მთავარი პოლიტიკა ქართული, ეროვნული ახალი წელი დაგდგომოდეს, საქართველოვ!

ქართული, ეროვნული ახალი წელი დაგდგომოდეს, საქართველოვ!

457
გააზიარეთ
ქართული, ეროვნული ახალი წელი დაგდგომოდეს, საქართველოვ!

ნუ ენდობით ეკონომიკის მინისტრს და ნუ დაიჯერებთ, რომ ახალი წლის დილას, ახალგაღვიძებულზე მაცივარს რომ გამოაღებთ, იქ იმაზე მეტი პროდუქტი დაგხვდება, ვიდრე შეიძინეთ

არჩევნების პირველ და მეორე ტურებში გართულებმა ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ მოგვეპარა ახალი წელი. ახალ წელს ქართველები განსაკუთრებით აღვნიშნავთ _ თუ ფული არ გვაქვს, ვისესხებთ; თუ არ გვასესხებენ, კრედიტს ვიღებთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს საცივი, შემწვარი გოჭი დავინეგრეტი”, რომელსაც არავინ ჭამს, მაგრამ მაინც დევს, ანუ, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში მენიუ ერთი და იგივეა, უბრალოდ, დიასახლისის მარიფათსა და კულინარიულ ცოდნაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეაზავებს საცივს, ვინ დააკლებს ხარშვას ხაშლამას, რამდენად ნამუსიანად შეწვავს გოჭს უბნის თონეში მომუშავე პურის მცხობელი. მეზობლები შურით გასკდებიან ვალით გაშლილი სუფრის გამო. რამდენიმე დღე და დაიწყება შიმშილობისა და ქამრების შემოჭერის ერთთვიანი მარათონი, შობამდე საახალწლო საჭმელი კი მიგვყვება, მაგრამ ძველით ახალ წლამდე _ თითქმის არაფერი, ნათლისღებამდე კი _ საერთოდ არაფერი და სწორედ ამიტომ ერთერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, პრაქტიკულად, სადღესასწაულო სუფრის გარეშე აღნიშნავს უმრავლესობა.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერი ორი გვაქვს _ ახალი წელი, შობა, გიორგობა… ეგ კი არადა, ორი პრეზიდენტიც გვყავს _ არჩეული სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრეზიდენტად გამოცხადებული გრიგოლ ვაშაძე; შვილებიც, ძირითადად, ორი _ გოგო და გვარის გამგრძელებლად ბიჭი. და ამით გვგონია, რომ სამშობლოს წინაშე ვალს ვიხდით.

ისე, ჩვენ ბევრი რამ გვგონია და, სამწუხაროდ, არამხოლოდ ჩვენ. აგერ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ჰგონია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს, არ უჭირს და, უბრალოდ, ამ ყველაფერს ვერ ხვდება.

“არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს, და არ არის ჩვენი მოგონილი”, _ განაცხადა ქობულიამ.

ბატონო გიორგი, ფაქტი, იცით, რა არის? _ აი ის, ბინის გაქირავებით წლიურად 112 ათასი ლარი რომ შემოგივიდათ, ამის გარდა, თვეში ხელფასი 30-ჯერ იმაზე მეტი რომ გაქვთ, ვიდრე პენსიონერის წლიური შემოსავალია, 300 ათას დოლარად სახლი რომ შეიძინეთ წყნეთში და ზედ 185 ათას დოლარად მიწის ნაკვეთიც მიაყოლეთ იქვე, რა იცი, ოჯახი ხრამიაო. ჰო, კიდევ ის არის ფაქტი, ფალიაშვილზე ორ ბინაში ნახევარ მილიონ დოლარამდე რომ გადაიხადეთ და “პორშე პანამერა” 125 ათასი ევრო რომ დაგიჯდათ. განვაგრძო? დაახლოებით ათი მილიონი დოლარის აქციები რომ შეიძინეთ სულ რაღაც, 2 წლის წინათ, საბანკო ანგარიშებზე გახსნილი დეპოზიტებიდან დარიცხული პროცენტით ასეულ ათასობით დოლარის შემოსავალი რომ გაქვთ, ეგ არის ფაქტი და ღმერთმა შეგარგოთ თქვენი შრომით ნაშოვნი ფული, ბატონო გიორგი, მაგრამ მოდი რა, ნუ გვეტყვით, ხალხს არ უჭირს და ვერ ხვდებაო. არ გიჭირთ თქვენ და ნუ იმოქმედებთ პრინციპით _ მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო.

ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც, ახლა რომ თვალებს ნაბავენ და ამბობენ: არ ვიცოდით, ხალხი თუ ამ დღეში იყოო. არ იცოდნენ თურმე, ციხეებში პატიმრებს რომ აწამებდნენ და სადისტრიბუციო მანქანასავით რომ მიდიოდა ყოველ დღე სხვადასხვა დაწესებულებაში სპეცავტომობილი პატიმრის მორიგი გვამის გამოსატანად. არც ის იცოდნენ თურმე, მეოთხედი მილიონი პრობაციონერი რომ გვყავდა და საერთაშორისო დონეზე სააკაშვილმა რომ თქვა: კრიმინალი ერი ვართ, ამის ბრალია ამდენი პატიმარი და პრობაციონერიო. ეს ყველაფერი არ იცოდნენ მათ და ისე ნუ იზამთ, ვითომ თქვენც არ იცით და თავზე ნაცარს ნუ წაიყრით. აღარავინ ამბობს, რომ ციხეში პატიმრებს აწამებენ, რომ გარდაცვალების ფაქტები ხშირია, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოციალური მდგომარეობა წამებასთან ასოცირებული ნამდვილად არის. პენსიონერებზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსაწესრიგებელია სოციალური პროგრამა, რომელიც ხშირად რამდენიმესულიან ოჯახს თვიურ გასამრჯელოდ 10, 15 და 20 ლარს უნიშნავს

და მაინც, ახალი წელია და მხიარულ განწყობაზე გადავიდეთ.

თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საქართველოში “ტაქსით” მგზავრობა ძალიან იაფია და ფასი უნდა გაიზარდოსო. მართალია ქალაქის მერი, რას მიქვია, “ტაქსით” მგზავრობ და ცოტას იხდი?! თუ სურვილი გაქვს, რომ აუტანელ საცობებში 1-2 საათი სამარშუტო ტაქსში არ იჯდე ან ავტობუსში ჭყლეტაში არ მოჰყვე, გამოჯგიმული იყო “ტაქსიში” და საცობის გამო მძღოლის რამდენიმესართულიან გინებებს უსმინო, მეტი უნდა გადაიხადო. მერე რა, თუ არ ვიცით, საიდან უნდა გადავიხადოთ ეს მეტი?! მთავარია, გაძვირდება და “ტაქსების” სიძვირით ევროპას დავეწევით (რამეში ხომ უნდა დავეწიოთ?!) და ვითომ “ტაქსისტების” გულებსაც მოვიგებთ.

ხანდახან მართლა მგონია, რომ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ ადამიანებს აზროვნება ეცვლებათ. თითქოს კაბინეტის ზღურბლს იქით სხვა სამყაროა; ჯიპების ჩამუქებული მინებიდან თითქოს აღარ ჩანან ნაგვის ურნაში ჩაყუდებული ადამიანები; თითქოს 180-ლარიანი პენსია, ასე ხმამაღლა რომ აპროტესტებდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ახლა უფრო მყიდველუნარიანიათითქოს, თითქოს, თითქოს

და ეს ყველაფერი იმის ფონზეა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრებმა აღარ იციან, სოციალურ ქსელებში რა გამოფინონ. სიხარულით ამცნობენ საზოგადოებას, რომ სანტა კლაუსი (და არა თოვლის პაპა) ჰყავდათ გამოძახებული და მთელი ღამე კარგად გაერთნენ შვილებთან ერთად და ეს მაშინ, როცა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ ვიდეოში 10 წლის ბიჭი გორის ერთ-ერთი სოფლიდან ამბობს, რომ შარშან ახალ წელს თოვლის პაპამ 80 თეთრი აჩუქა და ამ ფულით შოკოლადი იყიდა, ოღონდ ის შოკოლადი ვერა, რომელიც უნდოდა, რადგან ის ძვირი ღირდა. კი არ გეწყინოთ, მაგრამ იმ ბავშვის თოვლის პაპა უფრო რეალური მგონია მე, ვიდრე თქვენ მიერ გამოძახებული და მთელი ღამე მოცეკვავე სანტა კლაუსი. ის ბავშვიც უფრო გულწრფელი მგონია იმ 80 თეთრით მიღებული სიხარულით, ვიდრე რამდენიმე ათას ლარად შექმნილი ახალი წელი.

წეღან უცნაურობა ვახსენე და, 2016 წელს ერთმა კეთილმა კაცმა მითხრა: ყველაზე გაჭირვებული ვინ იცი შენს ახლო-მახლო, საახალწლოდ იმდენ რამეს ვაჩუქებ, რომ გაიხარონო. შვიდშვილიან ოჯახზე მივუთითე, რომლებიც ფიცრებისა და “ჟეშტებისგან” შეკრულ ქოხში ცხოვრობდნენ, პირდაპირ მიწაზე ედგათ ლოგინი და ყველაზე უფროსი 16 წლის იყო, უმცროსი _ 3 თვის. ინამუსა იმ კაცმა, 1500 ლარის პროდუქტები მიუზიდა, მეც ვახლდი და მერე მითხრა: ამათ სადმე სოფლად სახლსაც ვუყიდი, საქონელსაც, არ შეიძლება ამდენი ბავშვი მიწურში მიწაზე ცხოვრობდესო. ორ კვირაში დამირეკა ისევ, სახლი ვნახე რუსთავთან ახლოს, სოფელში, უნდა ვახაროთ იმ ოჯახსო, მაგრამ ვერ ვახარეთ _ უარი თქვეს სახლზე: იქ რომ გადავიდეთ, თვეში 350 ლარს გვაძლევენ სოციალურ დახმარებას და მოგვეხსნებაო. ჰოდა, ცხოვრობენ ისევ მიწურში და ზრდიან შვიდ შვილს.

იმიტომ მოვყევი ეს ამბავი, რომ უცნაური ხალხი ვართ ქართველები. აბა, როგორ შეიძლებოდა, 800 ათასი ადამიანი ამდგარიყო და არჩევნების მეორე ტურში ხმა დიქტატურის დაბრუნებისთვის მიეცა; ხმა მიეცა ადამიანისთვის, რომლის უკან მდგომები გვამებს ითხოვდნენ, საკუთარ ხალხზე ძალადობდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენთითქოს სტოკჰოლმის სინდრომს ჰგავს ეს ყველაფერი და არც გაგიკვირდეთ _ ევროპას ხომ ფეხდაფეხ მივდევთ, ოღონდ ჯერ ცუდი მოგვაქვს იქიდან და ამაზე ცუდებიც წამოგვიღია.

ნამდვილად ვერ შეგპირდებით, რომ მომავალი წელი გასულზე უკეთესი იქნება. არჩევნები 2019-შიც გველის, რადგან ოთხი მუნიციპალიტეტი მერის გარეშეა დარჩენილი, და ივანიშვილმაც ხომ დაგვიანონსა: კიდევ არაერთ თავს დავაგორებო. ჰოდა, სტოკჰოლმის სინდრომი თუ გაძლიერდა მანამდე, მერე ნახეთ, სადმე ეგებ ნაციონალი მერიც გვყავდეს და ვიქნებით ყველა ბედნიერები.

მანამდე კი ნუ ენდობით ეკონომიკის მინისტრს და ნუ დაიჯერებთ, რომ ახალი წლის დილას, ახალგაღვიძებულზე მაცივარს რომ გამოაღებთ, იქ იმაზე მეტი პროდუქტი დაგხვდებათ, ვიდრე შეიძინეთ. ნურც იმას დაიჯერებთ, რომ რამეს ვერ ხვდებით, უბრალოდ, ამ ყველაფრის თავისებური აღქმა გვაქვს ქართველებს, ცოტა უცნაური, მაგრამ ქართული, ეროვნული. ჰოდა, ქართული, ეროვნული ახალი წელი დაგდგომოდეს, საქართველოვ!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here