Home რუბრიკები საზოგადოება ქართველთ შიმშილით გაქრობა ემუქრება

ქართველთ შიმშილით გაქრობა ემუქრება

941
ქართველთ შიმშილით გაქრობა ემუქრება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე უნდა გესაუბროთ. ვერ გეტყვით, ამას რა შეიძლება დავარქვათ: დაცინვა, ფეხებზე დაკიდება თუ სხვა რამ, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით ვერც ჩვენ და ვერც სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის მთავარი საზრუნავი ადამიანი უნდა იყოს.

სანამ უშუალოდ ციფრებსა და ოფიციალურ მონაცემებზე გადავალთ, ეროვნული ვალუტის კურსზე ვთქვათ. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წინა კვირას საინტერესო განცხადება გააკეთა _ აღნიშნა, ლარის კურსის მერყეობა სპეკულაციური იყოო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ “ისპეკულიანტა” და ვინ ნახა სარგებელი ამ ყველაფრით. მოსახლეობას სარგებელი რომ არ უნახავს, ფაქტია; ფაქტია ისიც, როგორც კი მოინდომა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გაქცეულ კურსს ყულფი ჩამოაცვა და უკან დაახევინა. შესაძლებელი ყოფილა გაკონტროლება. მანამდე გვიმტკიცებდნენ, ეროვნული ვალუტა ცოცხალი ორგანიზმია და თავისუფალ ცურვაშია გაშვებულიო. ისიც ვთქვათ, რომ, მაგალითად, 16 ნოემბერს, როცა “ბლუმბერგზე” ვაჭრობა დასრულდა, ჩვენი ვალუტის კურსი 2,66 იყო, ეროვნულმა ბანკმა 2,68 დაადგინა, ხოლო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2,67-ად იყო შესაძლებელი. არავინ გვიხსნის, რატომ არის, რომ სხვა ქვეყნების ვალუტის კურსი “ბლუმბერგის” მონაცემებს ასიდან ას შემთხვევაში სრული სიზუსტით ემთხვევა, ჩვენთან კი ცდომილებაა ხოლმე.

ახლა მთავარი _ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში 3,60 ლარით გაზრდილი საარსებო მინიმუმიც ვერ გასცდა პენსიას და 173,80 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 170,20 ლარი იყო, თუმცა…

იმავე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ოქტომბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში 153,90 ლარია. აქვე გეტყვით, რომ საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. მინიმალური სასურსათო კალათა კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათაა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას, ანუ ადამიანი შიმშილით რომ არ მოკვდეს, ამაზეა საუბარი.

ახლა განვაგრძოთ _ ეს არის ის, საკვებად რაც სჭირდება ადამიანს, თორემ იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე 210,50 ლარია. სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, საოჯახო მოხმარების საქონელი… დავანებოთ საარსებო მინიმუმს თავი და ავიღოთ საშუალო თვიური ხარჯი და ვთქვათ, რომ ოთხსულიან ოჯახს სჭირდება 842 ლარი.

მერამდენედ გვიწევს გამეორება, რომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქის თვიური შემოსავალი საშუალოდ 252,50 ლარია, ანუ ოთხსულიანმა ოჯახმა აუცილებელ 842 ლარს რომ მიაღწიოს, ოჯახში უნდა მუშაობდეს ოთხივე წევრი, მაგრამ თუ მხოლოდ ორი (მშობლები) მუშაობს, გამოდის, რომ მინიმალური თვიური ხარჯის გადახდა არ შეუძლიათ.

როცა ამბობენ პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალიაო, იმას გულისხმობენ, რომ პენსიონერები შრომისუნარიანი ადამიანების რიგში არ შედიან და შესაბამისად, 210,50 ლარი კი არა, სწორედ რომ 173,80 ლარი სჭირდებათ. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. გუშინ კაცი 64 წლის რომ იყო, დღეს 65-ის რომ გახდა და პენსიაზე გავიდა, იმას ნიშნავს, რომ საჭმელზე დაახლოებით 40 ლარი სასწრაფოდ უნდა მოიკლოს, იმავე თვეს უნდა მოიკლოს, იმიტომ, რომ იმ ერთ დღეში შრომისუუნარო გახდა. ეს _ პენსიონერის შემთხვევაში, თორემ 14-15 წლის მოზარდები ხომ არ არიან შრომისუნარიანი კაცის მონაცემების და იმათ ის 173,80 ლარი უნდა ეყოთ, მაგრამ რა გამოდის: თუ ოთხსულიან ოჯახში მხოლოდ მშობლები მუშაობენ და აქვთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი 252,50 ლარი, თვეში შემოსავალი 505 ლარი გამოდის, გავყოთ ოთხ სულზე და მივიღებთ, რომ ოთხსულიან ოჯახს საარსებო მინიმუმი არ აქვს.

შევეცადე, მაქსიმალურად გასაგებად ამეხსნა, როგორ გვატყუებენ და როგორ გვიბნევენ თავგზას ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორ გვატყუებს ოპოზიციაც, როცა ამბობს: პენსიას 400 ლარამდე გავზრდითო… გვატყუებს იმიტომ, რომ თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დეტალურად განიხილა ეს დაპირება და ახსნა, რომ პენსიის 400 ლარამდე გაზრდა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვლენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2-3 წელში გაზრდიან ბიუჯეტს და ამ დაპირებას 2023 წლისთვის აასრულებენ. თუ ხვდებით მაინც, რა ხდება?! ოპოზიციაც კი ამბობს, რომ, სულ ცოტა, ხუთი წელი უნდა პენსიის მნიშვნელოვნად გაზრდას. აქ არ არის საუბარი გრანდიოზულ თანხებზე, არ არის საუბარი ევროპულ პენსიაზე, საუბარია იმაზე, რომ პენსიონერმა ადამიანად იგრძნოს თავი და თვიდან თვემდე იმაზე კი არ იფიქროს, როგორ მოიკლოს საკვები, არამედ ის მაინც ეიმედებოდეს, დღეს ერთი ლუკმით მეტი რომ გადამცდეს, პენსიამდე შიმშილი არ მომიწევსო.

ამ ყველაფრის ფონზე, ცუდი მოსასმენია წინასაარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული მილიონების ოდენობა. ცუდი მოსასმენია ის, რომ ვიღაც სახელმწიფო მოხელეს ხელფასს იმიტომ უზრდიან სამიდან შვიდი ათას ლარამდე, ბიუჯეტის ფულის მოპარვის ცდუნება არ ჰქონდეს. არადა, ზოგიერთი პარლამენტარისა თუ მთავრობის წევრის ერთი თვის ხელფასი 1500 ლარით აღემატება პენსიონერთა წლიურ შემოსავალს?! ჰო, ერთ თვეში ზოგიერთი 1500 (მინიმუმ) ლარით მეტს იღებს, ვიდრე პენსიონერი მთელი წლის განმავლობაში, და რასაც ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს (სუფთა ხელფასის სახით, პრემიადანამატების გარეშე), პენსიონერს იმდენის მისაღებად პენსიაზე გასვლიდან 82 წელი სიცოცხლე დასჭირდება. ანუ, ქალებს თქვენი ოთხწლიანი ჯამარიგის ოდენობის თანხის მისაღებად 142 წლამდე მოუწევთ ცხოვრება, კაცებს _ ხუთი წლით მეტხანს. იმას თუ ხვდებით, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები სახლიდან ადრე იმიტომ გადიან, რომ დასუფთავების სამსახურმა ნაგვის ურნების დაცლა არ მოასწროს ან სხვებმა, მათნაირად გასჭირვებულებმა, ნაგვის გაქექვა, მშივრები რომ არ დაიხოცონ

ისევ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს დავუბრუნდეთ. თურმე ყველაზე ღარიბად საქართველოში რაჭალეჩხუმქვემო სვანეთის მოსახლეობა ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მოსახლეობა 30 246 ადამიანია. ცალკე თემაა ის, რომ ეს მხარე, პრაქტიკულად, დაცლილია. ჰოდა, ამ 30 246 ადამიანიდან სოციალურ დახმარებას 12 413 იღებს, რაც საერთო რაოდენობის 41 პროცენტია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ ასე გაგრძელდება (და რატომ არ უნდა გაგრძელდეს), სულ რაღაც 1-2 წელიწადში პროცენტული მაჩვენებელი 50-ს გადააჭარბებს.

მართლა ვერ ვხვდებით, რატომ იქცევა ასე ხელისუფლება. მართლა ვერ ვხვდებით, რატომ ათამაშებს თავის ნებაზე ეროვნულ ვალუტასაც და ადამიანის ნერვებსაც. ფაქტია, რომ რეალურად საარსებო მინიმუმი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე გვეუბნებიან. ფაქტია, რომ ერთ ადამიანზე დაანგარიშებული შემოსავალი ოთხსულიან ოჯახს არ სწვდება, ვერ ყოფნის და ბედის ანაბარაა ხალხი მიტოვებული. რეგიონების განვითარებაზე ვზრუნავთ თურმე და რაჭალეჩხუმში ლამის ყოველი მეორე სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული და მერე გვიკვირს, _ მთა რატომ იცლება, ტურისტულ ინფრასტრუქტურას ვავითარებთო. და იქ ჩასულ ტურისტს სოციალური დახმარების ფულით უმასპინძლოს ადგილობრივმა თუ სოციალურად დაუცველებს გრძელვადიან და შეღავათიან კრედიტს მისცემს ბანკი, ისიც სასტუმროს გამართავს და სულს მოითქვამსარა, ბატონებო, არა! თვითონ დაჯექით, დათვალეთ და, თუ არ შეგრცხვებათ, სისულელეები მაინც არ თქვათ, სპეკულიანტები არ ეძახოთ საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ უკიჟინოთ, კარგად ცხოვრობთ, ფული გაქვთ, უბრალოდ, ვერ ხვდებითოსტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ხომ თქვენია და, ჩვენი თუ არ გჯერათ, მათ დაუჯერეთ _ ლამის ნახევარი ერი შიმშილობს!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here