Home რუბრიკები საზოგადოება უცნობი მესი

უცნობი მესი

რამდენიმე ფაქტი ლიონელ მესის შესახებ, რომელიც, ალბათ, არ იცოდით

1492
მესი

თანამედროვე ფეხბურთის ამ ფენომენზე, რომელიც ბევრი ბავშვისა თუ ზრდასრულის კერპად იქცა, უამრავი სტატია თუ წიგნი დაუწერიათ და მომავალშიც დაწერენ. უამრავი კინო თუ სატელევიზიო ფილმი გადაუღიათ და მომავალშიც გადაიღებენ, რადგან კიდევ რამდენიმე წელიწადს ითამაშებს მაღალ დონეზე, მაგრამ ამ წერილში მოგითხრობთ ლიონელ მესის არა უამრავ მიღწევასა და რეკორდზე, არამედ ცხოვრების უცნობ დეტალებზე.

მესი უკვე 31 წლის არის. ცოტა ხნის წინათ მან თავისი მე-400 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში _ პირველი ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ამას მიაღწია. ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე მიეჩვივნენ, რომ ლეო კაპიტანია, ნახევრად ღმერთი ტატუთი და წვერით, რეკორდსმენი და, უბრალოდ, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული და გენიალური ფეხბურთელი, მაგრამ ასე არ იყო ყოველთვის _ 15 წლის წინათ ის მხოლოდ იწყებოდა.

დაავადება და მცველების დაცინვა

“ბარსელონას” აკადემიაში მესი პირადად მიიწვია კლუბის სპორტულმა დირექტორმა კარლეს რექსახმა. ლეოს პირველი მწვრთნელი ესპანეთში რუდოლფ ბორელი ამ დღეს ასე იხსენებს: “ჩვენთან მოიყვანეს პატარა ბიჭი. როდესაც ის წარუდგინეს გუნდს და ჰკითხეს, სად თამაშობს, ლეომ ძალიან ჩუმად წარმოთქვა: “თავდასხმაში”. გუნდის წევრებისგან სიცილი შემომესმა _ ესენი იყვნენ ჩვენი მცველები, რომლებიც უკვე იმხანად სიმაღლით გამოირჩეოდნენ. პირველი ვარჯიშის შემდეგ მათ აღარასოდეს დაუცინიათ ლეოსთვის. ხომ გსმენიათ გამოთქმა: ბურთი ფეხზე ჰქონდა მიწებებულიო? ლეოსთან საქმე სხვაგვარად იყო, ისე ჩანდა, თითქოს ბურთი და ფეხი ერთი მთლიანი იყო”. თუმცა ეს ტრანსფერი შეიძლებოდა არც კი განხორციელებულიყო. როდესაც მესის 11 წელი შეუსრულდა, ექიმებმა დაუსვეს იშვიათი დაავადების დიაგნოზი _ სიმაღლეში ზრდის ჰორმონის დეფიციტი. რექსახი, რომელიც იმხანად მივლინებით არგენტინაში იმყოფებოდა, ამბობდა: მე ბევრი ვესაუბრე ლეოს. ის საუკეთესო იყო თავის გუნდში, მაგრამ ჰქონდა ერთი პრობლემა _ ძალიან დაბალი იყო. ლეო ტექნიკითა და მოედნის ხედვით ძალიან გამოირჩეოდა თანატოლებისგან. სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი მის გადმოყვანაში”. “ბარსელონამ” მიიღო მესი და დაფარა მისი მკურნალობის ხარჯები.

მესი და რონალდინიო
მესი და რონალდინიო

მეგობრობა რონალდინიოსთან

პირველ შემადგენლობაში მესის გადაყვანას მხარი დაუჭირა ფრანკ რაიკაარდმა. იმხანად (2004 წ.) ის აქტიურად მუშაობდა გუნდის ლიდერების შემცვლელთა მოსაძებნად. გეგმის მიხედვით, მესი იყო ის, ვისაც უნდა შეეცვალა რონალდინიო. რაიკაარდი განსაკუთრებით აფასებდა ახალგაზრდა მოთამაშის მრავალფუნქციურობას. ლეო შესანიშნავად გამოიყურებოდა შემტევი ნახევარმცველის ადგილას, მაგრამ ერთხელ, როცა ვარჯიშზე რაიკაარდმა სთხოვა, ორმხრივ თამმაში თავდამსხმელის ამპლუა მოერგო, ლეომ 4 გოლი გაიტანა, სემუელ ეტო, ომ _ 1, დანარჩენმა თავდამსხმელებმა _ ვერც ერთი. “მივხვდი, რომ მესი შეიძლებოდა შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე დამეყენებინა”, _ იხსენებს რაიკაარდი.

მესისა და რონალდინიოს ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. რონალდინიომ პირველმა მიიღო მესი გუნდში და დეკუს სთხოვა, გასახდელში გაეთავისუფლებინა კარადა, რათა მესი გვერდით ყოფილიყო. ის დაეხმარა ახალბედას, მოეძებნა ბინა, როცა ლეო საფეხბურთო ბაზიდან წავიდა, და აურჩია საუკეთესო ვარიანტი ბარსელონის ულამაზეს რაიონში. სხვათა შორის, მესი დღესაც იქ ცხოვრობს, ოღონდ უკვე საკუთარ სახლში.

მესიზე რონალდინიო ამბობდა: “ის გახდება საუკეთესო “ბარსელონასა” და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა რონალდუსთან, მაგრამ მოხარული ვარ, ვითამაშე მესისთან. ის უნიკალურია”.

როცა რონალდინიომ კარიერა დაასრულა, მესიმ მას გულისამაჩუყებელი წერილი მისწერა სოციალურ ქსელში:

მე ბევრი რამ ვისწავლე შენგან. მუდამ მადლიერი ვიქნები, რადგან, შენ ყველაფერი გააკეთე კარიერის დასაწყისში იმისთვის, რომ თავი შებოჭილად არ მეგრძნობარსელონასგასახდელში. გამიმართლა, რომ შენთან ერთად ბევრი რამ გავიზიარე. შენ ხარ არა მხოლოდ ფეხბურთის ფენომენი, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავი ადამიანი. ფეხბურთი არასოდეს დაივიწყებს შენს ღიმილს. საუკეთესოს გისურვებ, რონი!”

მესი ყურადღებას არ აქცევდა კვებას

აკადემიიდან ძირითად გუნდში გადასვლის პირველ თვეებში მესიმ დაივიწყა ჯანსაღი კვება. ის პერიოდულად მიემგზავრებოდა არგენტინაში და თითქმის ყოველთვის ბრუნდებოდა ჭარბი წონით. როგორც მესი ამბობს, მისი დედა ამზადებს მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ესკალოპს (ყველისგან, ბოსტნეულისგან, შნიცელისგან, სუნელებისა და ზეთისგან დამზადებული არგენტინული კერძი), რომელსაც ხშირად მიირთმევდა არდადეგების პერიოდში. ამის გამო “ბარსას” მენეჯერებმა მესის პირადი დიეტოლოგი დაუქირავეს. ბაზაზე მზარეულები მისთვის ამზადებდნენ სპეციალურ კერძებს ცილებისა და ცხიმების ოპტიმალური რაოდენობით.

მესი და პუიოლი
მესი და პუიოლი

მისი მოტივატორი პუიოლი იყო

როცა მესიმ შეძლო გუნდში ადაპტაცია, მის უფროს მენტორად იქცა კარლეს პუიოლი. “ბარსას” კაპიტანი აცნობდა მას პერსონალს, ათვალიერნებინებდა ბაზას, აიძულებდა, მოედანზე დარჩენილიყო ვარჯიშის შემდეგ და კიდევ ემუშავა. “მესის სახლი ენატრებოდა. ეს ნათლად ჩანდა, _ ყვება პუოლი, _ მე არ ვაძლევდი მოწყენის საშუალებას, ვიწვევდი ლეოს სტუმრად, მივდიოდით ახალგაზრდული გუნდის თამაშის სანახავად, ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ყოველთვის ვეუბნებოდი: “ლეო, შენ კონცენტრაცია უნდა მოახდინო ფეხბურთზე, შენგან დიდი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს. როგორც ხედავთ, ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა”.

ასე აღნიშნავს გოლს მესი
ასე აღნიშნავს გოლს მესი

დებიუტი კატალონიურ დერბიში

მესის “ბარსელონაში” ოფიციალური დებიუტი ჰქონდა 2004 წლის ოქტომბერში _ დერბიში “ესპანიოლის” წინააღმდეგ, თუმცა პირველ გუნდში გაცილებით ადრე ითამაშა _ იმავე წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიოს “პორტუს” წინააღმდეგ. გასაკვირია, რომ მესიმ პირველი გოლი გაიტანა მხოლოდ სეზონის ბოლოს.

2005 წლის 1 მაისს მესი “ალბასეტესთან” მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გამოვიდა მინდორზე. ერთ-ერთი შეტევისას ის გაიქცა მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ, მეგობარი რონალდინიოსგან გენიალური პასით (მოწინააღმდეგის დაცვა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა) მიიღო ბურთი და კარში გაიტანა.

აი ციფრები, რომლებიც დღეს შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ: მესიმ თავის პირველ ჩემპიონატში ჩემპიონატში ესპანეთში მხოლოდ 83 წუთი ითამაშა და მხოლოდ 7-ჯერ გამოვიდა შეცვლაზე. მესის ყოველთვის არ სცმია 10-ნომრიანი მაისურა. ლეოს პირველი ნომერი იყო 30-ე. ამ ნომრიანი მაისურით ლეო საზოგადოებას წარუდგინა “ბარსელონა B”-ს მწვრთნელმა ხოსე კარილიომ. მოგვიანებით ის იხსენებდა: “მინდოდა, ლეოსთვის 10 ნომერი მიმეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის რონალდინიოს ჰქონდა. ძირითად შემადგენლობაში გადაყვანის შემდეგ რაიკაარდმა მოითხოვა, მესის აერჩია ნომერი 1-დან 23-მდე დიაპაზონში. იმ მომენტში თავისუფალი იყო მე-13 და მე-19. ლეომ #19 აირჩია. ათნომრიანი მაისურა კი მესის რონალდინიოს წასვლის შემდეგ ერგო.

მოგვიანებით მესიმ ისაუბრა ნომრის გადაცემაზე: “წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე რონიმ დამიძახა და მთხოვა, მე-10 ნომერი ამეღო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ის უკვე მაშინ თვლიდა, რომ მე შესანიშნავი კარიერა მექნებოდა”. იმ პერიოდის ლეოს ყველა ახასიათებს, როგორც წყნარ და მორცხვ ყმაწვილს. ეტო’ო ყვებოდა, რომ ჭაბუკი მესი ჩაკეტილი იყო და იშვიათად ურთიერთობდა თანაგუნდელებთან, თუმცა ხშირად ხედავდნენ პუიოლსა და რონალდინიოსან ერთად. რაიკაარდი ცდილობდა, შეეტყო, რა არ მოსწონდა მესის გუნდში, მაგრამ ის არაფერს ამბობდა. “ყველაფერი რიგზეა, მისტერ”, _ ყოველთვის მესმოდა მესისგან. ჩანდა, რომ მას სახლი ენატრებოდა, რომ ზოგიერთმა თანაგუნდელმა კარგად არ მიიღო და ის ამის გამო შფოთავდა, მაგრამ ლეო არაფერს მეუბნებოდა, ის იღიმოდა და მიმტკიცებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო”.

სწორედ იმ პერიოდში შექმნა მესიმ გოლის საზეიმო აღნიშვნის რიტუალი. ბურთის გატანის შემდეგ ის გარბის ან რამდენიმე ნაბიჯს დგამს, ცაში იყურება, ხელებს მაღლა აღაპყრობს და პირჯვარს იწერს. ეს ეძღვნება ბებიას. სწორედ მან ურჩია ლეოს მამას, შვილი საფეხბურთო სექციაში მიეყვანა. მესი დღემდე ასე აღნიშნავს გოლს!

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here