Home რუბრიკები საზოგადოება ჩემო ნოდარ!

ჩემო ნოდარ!

812
ნოდარ მეძმარიაშვილი

უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე შენი შესანიშნავი წიგნიოქროს აკვანი მოწამეთაში”. როგორი დიდი სიყვარულითა და არაჩვეულებრივი გულწრფელობით წერ მშობლებზე, შვილებსა და შვილიშვილებზე, ლერიზე, მეგობრებზე, ყოფილ შენს  ხელმძღვანელებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებზე.

განსაკუთრებული სითბოთი იხსენებ ერთგულ მეუღლეს _ ქალბატონ გალიასა და მის გარემოცვას _ ხელოვნების მოღვაწეთა გასაოცარ გალერეასა და სახელოვან ისტორიულ პიროვნებათა დაუვიწყარ სახეებს.

რაც მთავარია, ეს ქმნილება მიუძღვენი ძვირფასი მეუღლის ხსოვნას. ძლიერი და წარმატებული მამაკაცის გვერდით ყოველთვის ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალი დგას.

ეს დიდებული ნაშრომი განა მარტო შენი მრავალრიცხოვანი და მშვენიერი შთამომავლებისთვის შექმენი, არამედ მთელი ერისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი დაიწერა 90 წლის მხცოვან ასაკში. შენ ყოველთვის გქონდა და საოცრებაა, რომ ხანდაზმულობაშიც შეინარჩუნე ბრწყინვალე, გასაოცარი და შესაშური მეხსიერება. ამ თვალსაზრისით შეგადარებ მხოლოდ გოეთეს, რომელმაც ამავე ასაკში შექმნა “ფაუსტი”.

ვკითხულობ შენს ნაშრომს და მიპყრობს საოცარი გრძნობა და აღფრთოვანება, როგორ შეეძლო ერთი ადამიანის ნიჭსა და გონიერებას შემოენახა ზღვა მასალა, განსხვავებულ მოვლენათა და გარემოებათა უბადლო თანამიმდევრული თხრობისა ასეთი წარმოუდგენელი სიზუსტით.

ეს მხოლოდ ღვთით მომადლებულ უნიჭიერეს ადამიანთა ხვედრია.

ჩემო ნოდარ, მე, ბელა და მთელი ჩემი ოჯახი გულითად მადლობასა და სიყვარულს გამოვხატავთ შენდამი, წიგნში აღწერილი იმ თბილი და კეთილი მოგონებების გამო, რამაც ჩვენი ოჯახები ნათელმირონობით დააკავშირა გონიერი და შორსმჭვრეტელი ქალბატონი გალიას ინიციატივითა და მონდომებით.

ბატონ ნოდარ მეძმარიაშვილს 90 წელი შეუსრულდა.

მან განვლო რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. უკრაინაში 22 წელი წარმატებით იღვაწა. სსკპ XXIV ყრილობაზე ის იყო ერთადერთი ქართველი დელეგატი უკრაინიდან.

წარმატებული იყო, როგორც საქართველოს მშენებლობის მინისტრის, ასევე საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილის თანამდებობებზე. ის გახლდათ შესანიშნავი დიპლომატი, ჯერ საბჭოთა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი რუსეთში.

ნოდარ ბატონო, გილოცავ 90 წლის ღირსშესანიშნავ იუბილეს.

ღმერთო, უმრავლე ჩემს სამშობლოს ნოდარ მეძმარიაშვილის სადარი ღირსეული პიროვნებები და ჭეშმარიტი მამულიშვილები.

უღრმესი პატივისცემით,

ომარ მარგველაშვილი

საქართველო და მსოფლიოსჟურნალისტები სულითა და გულით ვულოცავთ თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწესა და მამულიშვილს _ ბატონ ნოდარ მეძმარიაშვილს ღირსშესანიშნავ იუბილეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მრავალჟამიერ!

პატივისცემით,

საქართველო და მსოფლიოსჟურნალისტები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here