროს წევრი.
ჩრდილოეთ კორეა ვალში არ დარჩა და ვაშინგტონს მუშტი მოუღერა. სამხრეთ კორეის სააგენტო “იონხაპი” იტყობინება, რომ ფხენიანი მზად არის, გაანადგუროს ამერიკელების ატომური წყალქვეშა ნავი “მიჩიგანი”, რომელიც ახლახან სამხრეთკორეულ ნავსადგურ პუსანში შევიდა.
“როგორც კი შეეცდება “მიჩიგანი”, მოიმოქმედოს რაიმე, იგი განწირული იქნება საიმისოდ, რომ გადაიქცეს წყალქვეშა მოჩვენებად, რომელიც ზედაპირზე ვერასოდეს დაბრუნდება”, _ აცხადებენ ინფორმაციის ავტორები.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს ამჟამად ოთხი ატომური წყალქვეშა კრეისერი გააჩნია, რომლებიც აღჭურვილია ატომურქობინიანი მფრინავი რაკეტებით.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, “აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში” კორეის შეიარაღებული ძალები შეუტევენ შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.