Home რუბრიკები საზოგადოება “ხელბურთის პელე”

“ხელბურთის პელე”

1239
ჯემალ ცერცვაძე

ამა წლის 31 იანვარს სპორტის სასახლიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი ქართველი სპორტსმენი, მსოფლიო ხელბურთის ლეგენდა, “ხელბურთის პელედწოდებული ჯემალ ცერცვაძე, რომლის გზაც ხელბურთის მწვერვალებისკენ სწორედ ახალგახსნილ თბილისის სპორტის სასახლიდან დაიწყო.

თბილისის სპორტის სასახლე 1964 წლის მაისში საქართველოსა და უნგრეთის ხელბურთელთა ნაკრებების სახელბურთო შეხვედრით გაიხსნა. ეს მატჩი, რომელშიც ჯემალ ცერცვაძეც მონაწილეობდა, ქართველთა გამარჯვებით დასრულდა _ 17:15. საერთოდ კი, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ხელბურთი საქართველოში არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე ფეხბურთი და კალათბურთი. 1962 წელს სწორედ ქართველი ხელბურთელების გუნდმა თბილისის “ქარიშხალამ” მოიგო საბჭოთა კავშირის I ჩემპიონატი, 1963 წელს III ადგილი დაიკავა, ხოლო 1964 წელს, როდესაც თბილისის საფეხბურთო გუნდმა “დინამომ” სსრკ-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა, ქართველი ხელბურთელები უკვე ორგზის ჩემპიონები იყვნენ.

ჯემალ ცერცვაძე
ჯემალ ცერცვაძე

ჯემალ ცერცვაძე დაიბადა 1939 წლის 7 მაისს თბილისში. დაამთავრა რკინიგზის I სკოლა, კარგად თამაშობდა კალათბურთს და 1955-1957 წლებში რკინიგზის სკოლების საკავშირო საკალათბურთო ნაკრებში გამოდიოდა, “დინამოშიც” კი მიიწვიეს…

აი როგორ იხსენებდა ჯემალ ცერცვაძე პირველ ნაბიჯებს ხელბურთში:

“ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვვარჯიშობდით. ჩვენ გვერდით ხელბურთელებიც ემზადებოდნენ. იმხანად ისინი 11X11-ზე თამაშობდნენ. სპორტის ეს სახეობა ახალი შემოსული იყო ჩვენში. ჩემი მეგობარი, საშა ოდიშვილი, შემომიჩნდა, _ წამოდი, ნახე, რა იცი, რა ხდება, იქნებ მოგეწონოსო. იმხანად კალათბურთის ბურთს ცალ ხელში ადვილად ვიჭერდი და ხომ წარმოგიდგენიათ, ხელბურთის პატარა ბურთს როგორ “გავუმკლავდებოდი”. როგორც ჩანს, კარგად გამომივიდა, რადგან გუნდში ამიყვანეს. მწვრთნელმა გიორგი შარაშიძემ წლების შემდეგ მითხრა: პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ხელბურთისთვის იყავი გაჩენილიო. მალე მათთან ერთად საკავშირო პირველობაზე წავედი ლენინგრადში. იქ 8 უძლიერესი სახელბურთო ქალაქის პირველობა ტარდებოდა. ისე გავემგზავრე, კალათბურთში ჩემი მწვრთნელისთვის, გიორგი ავალიშვილისთვის, არაფერი მითქვამს. ეტყობა, ეს იყო ჩემი ბედი _ იმ ტურნირის შემდეგ საკავშირო ნაკრებში ამიყვანეს და საბოლოოდ ხელბურთში დავრჩი. ეს 1958 წელს მოხდა. ლენინგრადში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. თუ არ მეშლება, 49 ბურთი გავიტანე. ამის შემდეგ საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის აღმოვჩნდი. 1959 წლის სექტემბერში პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა _ კიევში პოლონელებს “დიდი ხელბურთი” ვეთამაშეთ 11X11-ზე. მოგვიანებით წესები შიცვალა და 7X7-ზე დავიწყეთ თამაში” (ვებგვერდი msy.gov.ge).

ჯემალ ცერცვაძე
ჯემალ ცერცვაძე

1960-იან წლებში ხელბურთი ისეთი პოპულარული იყო საქართველოში, რომ თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეჯიბრებებისას ხალხის მოზღვავების გამო წესრიგის დასაცავად ცხენოსანი მილიცია გამოჰყავდათ.

ჯემალ ცერცვაძე თავისი დახვეწილი ტექნიკით, თავბრუდამხვევი ფინტებით, ამოუცნობი ტყორცნებით ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო ხელბურთის ისტორიაში. ის ჟურნალისტებს არაერთხელ შეუმკიათ სხვადასხვა ეპითეტით. 1966 წელს დანიის საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც მეორე მსოფლიო ჩემპიონატი უწოდეს, “ხელბურთის პელე” შეარქვეს.

ჯემალ ცერცვაძე 1958 წელს მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1965 წელს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. გუნდში მის გარდა კიდევ ორი ქართველი იყო _ ჯემალ აბაიშვილი და ლერი კარტოზია. ჯემალ ცერცვაძე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 1967 წელს მომდევნო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრები ძლიერი იყო, მაგრამ ნახევარფინალში დანიის არცთუ ძლიერ ნაკრებთან დამარცხდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. საბჭოთა ნაკრების ხელბურთელთა ნაკრების იმ შემადგენლობაში 4 ქართველი ასპარეზობდა თბილისის “ქარიშხლადან” (“ბურევესტნიკი”): ჯემალ ცერცვაძე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე.

ჯემალ ცერცვაძე
ჯემალ ცერცვაძე

1970 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ითამაშა, თუმცა სსრკ-ის ნაკრებმა მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა.

მიაჩნდა, რომ 1964-65 წლების “ქარიშხალას” ისეთი ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, დამოუკიდებლად რომ გასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე, აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ, 1982 წელს, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. იმ ნაკრებში საქართველოს სახელით ალექსანდრე ანპილოგოვი მონაწილეობდა. ფილიგრანული ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და უძლიერესი ტყორცნების მქონე ჯემალ ცერცვაძე, რომელიც 1967 წელს შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე “ხელბურთის პელედ” მონათლეს, ეშმაკობითაც გამოირჩეოდა. აი, როგორ იხსენებდა ის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდს თავისი კარიერიდან:

“…სპორტის სასახლეში, როცა წინ გავიჭრებოდი ხოლმე, გულშემატკივრები მეძახდნენ: “ჯემალ, ცირკი, ჯემალ, ცირკი!” მეც ისეთ რაღაცას ვაკეთებდი, ხალხს რომ ესიამოვნებოდა. ერთხელ შვედებს ვეთამაშებოდით, მათი ერთი ხელბურთელი წამითაც არ მშორდებოდა, ძალიან მომაბეზრა თავი. ავდექი და რამდენჯერმე ჩავიარე კარს უკან, ისიც უკან გამომყვა. შვედი მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ამ ხელბურთელის საქმე ცუდად იყო და შეცვალეს. ჩვენი ქომაგები კი ხარხარებდნენ”.

ხელბურთის თამაშისთვის თავის დანებების შემდეგ ჯემალ ცერცვაძეს სპორტის ეს სახეობა არასოდეს მიუტოვებია, 1980 წელს დააარსა ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა, რომელიც მის სახელს ატარებს. ჯემალ ცერცვაძე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე თავისი საყვარელი ხელბურთით ცოცხლობდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

მიღწევები:

* 1958-75 წლებში იყო თბილისის “ქარიშხალას” (“ბურევესტნიკი”) თავდამსხმელი.

* 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.

* 1965, 1966, 1967 წლებში იყო სსრკ-ის ვერცხლის პრიზიორი.

* 1963 წელს _ ბრინჯაოს პრიზიორი.

* ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1962-1971).

* სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში (1958-1970) ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი, მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1962, 1967, 1970), მათგან ორში (1964, 1967) ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ შეიყვანეს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here