Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

995
ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

თქვენსავით მეც ფეხი ავიდგი და ათ წელზე მეტი გავატარე კამოს სახელობის თბილისის საჩამომსხმელომექანიკურ ქარხანაში (მუშაობა დავიწყე 1954 წელს, ვიყავი საამქროს აღმრიცხველი, ქარხნის ეკონომისტი, მთ. ბუღალტერი). დიდი სიხარულითა და იმედით შევხვდი თქვენს გამოჩენას 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში. გავხდი ღარიბი გლეხის შვილის, საამქროს დამლაგებლად მუშაობის დამწყებისა და უკვე მილიარდების მფლობელის მიერ ჩამოყალიბებულიქართული ოცნებისაქტიური მხარდამჭერი. დარწმუნებული ვიყავი თქვენს გამარჯვებაში, იმედი მქონდა სამართლიანობის აღდგენის, სამინისტროებში კეთილსინდისიერი, პროფესიონალი კადრების მოყვანის და ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომლებიც სწრაფად წაწევდა ქვეყანას წინ.

როცა თქვენი სახელიც კი არავინ იცოდა, ინკოგნიტოდ ყველანაირად ეხმარებოდით საქართველოს, რესურსს არ ზოგავდით მისი მეცნიერებისა და კულტურის განსავითარებლად, ეწეოდით დიდ ქველმოქმედებას ცნობილი ადამიანების მიმართ. საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვეთ და წარმატებით შეასრულეთ დადებული პირობა, რომ კონსტიტუციურად, არჩევნების გზით შეცვლიდით საძულველ ხელისუფლებას. ჩემი აზრით, თქვენ ისეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდით, რომ არ იყო საჭირო გამარჯვების უზრუნვესაყოფად ისეთი დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულებასაც, დარწმუნებული ვარ, იცოდით, საკუთარი რესურსის გამოყენების გარეშე (მაგ., ელექტროენერგიის ტარიფი და სხვ.) ვერ შეძლებდით. თქვენ ისეთი დაპირებებიც გაეცით, რომელთა შესრულება ძნელი, მაგრამ შესაძლებელი იყო. კერძოდ, შეზღუდავდით მონოპოლიებს (მაგ. საწვავი, წამალი). თქვენ შეიძლება მოგისმენიათ წინასაარჩევნო გამოსვლები კუკავასა და ბაღათურიასი. თურმე წნევის წამალი კაპტოპრილი ჩვენთან 8-ჯერ უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე თურქეთში(!). ეს კუკავასთან საუბარში დაადასტურა წამლის მომხმარებელმა. ჩემთვის ეს დაუჯერებელი რამ გადავამოწმე სხვადასხვა აფთიაქში და აღმოჩნდა, რომ იგივე წამალი, ოღონდ ქართული წარმოების, 7-ჯერ ძვირად(?) იყიდება. არა მგონია, თურქეთში ფარმაცევტები ზარალზე მუშაობდნენ. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ წამლის მონოპოლისტების სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ისინი 100-%-იან მოგებასაც არ სჯერდებიან, როცა 15-%-იანი მოგება ნორმალურად ითვლება. ასეთი არანორმალური ფასები ხომ ხალხის ძარცვას ნიშნავს?! ნორმალურია, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში მძარცველის გვერდით იჯდეს?! სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ბიზნესში, მაგრამ ხალხის ძარცვა კანონიერი ბიზნესია?! დიდი ანალიტიკოსობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიოცნებისდამარცხება, ძირითადად, პენსიონერთა განწყობამ განაპირობა. ჩემთვის ცნობილია, რომ გაცემული დაპირების შეუსრულებლობა, განსაკუთრებით ბიზნესმენთა შორის, დაუშვებელია, იგი მოტყუებასა და შეურაცხყოფას უთანაბრდება. ამან და იმის თქმამ, რომ ჩვენი ამოცანა თურმენაცმოძრაობისგადარჩენა ყოფილა, უარყოფითად იმოქმედა თქვენს ავტორიტეტზე.

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის სრულიად მოულოდნელად შეცვლამ და თინა ხიდაშელის დანიშვნამ დაადასტურა თქვენი ნათქვამი, რომ გარე ძალების გავლენა ქვეყანაზე დღეს ადრინდელზე არანაკლებია. ამასთანავე, ისიც ცხადი შეიქნა, რომ ე.წ. კოაბიტაცია თქვენი იდეოლოგიიდანაც მომდინარეობდა და მხოლოდ უცხო ძალებს ვერ დაბრალდებოდა, როგორც ეს ბევრს ეგონა. გეთანხმებით, რომ ძველი კადრების გამოყენება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც იყო, მაგრამ არა წამყვან თანამდებობებზე (განყოფილების, სამმართველოს, დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე) მით უმეტეს დაუშვებელი იყო მათი დაწინაურება. ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა ახალ ხელისუფლებაზე პროკურატურაში მისულ დაზარალებულს, როცა დაინახავდა, რომ მისი საჩივრის განმხილველი მასზე, მის ოჯახზე მოძალადე პროკურორი იყო.

საქართველოს მოსახლეობის მთავარი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენა იყო, ამ საკითხში უმნიშვნელოვანეს რგოლად სასამრთლო სისტემაა მიჩნეული, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა კონსტიტუციითაა განსაზღვრული, მაგრამ იგულისხმება იმათი დანიშვნა, ვინც იმსახურებს. თქვენს ინტერვიუში კი დაიცავით არაკეთილსინდისიერებაში ეჭვმიტანილი მურუსიძე და მისთანები, ხოლო გაამტყუნეთ ბესელია და მისი მხარდამჭერი კოლეგები. სწორედ თქვენმა ასეთმა პოზიციამ გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა.

თქვენ იმდენი გაიღეთ საქართველოსთვის, რომ დარწმუნებული ვარ, მისთვის მხოლოდ კარგის კეთება გინდათ, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. მე არ ვიზიარებ იმ თვალსაზრისს, თითქოს თქვენ რაც გააკეთეთ, მხოლოდ ინვესტიცია იყო პოპულარობის მოსახვეჭად, რათა მომავალში ხელისუფლებაში მოსულიყავით. ჩემი აზრით, ბესელია მართებულად მოიქცა, როცა გადადგა თანამდებობიდან, რადგან არ სურდა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ იურიდიულ კომიტეტს გაეცა მოწონების დასკვნა. ის დარწმუნებული იყო, რომ პარლამენტი დაამტკიცებდა მოწონებულ ათკაციან ჯგუფს ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე. მე გამაკვირვა თქვენმა პოზიციამ და გამახსენა ცნობილი ფაქტი ანტიკური რომის ისტორიიდან: როცა იულიუს კეისარმა გადაწყვიტა, გაყროდა ცოლს, შეკითხვაზე, თვითონაც ხომ არ ეჭვიანობდა მასზე, უპასუხა: კეისარს არა აქვს უფლება, ეჭვმიტანილი ცოლი ჰყავდესო! განა შეიძლება 21- საუკუნეში საქართველოს მოსახლეობას ეჭვმიტანილი მოსამართლე ჰყავდეს?! იმავე ინტერვიუში, მიუხედავად სტრასბურგის ცნობილი გადაწყვეტილებისა, თქვენ გაამართლეთ მურუსიძე გირგვლიანის საქმეშიც კი და მიუთითეთ, შავგულიძის მოქმედების თუ უმოქმედობის გამო იგი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდაო (თანამდებობიდან რომ გადამდგარიყო არ შეიძლებოდა?). 2012 წელს, თქვენი აზრით, შავგულიძე კარგი, პრინციპული ადვოკატი იყო.

თქვენი გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა საქართველოს მოსახლეობამ, ამიტომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მისი აზრის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენ კი სააკაშვილის მიერ დიდი ხნის წინათ ჩატარებული რეფერენდუმით ვხელმძღვანელობთ. რეფერენდუმის შედეგები ზუსტადაც რომ იყოს ასახული, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ხომ შეიძლებოდა, რაღაც შეცვლილიყო? ჩემი აზრით, დარწმუნებულიც რომ ვიყოთ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას ხალხის ნება-სურვილში, გამოკითხვა მაინც საჭიროა (მაგალითად, იტალია). თქმა იმისა, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება, სანამ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, არადამაჯერებელია. თუ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ვახერხებთ და ეს ნორმალურად მიგვაჩნია, რეფერენდუმის ჩატარებასაც მოვახერხებთ და ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მოსახლეობის აზრის გაგებას, მაგრამ ეს რატომღაც არ კეთდება.

დიდი ცოდვაა უმადურობა. როგორც კი დავიხსენით თავი რუსეთის იმპერიისგან, წიხლი ვკარით რუსებს და აღმოვჩნდით არანაკლები (თუ უფრო მეტის არა) სისასტიკის _ ამერიკული იმპერიალიზმის კლანჭებში. ჩვენ, ალბათ, თვალი მოგვჭრა დასავლეთის დემოკრატიამ და სხვა რამეზე აღარ დავფიქრებულვართ. არადა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, გვავიწყდება, რომ ვალდებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ სხვათა ინტერესებსაც. ერთხელ მაინც წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი რუსების ადგილზე. ისინი შეიძლება ასე ფიქრობენ (მეც ვეთანხმები მათ): ჩვენი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის საფასურად თქვენ (ქართველებს) თავის დროზე დაგეხმარეთ თურქეთის მიერ ადრე მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაში (აჭარა, სამხრეთი საქართველო). წახვედით და აღარ გინდათ ჩვენთან მეგობრობა, მაგრამ მიდიხართ ჩემს მტერთან(!), რატომ? ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ მათ მტრად მივაჩნივართ და არც უნდა გვიკვირდეს მათი მხრიდან ზოგჯერ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯები.

ქართველებს წამბაძველობა გვიყვარს, ამასთანავე, ჩვენი თავი სხვებზე ჭკვიანად მიგვაჩნია _ რატომ არ ვირჩევთ კარგ მაგალითებს?

რუსებს არ დაველაპარაკებით! _ ამაყად აცხადებს ჩვენი პრეზიდენტი. საქართველოს მეგობარ უკრაინას რუსებთან ომი აქვს, მაგრამ მათთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გაუწყვეტია. უჭკუო ხალხად არც იაპონელები ითვლებიან, მაგრამ, კურილიის კუნძულების ანექსიის მიუხედავად, რუსებს არა მხოლოდ ელაპარაკებიან, მასთან გაცხოველებული ვაჭრობაც აქვთ. აშშ-მა ატომური ბომბებით ორი ქალაქი გაუნადგურათ, ასიათასობით დიდი და პატარა დაუხოცეს ამერიკელებმა, მაგრამ ამ ქვეყნის პრეზიდენტ ობამას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ჩვენს უშუალო მეზობლებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოზე გაცილებით ძლიერი ევროპის სახელმწიფოები (ფინეთი, ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია) არ მიიჩნევენ თავიანთი ქვეყნებისთვის სასარგებლოდ ნატოში შესვლას. ჩვენ კი, ნატოს არაწევრი ქვეყანა, აქტიურად ვმონაწილეობთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “სამშვიდობო” ოპერაციებში და ამ მისიებში მონაწილე სამხედროების რაოდენობით საპატიო მეორე ადგილი გვიჭირავს, რისთვისაც მადლობას კი გვიხდიან, მაგრამ გვეუბნებიან: მაგის გამო ნატოში ვერ მიგიღებთო. ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში გარკვული წარმატებები გვაქვს, მაგრამ ეკონომიკის განვითარებაში ძალიან ჩამოვრჩით, ერთ დროს წარმატებული ქვეყანა სიღატაკეში აღმოვჩნდით. ვკითხოთ ხალხს: იქნებ ლუკაშენკოს მსგავსი დიქტატორის მიერ მართული ქვეყანა ურჩევნიათ ასეთ დემოკრატიასა და სიღატაკეში ყოფნას? ისე, ლუკაშენკოს რუსებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ამერიკელებიც პატივისცემით ეპყრობიან. სხვათა შორის, პუტინის “დიქტატორულ” სახელმწიფოში საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა გადახვეწილი, იქ მუშაობენ და იქიდან გამოგზავნილი ფულით არჩენენ ოჯახებს.

ქვეყნის სწრაფ განვითარებას ვერ მივაღწევთ ეკონომიკის წლიური 4-5%-იანი ზრდით, საჭიროა ნახტომისებური განვითარება, რაც მხოლოდ მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ფართოდ დანერგვით არის შესაძლებელი. ჩვენს ხელისუფლებაში დიდი გავლენა გაქვთ და ძალიან მიკვირს, რომ არ ხდება არათუ მსოფლიოს მიღწევების, არამედ ქართველი მეცნიერების მიღწევების ფართოდ დანერგვა. მაგალითად, ევგენი უშვერიძის გამოგონებებისა (მარცვლეულის დეფიციტის შემცირება) და პაატა გიორგაძის პროექტის (მიწისქვეშა გრუნტის სასმელი წყლების გამოყენების შესახებ), რომელსაც სრულად გამოყენებისას თურმე შეუძლია წლიურად 12 მლრდ დოლარის მოტანა. არსებობს ვინმე ერისთავის პროექტი (დაპატენტებული), რომლის მიხედვით, თურმე შესაძლებელია მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების აშენება დიდი წყალსაცავების გარეშე. ეს ხომ გადაარჩენდა ასე ძვირფას რაჭასა და სვანეთს?! ელექტროსადგურების აშენება რომ აუცილებელია, ეჭვს არ იწვევს. ეს გერმანიაშიც იციან, ისინი ჩვენსავით მდიდარი არ არიან ჰიდრორესურსებით, ამიტომ რამდენიმე ატომური სადგური გააჩერეს და მზის ელექტროსადგურებზე (გაუმჯობესებული და უფრო იაფი ტექნოლოგიით) გადავიდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, როცა 2011-2012 წლებში მოსახლეობას ჰპირდებოდით ცხოვრების დონის თანდათან გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ბევრი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას, გულწრფელი იყავით. თქვენ ამ ყველაფრის გაკეთება შეგეძლოთ, მაგრამ რაღაც მოხდა: ვიღაცას ხელს აძლევს, რომ მდიდარი რესურსების მქონე ქვეყანა არ აღორძინდეს, სიღატაკეში დარჩეს და ქართველებისგან დაიცალოს. ამიტომ თქვენ განზე გადექით. მეტიც _ როგორ გაბედა საგარეო საქმეთა უწყებამ გაეროს იმიგრანტთა მიღების პაქტზე ხელის მოწერა, როცა თვით ამერიკამაც კი უარი განაცხადა ამაზე?! ამის გამო მინისტრ ზალკალიანისთვის საყვედურიც კი არ უთქვამთ.

ან როგორ გავიგოთ თქვენი დიდი ძალისხმევა დენდროლოგიური პარკის აშენების მიმართ? თქმა არ უნდა, კარგია, მაგრამ ვისთვის ვაშენებთ? იმ სოლიდური თანხით ხომ შეიძლებოდა რაიონებში თუნდაც ხილის წვენების რამდენიმე უმარტივესი ქარხნის აშენება და ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებული რამდენიმე ქართველის შეჩერება? ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ ვერ ბედავთ, მითითებულ გზას გადაუხვიოთ. თქვენს ასაკში მეც მომსვლია შეცდომები, რასაც ახლა ვაცნობიერებ. ნუ გგონიათ, რომ ყოველთვის მართალი ხართ, სხვების ნათქვამიც შეიძლება შეიცავდეს ჭეშმარიტებას.

დასასრულ, რაკი თავი შეყავით კრაზანების ბუდეში, გარისკეთ, დაძლიეთ ხელისშემშლელი ძალები, თუნდაც ეს მთელი თქვენი რესურსისა და სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ღმერთმა მოგცათ შანსი, ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც დიდი დადებითი პიროვნება, გამოიყენეთ ეს შანსი!

თქვენი გულშემატკივარი და იმედგაცრუებული მოქალაქე

ოთარ ველიაშვილი

1 COMMENT

  1. abtono otar(statiis avtors) tkven ra martla gjerat rasac eubnebit ivanishvils rom is ismens xalxis( tkvenis) xmas??? 🙂 kargit ra ar gamacinot erti gulianad( ki minda ise rom gulit da xalisit gavicino da dardi ar macves mdzime lodad rodesac chems dakceul samotxis shesadar mxare -sakartvelos da xalxs( gadagvarebuls, dacemuls da ukve titkmis yvelapris mkadrebels) vukureb…
    ivanishvili dro icureba da eg pulebi didebas ver mogitanen atasi eklesia aasheno(tanac zustadac rom xalxis xmebis mosapoveblad) . danarcheni tkveni agaravis sjera . droa kacuri saxeli daibruno(tu odesme ase gkonda warmodgenili). tu arada marto tkven ki ara tkvens momavals dzalian mcared moekitxeba, miliardebi ver gishvelit veraaaa..daimaxsovret bevrs ekneba tkventvis shemotvlili …

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here