Home რუბრიკები პოლიტიკა უთანხმოება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში თანდათან იზრდება

უთანხმოება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში თანდათან იზრდება

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ

1320
პუტინი

8-10 ივნისს, იმ დღეებში, როცა კანადაში გამართულ G7-ის სამიტზე მისმა წევრებმა კინაღამ დაჭამეს ერთმანეთი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობდა. სხვათა შორის, ეს იყო ამ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის მე-19 ვიზიტი, რომელიც მძლავრ ბიძგს მისცემს მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაგანვითარებას.  8-10 ივნისს გამართულმა 2 სამიტმა მსოფლიოს დაანახვა, რომ G7 ღრმა კრიზისშია, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია კი აღმავლობის გზაზე დგას.

“პუტინი არის ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე რუსულ-ჩინურ ურთიერთობებს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობაში”, _ განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გენ შუანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის, მიერ რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთის უმაღლესი ჯილდოთი _ ხალხთა მეგობრობის ორდენით _ დაჯილდოების შემდეგ.

ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორი ფორმატით წარიმართა _ სახელმწიფო ვიზიტი პეკინში და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) სამიტში მონაწილეობა ცინდაოში. მიუხედავად ბევრი საინტერესო ღონისძიებისა (მათ შორის, ორი ლიდერის ერთობლივი მგზავრობა ჩქაროსნული მატარებლით და ჰოკეის მატჩზე დასწრება), ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის პრეზიდენტის დაჯილდოება ჩინეთის უმაღლესი ჯილდოთი _ ხალხთა მეგობრობის ორდენით, იმიტომ, რომ ამ ღონისძიებამ ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ორი ხალხისა და ორი პრეზიდენტის ურთიერთობის დონე.

სამდღიანი ვიზიტის შეჯამებისას პუტინმა მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს მეგობრული ატმოსფეროს შექმნისთვის.

“მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩინელი ხალხის, ჩინეთის ხელმძღვანელობის, თავმჯდომარე სი ძინპინის მიმართ, განსაკუთრებით თბილი მიღებისთვის ჩემი ოფიციალური ვიზიტისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ყველაფერი ორგანიზებული იყო მეგობრულად, თბილად და შედეგიანად”, _ განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის.

პუტინმა ილაპარაკა ვიზიტისას ხელმოწერილ დოკუმენტებზე: ჩვენ დავადასტურეთ ჩინეთთან ურთიერთობის ძალიან მაღალი დონე, მოვილაპარაკეთ და სი ძინპინთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სამომავლო თანამშრომლობის, სხვადასხვა მუქარის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის შესახებ”. ამასთანავე, მიმდინარე სამუშაოებთან ერთად, რომლებიც ძალიან ბევრია, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებიც. მათგან ერთერთია ჩვენი ურთიერთქმედება საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში _ გაეროში, “ოცეულში”, ბრიჩსში (ორგანიზაცია, რომელიც შექმნა 5 სახელმწიფომ: ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ _ .), თშოში”. რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა რფ-ისა და ჩინეთის წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. “ვაჭრობის ბრუნვამ შარშან 87 მლრდ შეადგინა და, თუ მომავალშიც ასე წარიმართება ყველაფერი, და დღეს სწორედ ასეა, ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 100 მლრდ-ს მიაღწევს”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ თანამშრომლობის სხვა სფეროებს შორის უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკა (მათ შორის, ატომური), მონაწილეობა ჩინეთის მთვარის პროგრამაში, სადაც გამოყენებული იქნება ბევრი მოწინავე ტექნოლოგია, ავიამშენებლობა, სატრანსპორტო დერეფნები და სხვ.

ამ საკითხებზე დიალოგს პუტინი და სი ძინპინი განაგრძობენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 11-13 სექტემბერს გაიმართება ვლადივოსტოკში.

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის შემაჯამებელი დოკუმენტი

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი იყო დეკლარაცია _ 14-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ეძღვნება თანამედროვე მსოფლიოს გლობალურ დღის წესრიგს, მათ შორის _ ვითარებას ავღანეთში, სირიაში, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვითარებას მსოფლიოს ეკონომიკაში, პროტექციონიზმთან ბრძოლის საკითხებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში თანამშრომლობას.

თშს-ს ქვეყნების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა გრძელვადიანი ღონისძიებების სარეალიზაციოდ. ლიდერებმა, აგრეთვე, დაამტკიცეს თშო-ს წევრი ქვეყნების ანტინარკოტიკული სტრატეგია 2018-2023 წლებში.

G7 და თშო

სამიტის მუშაობაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ყველას შეახსენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, რომ თშო-ს ქვეყნების ერთობლივმა ეკონომიკამ მოცულობითა და მსყიდველუნარიანობით უფრო მოიმატა, ვიდრე “შვიდეულის” ქვეყნების ეკონომიკამ.

“და, თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონის ეკონომიკის ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია მსოფლიოს ეკონომიკასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ თშო-ს ქვეყნების პერსპექტივა ძალიან კარგია”.

მოკლედ, G7-ის წევრებისგან განსხვავებით, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის წევრებმა ნაყოფიერად იმუშავეს და უახლოესი 5 წლის თანამშრომლობის გრანდიოზული გეგმებიც დასახეს.

რა არის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია (თშო) _ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დააარსეს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა. 2017 წლის 9 ივნისს ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ ინდოეთი და პაკისტანი.

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საერთო ტერიტორია 34 მლნ კვ.კმ შეადგენს _ ევრაზიის 60%-; მისი წევრი ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 მლრდ 40 მლნ ადამიანია _ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი; ამ ორგანიზაციის წევრების საერთო მშპ მსოფლიოს მშპ მეოთხედს შეადგენს.

თშო არ არის სამხედრო ბლოკი (როგორც, მაგალითად, ნატო). ამ ორგანიზაციის მთავარ ამოცანად გამოცხადებულია წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება; ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმსა და ნარკოტრაფიკთან ბრძოლა; ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარება; სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here