მთავარი საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: უწმინდესისა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა კისერს მოგვატეხინებს

ჯუმბერ პატიაშვილი: უწმინდესისა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა კისერს მოგვატეხინებს

1653
გააზიარეთ
ჯუმბერ პატიაშვილი

მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს”, _ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის 2018 წლის საღდგომო ეპისტოლეში

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა, ეკლესიისა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და რომელსაც გაშმაგებით უტევენ შინაური და გარეშე მტრები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ ჭითანავამ 2018 წელს გამოსცა წიგნი, რომელშიც აღნიშნულია: “პატრიარქის ინიციატივას ყოველთვის მხარს უჭერდა რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი. ვადასტურებ, რომ ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, საქართველოს პატრიარქის ინიციატივას სამების ტაძრის აშენების თაობაზე მხარი დაუჭირა”. რას ნიშნავდა კომუნისტებისთვის მართლმადიდებლობა, როგორ სწამდათ უფლის, რა იცოდნენ ჩვენი სარწმუნოების შესახებ იმხანად? როგორ დავიცვათ თავი უამრავი მტრისგან? ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მოკავშირე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი:

_ 25 მარტი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა და აუცილებელია, ვთქვათ, რომ სტალინის სახელს უკავშირდება 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სტალინი ჩემთვის ბოლომდე ამოუხსნელ ფენომენად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილკაცობიდან დღემდე დიდი ინტერესით ვეცნობი და ვკითხულობ მის შესახებ გამოცემულ ყველა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ნაწარმოებს. მისი ცხოვრება და პიროვნული შესაძლებლობები დღესაც მიუწვდომლად მიმაჩნია. ჩემთვის სტალინის ბიოგრაფია საქართველოს გასაბჭოებიდან არ იწყება. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა “ივერიაში” სტალინის “დილა”, იაკობ გოგებაშვილმა კი ეს ლექსი “დედა ენაში” შეიტანა. ალბათ, შვიდი-რვა წლისა ვიქნებოდი, მამა მივლინებაში იყო, დედამ მღვდელი რომ მოიყვანა სახლში და ფარულად მომნათლეს. მაშინ ასე ნათლავდნენ ბავშვებს. ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტში მყოფს, ხშირად მიხმია უფლისთვის გაჭირვების ჟამს და სასულიერო პირების მიმართაც ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული მოწიწება და პატივისცემა. ეს, პირველ რიგში, გენეტიკისა და გენეტიკური მეხსიერების დამსახურება იყო.

ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა. არადა, ცენტრალურ კომიტეტში სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა. მართლმადიდებლობა იყო ჩვენი სიამაყე. ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენი დედაეკლესია საქართველოს გადამრჩენი იყო…

_ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით სამების ტაძრის აშენებაში

_ იდეა სამების ეკლესიის აშენებისა, რა თქმა უნდა, ილია მეორეს ეკუთვნის… იდეის განხორციელებას კი ნამდვილად შევუწყვეთ ხელი. ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, სად და როგორ აშენებულიყო სამება.

როცა შეიქმნა კომისია, ირაკლი ანდრიაძეს დავავალეთ აღნიშნული საკითხის მოგვარება და სწორედ მაშინ შეირჩა სამების ტაძრისთვის ადგილი. ყველა მინისტრი ჩართული იყო ტაძრის მშენებლობის საქმეში.

ჩვენი აშენებულია სასულიერო აკადემიაც, რომელიც სიონის ტაძართან მდებარეობს. შენახული მაქვს პატრიარქის წერილი, რომელიც აკადემიის მშენებლობის დასრულებისას, 1988 წლის 4 იანვარს მომწერა და მინდა, გაგაცნოთ:

ბატონო ჯუმბერ, გელათის, იყალთოს, გრემის ცნობილ აკადემიათა გაუქმების შედეგ 800 წელი ელოდა ქართველი ხალხი საქართველოში უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის გახსნას და ახლა კურთხეული დღე დადგა; დადგა იგი, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნით; დადგა იგი უშუალოდ თქვენი მხარდაჭერითა და დახმარებით. ეს არის ის საქმე, რომლის სიდიადეს ერთბაშად ვერ აღიქვამს ადამიანი. ეს არის ის საქმე, რომლის აღსრულებისთვისაც თაობები იტყვიან მადლობას.

ჭეშმარიტად ბედნიერია ადამიანი, რომელსაც სხვისთვის სიხარულის მინიჭება შეუძლია და რაოდენ უსაზღვრო უნდა იყოს ბედნიერება იმ პიროვნებისა, ვისაც ძალუძს ღვთის განგებით, დიდი და ნამდვილი სიხარულით გაახაროს მთელი ერი. ერთერთი ასეთი სიხარული მოუტანეთ თქვენ ჩვენს ხალხს, ამიტომაც უღრმეს მადლობას გწირავთ და გლოცავთ. მადლობას გწირავთ ჟურნალჯვრის ვაზისგამოცემის გაზრდის გამოც.

ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპარტიარქი”.

_ ბატონო ჯუმბერ, დღეს გაძლიერდა შეტევა ეკლესიაზე. რას მოუტანს ეს საქართველოს?

_ საქართველოს ეკლესიაზე ასეთი შეტევა არ მახსოვს და ვიცი, რომ ეს ნგრევამდე მიგვიყვანს. შეურაცხმყოფელია ქართველისთვის იმის მოსმენა, რაც სატელევიზიო ეთერიდან ისმის. ეს უარყოფითად მოქმდებს ქვეყანასა და მომავალ თაობაზე. დაუშვებელია ეკლესიის მიმართ ასეთი აგრესიის გადმონთხევა. 1989 წლის 9 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უწმინდესს არ მოუსმინეს. ის ევედრებოდა შეკრებილებს, დაშლილიყვნენ, მაგრამ ყურად არ იღეს მისი ვედრება. მაშინ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის. ამაზე უკეთეს მაგალითს ვერ მოვიყვან. უწმინდესისა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა კისერს მოგვატეხინებს.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან და მანამდეც, ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უწევდა ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. სპარსელების, არაბების, თურქ-სელჩუკების, ხორაზმელებისა და მონღოლების შემოსევების მთავარ მიზანს ქვეყნის მოსპობასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების განადგურება შეადგენდა. ქართველმა ხალხმა უმძიმეს ბრძოლებში შეძლო სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და მართლმადიდებლობის დაცვა. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო მართლმადიდებლობის დაცვასთან. ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღესრულა უამრავი სასულიერო თუ საერო პირი.

მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობისათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როგორიც მოხდა 1227 წელს, როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა, შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის, ჯალალ ადდინის ბრძანება _ ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ დაეფურთხებინათ. პასუხად მტერმა მტკვარს გაატანა 100 000 ქართველი ქრისტიანის _ ქალისა და კაცის, ბავშვისა და მოხუცის _ მოკვეთილი თავი.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების პერიოდიდან საქართველოს ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა, დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია უამრავი ეკლესია-მონასტრით. მხოლოდ წმინდა გიორგის სახელზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული.

ქართველები ეკლესია-მონასტრებს აგებდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც _ პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმ. იაკობისა _ იერუსალიმშივე, ივერონი _ ათონის მთაზე. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ სრულიად საქრისტიანოსთვის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები. ეს ყველაფერი კომუნისტური პარტიის ყველა წევრმა ზედმიწევნით კარგად იცოდა. ვიცოდით, აგრეთვე, ის, რომ რუსეთიც მართლმადიდებელი ქვეყანა იყო და იქ ზუსტად იმ წმინდანების სახელებზე ლოცულობდნენ, რომლებზეც ჩვენ.

_ დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია: დაკარგული აქვს ტერიტორიები, მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, ვერ ვითარდება ეკონომიკა, ძალიან დაბალია განათლების დონე, რწმენაც კი შეგვირყიესვინ არის დღეს ჩვენი მტერი და მოყვარე?

_ რუსეთია ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა კავშირი აღვადგინოთ. ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობები გვქონდა დიდ მართლმადიდებლურ ქვეყნებთან. კომუნისტებმაც კარგად იცოდნენ, რომ ერთმორწმუნე ერებთან უნდა გვემეგობრა. უამრავი ქვეყნიდან გვაქვს მეგობრობის შემოთავაზება, მაგრამ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის გარეშე არ მოხდება.

არსებობს სიტყვა თანამეგობრობა, მასში არ იგულისხმება რაღაცის დათმობა, არამედ ზომიერი, ნორმალური ურთიერთობა. ეს თანამეგობრობა გვჭირდება რუსეთთან, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, შეგვინარჩუნებს რწმენას, სიმდიდრეს, განძს, რომელიც გვაქვს და ვერ ვიყენებთ.

გარდა ამისა, რუსეთი არის უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელიც ებრძვის მსოფლიო ბნელ ძალებს სარწმუნოების დასაცავად.

რუსეთის ძალისხმევით სერბეთში მიმდინარეობს ძალიან დიდი მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა. ამ პროცესში ბევრი ქართველია ჩართული, ტაძრის სამუშაობის უდიდეს ნაწილს რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, მხატვარი ზურაბ წერეთელი ასრულებს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. რუსეთის ხელისუფლების წევრებმა უკვე მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები. სერბეთში ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება და ეს რუსეთის დიდი დამსახურებაა.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება აქვთ დავალებული და ამ მისიას არაჩვეულებრივად ასრულებენ. მშვენივრად იციან, რომ მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინა, ჩვენმა რწმენამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ მაინც მის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. იციან ისიც, რომ მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით შევძლებთ ფეხზე წამოდგომას, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გასაღებიც ამ ქვეყნის ხელშია, მაგრამ მასთან ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ასეთ ვითარებაში მე და ჩემნაირებმა რაც უნდა ვთქვათ, არავის ესმის. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ახალგაზრდების გადაგვარება დაიწყეს. მომავალი თაობა, რომლისთვის ყველაფერი სულერთია, დამღუპველია ნებისმიერი ქვეყნისთვის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

2 COMMENTS

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here