Home რუბრიკები პოლიტიკა შეძლებს თუ არა ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს?

შეძლებს თუ არა ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს?

1128
გულბაათ რცხილაძე

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ქართული ოცნებისარაოფიციალური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ მედიასთან გაკეთებულმა მინიშნებებმა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და კრემლის მესვეურებთან საერთო ენის გამონახვა იქნება, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში უკვე გარკვეული განწყობები შექმნა.

მოლოდინმა, რომ ოლიგარქის ფავორიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან დაძაბულობას სწორი პოლიტიკით განმუხტავს, ბევრს იმედი გაუჩინა, რომ სახელმწიფო ძირეული ცვლილებების შეუქცევად გზას დაადგება. რწმენასა და მოლოდინს აჩენს ის ფაქტიც, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პარალელურად აქცენტები აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირ დიალოგზეც კეთდება; რომ ამით ხაზი გაესმევა მოძმე ხალხებს შორის მტრობის დასრულების პერსპექტივას და აუცილებლობას, რაც, წლებია, ქართველი საზოგადოების უპირობო მოთხოვნა და დაკვეთაა, თუმცა როგორ და რა მექანიზმებით შეძლებს ამას ახალი პრეზიდენტი, როცა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია უცვლელი რჩება, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, “ხელისუფლების კანდიდატიამის თაობაზე განმარტებებს არ ჩქარობს და მედიასთან საკუთარ გეგმებზე მხოლოდ ზედაპირულად საუბრობსრას მოუტანს რეალურად ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება საქართველოს და როგორია შესრულების ალბათობა მოლოდინისა, რომელიც ჩნდება რუსეთთან ურთიერთობის მიმართ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, იმაზე ააწყო, რომ მისი პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იქნება. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს მის მიმართ ამ თვალსაზრისით? რა რესურსი აქვს რეალურად ზურაბიშვილს?

_ ჩემი აზრით, ის, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ იცვლება და იცვლება მხოლოდ სახეები, დიდწილად განპირობებულია ისევ რუსეთის პოლიტიკით, იმიტომ, რომ კრემლი დღეს, ფაქტობრივად, სრულიად უმოქმედოა ჩვენ მიმართ და თავიდან ბოლომდე თვითდინებაზე აქვს მიშვებული საქართველოს მიმართულება. ახლა ვიღაც იტყვის, რომ იყო ძვრებიც, რომლებიც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგალითად, ის, რომ აღდგა სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, ექვსი წლის განმავლობაში ამის იქით ვერ წავედით. მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები აზრს, რომ რუსეთის მხრიდან ბაზრის გახსნა და მიმოსვლის გამარტივება ჩვენთვის ძალიან დიდი ეკონომიკური შვებაა, რადგან, როცა ქვეყანას აქვს კრიზისი და დასავლეთ საქართველო ფაროსანამ გადაჭამა, აღმოსავლეთს კი ხან სეტყვა ანადგურებს, ხან _ ქარი და ყინვა, რომ არა ეს ბაზარი, ალბათ, მოსახლეობას საარსებო წყარო აღარ ექნებოდა.

რაც შეეხება შეკითხვას, რა რესურსი აქვს სალომე ზურაბიშვილს, იმის ფონზე, რაც ადრე გვესმოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვგულისხმობ აგრესიულ ანტირუსულ რიტორიკას, უკვე მისასალმებელია, რომ პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. მით უფრო მისასალმებელია, თუ ის ამას მიიჩნევს პრიორიტეტად, მაგრამ აქ ერთი მომენტია: თავის დროზე მსგავსი მოლოდინები, მეტი თუ არა, ჩნდებოდა ივანიშვილის მიმართაც და თქვენ გახსოვთ, რომლიბერალურმა მედიამიგი რუსეთის კაცად გამოაცხადა, თუმცა არც მანამდე და არც მერე ვერაფრით დამტკიცდა ის, რომ ივანიშვილი “რუსეთის კაცი” იყო. ცხადია, ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტად ვიღაცის კაცი ან ქალი, გარე ძალას ვგულისხმობ, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობა ჩნდება.

_ და საზოგადოების დაკვეთა არის ეს?

_ სწორედ იქით მიმყავდა საუბარი, რომ საზოგადოების მოთხოვნაა, უპირველესად, და ამით არის ხელისუფლების ეს წინასაარჩევნო რიტორიკა შეფარვით, მაგრამ მაინც, განპირობებული, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იქნება პრიორიტეტი. სხვათა შორის, ადრე მარგველაშვილმაც გააკეთა განცხადება, რომელიც შეიცავდა მინიშნებებს რუსეთთან დიალოგის თაობაზე და თქვა, რომ ეს დიალოგი საზოგადოების დაკვეთაა. წარმოიდგინეთ, ისეთმა ფიგურამაც კი, როგორიც მარგველაშვილია, არ ითაკილა იმის თქმა, რომ ქართველი საზოგადოება ხელისუფლებისგან რუსეთთან დიალოგს ითხოვს. არადა, ამის გამო მას საშინელი კრიტიკა დაატყდა მედასავლეთე “ლიბერალებისგან”. ზურაბიშვილს რაც შეხება, ვფიქრობ, ის უფრო თამამი და ამბიციური პრეზიდენტი იქნება. ისე, მისგან ისეთ უსიტყვო მორჩილებას, როგორსაც მარგველაშვილისგან ითხოვდა თავის დროზე მისი პოლიტიკური გარანტორი, ალბათ, არც მოითხოვენ, თუმცა მოლოდინი, რომ ის რაღაც პოლიტიკურ სასწაულებს მოახდენს, არ უნდა გვქონდეს. მით უმეტეს, საქართველო დღეს რუსეთისთვის მეორეხარისხოვანია, მთავარი ყურადღება გადატანილი აქვს სულ სხვა მიმართულებით, იქნება ეს სირია, უკრაინა თუ ეკლესიის ამბები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა. საერთოდ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ განცხადებების დონეზე მაინც ხდება რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნის გამოხატვა; ყოველ შემთხვევაში, იმ ანტირუსული ისტერიკის ფონზე, რომელიც, წლებია, გრძელდება, ეს ნამდვილად დადებითი მოვლენაა.

_ გასაგებია, რომ პიროვნულ დონეზე ზურაბიშვილი უფრო ამბიციური და გაბედული პრეზიდენტი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ საგარეოპოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ბოჭავდა მარგველაშვილს კრემლის მესვეურებთან დიალოგში, უცვლელი დარჩა. ეს არ იქნება მისთვის შემაკავებელი ფაქტორი?

_ სხვათა შორის, მე ყოველთვის უსამართლობად მიმაჩნდა ცინიზმი და ირონია მხოლოდ მარგველაშვილის მიმართ იმის გამო, რომ ის არ თუ ვერ ხვდებოდა ვლადიმერ პუტინს. რატომ? თქვენ გახსოვთ, რომ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ არ ვცდები, ეს 2014 წელს იყო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ერთ სივრცეში იმყოფებოდა ვლადიმერ პუტინთან. მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლად შეეძლო მისვლა და გასაუბრება კრემლის მესვეურთან, მისკენ არც გაუხედავს. მერე გარეთ აწურული იდგა კაზინოს დირექტორთან, რომელსაც მონაკოს პრინცს ეძახიან. აი, ასეთი პრიმიტიულობა ახასიათებდა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და ეს მხოლოდ მარგველაშვილის პოლიტიკური კომპლექსი არ იყო.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, სიმართლე გითხრათ, ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას დასავლეთი ბოჭავდა, თორემ ესენი მზად იყვნენ დიალოგისთვის. კი იყო გარკვეული დირექტივები, მაგრამ კაცი შენ წინ რომ დგას, ორ ნაბიჯში და თავისუფლად შეგიძლია მიხვიდე, ხელი ჩამოართვა, გამოელაპარაკო, ამას ვერავინ აგიკრძალავს, თუ, რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ ხარ პოლიტიკურად დაკომპლექსებული; ასე რომ, მოდი, ყველაფერს ნუ დავაბრალებთ ამერიკასა და ევროპას, ისევე, როგორცლიბერალებიაბრალებენ ყველაფერს რუსეთს. ისე, თუ რამ წნეხი და ზემოქმედება იყო ამერიკის წინა ადმინისტრაციისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსეთთან ურთიერთობის მხრივ, დღეს ეს წნეხი უკვე მოხსნილია. მეტსაც გეტყვით: ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ სცალია საქართველოსთვის, რომ, უკვე რამდენიმე თვეა, ელჩს ვადა ამოეწურა და ახალი არ დანიშნულა. ეს გარკვეულწილად, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც პრიორიტეტები იცვლება და ამის ფონზე, ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, კონფრონტაციის ადგილი კი არ ვიქნებოდით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, პირიქით _ თანხმობისა და მოლაპარაკების არეალად ვიქცეოდით. სხვათა შორის, ეს რუსებსაც ძალიან მოეწონებოდათ და, დარწმუნებული ვარ, დასავლეთშიც არაფერი ექნებოდათ საწინააღმდეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბოლოოდ ვიქეცით ნებადაკარგულ, უუფლებო და უუნარო ქვეყნად, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. მათ შორის იმ მომენტშიც, როცა ჩვენი ბედი და მომავალი წყდებააი, ეს არის ჩვენი დღევანდელი ტრაგიკომიკური რეალობა, რომელიც, რომელიმე პარტიამ და ხელისუფლებამ როგორც არ უნდა შეფუთოს, კარგად ჩანს და ყველასთვის ნათელია

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here