მთავარი საზოგადოება ძირს კოკები! თამარ მეფე მობრძანდება!

ძირს კოკები! თამარ მეფე მობრძანდება!

641
გააზიარეთ
ძირს კოკები! თამარ მეფე მობრძანდება!

ტელეეკრანს რომ მიაჩერდე, გეგონება, საქართველოში საპროტესტო აქციების გარდა, ხალხს არაფერი აინტერესებს, კიდევ _ ყოფილების ფართხალი და ვიღაც ნიკა გვარამიას ბილწსიტყვაობა, რომელიც დამწყები ხულიგნისვაჟკაცობისდონეს ვერ გასცილებია. გინება უსწავლია ყმაწვილსმაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს სხვა საქართველო, ჩვენი საერთო და საამაყო სამშობლო. თავისი საუკუნოვანი ტრადიციებით. ერთი ასეთი 10 აგვისტოს გაიმართა გურჯაანის რაიონში, სოფელ ძირკოკის საჭიდაოზე. იქ გახლდით.

არჩილ ხანდამაშვილი
არჩილ ხანდამაშვილი

_ უძველესი ტრადიციაა, _ ამბობს არჩილ ხანდამაშვილი, _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, _ საუკუნეს მაინც ითვლის. ყოველ აგვისტოში იკრიბებიან ჭიდაობის მოყვარულები სოფლის ცენტრში, ამფითეატრში, ფალავნის გამოსავლენად.

ამ ტრადიციის აღდგენას ვცდილობთ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის _ დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და ყველა ჩვენგანის ძალისხმევით.

_ მაგრამ, როგორც ამბობენ, ტრადიციის ამ აღდგენას სიახლეც ახლავსო.

_ მნიშვნელოვანი სიახლე, მე ვიტყოდი. გაისად, აგვისტოში ძირკოკის საჭიდაო მოედანზე თუ ამოხვალთ, აქ დაგხვდებათ თანამედროვე ღია სპორტული კომპლექსი, ამფითეატრის პრინციპით აგებული.

_ ღია?

_ დიახ! თორემ ყველა სხვა ვარიანტში დაიკარგება ის ხიბლი, რომელიც ახასიათებდა აქაურობას _ ხელმისაწვდომობა, სახალხოობა.

უნიკალური ადგილია: ორ გზას შორის მოქცეული საომარი, საასპარეზო ლელო, ერთ მხარეს _ რკინიგზის ლიანდაგი, მეორეს _ საავტომობილო გზა, დამრეცი კალთები ასპარეზის ცენტრს ეყრდნობა, ანტიკური თეატრის სცენის მოსწორებულ სიმრგვალეს, რომელიც 10 აგვისტოსთვის საგანგებოდ მოერწყოთ და დაეგავათ.

ნახერხდაყრილი.

სოფლის პატარა ბიჭები, მზესუმზირას შეუჩერებლად რომ აკნატუნებდნენ, ნაჭუჭს მუჭში იყრიდნენ _ აიო, უფროსების შენიშვნის საპასუხოდ გაშლიდნენ ხელისგულებს: დაბლა არა ვყრით, მუჭში ვინახავთო.

მოკლედ, სადმე ესპანეთში გრუნტის კორტებზე ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამზადებულმა საასპარეზომ სადაც თავისი თქვას, იქ ჩვენიც დაიკვეხნოსო.

ჩვენი _ ძირკოკისა, რომლის სახელშივეა ჩადებული ლეგენდის ეშხი და სილამაზე.

სტუმარ-მასპინძლები შეჯიბრის დაწყებამდე
სტუმარ-მასპინძლები შეჯიბრის დაწყებამდე

დიდებული მეფე თამარი მობრძანდებოდა თურმე კახეთს.

თამარ მეფე, თეთრი სიზმარი ჩვენი, წმინდანი, მაშინ მხოლოდ მეფე, მიუძღოდა ამალას. დილა იყო და სოფლის ლამაზმანები სავსე კოკებით მხარშედგმულები წყაროსთვალიდან შინისკენ მიისწრაფვოდნენ.

_ ძირს კოკები! თამარ მეფე მობრძანდება! _ შეუძახეს წინმავლებმა.

შეჩერდნენ სოფლის მზეთუნახავები, ჩამოიღეს მხრებიდან კოკები, მიწაზე დადგეს, მუხლი მოიყარეს და თავდახრით მიესალმნენ ამქვეყნიურ სასწაულს.

ღიმილით ჩაუარა მათ მწკრივს თამარმა. კმაყოფილმა.

კოკასა შიგან იდგა ანკარა წყალი, რომლის წვეთები სიხარულის ცრემლებივით ჩამოსდიოდა ყელყელა დოქებს და უკვდავების წყაროდ ეპკურებოდა აგვისტოს ხვატით გამომშრალ მიწას, რომელიც რთველით იყო უკვე ორსული.

ძირკოკი აქედან მოდის

დღევანდელობა პრაგმატულია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი შესაფერის ტონალობაში განაგრძობს საუბარს: საჭიდაო არენას, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი ექნება დათმობილი. მოვაწყობთ მცირე სტადიონს მინიფეხბურთის, ხელბურთისა და სხვა სპორტული სათამაშო სახეობების გასამართავად, ბავშვთა გუნდების გასაწვრთნელად.

გაის ამ დროს აქ სპორტული შეჯიბრი დაგხვდებათ
გაის ამ დროს აქ სპორტული შეჯიბრი დაგხვდებათ

_ ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც იუნესკომ ქართული ჭიდაობა შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური ღირებულებების ნუსხაში, სპორტის ეს სახეობა თითქოს მივიწყებას მიეცა. ვაღიარებინეთ და _ მორჩა, თითქოს ეს იყო ჩვენი მიზანი და არა ამ კულტურული ტრადიციის შემდგომი განვითარებისთვის იუნესკოს მხარდაჭერისა და აღიარების გამოყენება.

_ მინავლებული იყო ეს ტრადიცია, _ საუბარში ერთვება ბატონი გოგი მაჩხაშვილი, წლების განმავლობაში კახეთის მხარეში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და ბრწყინვალე მცოდნე კახეთის უახლესი ისტორიის, თუმცა არც ძველში დაუდებს ვინმეს ტოლს.

_ ბიძინა სონღულაშვილის იდეა მისმა ვაჟმა დავითმა კბილებით დაიჭირა, გააუმჯობესა. ახალი პროექტი გაკეთდა _ გასახდელებით, საშხაპეებით, ტრიბუნებით, განათებით. 150 ათასი ლარი ჯდება.

2019 წლის ფალავნები - გიორგი კობაიძე (დედოფლისწყარო) და გიორგი ბახბახიშვილი (თელავი)
2019 წლის ფალავნები – გიორგი კობაიძე (დედოფლისწყარო) და გიორგი ბახბახიშვილი (თელავი)

_ აფინანსებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი?

_ არა. რეგფონდი.

_ რეგფონდი რას ნიშნავს? _ გავფუჭდი კაცი, _ ეგეთი ქართული არ ვიციმეთქი

_ რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროშია, _ ისევ გოგი მაჩხაშვილი მშველის. აშენდა მისი ოჯახი!

_ ჩვენ ვაწვდით ჩვენს წინადადებებს, რა გვჭირდება და რა გვინდა. დათო სონღულაშვილი იქ იბრძვის ამ ჩვენი ინიციატივების დასაფინანსებლად. იმარჯვებს. ეგაა დეპუტატის დამსახურება. ეს იქნება არა მხოლოდ სპორტული, არამედ, საერთოდ, ახალგაზრდული სივრცე, სადაც გამოვლენ თეატრალური და მუსიკალური კოლექტივები, ახალგაზრდა შემოქმედები, გაიმართება ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლები და ა.შ.

გელა დალაქიშვილი სპორტული აიპის (არასამეწარმეო იურიდიული პირის) ხელმძღვანელია, მაგარი მოჭიდავე იყო. მსოფლიო ჩემპიონობის გარდა, ყველა ტიტული აქვს მოპოვებული.

სპორტულ თემატიკაზე მასთან განვაგრძობ საუბარს: ძირკოკელი ჩემპიონების დასახელებას ვთხოვ.

_ აბო ცანკაშვილი! _ ერთხმად და ერთდროულად მიპასუხებს მთელი გუნდი, _ ხალხიდან გამოსული გმირივით იყოო, ფალავანი იყოო, მაგის მომგები არავინ იყოოგასული საუკუნის 40-50-იან წლებზეა ლაპარაკი.

ოლიმპიური ჩემპიონები გვყავს აქედან გაზრდილი, მაგალითად, რეზო მინდორაშვილი. სულ ცხელცხელია.

ძირძველი ძირკოკელები _ ბორის ფენაშვილი და ზაურ ყალაბეგაშვილი იტყვიან, რომ ძირკოკი ნახერხზე ქართული ჭიდაობის მექაა.

სამამულო ომის წინა პერიოდში, ამაღლების ტრადიციულ დღეობაზე (იმართება აღდგომიდან მეორმოცე დღეს) აქ ჩამოდიოდნენ სახელგანთქმული ფალავნები, მათ შორის არსენ მეკოკიშვილი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

ძირკოკის მკვიდრი მოჭიდავეები იყვნენ: ნიკალა ცანკაშვილი და მისი ძმა რომანი, ნიკალას შვილი ალბერტ ცანკაშვილი (აბო), რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო და ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ჩემპიონობაც მოიპოვა. ბეჟან თევდორაშვილი 1954 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

შესანიშნავად ჭიდაობდნენ: ჟორა გაბოშვილი, გივი და ჯემალ გველუკაშვილები, ნოე ყალაბეგაშვილი, იური სონღულაშვილი. ყველანი ძირკოკელები გახლდნენ.

არც აქ გამართული ტურნირები აკლდა ძირკოკს.

_ ვინ ჩამოთვლის!

_ ახალი კომპლექსი მხოლოდ ჩემპიონობისთვის არ გვინდა. ეს იქნება ახალგაზრდობის თავშეყრის, გართობის, ძალის მოსინჯვისა და თვითდამკვიდრების ადგილი. ზვიადაურმა აქ გამოიჩინა თავი, ფალავანი რომ გახდა და მხრებზე ჭედილა შეიგდო, აქედან წავიდა და წავიდა მისი სახელი.

_ ვინც ფალავანი გახდება, ჭედილას ორი ხელი უნდა ჩაავლოს და მხრებზე შეიგდოს! _ განმიმარტავენ დამატებით და ამ დროს საუბარი უკვე კოლექტიურ შეხვედრად ჩამოყალიბდა, რომელიც ყველამ გაამდიდრა იმით, რაც იცოდა და მაქსიმალურად საქმის კურსში ჩააყენა ხალხთან საუბარს დანატრებული დედაქალაქელი რეპორტიორი.

_ შარშან აქაური ფალავანი გახდა ალექსანდრე ქავთარაძე, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი. დღეს ბევრნი ჩამოვლენ: მათიაშვილი, ბუღაძე, ზაქარიაძე. აქ ჭიდაობა და ამ ასპარეზზე გამოსვლა მიმზიდველი და საინტერესოა ყველასთვის, ვისაც კი ქართულ ჭიდაობასთან აქვს შეხება. როცა იტყვის ძირკოკში ვიჭიდავე, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

_ მოსახლეობის ინტერესი თუ არის?

_ განსაკუთრებით _ ახალგაზრდობის!

და არა მარტო ძირკოკელი ახალგაზრდობის.

ადგილობრივი უფროსთაობელები ამტკიცებენ, რომ ეს ტრადიცია გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოდის. აქ სახელგანთქმულ არსენ მეკოკიშვილსაც უჭიდავია თავის დროზე. ბიძინა მაზიაშვილიც ნამყოფია, ანზორ მარტყოფლიშვილი _ არაერთგზის. აქ საჭიდაოდ მოდიოდნენ ახმეტიდან, ყვარლიდან, საგარეჯოდან. ახალსოფელში სერიოზული მოჭიდავეები ჰყავდათ. ბილეთები იყიდებოდა შეჯიბრებაზე დასასწრებლად. ფსონს ჩადიოდნენ, რომელიც გამარჯვებულს შინ მიჰქონდა.

_ უმეტესად ადგილობრივები იმარჯვებენ? _ ჩავრთე შეკითხვა.

_ არაა აუცილებელი! სპორტი სპორტია. რა თქმა უნდა, ჩხუბიც ხშირად ყოფილა.

იმ წელს კარდენახში ტარდებოდა ჩემპიონატი. აბო ცანკაშვილი ნასვამი ყოფილა თურმე. უცებ ვინმე ახალგაზრდა სპორტსმენი გამოვარდნილა, სცემია ცანკაშვილს და წაუქცევია. არ სცოდნია, ვინ ყოფილა.

შემდეგ მათი შეხვედრა გამოუცხადებიათ. ჩაუვლია ხელი აბოს და აუგდია მაღლა, გაოგნებულა ხალხი, ხმა გაუკმედია ყველას, ვინც ამ სცენას შესწრებია, დუმილით თვალი მიუდევნებია, სანამ ის ვიღაც ჰაერში მიფრინავდა, სანამ მიწას დაებერტყებოდა.

ასეთებიც იყოო, _ იხსენებს ბიძინა სონღულაშვილი.

ამასობაში პატარა ბიჭები, რომლებსაც მოსაუბრეებისგან თავი შორს ეჭირათ, თანდათან მოგვიახლოვდნენ, ყურიც დაგვიგდეს და შეკითხვაც დაებადათ:

_ ანუ ხელბურთის კარს ბადეებს გაუკეთებენ?

_ აბა, ბადეები?!

_ მინისტადიონის კარის ბადეები.

_ აქ უნდა ჩადგეს ახალი, თანამედროვე, ხელოვნურსაფარიანი (ხალიჩადაგებულიო), შემოღობილი მინისტადიონი, პროჟექტორებით განათებული…

_ ვააა!

_ პროჟექტორი რა არის? _ ჩუმად ეკითხება ერთი ბიჭი მეორეს.

_ პროჟექტორი განათებაა, _ ჩუმადვე უპასუხებს მეორე პირველს.

_ როგორიც ახტალის სტადიონზეა?

_ მაგრამ ეს ახალი იქნება.

_ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, _ ამას ჩემს გასაგონად ამბობს.

_ თამაშობ?

_ კი.

_ რომელ ნომერზე? _ დავინტერესდი.

_ რა? _ ვერ გამიგო.

_ რომელ ნომერზე თამაშობ _ თავდასხმაში, დაცვაში?

_ მე თავდასხმა ვიყავი. სულ თავდასხმაში ვარ. ცაციას კარგად ვარტყამ და მარჯვენასაც. თუ ბურთს ფეხი მოვარტყი, არ ვაცდენ, _ ცოტა წამეტრაბახა ზურა გოგლიაშვილი, ჭანდრის სკოლის უკვე მეშვიდეკლასელი ბიჭი.

საუბარს თემაზე “ბურთს ფეხს თუ ვერ მოარტყამს”, მაშინ რას აკეთებს, ვეღარ ვაგრძელებთ, რადგან დამსწრეთაგან ვიღაც შეეკითხება, _ ცნობილ ფეხბურთელებს თუ დაასახელებო.

_ ლიონელი მესი, რონალდო, _ ამბობს ერთი.

_ ლუის სუარესი, ფაბრიგასი, რონალდინიო.

_ ქართველებიდან გახსოვთ ვინმე?

_ ქართველებიდან _ ისა. წინაზე ვუყურებდი “დინამოს” თამაშს… ლევანი ჰქვია.

მოკლედ, ვერ იხსენებს.

_ მესხი, მეტრეველი გაგიგიათ, ბიჭებო? _ შეეკითხება სპორტის მოყვარულთა ძველი გვარდიის წარმომადგენელი, _ პაიჭაძე, ხურცილავა, იამანიძე?

არა, არ გაუგიათ, _ უპასუხებენ გულწრფელად.

_ ყიფიანი?

_ ყიფიანი გამიგია, _ ამბობს ერთი მათგანი _ საბა კაციაშვილი, ეტყობა, უხერხულობის იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელშიც მათდაუნებურად აღმოჩნდნენ.

_ საღამომდე აქა ვართ, _ დაგვაიმედეს, და ასე დავცილდით ერთმანეთს.

ეტყობა, ჩვენი დრო თავისი ქართული პრიორიტეტებითა და კერპებით წასულია და აღარ მობრუნდება.

ან, ეგებ, იცვლება რამე ჩვენდა სასიკეთოდ?

სპორტზე ვამბობ, ქართულ ჭიდაობაზე, კერძოდ, რადგან აქ, ძირკოკში, ჩამოსულმა ჭიდაობის და, საერთოდ, სპორტის კორიფეებმა თავიანთ ოპტიმისტურ ტალღაზე გადამიყვანეს ისე, რომ წესი არ დაურღვევიათ _ საჭიდაო ხალიჩის კვადრატურას არ გადასცილებიან.

_ აქ რომ ვარ და ამდენ ხალხს რომ ვხედავ, ძირკოკში მობრძანებულს, ვრწმუნდები, გადაშენება არ გვიწერია, ტრადიციების დაკარგვა არ გვემუქრება, _ ამბობს ბეჭდაუდებელი ფალავანი, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და .. და .. გურამ საღარაძე. რამდენიც გინდა ჩამოვთვალო, ორი იმდენი ჯილდო და წოდება ჩამოსათვლელი დამრჩება!

_ ქართული ჭიდაობა ყველა ჭიდაობის დედაა. აქედან იშვა ჭიდაობის სხვა სახეები. ქართული ჭიდაობა თავისი სილამაზით, სიჩაუქით, საოცარი აკომპანიმენტით შეუდარებელი და ელეგანტურია: წაქცეულს არ დაყვები, წამოაყენებ, გადაეხვევი, გაიყვან. ისეთი ორიგინალურია, რომ შეიტანეს მსოფლიო არამატერიალური საგანძურის ნუსხაში. იაპონიაში, მრავალსახიერი ჭიდაობის ამ ქვეყანაში, ძიუდო მთლიანად გადავიდა ქართული ჭიდაობის წესებზე…

ისეთი სანახაობითი ჭიდაობა, როგორიც ქართულია, არ არსებობს და არც გვინახავს. ამიტომ ვთვლი, რომ ჭიდაობას საქართველოში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, იმაზე მეტი, დღეს რასაც ვაქცევთ. ხომ ფაქტია, რომ ყველა რანგის შეჯიბრში, ტურნირში, რომლებიც კი მსოფლიოში იმართება, ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ყველა სინჯის მედლების აბსოლუტური უმრავლესობა ჭიდაობაზე მოდის.

გურამ საღარაძე
გურამ საღარაძე

ჭიდაობას ღვთიურ სახეობად მიიჩნევს გურამ საღარაძე. ღვთიურ ინსტიქტად რომელიც დაპირისპირებული, ერთმანეთისკენ მიმავალი ძმების ეპიზოდში ცხადდება. შეშფოთებული იაკობი თავისიანებს მდინარეზე რომ გადაატარებს და ყველაფერს რომ გადაიტანს, რაც ებადა, მარტო დარჩება.

“მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.

როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თავისი სახსარი მასთან შერკინებისას.

უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.

უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე” (დაბ. 32, 24-28).

ვინ იყო ის “ღამის მორკინალი კაცი”? იაკობი აღიარებს: “პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი”. (დაბ. 32,29). თეოლოგები მიიჩნევენ, რომ იგი იყო ერთსახიერება ანგელოზი-ღმერთისა, “იეღოვას ანგელოზი”, რომელმაც გაბედულება შთაუნერგა ძმის მოშიშ იაკობს.

ფიზიკურ ბრძოლაზე რომ არის ლაპარაკი, საეჭვო არ უნდა იყოს, რადგან ამას ადასტურებს კიდევ ერთი პასაჟი ძველი აღთქმიდან: (იაკობი) “დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.

შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება” (ისაია წინასწარმეტყველი, 12, 4-5).

ახალთაობა აჭაშნიკებს და იწონებს პროექტს
ახალთაობა აჭაშნიკებს და იწონებს პროექტს

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიერების, რწმენის მომენტი აქ მეორადია. იაკობი ნაწყალობებ გამხნევებას აღწევს არა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური ძალის დაძაბვით, არამედ სულიერი ძალების დიდი დაძაბულობის წყალობითაც, რწმენითა და ლოცვით… იაკობის ბრძოლა იეღოვას ანგელოზთან არის სულიერი ბრძოლის ტიპი, რომელიც არ ეპუება ცხოვრების სიძნელეთა არავითარ გამოცდას”. (Толковая библия, 1904-1907, გვ. გვ. 186-190).

მოკლედ: ბატონი გურამ საღარაძე ჭიდაობას, უწინარეს ყოვლისა, ქართულ ჭიდაობას, რწმენის განმტკიცების გზად და საშუალებად მიიჩნევს.

_ გავიხსენებ დიდი მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორის ნიკო კეცხოველის სიტყვებს, ჭიდაობაზე ნათქვამს: ჭიდაობა ისეთივე ეროვნული საუნჯეა, როგორც ფოლკლორი, ქართული სიმღერები, ქართული ხუროთმოძღვრება, _ ჩვენ დიდი ფალავნების _ გივი კარტოზიას, ვახტანგ ბალავაძის, მირიან ცალქალამანიძის მემკვიდრეები ვართ… ჩვენმა პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ციმაკურიძემ სწორედ ქართული ილეთით მიწაზე დასცა ცნობილი ირანელი მოჭიდავე ტახტი.

_ გურამ საღარაძემ?

_ გურამ საღარაძემ ქართული, თბილისური ილეთებით წავაქციე ირანელი ჰაბიბი, რომლის მომრევი მაშინ არავინ იყო, _ ღიმილით მიპასუხებს ბატონი გურამი.

ასე გავიარეთ ეს წლები…

მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, ძირკოკის ისტორიულ საასპარეზოზე, ბრწყინვალე ხალხთან, კახელ მეგობრებთან ერთად… ისე, კახელები და რაჭველები ერთმანეთს ვგავართ (სიცილით შენიშნავს ჩემპიონთა ჩემპიონი).

* * *

იმ საღამოს ძირკოკის საჭიდაოზე იმდენი მაყურებელი შეიკრიბა, ინტერესი ისე დიდი იყო, რომ ერთი ფალავანი არ ეყოთ და ორმა გამარჯვებულმა ბეჭებზე თითო ჭედილა შეიგდო. ესენი არიან თელაველი გიორგი ბახბახიშვილი (75 კგ) და დედოფლისწყაროელი გიორგი კობაიძე _ აბსოლუტური ჩემპიონი.

რამდენი ესწრებოდაო, _ რომ ვიკითხე, ასე სამ ათასზე ცოტა მეტიო, _ მიპასუხეს.

მაშასადამე, ტრადიცია გრძელდება.

არმაზ სანებლიძე

თბილისიძირკოკი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here