Home რუბრიკები საზოგადოება სცილასა და ქარიბდას შორის

სცილასა და ქარიბდას შორის

1855
სცილასა და ქარიბდას შორის

მე, 89- წელს მიტანებულ ისტორიკოსპოლიტოლოგს, სამსჯავროზე გამომაქვს ჩემი ხედვა დღევანდელი საქართველოს ცხოვრების გასაჭირზე. ოპონენტებო, გამომეხმაურეთ!

* პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სამინისტროები კი არ შეამცირა, არამედ გააერთიანა-გაამსხვილა; მრავალრიცხოვან ბიუროკრატიას ხელფასები უნდა გაუნახევრდეს; პარლამენტი 90 დეპუტატამდე უნდა შემცირდეს; ყოფილ პარლამენტარებს დღევანდელი სარგოები გაუნახევრდეს; პრეზიდენტის თანამდებობა უნდა გაუქმდეს; გასაუქმებელია არაფრისმკეთებელი ე.წ. შერიგების სახელმწიფო მინისტრის პოსტი _ შევიგნოთ ის აქსიომური ჭეშმარიტება, რომ, სანამ ხელისუფლება ნატოს ეთაყვანება, აფხაზები და ოსები არ შემოგვირიგდებიან.

* რუსოფობები გაჰკივიან: კრემლის მონები ვიყავითო. არადა, კრემლის დირექტივებს ეროვნულ ინტერესებს ვუხამებდით და ცხოვრებაში ისე ვახორციელებდით. მონები და ყმები დღეს ვართ, რადგან ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვენეციის კომისია ბედშავ საქართველოს ისე აგუნდავებენ და აბრტყელებენ, როგორც დიასახლისი მჭადის ცომს კეცზე დაკვრის წინ.

* გავიხსენოთ მითი ოდისევსის შესახებ, დიდი და პატარა ბოროტების _ ქარიბდასა და სცილას პირისპირ რომ აღმოჩნდა. დღეს საქართველოსთვის აშშ-დასავლეთი ქარიბდაა, რადგან ყოველგვარ ეროვნულს გვართმევს, თავს გვახვევს უზნეობა-გარყვნილების სერიალებს, სრული ჩაყლაპვით გვემუქრება. რუსეთი  სცილაა, რომელიც იმას ითხოვს, რომ მისი მტერი, ნატო, საქართველოში არ შემოვუშვათ. ჩვენი გეოპოლიტიკური სიბრმავის, ყოველგვარ დიპლომატიას და, უბრალოდ, საღ აზრს მოკლებული ქმედებების შედეგად რუსეთი ვაიძულეთ, ოკუპანტი გამხდარიყო. შემომედავეთ და დაგიმტკიცებთ!

* სასაცილოა იმისი გაფიქრებაც კი, რომ იუგოსლავიის 7 სახელმწიფოდ დამშლელი, სერბეთისგან კოსოვოს წამგლეჯი აშშ-ნატო საქართველოს გასამთლიანებლად რუსეთს დაეჯახება. ახლა მაინც ვიწამოთ ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის _ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 1996 წელს დაბეჯითებით მოცემული რჩევა: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთ”.

არა ნატოს, კი რუსეთთან კეთილმეზობლობას _ ეს არის გზა საქართველოს გამთლიანებისკენ!

* ყოველდღიური პრაქტიკა ადასტურებს: ქართველები კვლავაც კანონურჩობით, წესრიგისა და დისციპლინისადმი აგდებული დამოკიდებულებით გამოვირჩევით; ამის გამო, მიუხედავად ჩვენი ნიჭიერებისა, ცხოვრებაში ბევრს ვკარგავთ; მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ ამ ნაკლოვანებათა დასაძლევად!

* მრავალწლიანი ცხოვრებისეული სიმწარე ადასტურებს: ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის უმაღლესი სასჯელი _ დახვრეტა, რომ შეგვენარჩუნებინა, მკვლელობათა რაოდენობა სანახევროდ და მეტადაც შემცირდებოდა. პრაქტიკა ადრინდელი მკაცრი კანონის აღდგენას გვკარნახობს.

* თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდები თანატოლებს არ მოუკლავთ; არც მარნეულში ახლახან დასაფლავებული ოჯახი _ ცოლ-ქმარი შვილითურთ, ქართველს არ მოუკლავს. ელვის სისწრაფით სატანა ჩამოფრინდა და მკვლელობებიც მან ჩაიდინა; ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს! სამართალდამცველთა რიცხოვნობა, საბჭოეთის წლებთან შედარებით, ხუთჯერ და მეტადაც გაიზარდა, მაგრამ სიმართლის დადგენა გვიჭირს; რა ხდება, სად არის გამოსავალი?

* გახშირებული მკვლელობები, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება, ძირითადად, სოციალური სიდუხჭირის, სოციალური სადიზმის გამო ხდება, რასაც ბიძგს სიკვდილით დასჯის კანონის არარსებობაც აძლევს. მკვლელი ფიქრობს: მოვკლავ მას. ვიცი, სიკვდილს არ მომისჯიან, წლების შემდეგ შინ დავბრუნდები. პოტენციურ მკვლელს ბრეივიკის სინდრომი ეუფლება. უკვე აშკარაა მინიბრეივიკობა მარნეულელი ოჯახის დახოცვით; ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ მსგავსი უბედურებების აღსაკვეთად.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი,

ქუთაისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here