Home რუბრიკები პოლიტიკა ხალხი სხვაა, ხელისუფლება _ სხვა, “შუა უზის დიდი ზღვარი”

ხალხი სხვაა, ხელისუფლება _ სხვა, “შუა უზის დიდი ზღვარი”

2492
გიორგი ხანიშვილი

შემოდგომა დადგა და, შესაბამისად, რთველიც კარს მოგვადგა _ რთველი, რომელიც ქართველი კაცის თვითმყოფადობასთან ასოცირდება; ღვინო, რომლის სამშობლოდაც საქართველო ითვლება; და ყურძენი, რომლის მოვლაც ლოცვას ჰგავსსეტყვისა თუ სხვა ბუნებრივი სტიქიის მიუხედავად, მოსავალი წლეულს საკმაოდ კარგი იქნება და ამას არც კახელი გლეხები მალავენ. ისინი დიდი იმედით უყურებენ რთველს და ვარაუდობენ, რომ იმდენ შემოსავალს მიიღებენ, მომავალ რთვლამდე თუ არა, ნახევარი წელი მაინც იმყოფინებენ. ასეა ყოველთვის, მერე იწყება სახელმწიფოს მხრიდან იმის გაცხადება, რომ რთველი წარმატებულია, გლეხები დაბალ ფასზე ჩივიან და საბოლოოდ, პრინციპით _ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი, გლეხობის ძირითადი ნაწილი უკმაყოფილო რჩება, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას კი საერთოდ არ ადარდებს, ვინმემ იზარალა თუ იხეირა ყურძნის მოსავლით.

როგორც უნდა შევალამაზოთ და როგორც უნდა დავმალოთ, ფაქტია _ შარშან და მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოდან უცხოურ ბაზარზე გასული ღვინის ლამის 80%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა, დანარჩენი კი 49 ქვეყანაზე გადანაწილდა.

წელს 10 ათასი ტონა ატამი გავიდა ექსპორტზე; სამწუხაროდ, ძირითადად, რუსეთში. ტერიტორიული სიახლოვისა და იმის გამო, რომ რუსული ბაზარი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია. სადაც მეტს იხდიან, პროდუქტიც იქით მიდის. რესურსი იხარჯება ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით და არც ერთი თეთრი რუსეთის ბაზარზე გასვლას არ ხმარდება. ჩვენი ატამი იყიდება აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში, სადაც ჩვენი ოპერატორები მუშაობენ. სხვა ბაზრებზეც თანდათან გავალთ. ასე იქნება კენკროვანი კულტურების შემთხვევაშიც. 2018-19 წლების სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 14 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა, რაც 90-ინი წლების შემდეგ არ მომხდარა”, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

ეს კაცი ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარი არის ყველაზე მაღლფასიანი ბაზარი, არის ყველაზე ახლოს და არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ქართული პროდუქტი იყიდება… სამწუხაროა, რომ ასეაო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მინისტრის მოადგილე წუხს იმაზე, რომ გლეხები პროდუქტს ახლოს ძვირად და მარტივად ყიდიან და იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვითარდეს, სახელმწიფო არც ერთ თეთრს არ ხარჯავს, სამაგიეროდ მილიონები იხარჯება სხვა ბაზრების ათვისებაზე დამაინც არაფერი გამოდის. რუსული ბაზარი კი, რომელიც თურმე თავის ნებაზეა მიშვებული და ყურადღებას არავინ აქცევს, მაინც ყველას სჯობს, მაინც საუკეთესოა და გლეხობა, ძირითადადმას ეტანება.

პოლიტიკურ ენაზე ამას, სავარაუდოდ, პოლიტიკური სიბეცე ჰქვია, მაგრამ იმის ახსნაც საჭიროა, რატომ იჩენს ხელისუფლება ამ სიბეცეს და მართლა ვერ ამჩნევს თუ არ იმჩნევს, რომ საკუთარი ხელით ანადგურებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე სოფლის მეურნეობის მომავალს. ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება ხომ მილიარდიანი ინვესტიცია იყო სოფლის მეურნეობაში და რისთვის უნდა განხორციელდეს (ნაწილი უკვე განხორციელდა) ეს ინვესტიცია, თუ ხმამაღლა ვიტყვით იმას, რომ გვაქვს ყველაზე მაღალფასიანი და ყველაზე ახლო ბაზარი, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ ამ ბაზარზე და მილიონებს ვხარჯავთ იმისთვის, რომ შევიდეთ სხვა ბაზრებზე, ანუ იქ, სადაც რეალურად იმ პროდუქციის ნახევარიც კი არ გვეყიდება, რამდენიც ამ ერთ ბაზარზე?

ნათქვამია, სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები _ სხვისაზეო. ამ ხელისუფლებამ კი ვერც სხვის შეცდომაზე ისწავლა და ვერც საკუთარზე. მტკიცებით ფორმაში შეიძლება იმის თქმა, რომ ის თანხა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დახარჯა ქართული პროდუქციის პიარში, უპრეცედენტოა და ამჟამინდელი ხელისუფლების დანახარჯი ამ მიმართულებით ახლოსაც ვერ მივა. იმხანად ქართული პროდუქციის პიარში ჩართული იყო ყველა _ ხელისუფლების პირველი პირებით დაწყებული, ელჩებითა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებით დამთავრებული, მაგრამ იმ პირობებშიც კი, როცა ათეულობით მილიონს ვხარჯავდით, როცა საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ უცხოელს შინ ყუთებით ვატანდით მინერალურ წყალსა თუ ღვინოებს, ვერ მოხერხდა სრულფასოვანი შემცვლელი ბაზრის პოვნა. ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ, მსოფლიო პოლიტიკის მიხედვით, ყველა მსხვილი ბაზარი გადანაწილებულია, ზესახელმწიფოების პრეზიდენტების დონეზე გადაწყვეტილია, სად, რა და რა ოდენობით უნდა გაიყიდოს და საქართველოს იქ ცხვირს არავინ შეაყოფინებს. არავინ დააზარალებს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას 0,1%-ითაც კი საქართველოს გამო. ამის ნათელი მაგალითი სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გვქონდა. სააკაშვილი-სარკოზის მეგობრობის ფონზე, ფრანგულ ბაზარზე ქართული მინერალური წყალი შეიტანეს  და ერთ თვეში აღგავეს პირისაგან მიწისა, რადგან ფრანგული მინერალური წყალი 0,001%-ით ნაკლები გაიყიდა. რეალურად, საუბარი სულ რამდენიმე ათას ევროზე იყო, მაგრამ ის რამდენიმე ათასი ევროც კი არ მოაკლეს საფრანგეთის ბიუჯეტს.

და ახლა, როცა ეს მაგალითი თვალწინ გვაქვს, მინისტრის მოადგილე ურცხვად ამბობს, რომ, ყველა სიკეთის მიუხედავად, ხელისუფლება ეძებს ალტერნატიულ გზას, რათა გათავისუფლდეს ყველაზე მომგებიანი ბაზრისგან, მაგრამ ჯერჯერობით ეს გზა არ ჩანს. არც მანამდე ჩანდა, არც მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ევროპასა და ამერიკას ხომ უნდა ვაამოთ და ხომ უნდა დავანახვოთ, რომ რუსეთს ვებრძვით, ქართული პროდუქციისა და ქართველი გლეხის, ქართული ეკონომიკის ხარჯზე ვებრძვით და მერე რა, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სწორედ ქართულ სახელმწიფოს აზარალებს?! მთავარია, ევროპასა და ამერიკას ვასიამოვნოთ.

“კახეთში არ იცოდნენ, კენკრა სად შეენახათ. მაცივრებში ატამი იყო დასაწყობებული, იქ კენკრას ვერ შეიტანდნენ, რადგან ამ ორ ხილს სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება… ექსპორტი ასე არ ხდება. 10, 20 ან 5 ტონით ექსპორტი არ ხდება. თქვენ მერე შეიძლება დასვათ საკითხი, ფულს ვინ გადაუხდის, ვინ გადაუზიდავს, თვითმფრინავს ვინ დაუქირავებს. ექსპორტი ეს არ არის. მე ვერ დავუკრეფ და ვერ შევუნახავ. ვინც ამ ბიზნესს ხელს ჰკიდებს, მან უნდა გათვალოს, სად უნდა მიაწოდოს, რომელ ბაზარს. სახელმწიფო არ ეძებს გასაღების ბაზარს”, _ ეს სიტყვებიც გიორგი ხანიშვილს ეკუთვნის.

საოცარია, მაგრამ ფაქტი: ბატონი გიორგი ჯერ ამბობს, სახელმწიფო გასაღების ბაზარს ეძებსო და შემდეგ _ სახელმწიფო გასაღების ბაზარს არ ეძებს და ვინც ექსპორტზე ფიქრობს, ბაზარიც იმან უნდა მოძებნოსო. თუმცა, მოძებნილი რუსული ბაზარი სახელმწიფოს “სამწუხაროდ” ხელს არ აძლევს, გადამხდელუნარიანი ბაზარი არ აძლევს ხელს და როგორ არ ვთქვათ, რომ ეს პარადოქსი არ არის?!

საზოგადოდ, ასეთი მიდგომა ერთადერთ რამეს ემსახურება _ დაანახვონ ევროპასა და ამერიკას, რომ მათ მიერ გადმოგდებული გრანტების გამო, ხელისუფლების უმაღლესი პირები მზად არიან, ყველა და ყველაფერი ზვარაკად შესწირონ; მათ შორის, გლეხობაც, რომელზეც, წესით, უნდა იდგეს ქართული ეკონომიკა და რომლის ძლიერება ქვეყნის ძლიერების საწინდარი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ამგვარი განცხადებებით ცდილობენ, დასავლეთს თავი მოაწონონ, მაინც წამოსცდებათ ხოლმე “მწარე სიმართლე”, მაინც გაექცევათ ხოლმე სიტყვა და უწევთ იმის აღიარება, რომ რუსული ბაზარი რეალურად უალტერნატივოა. ეს მაშინ, როცა სწორედ რუსული ბაზარითავისუფალ ცურვაშიაგაშვებული, ხელისუფლება ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს და ის მაინც საუკეთესოდ რჩება.

კარგად გემახსოვრებათ, თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა რომ თქვა, _ ფეკალიებიც კი გაიყიდება რუსულ ბაზარზეო. არადა, მაგ “ფეკალიების ბაზრისთვის”  მსოფლიო იბრძვის, არსებული სანქციების მიუხედავად, ყველა ცდილობს, საკუთარი პროდუქცია შეიტანოს რუსულ ბაზარზე და თავისი ადგილი ჰქონდეს. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ რუსულ ბაზარზეა ჩამოკიდებული და გამოკიდებული თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა და ამ განვითარებულ ქვეყნებს სწორედ ისეთი სახელმწიფოები უშლიან, როგორიც საქართველოა. ამიტომ საქართველოს დარ ქვეყნებს რუსულ ბაზარზე სავალი გზა უნდა მოეჭრათ და იქ მხოლოდ ძლიერებს დარჩეთ მისასვლელი თუ შესასვლელი. საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ ხვდებაო, რომ ვთქვათ, სისულელე იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან ყველაფერი ციფრებში და, ამის მიუხედავად, იქცევიან ისე, რომ რიგითი ადამიანები დაზარალდნენ, ისინი, ვისზეც სახელმწიფო უნდა იდგეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here