Home რუბრიკები პოლიტიკა ხალხს შია, ბატონებო, შია!

ხალხს შია, ბატონებო, შია!

1320
კალაძე, ჯანელიძე

ქართული ოცნებისთვისსაჩვენებელი წითელი ბარათი ამომრჩეველს უკვე ხელში უჭირავს

საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო და, როდემდე გაგრძელდება, კაცმა არ იცის. ევროპის დღეების გამართვაში მილიონობით ლარი იხარჯება და არავინ კითხულობს, სჭირდება თუ არა ეს საქართველოს მოსახლეობას.

რიყის მოედანზე მოწყობილ ლოკაციაზე (დედაქალაქის მერის ტერმინია) ევროპის ქვეყნების ელჩები, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და კიდევ არაერთი ჩინიანი თუ უჩინო მივიდა. მათ ვრცლად ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველო თავისი მსოფლმხედველობითა და ისტორიით ევროპის ნაწილია და უახლოეს მომავალში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ისე, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ორიოდე კვირის წინათ შესაბამისმა ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა ევროკავშირში მაკედონიისა და ალბანეთის მიღებაზე და არსად უხსენებია საქართველო. არ უხსენებია იმიტომ, რომ, ნატოს კარის მსგავსად, ევროკავშირის კარზეც უიმედოდ მოგვიწევს კაკუნი მანამ, სანამ ყველა არ მიხვდება, რომ ამ კარის გაღებას არასოდეს აპირებენ და, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირს საქართველო ერთადერთი მიზნისთვის სჭირდება _ ევაჭროს რუსეთს და საჭიროების შემთხვევაში რიგითიმიხეილ სააკაშვილიწააქეზოს და ჩრდილოელ მეზობელთან ომში ჩააბას.

“რიყის ლოკაციის” მოვლის შემდეგ, სამთავრობო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ახალციხეში გაემართა, სადაც ფორუმი სახელწოდებით “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი” დაიწყო. საინტერესოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერმაც გამოსვლა შემდეგი წინადადებით დაიწყეს: “ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურ ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას…” არადა, აღნიშნული ფორუმი პირველად იმართება და რატომ არის ყოველწლიური, ვერ გეტყვით, თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რაც პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა:

“დღეიდან იწყება ევროპის დღეები. თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით და მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ახალციხეში, ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს _ “დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის”. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს ამ ინიციატივისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და, რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნასა და განვითარებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებასა და კომპეტენციების გამიჯვნას. ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია ეს რეფორმა ჩვენი მომავალი რეფორმების რიგში. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მშპ-ს მიმართ გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება”.

პრემიერმა პირდაპირ თქვა, ჩვენ, სულ ცოტა, ათ წელს ვაპირებთ ხელისუფლებაში ყოფნას და შემოსავალს სწორედ ამ ათი წლის შემდეგ გაგიორმაგებთო. ნაცნობი რიტორიკაა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი მიდგომა, ათ და ოცწლიან გეგმებს სახავდა და სულაც არ აინტერესებდა, რას ფიქრობდა ხალხი, მაგრამ სწორედ ხალხმა უჩვენა წითელი ბარათი ნაციონალებს 2012 წელს და გვერწმუნეთ, ბატონებო, “ქართული ოცნებისთვის” საჩვენებელი წითელი ბარათი ამომრჩეველს უკვე ხელში უჭირავს. რომელ ათწლიან გეგმაზე საუბრობს პრემიერი, როცა რეგიონებში, იმ რეგიონებში, რომლებიც თურმე ახლა დამოუკიდებლები და ცენტრალური ხელისუფლებისგან თავისუფლები არიან, ხალხი, უბრალოდ, შიმშილობს. ჰო, შიმშილობს და ახალარჩეულმა თვითმმართველმა ორგანოებმა ერთადერთი, ვიმეორებთ _ ერთადერთი, რაც გააკეთეს, საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატებაა. ჩვენ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არ დაწყებულა ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი პროექტი. მუნიციპალიტეტების მერები თავიანთი წინამორბედების მიერ შესყიდული პროექტების “ჩაკორექტურებით” არიან დაკავებული და შემდეგ აპირებენ ამ პროექტის დაწყებას.

უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, წინა გამგებლებმა პროექტები რომ შეისყიდეს, მათში ცვლილებების შეტანა შეიქნა საჭირო, რადგან ლარის ინფლაციის ფონზე ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთხელ შესყიდულ პროექტს ისევ საპროექტოს უბრუნებენ, ისევ უხდიან პროექტის თანხას, შემდეგ ორთვიანი ვადაა ტენდერის გამოსაცხადებლად, შემდეგ კიდევ _ ორთვიანი სამუშაოების დასაწყებად და თურმე ეს ყოფილა მთავარი მიღწევა.

ადამიანი სანაგვე ურნასთან

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ზურგს უკან გვაქვს მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდავოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონს შორის და ეს უთანასწორობა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მთლიანი შიგა პროდუქტის მიმართ გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით მეტი ჟანგბადი, გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ ეს შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით მეტი გვინდა. ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელს, თავიანთ რაიონს ემსახურონ. სწორედ ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით მეტი საშუალება მათთვის დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზების”, _ ესეც პრემიერმინისტრის სიტყვებია.

გეცნოთ რიტორიკა? სააკაშვილმა რომ დაიწყო ევროპიდან და ამერიკიდან იქაურ დიპლომიანი ადამიანების ჩამოყვანა და, სურდათ თუ არა, მინისტრად რომ ნიშნავდა?! ასე მივიღეთ მიშას ზეობის პერიოდში თანამდებობაზე ვერა ქობალია, პრემიერმინისტრად _ გეგა მგალობლიშვილი, კაცი, რომელიც ორი თვის შემდეგ თანამდებობიდან წავიდა და დღემდე პოლიტიკას აღარ გაჰკარებია.

სხვათა შორის, პრემიერი იმუქრება, თვითმმართველობები ერთმანეთს უნდა გავუთანაბროთ ფინანსურად, რათა ყველა რეგიონი ერთნაირად განვითარდესო და საინტერესოა, ყველაზე ღარიბი გურიის რეგიონის ფინანსებზე უნდა გაკეთდეს სწორება თუ შედარებით მსუყე ბიუჯეტის მქონე კახეთსა და ქვემო ქართლზე?!

რეალობა მწარეა _ ქართული ოცნებასულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს არაფრისმომცემი ზეიმების გამართვაში, უცხოური დელეგაციების მასპინძლობასა და მათთვის დელიკატესების მირთმევაში, მაშინ, როცა მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები, უკვე ნახევარ წელზე მეტია, მხოლოდ ხეების გადატანას უკავშირდება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების ბოლო წლების ნამოქმედარს და რატომღაც არ გვჯერა, რომ “ოცნების” ლიდერები ვერ ხვდებიან, როგორ დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. მოსახლეობას არავინ ეკითხება, სჭირდება თუ არა ევროპის დღეები და მისთვის გაწეული ხარჯები; ამომრჩეველს არც იმას ეკითხებიან, სურთ თუ არა ათი წლის შემდეგ მიღებული გაორმაგებული შემოსავალი, რადგან ათი წლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში ამ შემოსავლის მიმღები ფიზიკურად აღარავინ იქნეს.

ხალხს შია, ბატონებო, შია!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here