მთავარი საზოგადოება შიმშილის აჩრდილი დადის ქვეყანაში

შიმშილის აჩრდილი დადის ქვეყანაში

852
გააზიარეთ
ივანე მაჭავარიანი

ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ანტიკრიზისული გეგმა გვაღირსა. ახლა არ დავიწყებთ ფილოსოფიურ წიაღსვლებს და, უბრალოდ, იმ რვა პაკეტს გაგაცნობთ, რომლებიც ფინანსებს ეხება. საბოლოო ჯამში ხომ ყველაფერი ფინანსებამდე დადის და მოსახლეობასაც სწორედ ეს აინტერესებს, თორემ პოტენციური უცხოელი ინვესტორებისა და ახალი ტურისტული სქემის მოფიქრება რიგით ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ სწორედ დღეს, როცა უკვე მოსახლეობის 80%-ზე მეტი შიმშილის ზღვარზეა, ანუ ის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურ პურის ფულს ქუჩაში გასვლით შოულობდა, ახლა კი უმუშევარი დარჩა.

1.უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს _ ექვსი თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი;

2.ყველა დამსაქმებელი, რომელიც შეინარჩუნებს თანამშრომლებს 750 ლარამდე ხელფასით, ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქის საშემოსავლო გადასახადზე კი მთავრობა ნაწილობრივ გამოყოფს სუბსიდიას 750 ლარის ანგარიშიდან;

3.მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულნი ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულებად;

4.სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ექვსი თვე დამატებით მიიღებენ 600-ლარიან დახმარებას, ანუ თვეში 100 ლარს;

5.სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლამდე შვილი, დამატებით მიიღებენ 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს;

6.ასევე 600-ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშვებზე;

7.ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა ვერ მოახდენს გავლენას პენსიის მოცულობაზე;

8.70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიების ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, 70 წლისა და მეტის პენსიონერებისთვის კი _ 25 ლარზე ნაკლები. ძალაში რჩება 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 10 ივლისიდან პენსიის 30 ლარით მომატება.

ვერ გეტყვით, ხელისუფლებამ აღმოაჩინა თუ აღმოაჩენინეს ის, რომ თურმე ოფიციალურად დასაქმებულები თვითდასაქმებულებზე ოთხჯერ მეტ შემოსავალს იღებდნენ და ახლავე გეტყვით რატომ:

თვითდასაქმებული, რომელიც დაამტკიცებს, რომ მუშაობდა, ერთჯერადად მიიღებს 300 ლარს, ხოლო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე ნახევარი წლის განმავლობაში _ თვეში 200 ლარს, ანუ, საერთო ჯამში, თვითდასაქმებულზე 4-ჯერ მეტს. და იქნებ, ის თვითდასაქმებული გაცილებით მეტს შოულობდა, მაგალითად, რესტორნის მიმტანზე, რომელსაც დღეში დაახლოებით 20 ლარი პლუს ე.წ. ჩაის პროცენტი აქვს? მაგრამ არა, ხელისუფლებას ამაზე არ უფიქრია.

მთავრობას არც იმაზე უფიქრია, რომ თუნდაც თვეში ორასი ლარი დღეს არსებულ საარსებო მინიმუმსა და პენსიაზე ნაკლებია. პენსიონერებზე ხომ ისედაც ვამბობთ, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ და პრაქტიკულად შიმშილობენ. ჰოდა, ახლა მათ რიცხვს ის ათასობით მოქალაქე დაემატა, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ და მთავრობის დახმარების იმედად არიან. ისე როგორ იქნებოდა, ამ ყველაფრის გვირგვინი ფინანსთა მინისტრის სიტყვა არ ყოფილიყო და ივანე მაჭავარიანს არ ეთქვა, რომ თურმე, მსყიდველუნარიანობას თუ ავიღებთ, ჩვენი ხელისუფლება ზუსტად იმდენს იხდის, რამდენსაც ამერიკის მთავრობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ დონალდ ტრამპმა უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის 1200 დოლარი გამოყო, ანუ, ჩვენს ფინანსთა მინისტრს თუ ვენდობით, ამერიკელი, 1200 დოლარს რომ მიიღებს და მაღაზიაში წავა, ზუსტად იმ ოდენობის პროდუქტს იყიდის, რამდენსაც ჩვენთან 200 ლარის მიმღები პირი. ბატონო მინისტრო, გულწრფელად გეკითხებით: ბოლოს მაღაზიაში ან ბაზარში როდის იყავით? ეჭვი გვაქვს, ძალიან დიდი ხანია, არ შეგივლიათ და მოდი, ჩაიდეთ 200 ლარი ჯიბეში, შედით ნებისმიერ მაღაზიაში ან აგრარულ ბაზარში, ივაჭრეთ, მერე ნავაჭრი შინ მიიტანეთ და იმყოფინეთ ერთ თვეს. ხომ არ გეუბნებით, ამ ორასი ლარით სხვა რაღაცებიც აკეთეთ _ იმგზავრეთ, თამბაქო იყიდეთ, გადასახადები გადაიხადეთმეთქი, არა, მხოლოდ პროდუქტები იყიდეთ და ამყოფინეთ ოჯახს ერთ თვეს. ვერ ამყოფინებთ და იცით, რატომ? ფიზიკურად არ გეყოფათ; გამორიცხულია, ერთ კვირაში არ გაგითავდეთ და ახლა ლოგიკური კითხვა დაუსვით თავს: ის, რაც თქვენ არ გეყოფათ ერთი კვირა, როგორ უნდა ეყოს ნახევარ მილიონ პენსიონერსა და ორჯერ ნახევარ მილიონ სამსახურდაკარგულს? თუ ეგ თქვენი პრობლემა არ არის?

შიმშილის აჩრდილი დადის ქვეყანაში

აი, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 2021 წელს გაზრდის დაპირება ხომ, საერთოდ, სხვა პლანეტიდანაა. რას ნიშნავს, 2021 წელს პენსია გაგეზრდებათ და ახლა იცოდეთო? მართლა, გულწრფელად გეკითხებით: რას ნიშნავს ეს? სიცოცხლის ხალისი მოემატებათ, აქაოდა, სულ ცოტა 25-ლარიანი მატება გვექნებაო, თუ დანაზოგის ხარჯვას დაიწყებენ თამამად, თურმე პენსია გვემატება და მორიგ დანაზოგს გაისიდან გავაკეთებთო? რამდენი გყავთ 70 წელს გადაცილებული პენსიონერი, ეგ მაინც გვითხარით და დარწმუნებულები ვართ, ხვალ რომ გააკეთოთ იგივე, რასაც მომავალი წლისთვის ჰპირდებით, დიდი-დიდი, 50 მილიონ ლარზე იყოს საუბარი. ამ თანხის მოძიება, იცით, როგორ შეიძლება? აი, იმ პარლამენტარებს, რომლებმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი სხდომა რომ გამართეს და ორივე შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი, დაუნიშნეთ 200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში, რაც სამსახურდაკარგულებს; შეუმცირეთ საწვავის გაცემა, სამსახურეობრივი მანქანები გააჩერებინეთ, არ სჭირდებათ, რადგან სამსახურში არ დადიან და ეგეც თქვენი 50 მილიონი. ისინიც ხომ უფუნქციოდ დარჩნენ? ისინიც ხომ ვერ თუ არ დადიან სამსახურში (არც მანამდე იკლავდნენ თავს) და რატომ იღებენ 3600-ლარიან ხელფასს? რატომ არ განიხილება მათთვის იმის თქმა, რომ ბატონებო, ახლა ოფიციალურად არაფერს აკეთებთ და ხელფასს დაგიკავებთო?! თუ 200 ლარად პარლამენტარი ვერ იარსებებს?

რეალობა ის არის, რომ პანდემიამ ნათლად დაგვანახვა ის, რაც არაერთხელ დაგვიწერია. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია და სულ ტყუილად ამტკიცებთ ფურცელზე, რომ ჩვენთან უმუშევრობის დონე არნახულად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე დავიდაო. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ სოფლის მეურნეობა არ გვაქვს და არაფერს არ ვაწარმოებთ, თორემ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ასეთი დეფიციტი არ შეიქმნებოდა და არ ეღირებოდა ოქროს ფასი. ის თუ გაიგეთ, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი ორი თვით რომ შეაჩერა? იცით, ეს რას ნიშნავს? პურის გამოსაცხობი ხორბლის 90%-ზე მეტი რუსეთიდან რომ შემოგვქონდა, ვეღარ შემოვიტანთ და, თუ 2 თვის მარაგი გვაქვს, ძალიან კარგი, თუ არადა, პურის რიგების ისტორიაც ისევე განმეორდება, როგორც ბევრი სხვა რამ. და მერე რას აპირებთ, რუსეთმა ეს აკრძალვა კიდევ 2 თვით რომ გააგრძელოს? ჩვენი მეზობელი წლევანდელ მოსავალს უსიჯნავს პირს, არ იცის, როგორი მოსავალი იქნება და, თავისი ხალხი რომ არ დარჩეს მშიერი, სწორედ ამიტომ გამოაცხადა აკრძალვა. აი, რომ არ მოეწონოს მოსავალი და თქვას, რამდენიც მაქვს ხორბალი, ჩემთვის მჭირდებაო, მერე რას ვაპირებთ, იცის ვინმემ? ხომ ფაქტია, რომ ყველა დიდმა მწარმოებელმა უარი თქვა ხელშეკრულებების გადახედვაზე, ვინმესთვის ხორბლის მოკლებასა და საქართველოსთვის მოყიდვაზე? თუ ეს პრობლემა ჯერ არ გვიდგას და ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ და ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ?!

ნამდვილად ვერ გეტყვით, ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ასეა _ შიმშილის აჩრდილი დადის ქვეყანაში და შიმშილი პოტენციურად იმაზე მეტ ადამიანს ემუქრება, ვიდრე ეპიდემიის აფეთქება. მოსახლეობის მწარედ ნათქვამი, რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მომკლავს თუ შიმშილიო, დღეს არსებული მდგომარეობის ყველაზე რეალური შესატყვისია. ამაზე იფიქრეთ, ბატონებო, თორემ, ივანე მაჭავარიანს რომ ჰგონია 1200 დოლარი 200 ლარის ტოლ-სწორი, დიდი შეღავათი არ არის. დააკავებინეთ ამ კაცს კალათა და გაუშვით ორას ლარად ბაზარში, ეგებ მარსიდან დედამიწაზე დაბრუნდეს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here