Home ახალი ამბები საქართველო ქუთაისის ოპერის თეატრი ქართული ოპერის პრემიერას ამზადებს

ქუთაისის ოპერის თეატრი ქართული ოპერის პრემიერას ამზადებს

გიორგი ჩლაიძის “დარისპანის გასაჭირი”

1224
ქუთაისის ოპერის თეატრი ქართული ოპერის პრემიერას ამზადებს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) 50- თეატრალური სეზონის მორიგი პრემიერისთვის ემზადება _ 25 იანვარს წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ჩლაიძის ოპერადარისპანის გასაჭირი” (ახალი ვერსია; ვარლამ ნიკოლაძის ლიბრეტო, დავით კლდიაშვილის ერთსახელიანი პიესის მიხედვით). სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორმაისტერ ირინე ლომინაძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, მთავარ პარტიებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო).

 

გიორგი ჩლაიძე
გიორგი ჩლაიძე

დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

გიორგი ჩლაიძეს მინიჭებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და “ხელოვნების ქურუმის” წოდებები. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია მონო-ოპერა “წერილი ნესტან დარეჯანისა”, მიუზიკლები: “ღვთაებრივი კომედია”, “ო, ადონაი, ისმინე”, “შაპიტო”, “პანორამა”, “პატარა კახი”, “ნაცარქექია”, საბავშვო მიუზიკლები: “ქინქლას ამბავი”, “კალეიდოსკოპი”, ვოკალურ-პლასტიკური დრამა “მზის დაბრუნება”, კონცერტი დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, “თბილისური რაფსოდია” ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, სიმფონიური მინიატურები, საზეიმო კანტატა “გაზაფხული”, პოემა “ფიქრნი” (ინსტრუმენტული ანსამბლისთვის), საფორტეპიანო იუმორესკები, ვალსები, ტანგოები, მენუეტები, სონატა-ფანტაზია (მაღალი ხმის, ფლეიტის, ჩელოს, ტამტამის და ფორტეპიანოსთვის), ვოკალური ციკლები: “სიყვარულის საგალობელი”, “სიყვარულო, ნიჭო სრულო”, “ლოცულობს გველი”, “ჩუმად წარსულო, ჩუმად”, საგუნდო ციკლები: “ხუთი მწუხარე სიმღერა”, “თემები, ვარიაციები და ბოლოთქმა”, “საგალობლები”, “საქართველოს მგოსანი ვარ”, ტრიპტიქი “ნინოს ნათელი”, “მშობლიური სურათები”, “ავე მარია”, “სალაღობო”, საბავშვო გუნდები ფორტეპიანოს თანხლებით, მუსიკა 100-ზე მეტი დრამატული სპექტაკლისთვის, მუსიკა 21 კინოფილმისთვის, რომანსები, საესტრადო სიმღერები.

“დარისპანის გასაჭირის” პრემიერა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 25 იანვარს 19 საათზე გაიმართება. მოისმინეთ, იხილეთ და ისიამოვნეთ.

ზურაბ ოიკაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here