მთავარი საზოგადოება შეემატება თუ არა “მამლუქთა” რიგებს ზურაბ დათუნაშვილი

შეემატება თუ არა “მამლუქთა” რიგებს ზურაბ დათუნაშვილი

247
გააზიარეთ
ზურაბ დათუნაშვილი

11 იანვარს ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე 87კგ წონითი კატეგორიის ფინალი ბოლომდე ვერ ჩამთავრდა _ ევროპის ორგზის ჩემპიონმა და მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ამ ყველაფერს კი ტრიბუნებზე(?!) ჩხუბი მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა მოჭიდავეებმა სცადეს და თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ საქმეში ფედერაციის პრეზიდენტი, თამაზ (გეგა) გეგეშიძე ჩაერია და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან დათუნაშვილს ჯერ რკინის ჯაჭვი ჩაარტყა სახეში, შემდეგ კი მუშტიც არ დაამადლა. საბოლოო ჯამში, წარბგახეთქილი დათუნაშვილი გეგეშიძეს ხელიდან გამოჰგლიჯეს და იქაურობას გაარიდეს.

იმის მიუხედავად, რომ ფაქტის თვითმხილველი ასობით ადამიანი იყო, ხოლო წესრიგს სამართალდამცველები იცავდნენ, გეგეშიძის დაკავება აზრადაც არავის მოსვლია, სანამ ტელევიზიით სიუჟეტი არ გავიდა და ყველამ თვალნათლივ არ დაინახა ფედერაციის პრეზიდენტის ქმედება. სწორედ ამის შემდეგ შეიქნა იძულებული შსს, გეგეშიძე დაეკავებინა, მაგრამ რად გინდა _  ორ დღეში 5000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და, რაც მთავარია, თანამდებობაზე მუშაობა არ შეუზღუდეს. არადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსით არის აღძრული და წესით, ასიდან ას შემთხვევაში გეგეშიძესთვის უფლებამოსილება უნდა შეეზღუდათ. ესეც არ იყოს, სასამართლო პროცესზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა: მე რომ ?? გამათავისუფლოთ, ქვეყანა ჩამოიქცევაო. დიახ, სწორედ ასე თქვა _ ქვეყანა ჩამოიქცევაო, ანუ რეალურად ქვეყანა გეგეშიძეზე მდგარა და არ ვიცოდით, ხალხო!

მოდი თავიდან მივყვეთ _ ვინ არის გეგა გეგეშიძე? ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის, დაცვის უფროსი იყო; შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტად იყარა კენჭი და ეს თანამდებობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხონჩით მიართვეს. მანამდე კი იყო კორცხელის ინციდენტი, სადაც ოპოზიციის ლიდერები გაილახნენ და ხელი მაშინაც გეგეშიძისკენ გაიშვირეს. კორცხელის ინციდენტში აქტიურად მონაწილეობდა გეგას ძმა _ ლადო გეგეშიძე, რომელიც ახლა ფედერაციაში კონსულტანტის თანამდებობაზეა და ხუთიათასლარიანი ხელფასიც აქვს. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ პირველად გეგეშიძის გვარმა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას გაიჟღერა, როცა სამტრედიაში კახა კალაძის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ თბილისიდან ზონდერებით დატვირთული ავტობუსები სამტრედიაში სწორედ კალაძის მხარდამჭერთა საცემად წაიყვანესო და ზონდერებს… გეგა გეგეშიძე მეთაურობდა.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს არ არის პირველი ინციდენტი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში  გეგეშიძის სახელს უკავშირდება. 2017 წელს მას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა უჩივლა: გეგეშიძე სასტიკად გამისწორდაო. ჩორგოლიანის სიტყვებს დალურჯებული თვალი, გახეთქილი ტუჩები და ექიმის მიერ გაცემული დასკვნაც ამყარებდა, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ დაზარალებულს, დაჟეჟილობებთან ერთად, ტვინის შერყევაც ჰქონდა. მაშინ სამართალდამცავებმა საქმის მოკვლევა დაიწყეს და… დღემდე იკვლევენ.

ვისაც არ ახსოვს, იმასაც შევახსენებთ, რომ გეგეშიძემდე ფედერაციას ლუკა კურტანიძე უძღვებოდა, თუმცა ის თანამდებობიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ვეტერანმა მოჭიდავე თემურ ყაზარაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი ხელით შემეხოო. ამის ამსახველი არც კადრებია, არც ყაზარაშვილს ეტყობოდა ვიზუალურად რამე, კურტანიძეც უარყოფდა: არ მიცემია, რომ მეცემა, განცხადების გაკეთებას კი არა, ხმის ამოღებას ვერ შეძლებდაო, მაგრამ სკანდალი აგორდა და ლუკაც გადადგა. კულუარებში კი ამბობდნენ, კურტანიძემ ყაზარაშვილს ხელი შემოარტყაო… ეს კულუარებში, თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ყველაფერი ტელევიზიით რომ გაეშუქებინათ და კურტანიძეს ხელში ლითონის ჯაჭვიც ჭეროდა. კიდევ ერთი პარადოქსი _ იგივე ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად უნდა დარჩეს და ჩხუბს ადგილი არ ჰქონიაო. იმავეს იმეორებს არაერთი სახელოვანი ვეტერანი: რა ჩხუბი, კინკლაობა იყოო, ანუ, გარდა იმისა, რომ ისინი გეგეშიძეს ხელს აფარებენ, ჩვენ, ათიათასობით ადამიანს, გვეუბნებიან: საკუთარ თვალებს არ დაუჯეროთ, ჩვენ დაგვიჯერეთო…

რასაც ახლა ვიტყვი, ალბათ, იფიქრებთ, აქ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა _ დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” მწვრთნელი იყო და ერთ-ერთი შეხვედრის დროს ისე საზიზღრად ითამაშა, გუნდმა, სტაჟიანმა გულშემატკივრებმა სტვენა დაუწყეს და ბოლოს ერთი ჩვენი კოლეგა წამოხტა და დაიძახა: “დავიდოვიჩ, ს პოლია!” ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ყიფიანმა უკმაყოფილობა გამოთქვა, _ რას მერჩითო და ის ჟურნალისტი ადგა ფეხზე: ბატონო დავით, ჩვენ დღემდე ვაღმერთებთ ფეხბურთელ დათო ყიფიანს, დღემდე ჩვენი სიამაყეა, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ მწვრთნელი დავით ყიფიანი შეიძლება არ მოგვწონდეს და გავაკრიტიკოთ…” გაეცინა დავიდოვიჩს, მართალიაო, თქვა და…

დიდი კაცი იყო ყიფიანი, ძალიან დიდი…

ჰოდა, ბატონო მოჭიდავეებო, ვეტერანებო, არაერთხელ რომ გაგიხარებიათ ქართველი გულშემატკივარი, დღემდე გვეამაყებით, მაგრამ გვეამაყებით, როგორც მოჭიდავეები და არა მოხელეები. რას ჰგავს ეს?! რას ნიშნავს, _ ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ, კინკლაობა იყოო?! მარტო რომ შეატოვეთ დათუნაშვილი გეგეშიძეს და მხარში ერთი კაციც კი არ დაუდექით წამლად, ეგ არის მოჭიდავეების თანადგომა?! დათუნაშვილის სისხლიანი თავყბა მაინც არ გინახავთ? თუ არ გინახავთ, აგერ არის სურათი და კარგად დააკვირდით, სწორედ იმ ჯაჭვისა და გეგეშიძის მუშტის შედეგია ეს და არა სხვა რამის.

რაც შეეხება დათუნაშვილის პოზიციას. მან არაერთხელ მოუწოდა მოჭიდავეებს: ხმა ამოიღეთ, თორემ თქვენამდეც მოვლენო. იმავე დათუნაშვილმა ფედერაციაში არსებულ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და ის სქემაც გაშიფრა, რომლის მიხედვითაც ფედერაციაში ფული არამიზნობრიად იხარჯება. დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეებს აიძულებენ, პირად მწვრთნელად ტურნირებზე ის ადამიანები ჩაწერონ, რომლებსაც გეგეშიძეები ეტყვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ტურნირებზე ისინი ვეღარ იჭიდავებენ. შემდეგ კი პრემიალურები სწორედ ამ ადამიანების ჯიბეებში მიდის, მათი პირადი მწვრთნელები კი თანხის გარეშე რჩებიან. შემდეგ მოჭიდავეები იძულებულნი არიან, საკუთარ მწვრთნელებს პირადი თანხიდან გადაუხადონ. ამას გარდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ჭიდაობის ფედერაციაში თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დასკვნასაც თაროზე შემოდებენ ზუსტად ისე, როგორც ბევრი სხვა საქმე შემოუდვიათ.

ჭიდაობის ფედერაცია ახლა აღმასკომის სხდომის მოლოდინშია. იმ აღმასკომის, რომლის პრაქტიკულად ყველა წევრმა მხარდაჭერა სწორედ გეგეშიძეს გამოუცხადა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პრეზიდენტმა კი თქვა: ჩემს საქციელს ვნანობო, მაგრამ იქვე დააყოლა, _ თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ და ფედერაცია ფეხზე დავაყენეო. აღმასკომზე მისვლას აპირებს ზურაბ დათუნაშვილიც, რომელიც, შეიძლება ითქვას, მარტო იქნება და მას მხარს არავინ დაუჭერს. რა მოხდება მერე, უკვე მარტივი მისახვედრია.

მე უკვე ვთქვი, რომ გამორიცხულია, ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან ვითანამშრომლო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. თუ გეგეშიძე თანამდებობაზე დარჩება, მე ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე ვდგები _ ან კარიერა უნდა დავასრულო, ან სხვა ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო. 26 წლისას კარიერის დასრულება ძალიან ძნელი იქნება, მთელი ცხოვრება ამ სპორტს შევწირე, სხვა რამის კეთება უბრალოდ არ ვიცი, იმიტომ, რომ, რაც თავი მახსოვს, სულ დარბაზში ვარ და სულ ვვარჯიშობ. სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გამოსვლა ცალკე უბედურებაა. კვარცხლბეკზე ასულმა სხვა ქვეყნის ჰიმნს როგორ უნდა მოვუსმინო, არ ვიცი”, _ ამბობს ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

ჩვენი ინფორმაციით, დათუნაშვილს უკვე დაუკავშირდნენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ფედერაციები და მათი ქვეყნის სახელით გამოსვლა შესთავაზეს. ის, რომ სხვა ქვეყანაში დათუნაშვილს არ გაუჭირდება არც სასურველი პირობების მოძიება და არც ჭიდაობის გაგრძელება, ფაქტია. მერე დავიწყებთ: აგერ, ქვეყანა გაყიდა კაცმაო… და ეს მაშინ, როცა იხვეწება, სამართალი მაპოვნინეთო. მერე არ უნდა გვიკვირდეს, რატომ ხდებიან ჩემპიონები “აზერბაიჯანელი” უშანგი კოკაური, “თურქი” ბეთქილ შუკვანი, “უკრაინელი” გიორგი ზანთარაია, “რუსი” რობერტ მშვიდობაძე, “ბერძენი” ჯარჯი ზვიადაური… სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ეს ამ წამს ვინც გამახსენდა. ამ ბიჭებზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები მოდის, საპრიზო ადგილებზე რომ არაფერი ვთქვათ.

შეემატება თუ არა “მამლუქთა” რიგებს ზურაბ დათუნაშვილი, მალე გაირკვევა. აღმასკომის გადაწყვეტილება პრაქტიკულად ცნობილია, ისინი გეგეშიძეს ნდობას გამოუცხადებენ; დათუნაშვილს, ნაკრების კაპიტანს, ეროვნულ გუნდში დარჩენას შესთავაზებენ, რაც არ გამოვა და… ისე არ მოხდეს, 2020 წელს, ოლიმპიადის ფინალში დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გავიდეს და მერე თავში ხელი შემოვირტყათ: ეს რა დაგვემართაო… მაგრამ, თუ გეგეშიძის ფედერაციიდან გაშვებით ქვეყანა ჩამოგვენგრევა…

სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების დროს არსებულ სიტუაციას, როცა კონკრეტულ ადამიანებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ და მათზე არც სამართალი ვრცელდებოდა და არც კანონი. თუ ვინმე განსხვავებას ხედავს, გვითხრას, არ დაგვიმალოს, მაგრამ განსხვავება მხოლოდ სახელებშია, მიდგომა კი _ იგივე!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here