Home სხვადასხვა დაიჯესტი შეტევა საფრანგეთზე

შეტევა საფრანგეთზე

როგორ გაჩნდნენ ქვეყანაში რელიგიური ექსტრემისტები

418
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ნიცაში

საფრანგეთი შეძრა საშინელმა ამბებმა: ნიცაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბოროტმოქმედმა ადამიანები დახოცა, ავინიონში თავს დაესხნენ პოლიციელებს. ორი კვირის წინათ კი წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა პარიზთან ახლოს თავი მოჰკვეთა ისტორიის მასწავლებელ სემუელ პატის იმის გამო, რომ მან გაკვეთილზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედზეშარლი ებდოსკარიკატურები აჩვენა. საფრანგეთის ხელისუფლება აძლიერებს ბრძოლას ისლამიზმის წინააღმდეგ. რამ გამოიწვია ქვეყანაში ასეთი ვითარება და რატომ წამოიწია წინა პლანზე მუსლიმანური რადიკალიზმის პრობლემამ?

ტერორისტები: ვინ არიან და საიდან?

ნიცაში ტერორისტმა სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, რამდენიმე დაჭრა, ერთ ქალს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი დააკავეს. ქალაქის მერის, კრისტიან ესტროზის, თქმით, თავდამსხმელი გაიძახოდა: “ალაჰ აკბარ!”, რაც ტერაქტზე მიუთითებს. ავინიონში პოლიციელებმა მოკლეს პირი, რომელიც მათზე თავდასხმას შეეცადა.

ეს არ არის საფრანგეთში ისლამური რადიკალიზმის მიერ ბოლო ათწლეულში ჩადენილი დანაშაულის პირველი შემთხვევები.

ტულუზაში სკოლაზე თავდასხმა (2012 .); თავდასხმაშარლი ებდოსრედაქციაზე (2015 .); შეტევა თეატრ BATACLANსა და რესტორნებზე პარიზში (2015 .); ტერაქტი ნიცის ინგლისურ სანაპიროზე (2016 .); მღვდლის დასჯა სენტეტიენდიურუვრეში (2016 .); თავდასხმები პოლიციელებზე _ აი არასრული ჩამონათვალი.

ტერორისტის განზოგადოებული დახასიათება ასეთია: ახალგაზრდა მუსლიმანი, ღარიბ გარეუბანში მცხოვრები ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსული მიგრანტის შთამომავალი. ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე არ მალავდა თავის კავშირს აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან მხილებული იყო ასეთ ორგანიზაციასთან კავშირში.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურად უწყობდნენ ხელს მათ ტერიტორიაზე მუსლიმი მიგრანტების დამკვიდრებას. ღარიბი ადამიანები სახლდებოდნენ გარეუბნებში, რომლებშიც ნელ-ნელა მატულობდა დანაშაულის რაოდენობა. პარიზის, მარსელის, ნიცის, სტრასბურგისა და სხვა ქალაქების ბევრი გარეუბანი თანდათან გარდაიქმნა გეტოებად, რომლებშიც მეფობენ დამნაშავენი, ნარკოდილერები და იარაღით მოვაჭრეები. ეს არის, “ზონური წესების გარეშე”, უკანონობის რაიონები, რომლებსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გვერდს უვლიან იქ ცხვირის შეყოფას პოლიციაც კი ვერ ბედავს.

ოქტომბრის დასაწყისში პარიზიდან 10 წუთის სავალზე _ შამპინისიურმარნში, წელს უკვე მერამდენედ რამდენიმე ათეული ადამიანი თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას; 10 წუთის განმავლობაში პიროტექნიკური საშუალებების სეტყვა დააყარეს შენობას, ჩაამსხვრიეს მინები, დალეწეს ავტომობილები და ცდილობდნენ კარის შემტვრევას. პოლიციელები შენობაში იყვნენ გამაგრებულნი და იგერიებდნენ თავდასხმას.

ამ “ცხელი” კვარტლების შექმნაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა, რადგან წლების განმავლობაში ხუჭავდა თვალს იმაზე, რაც იქ ხდებოდა და მხოლოდ კოსმეტიკური ზომებით შემოიფარგლებოდა. პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ, ხმამაღალი განცხადებების გაკეთების გარდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეკონტროლებინა პიროტექნიკით ვაჭრობა და მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო.

უმუშევრობა, სიღარიბე, ჩაკეტილი ეთნიკური გარემო და სოციალური უთანასწორობა ახალგაზრდა ადამიანებს საპროტესტო აქციებისკენ უბიძგებს. ამ ნიადაგზე ყვავის ფრანგული რადიკალიზმი, რომელიც მუსლიმურ იდენტურობაზეა დაფუძნებული, ამ ყველაფერს კი ხელს უწყობენ რადიკალურად განწყობილი იმამები. რა თქმა უნდა, ამის თქმა ყველაზე არ შეიძლება, მარგინალები უმცირესობა არიან, მაგრამ ხშირად, სახელდობრ, ეს აგრესიული უმცირესობა ახვევს თავის აზრს თემს.

საბრძოლო მომზადება

ჯერ კიდევ 1990-იანი წლების საფრანგეთში გაჩნდნენ რადიკალები, რომლებიც საზღვარგარეთ იბრძოდნენ, მაგალითად, ჩეჩნეთში. ამაზე თვალს ხუჭავდა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ასე თუ ისე მხარს უჭერდა სეპარატისტებს. 2005 წელს კი არეულობებმა თვით საფრანგეთში იფეთქა.

მსოფლიო მოიარა გარეუბნებში მასობრივი არეულობების შოკისმომგვრელმა კადრებმა. დარბევები, ცეცხლის წაკიდებები, პოლიციაზე შეტევა _ ეს ყველაფერი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ ათწლეულში იყო ახალი ტალღა: ახალგაზრდა ფრანგებს აქტიურად მოუწოდებდნენ, ჩაბმულიყვნენ საომარ მოქმედებებში ერაყსა და სირიაში. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ზონებში ჩავიდა ასობით ჯიჰადისტი. იქ მათ გაიარეს სამხედრო მომზადება და მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ზოგიერთი უკან დაბრუნდა, როგორც, მაგალითად, 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტში მონაწილენი, რომელთა მოქმედების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კარგა ხანია, ხელისუფლება პრობლემის არსს ჩასწვდა: ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდნენ, აემუშავებინათ ისლამისტი ახალგაზრდების ინტეგრაციისკენ, დერადიკალიზაციისკენ მიმართული პროექტები, მაგრამ ამ პროექტების დიდი ნაწილი ჩაფლავდა: ან პრობლემის მასშტაბები ვერ შეაფასეს სათანადოდ, ან ძალიან გვიან იყო, ან კიდევ სხვა ზომების გატარება იყო საჭირო. ახლა ემანუელ მაკრონის რიგი მოვიდა: მასწავლებლის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, ფრანგი მუსლიმები დაეცვათ უცხოური გავლენისგან, გაეძლიერებინათ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა და აეშენებინათ ქვეყანაში “განათლებული ისლამი”. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ომი გამოუცხადა “რესპუბლიკის მტრებს”.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

მაკრონის განზრახვების არსი

საფრანგეთის მუსლიმური მოსახლეობის ნაწილი, რომელიც რადიკალი იმამების გავლენას განიცდის, სულ უფრო შორდება რესპუბლიკის ტრადიციულ ფასეულობებს და იკეტება თემის მკაცრ რელიგიურ და კულტურულ ჩარჩოებში. ამ ფორმის “სეპარატიზმთან” საბრძოლველად მთავრობამ დეკემბრისთვის შესაბამისი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. კერძოდ, საფრანგეთის ხელისუფლებას სურს, აკრძალოს არალეგალურ სკოლებში სწავლება, ნაცვლად იგეგმება სამ წლამდე ბავშვებისთვის სავალდებულო სწავლების შემოღება რესპუბლიკურ სკოლებში, გაძლიერდება ხელისუფლების კონტროლი კერძო სკოლებზე.

მიუთითებენ სასწავლო დაწესებულებების სასადილოებში “კონფესიური” მენიუს დაუშვებლობაზე. ხელისუფლებას, აგრეთვე, სურს, გაააქტიუროს კონტროლი მეჩეთებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. იმამები უნდა მოამზადონ ქვეყნის შიგნით დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, უცხოელ მოძღვრებს კი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ვაჰაბიზმისა და სალაფიზმის იდეების გავრცელებაში, რადიკალებთან ერთად ქვეყნიდან გააძევებენ.

პოლიცია ნიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან
პოლიცია ნიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან

საფრთხემ მოიმატა

პედაგოგის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება ამოქმედდა: გამოაცხადა რამდენიმე მუსლიმური ასოციაციის დაშლის შესახებ, რომლებიც რადიკალიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ; დახურა ქალაქ პანტენის მეჩეთი, რომელმაც გამოაქვეყნა პედაგოგ სემუელ პატის საწინააღმდეგო ვიდეო. ქვეყნიდან გააძევა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 231 უცხოელი.

მაგრამ საკმარისია ეს? მემარჯვენე ჟურნალისტი და მწერალი ლორან ობერტონი მიიჩნევს, რომ არა. მისი თქმით, 2 ასეული რადიკალის გაძევება “უბრალოდ, სასაცილოა”, და, საერთოდ, გაუგებარია, აქამდე რატომ იყვნენ ისინი ქვეყანაში, თუ მათზე, დიდი ხანია, არსებობს დოსიე. თანაც სემუელ პატის მკვლელი არასოდეს ყოფილა დაკვირვების ობიექტი. იმ მომენტიდან, როცა საფრანგეთში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ თავიანთი იდეოლოგიისთვის, “ცხელი ხაზები, პაქტები და სხვა მსგავსი ზომები საკმარისი არ არის. ჩვენ შევეჯახეთ მძიმე პრობლემას”, _ განაცხადა ობერტონმა. მწერლის აზრით, ვითარება, დიდი ხანია, კრიტიკულია. ტერორიზმი ყოველდღიური ძალადობის მხოლოდ სიმპტომია, თანამდევი ეფექტი, რადიკალიზმთან ბრძოლა კომპლექსურად უნდა წარმოებდეს: ეს ეხება კონტროლის დაწესებას მიგრაციაზე, სკოლებში მუშაობაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და დანაშაულთან ბრძოლის მკაცრ ზომებს.

ობერტონი შიშობს, რომ საფრანგეთში მალე მოხდება ნამდვილი სოციალური აფეთქება და დაიწყება ქაოსი. მას ხელს უწყობს კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარებაც. გაზაფხულზე ეპიდემიამ პანიკა გამოიწვია და მაღაზიების დახლები დაცარიელდა. გაურკვეველი ვადით კიდევ ერთი კარანტინის დაწესება უფრო გააღრმავებს ეკონომიკის კრიზისს და ეს, პირველ რიგში, დაარტყამს ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს. წარმოიდგინეთ ძალადობის ახალი აფეთქება გარეუბნებში, ისეთი, როგორიც იყო 2005-ში, ოღონდ გაცილებით მაღალი ტერორისტული საფრთხითა და სრულიად მოუმზადებელი პოლიციით”, _ ამბობს ობერტონი.

დემონსტრაცია მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ პარიზში
დემონსტრაცია მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ პარიზში

ტრადიციული ტოლერანტობა

ლორენ ობერტონი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ისლამიზმთან ბრძოლაში ხელის შემშლელია აბსოლუტიზმამდე აყვანილი ტოლერანტობა, რომელიც ხელისუფლებასაც თავს მოახვიეს, რადგან ამ იდეოლოგიის გამო მიღებული არ არის და, ფაქტობრივად, აკრძალულია, საგნებსა და მოვლენებს თავიანთი სახელები დაერქვას: საკმარისია, რაღაც ზედმეტი წამოგცდეს, მყისვე აგითვალწუნებენ, ჩაგთვლიან დემოკრატიის მტრად და მოგაწებებენ რასისტის, ისლამოფობისა და უკიდურესი მემარჯვენის იარლიყს.

დღეს სიტყვის თავისუფლებაზე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და თვით საფრანგეთის ისტორიაზე თვალსაზრისის გამოხატვისას, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. პრობლემა ძალიან ღრმაა და, თუ ჩვენ მას ვერ ამოვძირკვავთ, არანაირი შანსი არ გვექნება”, _ დარწმუნებულია მწერალი.

მასწავლებელი და ესეისტი ჟან-პოლ ბრიგელიც ვერ მალავს აღშფოთებას, რომ საფრანგეთში მასწავლებლებს ხშირად აიძულებენ, მიმართონ თვითცენზურას და ისინიც გვერდს უვლიან სახიფათო და საჩოთირო თემებს, კერძოდ, რელიგიურ საკითხებს.

თავდაპირველად ერიდებოდნენ დარვინის თეორიაზე ლაპარაკს, წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას ან, უბრალოდ, ისლამზე საუბარს. დღეს კი ცენზურას განიცდის ისეთი ავტორი, როგორიცაა ვოლტერი, იმიტომ, რომ მან დაწერაფანატიზმი, ანუ წინასწარმეტყველი მუჰამედი”. ასეთი მიდგომაა ფიზკულულტურის გაკვეთილების მიმართაც _ მოითხოვენ ცალცალკე გასახდელს წინადაცვეთილებისა და დაუცვეთელებისთვის, ლაპარაკი აღარ არის ცალკე აუზებზე გოგონებისთვის”, _ განაცხადა ბრიგელიმ. მისი თქმით, ბრძოლის ამ ველზე რესპუბლიკა უკან იხევს.

სემუელ პატის მკვლელობამ სერიოზულად გაართულა ვითარება: “ეს კიდევ ერთი სიგნალია მასწავლებლებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან შეშინებულია: ნუ ილაპარაკებ ამაზე თუ იმაზე, თუ არ გინდათ, იგივე დაგემართოთ!” _ აღნიშნა ბრიგელიმ და დასძინა, რომ პრობლემა მოსაგვარებელია როგორც განათლების სფეროში, ისე სამართალდამცავ ორგანოებში. “საჭიროა, რომ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა თავიანთი საქმე აკეთონ. ბოლო უნდა მოეღოს ზეშემწყნარებლობას. საფრანგეთში ათასობით რადიკალია, რომლებსაც უნდა დაატოვებინონ ქვეყანა. ფიქრობთ, რომ საუდის არაბეთი ან ალჟირი ასეთ რამეს მოითმენდნენ თავიანთ ტერიტორიაზე? ისლამისტები კი საფრანგეთში იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ. ამას ბოლო უნდა მოეღოს”, _ დაასკვნა მასწავლებელმა.

29 ოქტომბერს ჩადენილმა მკვლელობებმა საფრანგეთის ხელისუფლებას არჩევანი არ დაუტოვა _ გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებების დრო, კარგა ხანია, დადგა.

ria-ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here