“ოქროს კვეთა”
ოცდამეოთხე გადაცემა
ვალერი კვარაცხელია: _ თქვენ წინაშეა გადაცემა “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.
იმდენად მძიმეა ჩემი დღევანდელი სათქმელი, რომ ეს გადაცემა ლოცვით უნდა დავიწყო: ღმერთო მაღალო, შემეწიე მე, რათა სრულად გამოვთქვა იგი, რისი გამოთქმის სურვილი შენვე ჩამისახე, მიმატანინე ხალხთან იგი, რაც გამოსათქმელად ძნელი და გასაგებად რთული, მაგრამ ჰაერივით აუცილებელი გამხდარა!..
იმ მოვლენიდან, რომლიდანაც ყველა უბედურება დაიწყო, ოცდაცხრა წელიწადი სრულდება. 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟში (ბელარუსი) ხელი მოეწერა გაუგონარი ღალატის აქტს, რომელშიც მკრეხელური სიტყვები ეწერა.
ამონაწერი ბელოვეჟის ტყეში 1991 წლის 8 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტიდან: Союз ССР как субъект международного права и геополитическая реальность прекращает своё существование!
ერთი წუთით შეჩერდი, ძვირფასო მაყურებელო. ერთი წუთით შეჩერდი და, ოცდაცხრა მძიმე წელიწადის გასვლის შემდეგ, კარგად გაიაზრე, რა მოხდა სადღაც ბელოვეჟის ტყეში (ნაკრძალში). არაყზე მეტად საკუთარი თანამდებობით (ერთს რსფსრ-ის პრეზიდენტი ერქვა _ ბორის ელცინი; მეორეს, უკრაინის სსრ-ის პრეზიდენტი _ ლეონიდ კრავჩუკი; მესამეს კი _ ბელორუსიის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე _ სტანისლავ შუშკევიჩი) გალეშილმა არამზადებმა ფარატინა ქაღალდზე, რომელსაც “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ
) ჩამოყალიბების დოკუმენტი” უწოდეს, ეს თავზარდამცემი წინადადება ჩაწერეს: Союз ССР как субъект международного права и геополитическая реальность прекращает своё существование! წარმოგიდგენიათ? საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა, წყვეტს არსებობასო.
მოდი, გონების თვალი გადავავლოთ დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ საბჭოთა კავშირს _ კაცობრიობის ისტორიაში პირველ სოციალისტურ სახელმწიფოს… როგორ იქმნებოდა ადამიანთა მოდგმის მიერ ათასწლეულების განმავლობაში ნაოცნებარი ეს უნიკალური სისტემა და სახელმწიფო?
სამართლიანი სახელმწიფოს მოწყობის შესახებ, საზოგადოდ, მთელი კაცობრიობის ნაწვალებსა და ნააზრევზე, კონკრეტულად კი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, ინგლისური პოლიტიკური ეკონომიკისა და ფრანგული უტოპიური სოციალიზმის ბაზაზე, ჯერ მარქსისტული უნივერსალური მსოფლმხედველობა აღმოცენდა; შემდეგ პოლიტიკური აზროვნების ზოგადსაკაცობრიო შედევრი, მონობისაგან ხალხთა განთავისუფლების დიდი ქარტია _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” დაიწერა; შემდეგ, როგორც გარდაუვალი ისტორიული აუცილებლობა, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია განხორციელდა; ბოლოს კი თავისუფლებისკენ ადამიანთა მარადიული ლტოლვის კულმინაცია და გვირგვინი _ საბჭოთა კავშირი შეიკრა, რომელიც კოლექტივიზაციის, ელექტროფიკაციის, ინდუსტრიალიზაციის უმძიმესი, მაგრამ გმირულ-ჰეროიკული პერიოდების გავლით სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებად _ ექსპლოატაციისაგან თავისუფალი შრომის საზოგადოებად და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებულ პირველ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
ასე მოხდა, მაგრამ არ ეძინა უსამართლობისა და ბოროტების მეორე პოლუსს _ კაპიტალისტურ სამყაროს, რომელიც დედამიწაზე პირველ სოციალისტურ სახელმწიფოში საკუთარ (ისტორიულად გარდაუვალ) მესაფლავეს ხედავდა. დასავლეთის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაგეგმილი ათასი ხრიკი და ვერაგობა საბოლოოდ ფაშიზმად და მსოფლიო ომად მოევლინა არამარტო საბჭოთა კავშირს, არამედ მთელ პლანეტას, მაგრამ უმთავრესი დარტყმა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირზე განხორციელდა. ეს არ ყოფილა სახელმწიფოთა შორის ომი, ეს სისტემათა შორის ომი იყო, ეს იყო კაპიტალიზმის აგრესია სოციალიზმზე, ანუ კაპიტალისტური რევანშის გზით სოციალიზმის, როგორც სისტემის, განადგურების მცდელობა. ფაშისტურ გერმანიას კაპიტალისტური აშშ და ინგლისი ედგნენ ზურგს უკან, რომლებიც აქეზებდნენ, აფინანსებდნენ, აიარაღებდნენ.
მთელი საბჭოთა კავშირი დადგა სოციალისტური მონაპოვრის დასაცავად. მარტო საბჭოთა კავშირის მხრიდან ოცდაშვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ წმინდა ომს, ხალხსა და სახელმწიფოს იქამდე არნახული და არგაგონილი ზიანი მიადგა, მაგრამ საბჭოთა კავშირი, როგორც დიდი ისტორიული სამართლიანობის მსოფლიო ციტადელი, გადარჩა. დაინგრა ფაბრიკები, ქარხნები, კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები, საზღვაო პორტები და აეროპორტები, სარკინიგზო ლიანდაგები და სადგურები, საბავშვო ბაგები და ბაღები, კინოთეატრები და თეატრები, სკოლები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემიის შენობები, ბიბლიოთეკები, კულტურის სასახლეები, პანსიონატები, კურორტები, სანატორიუმები… დაინგრა თითქმის ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა, დაინგრა სოფლები და ქალაქები, თითქმის გასწორდა ცა და მიწა, მაგრამ საბჭოთა კავშირი და სოციალიზმი გადარჩა. გადარჩა სოციალური სამართლიანობის იდეა, გადარჩა მის მიმართ რწმენა და ერთგულება. დედამიწის ზურგზე არ აღმოჩნდა სამართლიანი ცხოვრების წესით შეკავშირებული საბჭოთა ერთობის მომრევი ძალა. კაპიტალისტების მიერ მოჭრილი უზარმაზარი ფული, მშრომელების ძარცვის გზით დაგროვილი მთელი მათი სიმდიდრე, მათ მიერ შექმნილი სამხედრო მონსტრი და ფაშისტური ურჩხულის იდეოლოგია, ერთად აღებული, არ აღმოჩნდა საკმარისი საბჭოთა კავშირის დასაჩოქებლად, მის დასაშლელად და გასანადგურებლად. მძლავრმა სოციალისტურმა სახელმწიფომ დიდი სამამულო ომისგან მიყენებული ჭრილობა საოცრად მოკლე დროში მოიშუშა, მთელი მატერიალური დანაკარგი ერთი ხუთწლედის განმავლობაში ომამდელ დონემდე აღადგინა, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ბირთული იარაღიც შექმნა და კოსმოსშიც გაიჭრა. იგი უძლეველი გახდა, მაგრამ, აგერ, ოთხი ათეული წელიწადის გასვლის შემდეგ, სადღაც ბელოვეჟის ტყეში შეკრებილი სამი მოღალატე ხელს აწერს ფარატინა ქაღალდზე ნაჯღაბნ გაუგონარ მკრეხელობას: Союз ССР как субъект международного права и геополитическая реальность прекращает своё существование!საოცარია ხომ?! რა უნდა მოჰყოლოდა ამას შედეგად? ის, რაც ასეთ დროს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე: უნდა დაეჭირათ ეს არამზადები და ან ფსიქიატრიულში ეკრათ თავი, ან საპყრობილეში, მაგრამ… შეხედეთ, რა ჩაიდინა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საბჭოთა კავშირის სათავეში მოთრეულმა პირველმა ნომერმა აგენტმა.
მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი: _ Дорогие соотечественники! Сограждане! В силу сложившейся ситуации с образованием Содружества Независимых Государств я прекращаю свою деятельность на посту Президента СССР.
ვალერი კვარაცხელია: _ გორბაჩოვის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმის პარალელურად, კრემლის გუმბათზე სამოცდაათი წელიწადის განმავლობაში ამაყად მოფრიალე საბჭოთა წითელი დროშა დაეშვა, მილიონთა ნაოცნებარი, მილიონთა მონაპოვარი, მილიონთა ოფლით ნაშენები და მილიონთა სისხლით შენარჩუნებული მშრომელთა სახელმწიფო დაეცა… კრემლის გუმბათზე კი იმავე წუთს კაპიტალისტური რუსეთის სამფეროვანი დროშა აღიმართა. უკან, ისტორიის სიღრმეში მოსროლილ და დასავლეთის აპლოდისმენტებით გაბრუებულ მოკავშირე რესპუბლიკებშიც, ნაციონალურ დროშებთან ერთად, ევროსაბჭოს, აშშ-ისა და ნატოს დროშები ააფრიალეს.
და, დაიწყო…
სეპარატისტულ განწყობათა აფეთქება, ხალხთა და ეროვნებათა ისტორიული ერთიანობის დაუნდობელი რღვევა და ნგრევა… მთიანი ყარაბაღი; ჩეჩნეთი; დნესტრისპირეთი; აფხაზეთი; სამხრეთ ოსეთი…
და, დაიწყო…
ამერიკელების მიერ მათთვის მიუღებელი ხელისუფლებების დასამხობად ინსპირირებული ე.წ. ფერადი რევოლუციები… საქართველო; ყირგიზეთი; უკრაინა; სომხეთი; ახლა ისევ ყირგიზეთი და ბელარუსი; ისევ მთიანი ყარაბაღი; მეორე წრე… მესამე წრე… აღარ მთავრდება, არ უჩანს დასასრული, მოდის და მოედინება ერთმანეთში არეული ომი და ქაოსი, გაურკვევლობა და განუკითხაობა, სისხლი და ცრემლი…
და, დაიწყო…
პრივატიზაცია (“პრიხვატიზაცია”). გამდიდრდნენ ერთეულები, გაღატაკდნენ მილიონები. ხალხი უმწეობაში აღმოჩნდა, გაჩანაგდა ფაბრიკა-ქარხნები, გაქრა სამუშაო ადგილები, განადგურდა მუშათა კლასი, მოისპო ინტელიგენცია, მშივრები დარჩნენ ბავშვები, მოხუცები, პერსპექტივა აღარ აქვთ ახალგაზრდებს…
და, დაიწყო…
სოციალური ემიგრაცია, ლუკმაპურის მაძიებლები ღობე-ყორეს აწყდებიან და საზღვარგარეთ მონური შრომის ფასად არსებობის შესანარჩუნებლად გარბიან…
და, დაიწყო…
ზნეობრივი კოლაფსი, გარყვნა, გადაგვარება, გათახსირება, წამოვიდა დასავლური ნაგავი ფსევდოლიტერატურის, ფსევდომუსიკის, ფსევდოხელოვნების სახით; გაჩაღდა აღვირახსნილი პროპაგანდა მამათმავლობისა, ლესბოსელობისა და სხვა ათასი უბედურებისა და უკუღმართობისა…
და, დაიწყო…
გაუთავებელი ბრძოლა დეპუტატების მანდატებისთვის, მინისტრების პორთფელებისთვის, გუბერნატორთა სკამებისთვის, სხვა მაღალი თუ დაბალი თანამდებობებისთვის…
და, დაიწყო…
ფულზე ფიქრი, ფულზე ოცნება, ფულს დახარბება, ფულით გაგიჟება და კორუფცია _ მასშტაბური, უკიდეგანო და გაუგონარი…
და, დაიწყო…
ნიაღვრად შემოდინება დასავლური კაპიტალისა სამშობლოს ინტერესების უტიფრად გამყიდველთა მოსასყიდი გრანტებისა და ტრანშების სახით.
და, დაიწყო…
ფულით ფულის კეთება და მევახშეობა. კერძო ბანკების თარეში და ნებადართული, დაკანონებული ძარცვა საზოგადოებისა, მშრომელებისა, პატიოსანი მოქალაქეებისა…
და, დაიწყო…
ჯანდაცვისა და განათლების უფასო სისტემების გადაკეთება ფულის მკეთებელ საამქროებად, მოგებაზე ორიენტირებულ კერძო დაწესებულებებად.
და, დაიწყო…
სოციალისტური სისტემის პირობებში უფასო საცხოვრებელ ბინებში მოსახლეობის მასობრივი შესახლების პროცესის ჩანაცვლება იმ ბინებიდან მოსახლეობის მასობრივი გამოსახლების პროცესით, მათი გაღატაკებისა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენების გზით…
და, დაიწყო…
ყვარყვარეთა დოღი პოლიტიკაში. პოლიტიკით ფულის მშოვნელთა მთელი არმიის ჩამოყალიბება, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ გააჩნიათ, დაძრწიან მდიდართა მიერ დაფინანსებული ერთი პარტიიდან მეორეში და ცხვირსახოცივით იცვლიან მრწამსს, შეხედულებებს, პოზიციებს, ოღონდ ამომრჩევლები როგორმე მოატყუონ…
ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ეს მოხდა ყოფილ საბჭოეთში, მათ შორის, რუსეთშიც.
მოხდა მზიანი დღის ხელოვნური, მიზანმიმართული დაბნელება, მოხდა ხალხთა წინასწარდაგეგმილი გაუბედურება, დიდი, გლობალური კატასტროფა.
ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევას მოჰყვა!
საოცარია, რომ ბევრი ამას დღემდე ვერ მიხვდა.
ამ საქმეში არის ერთი ნიუანსი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. საბჭოთა კავშირის მტრებმა სახელმწიფოს ფაქტიური დაშლის წინაპირობები შექმნეს, მაგრამ საამისო იურიდიული საფუძველი ვერ მოამზადეს, რის გამოც, დე იურე იგი დღესაც განაგრძობს არსებობას.
საბჭოთა კავშირის დე ფაქტო დაშლიდან ხუთ წლისთავზე რუსეთის სახელმწიფო დუმამ შოკისმომგვრელი დადგენილება მიიღო.
ამონაწერი რუსეთის პარლამენტის დადგენილებიდან:
ПОСТАНОВЛЕНИЕ Государственной Думы Федерального Собрания РФ от 15 марта 1996 г. № 157-II ГД)
Подтвердить, что Соглашение о создании Содружества Независимых Государств от 8 декабря 1991 года, подписанное Президентом РСФСР Б.Н.Ельциным и государственным секретарем РСФСР Г.Э.Бурбулисом ине утвержденное Съездом народных депутатов РСФСР– высшим органом государственной власти РСФСР, не имело и не имеет юридической силы в части, относящейся к прекращению существования Союза ССР.
Председатель Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации Г.Н.СЕЛЕЗНЕВ.
ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთის სახელმწიფო დუმის ამ უაღრესად მნიშვნელოვან (მე ვიტყოდი, ისტორიულ) დადგენილებას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვებოდა, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბელოვეჟის სამარცხვინო დოკუმენტზე ხელისმომწერი ბორის ელცინი იყო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არც ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებსა და არც თვით რუსეთში ჯერ არ იყო გავლილი საბჭოთა კავშირის დაშლითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით გამოწვეული აღტყინება, არ იყო ჩამცხრალი დასავლური საყოველთაო ეიფორია და ჯერ კიდევ არ ჩანდა საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ტრაგიზმის მთელი სიმძაფრე, ამიტომაც რუსეთის სახელმწიფო დუმის ამ რევოლუციურ გადაწყვეტილებას არავითარი პრაქტიკული შედეგი და გაგრძელება არ მოჰყოლია.
მას მერე დიდი დრო გავიდა. ახლა ყველაფერი დღესავით ნათელია. დასავლეთიც შიშველია და აღმოსავლეთიც, რუსეთიც შიშველია და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიც. ყველგან უმძიმესი რეალობაა. ნატომ ჩაყლაპა მთელი აღმოსავლეთი ევროპა (ყოფილი “ვარშავის პაქტის” სახელმწიფოები), ნატომ ჩაყლაპა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ჩაყლაპვას უპირებს უკრაინას, ბელარუსს, მოლდოვას, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. დასავლეთს ნატოს წევრი თურქეთი აზერბაიჯანთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების მიმართულებით მიჰყავს, რის შემდეგ ნატო კასპიის ზღვაზე გასასვლელს მოიპოვებს. ეს თუ განხორციელდება, რუსეთი საბოლოოდ აღმოჩნდება ნატოს ალყაში.
რა მოხდება ამის შემდეგ?
არ არის ძნელი წარმოდგენა და გააზრება იმისა, თუ რა შეიძლება ამას შედეგად მოჰყვეს, მაგრამ მე მაინც არ ვიჩქარებ პროგნოზების გაკეთებას. მოდით, ჯერ რუსული შეფასებები მოვისმინოთ და ებრაული წარმოშობის რუს ჟურნალისტს, პუტინისა და კრემლის პროპაგანდისტად ცნობილ ვლადიმერ სოლოვიოვს მოვუსმინოთ.
ვლადიმერ სოლოვიოვი, რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი (07.10.2020): _ ეს სახიფათოა, ეს სახიფათოა! ჩვენ თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს დავკარგავთ, აზერბაიჯანში თუ თურქეთი შევა, დაღესატანსაც დავკარგავთ… შემდეგ ძალიან სწრაფად დაიწყება სხვა ტერიტორიების დაკარგვა, თათრეთის… ბაშკირეთის… რომელ წითელ ხაზებზე მელაპარაკებით, როდესაც კიევის თავზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ, კიეველებს კი ეუბნებიან, _ მიესალმეთ, ხელი დაუქნიეთ?! რომელ წითელ ხაზებზე მელაპარაკებით, თუკი ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან უკვე განათავსეს, თუკი გერმანული ტანკები ბალტიისპირეთში დგანან, ამერიკული თვითმფრინავები კი ჩვენს ტერიტორიებზე შემოჭრებს ახორციელებენ და დაბომბვის იმიტაციას აკეთებენ?! უკვე აღარ არის არც ერთი წითელი ხაზი, რომელიც არ გადმოეკვეთოთ. რომელ წითელ ხაზზე მელაპარაკებით, თუკი ბელარუსზე შეტევა იმას ნიშნავს, რომ სმოლენსკთან ამერიკული (თუ გნებავთ, ნატოს) ჯარი იქნება, თუკი უკრაინაში უკვე გაჩნდა ამერიკული სამხედრო სტრუქტურა, ახლა კი იმას ველოდებით, როდის შემოგვიტევენ კავკასიიდან?! ჩვენ, ვისაც მოუნდა, ყველას მივეცით საშუალება, რომ წითელი ხაზები გადმოეკვეთათ. სულ ტყუილად!
ვალერი კვარაცხელია: _ ეს უკვე განგაშის ხმებია და განგაშის ზარია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიიდან. ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ეს მთლიანად ყოფილ საბჭოეთს ეხება. რა თქმა უნდა, სხვაგანაც და ჩვენშიც არიან ბრიყვები, რომლებიც ხარობენ იმით, რომ რუსეთს ალყაში აქცევენ, რამეთუ არ იციან, რომ რუსეთის ალყაში მოქცევა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ალყაში მოქცევაცაა; არ იციან, რომ რუსეთის დაშლა, თუკი ასეთი რამ მოხდება, თავის დროზე საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკათა ინტერესების ფეხქვეშ გათელვა იქნება, საქართველოსთვის კი, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოები მუშტრის თვალით შემოსცქერიან და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, საიდან რა წაჰგლიჯონ, საბოლოო განადგურების საფუძველი გახდება, ვინაიდან რეგიონში, მიუხედავად ამდენი არეულობისა და სისხლიანი ბატალიებისა, არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების ერთადერთი გარანტი კვლავაც რუსეთია. რუსეთის გარეშე მთელ საბჭოეთს ერთმანეთთან სისხლიანი გარჩევების მძლავრი ტალღა გადაუვლის, შემდეგ კი დასავლეთის საჯიჯგნ და სათარეშო ტერიტორიებად, ნედლეულის ბაზად და სამხედრო პოლიგონად ჩამოყალიბდებიან, საიდანაც თავის დაღწევის საშუალება ისტორიულ თვალსაწიერზე აღარ მიეცემათ.
_ გამოსავალიო, _ მკითხავთ. გაერთიანებასა და ერთად დგომაში ვხედავ გამოსავალს, დიდი სოციალისტური ოჯახის შექმნაში ვხედავ გადარჩენას, ერთიანი თავდაცვითი სამხედრო ბლოკის შექმნაში ვხედავ მომავალს. დიახ, დიახ, საბჭოთა კავშირის აღდგენაში ვხედავ გზას ხსნისას.
რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ბრძანა.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ Блоковые стереотипы мышления прошлых лет не могут быть хорошим инструментом для поиска и принятия эффективных решений в условиях быстро, стремительно меняющихся условий современного мира.
ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთის პრეზიდენტმა კი ბრძანა, რომ ბლოკური აზროვნება (Блоковое мышление) წარსულს ჩაბარდაო, მაგრამ ვერ დავეთანხმები, ვინაიდან დასავლეთის სწორედ ის Блоковое мышление (ნატო და ევროკავშირი) კიდია რუსეთის თავზე დამოკლეს მახვილად, რომელსაც ისევ და ისევ Блоковое мышление უნდა დაუპირისპირო, რომელიც Системное мышление-თი იქნება გაძლიერებული, ვინაიდან დასავლურ კაპიტალიზმს რუსული კაპიტალიზმით ვერ დაამარცხებ. დასავლური კაპიტალიზმის დაჩოქება და დამარცხება მხოლოდ სოციალისტურ სისტემას და სოციალისტურ სახელმწიფოთა მძლავრ იდეოლოგიურ გაერთიანებას ძალუძს. ამის პრეცედენტი ისტორიაში არსებობს, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა, სტალინის მეთაურობით, დასავლური ფაშიზმი და დასავლური კაპიტალიზმი ერთად დააჩოქა. დააკვირდით: საბჭოთა კავშირის დე ფაქტო დაშლის შემდეგ რუსეთის მიერ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა ბაზაზე ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების ყველა მცდელობა წარუმატებელი და მკვდრადშობილი აღმოჩნდა. ასეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (СНГ); ასეთია საბაჟო კავშირი (ТАМОЖЕННЫЙ СОЮЗ); ასეთია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ); ასეთია ევრაზიული კავშირი (ЕВРАЗЭС). ვერც ერთი ეს გაერთიანება ვერ შედგა, ვინაიდან კაპიტალისტური რუსეთი მიზიდულობის ცენტრად ვერ იქცა და ვერც მომავალში იქცევა. კაპიტალიზმის ვითარებაში მიზიდულობის ცენტრი ყოველთვის ამერიკა და ევროპა იქნება, ამიტომ კაპიტალისტური რუსეთის ინიციატივით შექმნილი ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანება მკვდრადშობილი აღმოჩნდება. საკმარისია, რუსეთში სოციალიზმის აღორძინება დაიწყოს, რომ მან განვითარების ისეთივე და უფრო მეტი ტემპები აიღოს, როგორი ტემპებიც სოციალისტურ (კომუნისტურ) ჩინეთს აქვს აღებული. ასეთ შემთხვევაში იგი მიზიდულობის მძლავრ ცენტრად იქცევა და უმოკლეს დროში უძლიერეს ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდება. რუსი ხალხი ამისთვის უკვე მზადაა, მაგრამ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება და მასთან შეზრდილი ოლიგარქია, რომელიც ცალი თვალით კი არა, ორივე თვალით დასავლეთს შესციცინებს და ნაშოვნ, ნაქურდალ თუ ნაყაჩაღარ კაპიტალს ამერიკასა და ევროპაში აბანდებს და ინახავს, ამისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. არავის არ შეუძლია თქმა იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ თქმა იმისა, რომ რუსეთისთვისაც და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისთვისაც ერთადერთი ხსნა და გადარჩენა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის რესტავრაციაა, ერთმნიშვნელოვნად და უყოყმანოდ შეიძლება. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს სტალინური სოციალიზმი და არა ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, ანდროპოვისა და გორბაჩოვის უკვე ძირგამოთხრილი და გაშარჟებული პაროდია სოციალიზმისა.
რეზო ჩხეიძის გენიალურ ფილმ “ჯარისკაცის მამაში” არის ერთი დიდებული ეპიზოდი. უკვე გაქცეული ფაშისტების დევნის ერთ მომენტში გიორგი მახარაშვილი თოვლში ჩამარხულ სასაზღვრო ფირნიშს აღმოაჩენს, რომელზეც ოთხი უძვირფასესი ასოა აღბეჭდილი _ СCCР. მას სიხარულისგან სუნთქვა ეკვრის, რადგან ეს სასაზღვრო აღნიშვნა იმის მაუწყებელია, რომ მტერი სოციალისტური სახელმწიფოს საზღვრებს მიღმაა გადარეკილი. იგი ჯარისკაცული სასოებით წმენდს ფირნიშს თოვლისა და ყინულისგან და თანამებრძოლებს აღტაცებული უხმობს, რათა ეს უდიდესი ამბავი ახაროს.
_ Николоз, вот это, уже… уже…
ზუსტად ისე უნდა გაირეკოს გარეული თუ შინაური მტერი და ზუსტად ისე უნდა აღდგეს თავის საზღვრებში საბჭოთა კავშირი, როგორც ეს 1945 წელს გააკეთეს საბჭოთა ჯარისკაცებმა ხალხების მამის გენიალური წინამძღოლობითა და თავდადებით.
ესაა ყოფილ საბჭოეთში შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი. ყველაფერი სხვა სიცრუეა, რომელიც დროის გაყვანას ემსახურება და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!
P. S. ვიცი, რომ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მრავალნი აღიძვრიან ჩემს წინააღმდეგ და ჩაქოლვას დამიპირებენ.
მაცხოვარი გეუბნებათ: პირველმა მან ესროლოს ქვა, ვინც უცოდველია!
მე კი მაცხოვრის სიტყვების ამგვარი პერიფრაზის უფლებას მივცემ თავს: პირველმა მან მესროლოს ქვა, ვისაც ჩემზე მეტად უყვარს სამშობლო!
მე ჩაქოლვის არ მეშინია, ის უფრო მაშინებს, ვაითუ, ვერავის ვერაფერი გავაგებინე…
ვალერი კვარაცხელია
საბჭოთა კავშირი და მასში შემავალი საბჭოთა საქართველოა, ჩემი სამშობლოოო!!! სოციალისტური საქართველოს შეუძლია მხოლოდ,ისტორიის უკუღმა დატრიალებული ბორბლის, კვლავ წაღმა დატრიალების! მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული ჯოჯოხეთი 30 წელია გრძელდება, პირადად მე მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პატიოსან მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი განიცდის ნოსტალგიას საბჭოთა კავშირის წარსულის მიმართ და ეს ნოსტალგია ერთ დღეს მძლავრ მოძრაობად გადაიქცევა, კვლავ გაერთიანებისკენ საბჭოთა კავშირ-2 -ის შემადგენლობაში. ავტორს კი დიდი მადლობა ამ სტატიისთვის და საერთოდ გაწეული შრომისთვის, რასაც თვალდაბურული, გონება არეული ხალხისთვის თვალის ახელა ჰქვია!
სსრკ არასოდეს აღდგება. ამაზე არც იოცნებოთ. ამას ქართველი ხალხი და განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდობა არ დაუშვებს. და რაც მთავარია თქვენ უმცირესობაში ხართ.
ბატონი კვარაცხელია თავის უაღრესად აქტუალურ თემატიკაზე “ოქროს კვეთაში” გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ ნაწარმოებებზე კომენტარს გვთხოვს. მე, პირადად ყოველთვის ვეხმიანები, მაგრამ რატომღაც საჯარო არ ხდება და სადღაც იკარგება! რა ვიცი, თითქოს სწორად ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ არ მიდის ავტორამდე და ფართო მკითხველამდე.