Home რუბრიკები ისტორია სტალინი სტალინის წინააღმდეგ

სტალინი სტალინის წინააღმდეგ

2094
სტალინი

მოთმინებიდან გამოსულმა ვასილ სტალინის აღმზრდელმა შინ დაბრუნებულ სტალინს მიმართა: “ვასიას ვეღარ ვიმორჩილებ, შენიშვნაზე მიპასუხებს ხოლმე, მე სტალინი ვარ და შენ შენიშვნის უფლება არ გაქვსო”. მამამ შვილს აუღელვებლად უხმო და აღმზრდელს სთხოვა, გაემეორებინა ის სიტყვები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მოახსენა. აღმზრდელმა ზუსტად გაიმეორა თავისი ნათქვამი.

_ ნუთუ მართლა ასე უთხარი შენს აღმზრდელს?! _ საყვედურით მიმართა სტალინმა ვაჟს.

_ დიახ, ასე ვუთხარი, _ შვილი მამას არასდროს არაფერს უმალავდა.

_ მართალი არ ხარ, _ მკაცრად შენიშნა მამამ. _ მოდი აქ, _ მიმართა შვილს და კრემლის ბინის ფანჯრიდან წითელი მოედნის რომელიღაც კუთხეში თავისი უზარმაზარი პორტრეტი დაანახვა.

_ აი ვინ არის სტალინი, შენ ხომ არ გგონია, რომ მე ვარ სტალინი, არა. მე არ ვარ სტალინი. სტალინი ის არის, _ კვლავ გაახედა პორტრეტისკენ. ამას მოჰყვა საუბარი, რატომ არ არის თვითონ სტალინი და რატომ არის სტალინი ის, ვინც პორტრეტზეა გამოსახული.

კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი სტალინის კაბინეტში მაშინ შეუშვეს, როდესაც სტალინი ჟურნალ “ოგანიოკის” უახლეს ნომერს ათვალიერებდა. მასპინძელს სტუმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჩაფიქრებული დაჰყურებდა ჟურნალის ფერად გარეკანს, რომელზეც მთელი თავისი სიდიადით, მედლებითა და ორდენებით მკერდდამშვენებული გენერალისიმუსი იყო გამოსახული. მცირეოდენი დუმილის შემდეგ სტალინმა მიხეილ ჭიაურელი თავის მაგიდასთან მიიწვია და ერთად დაიწყეს ჟურნალის გარეკანის დათვალიერება.

_ მიშა! _ მიმართა სტალინმა ჭიაურელს, _ ხალხს სურს, აი ასეთი ბელადი ჰყავდეს, ეს განა ჩემი გამოსახულებაა, ხალხს ასეთად წარმოუდგენია გამარჯვებული ქვეყანა _ საბჭოთა კავშირი.

კრემლში გამართულ ერთ-ერთ დარბაზობაზე მწერალი ალექსეი ტოლსტოი წამოდგა და ბელადის ძალიან გრძელი და ემოციური სადღეგრძელო წარმოთქვა. სტალინს ნერვიულობისგან თვალები გაუმწვანდა და ბოლთის ცემა დაიწყო. ბოლოს მივიდა მწერალთან და ყურში უთხრა:

_ შენ თავსაც გაუფრთხილდი, გრაფ!

საახალწლო სუფრაზე გეორგიევსკის დარბაზში, სადაც, როგორც წესი, ყოველთვის მოლოტოვი თამადობდა, სტალინმა პირველი სადღეგრძელოს ნებართვა ითხოვა, შემდეგ კი სრულიად სერიოზულად წარმოთქვა მსოფლიო პროლეტარიატის დიადი ბელადის, ყველა გამარჯვების სულისჩამდგმელისა და ორგანიზატორის, ხალხთა მამისა და მასწავლებლის, გენიოსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სადღეგრძელო და დასძინა: _ მოდი, მეგობრებო, ეს იყოს ჩვენი დიდი ბელადის პირველი და ბოლო სადღეგრძელო ამ წელიწადში. სუფრის არც ერთმა წევრმა ტაში არ დაუკრა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სტალინს სიტყვა “ჩაუვარდა”.

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება სტალინის გაღიზიანებისა მისი განდიდების გამო, მას არ ხიბლავდა ქება-დიდება. როდესაც კატეგორიულ უარს ამბობდა გენერალისიმუსის წოდებაზე, განაცხადა: რას მახარბებთ ამ მაღალ წოდებას, განა ჩან კაიშიც გენერალისიმუსი არ არის?”

ერთ-ერთ საზეიმო სხდომაზე, რომელზეც გამომსვლელთა გადაჭარბებულმა ქება-დიდებამ ძალიან შეაწუხა, სტალინმა დასკვნით სიტყვაში თქვა:

ამხანაგებო, უნდა გითხრათ, რომ იმ ქების ნახევრიც არ დამიმსახურებია, რომელიც ჩემი მისამართით დღეს აქ გაისმა. როგორც გაირკვა, ოქტომბრის გმირიც მე ვარ, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხელმძღვანელიც, სამინისტროების წინამძღოლიცა და სასწაულმოქმედი გმირიც კი. ეს ყველაფერი სისულელეა, ამხანაგებო, და სრულიად არ არის საჭირო გადაჭარბება. ასეთი ტონით, ჩვეულებრივ, გარდაცვლილი რევოლუციონერის პატივსაცემად, დაკრძალვისას გამოსასალმებელ სიტყვას ამბობენ”.

თუ ასე წუხდებოდა სტალინი თავისი ქება-დიდების მოსმენით, რატომ არ აკრძალა კანონის ძალით? ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ამოვიკითხოთ ცნობილი გერმანელი მწერლის _ ლიონ ფოიხტვანგერისა და სტალინის საუბარში, რომელიც 1937 წლის 8 იანვარს გაიმართა.

ფოიხტვანგერი: _ სულ 4-5 კვირაა, რაც აქ ვიმყოფები. მოგახსენებთ ჩემს ერთ ერთი შთაბეჭდილებას: თქვენ მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის რამდენიმე ფორმა ცოტა გადაჭარბებულად და უგემოვნოდ მეჩვენება. ხომ არ არის ეს თქვენთვის ზედმეტი ტვირთი?

სტალინი: _ თუ რომელიმე მათგანს ზედმეტი აღფრთოვანება შევამჩნიე, დაბეჭდვას ვუკრძალავ. ათი ასეთი სიტყვიდან ცხრა მართლაც სრულიად უგემოვნოა და ისინი მე უსიამოვნებას განმაცდევინებს. გამართლებას არ ვცდილობ. ამის გამართლება არც შეიძლება. ადამიანურად მინდა აგიხსნათ, საიდან მოდის ჩემი პიროვნების მიმართ ასეთი ყოვლისმომცველი, უკვე მომაბეზრებელი აღფრთოვანება. როგორც ჩანს, ქვეყანაში ისეთი დიდი ამოცანა გადაწყდა, რომლის გულისთვისაც თაობები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. ესენი იყვნენ ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი რევოლუციონერი სექტანტები, ბაბუვისტები და ჰებერისტები. ცხადია, ექსპლუატაციისგან გათავისუფლებამ ადამიანებში უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ადამიანები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ექსპლუატაციისგან გათავისუფლდნენ და არ იციან, ეს სიხარული სად წაიღონ. ექსპლუატაციისგან გათავისუფლება ძალიან დიდი საქმეა და მასები ამ მოვლენას თავისებურად აღნიშნავენ. ამ ყველაფერს მე მომაწერენ, რაც, რა თქმა უნდა, მართალი არ არის, რა შეუძლია ერთ ადამიანს? _ ისინი ჩემში კოლექტიურ კონცეფციას ხედავენ და ჩემს გარშემო აღმაფრენის კოცონს აჩაღებენ.

ფოიხტვანგერი: _ როგორც ადამიანი, რომელიც სსრკ-ს თანაუგრძნობს, ვხედავ და ვგრძნობ, რომ თქვენ მიმართ გამოვლენილი სიყვარული და პატივისცემა სრულიად გულწრფელი და ელემენტარულია. სწორედ იმიტომ, რომ ასე უყვარხართ და პატივს გცემენ, არ შეგიძლიათ, აღმაფრენის ამ ფორმით გამოხატვა ერთი სიტყვით შეაწყვეტინოთ?

სტალინი: _ რამდენჯერმე ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მათ ეუბნები, რომ ცუდია, ასე არ გამოდგება, ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ამას მოჩვენებითი მოკრძალებით ვეუბნები. ჩემი 55 წლის იუბილის საზეიმოდ აღნიშვნა უნდოდათ. ცეკას მეშვეობით ამის აკრძალვა მოვითხოვე. დაიწყო საჩივრების შემოსვლა, რომ მათ ზეიმის ჩატარებასა და გრძნობების გამოხატვას ვუკრძალავდი, რომ საქმე ჩემში არ იყო. სხვები ამბობდნენ, რომ წესს ვარღვევდი. როგორ უნდა ამეკრძალა აღფრთოვანების გამოვლენა? ამის გაკეთება ძალით არ შეიძლებოდა. არსებობის ნების გამოხატვის თავისუფლება. ამ დროს შეიძლება მეგობრულად სთხოვო. ეს უკულტურობის ერთგვარი გამოვლენაა. დროთა განმავლობაში მობეზრდებათ. რთულია, ადამიანს სიხარულის გამოვლენა აუკრძალო. გლეხებისა და მშრომელების მიმართ კაპიტალისტური მკაცრი ზომების გატარება საცოდაობაა. დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ადრე მემამულე და კაპიტალისტი დემიურგი იყო, მუშებსა და გლეხებს ადამიანებად არ თვლიდნენ. ახლა მშრომელებს კაბალა მოეხსნათ. ეს უდიდესი გამარჯვებაა! მემულეები და კაპიტალისტები გაძევებულნი არიან, მუშები და მშრომელები კი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონები არიან. ამის გამო სიხარულს კუნტრუშით გამოხატავენ. ჩვენში ხალხი ზოგად კულტურას ჯერ კიდევ ჩამორჩება, ამიტომ აღტაცების გამოხატვა ასე გამოსდით. კანონითა და აკრძალვით აქ ვერაფერს გავხდებით. შეიძლება სასაცილო ვითარებაში აღმოვჩნდეთ. საზღვარგარეთ მყოფ ზოგიერთ ადამიანს ეს აღიზიანებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავაწყობთ. კულტურას მაშინვე ვერ ვეზიარებით. ამ სფეროში ბევრს ვმუშაობთ. მაგალითად, 1935-დან 1936 წლამდე სხვადასხვა ქალაქში ორი ათასზე მეტი სკოლა ავაშენეთ. ყველანაირად ვცდილობთ კულტურის ამაღლებას, მაგრამ შედეგებს, ალბათ, 5-6 წლის შემდეგ მივიღებთ. კულტურული აღმავლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. აღტაცებები სწრაფად და ულამაზოდ ვითარდება.

ფეიხტვანგერი: _ მე, მუშებისა და გლეხების მხრიდან გამოვლენილ სიყვარულსა და პატივისცემაზე კი არა, სხვა შემთხვევებზე ვსაუბრობ. სხვადასხვა ადგილას გამოფენილი თქვენი ბიუსტების უმეტესობა ულამაზოდ გამოიყურება, ზოგი ცუდი ნახელავია.

სტალინი: _ მე ფართო მასები ვიგულისხმე და არა სხვადასხვა ბიუროკრატიული დაწესებულება. რაც შეეხება ბიუროკრატებს, არ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ გემოვნება არ აქვთ. ეშინიათ, თუ სტალინის ბიუსტი არ ექნებათ, მათ ან გაზეთი, ან უფროსი გალანძღავს, ან ვინმე მნახველს გაუკვირდება. ეს კარიერიზმის სფეროა. ბიუროკრატების თავისებური თავდაცვაა: ხელი რომ არ ახლონ, სტალინის ბიუსტი აუცილებლად უნდა გამოჭიმონ. ყველა პარტიას, რომელიც იმარჯვებს, მაშინვე ეტმასნებიან უცხო ელემენტები, კარიერისტები. ისინი ცდილობენ, თავიანთი თავი მიმიკრიის პრინციპით დაიცვან _ დგამენ ბიუსტებს, წერენ ლოზუნგებს, რომლის შინაარსის თვითონაც არ სჯერათ. რაც შეეხება ცუდ ნამუშევარს, ეს მხოლოდ განზრახ კი არ ხდება (ვიცი, ასეც ხდება ხოლმე), არამედ არჩევანის გაკეთების არცოდნის გამოც. მაგალითად, პირველი მაისის დემონსტრაციებზე მინახავს ჩემი და ჩემი მეგობრების პორტრეტები, რომლებზეც ეშმაკებს ვგავართ. ადამიანებს ისინი აღმაფრენით მოაქვთ და არ ესმით, რომ ეს პორტრეტები არ ვარგა. არ შეიძლება, კარგი ბიუსტების ჩამოსხმის ბრძანება გასცე. ეშმაკმაც წაიღოს! ასეთი რაღაცებისთვის დრო არ გვაქვს. ჩვენ სხვა საქმე და საზრუნავი გვაქვს”.

ასე რომ, “კულტის” წარმოშობას ორი წყარო ჰქონდა: პირველ რიგში, ახალი მთავრობის მიმართ გამოვლენილი მადლიერების გულწრფელი განცდა, რომელიც მოსახლეობის ფართო მასების მხრიდან სტალინის პიროვნებასთან იყო პერსონიფიცირებული. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. თვალსაჩინო მაგალითისთვის ასეთ რამეს შემოგთავაზებთ: საკუთარ დაბადების დღეზე სცადეთ და თქვენი მისამართით წარმოთქმული მეგობრული ქება-დიდება ჩაახშეთ. ეს რბილად და დელიკატურადაც რომ სთხოვოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. თუ დაჟინებით და მკაცრად მოითხოვთ, მეგობრებთან კამათის სერიოზულ საფრთხეს შექმნით.

როგორც უნდა ყოფილიყო, სტალინი თავისი კულტის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა ძალებით ცდილობდა. 1930-იან წლებში, კერძო წერილებსა და მითითებებში, მხატვრული ლიტერატურის, კინოსცენარისტთა და რედაქტორთა პარტიული პუბლიცისტიკის ცენზორის რანგში, არაერთგზის ურჩევდა, რომ სიტყვა “ბელადი” შეეცვალათ “ცენტრალური კომიტეტით”, ანუ “კოლექტიური ბელადის” მეტაფორით.

მაგალითად, ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსანდრე აფინოგენოვის პიესაში “ტყუილი” (1933წ.) ორ გმირს შორის ასეთი დიალოგი იყო: ჩვენი ცენტრალური კომიტეტის შესახებ გელაპარაკებიბელადზე გელაპარაკები, რომელიც ჩვენ მიგვიძღვის, რომელმაც ბევრ ცრუ ბელადს ნიღაბი ჩამოხსნა. იმ ადამიანზე გელაპარაკები, რომლის ძალაც გრანიტის სიმტკიცის ტოლფასია და ასობით მილიონი ადამიანის ნდობით არის განმტკიცებული. მისი სახელი მსოფლიოს ყველა ენაზე ბოლშევიკური ციხესიმაგრის სიმბოლოდ ისმის. და ეს ბელადი უძლეველია”.

როცა ეს პიესა სტალინთან აღმოჩნდა, ტექსტში შესწორებები შეიტანა და საბოლოოდ ასე ჩამოაყალიბა: “ჩვენი ცენტრალური კომიტეტის შესახებ გეუბნები, რომელიც ჩვენ მიგვიძღვის, რომელმაც ბევრ ცრუ ლიდერს ნიღაბი ჩამოხსნა. რომლებსაც უსაზღვრო შესაძლებლობები ჰქონდათ და ყველა გაკოტრდა. საბჭოთა ქვეყნის პარტიის იმ ცენტრალური კომიტეტის კომუნისტებზე გესაუბრები, რომლის ძალაც მილიონობით ადამიანის ნდობის საფუძველზე გრანიტივით არის განმტკიცებული. მისი სახელი მსოფლიოს ყველა ენაზე ბოლშევიკური ციხესიმაგრის სიმბოლოდ ისმის და ეს კოლექტიური ბელადი უძლეველია”. შესწორებას თან კომენტარი ახლდა:

“P.S. სიტყვაბელადსტყუილად უწევთ ტირაჟირებას. ეს ცუდია და არც ისე მისაღები. საქმე, ბელადში კი არა, კოლექტიურ ხელმძღვანელშია. . სტალინი”.

1936 წელს სერგო ორჯონიკიძის შესახებ ბიოგრაფიული შტრიხები დაიბეჭდა, რომელიც მამია ორახელაშვილის მიერ იყო შედგენილი. სტალინმა წიგნი წაიკითხა და თითქმის ყველა გვერდზე შენიშვნა დატოვა:

“პროლეტარული რევოლუციის ამ მძიმე პერიოდში, როცა ბევრს შეეშინდა, როდესაც ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ცეკას ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყარად რჩებოდა ამხანაგი სტალინი. ამხანაგი ორჯონიკიძეც მის გვერდით იყო და ლენინური ლოზუნგებისთვის ენერგიულ და წარმოუდგენელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა”.

მოცემული ციტატა სტალინის მიერ ხაზგასმულია და მინდორზე წითელი ფანქრით აქვს მიწერილი: ცეკა? პარტია?”

სხვა ადგილას საუბარი იყო 1917 წლის მე-6 ყრილობასა და იმაზე, როგორ იმალებოდა ლენინი: “დღის წესრიგში მდგარი საკითხებისთვის საჭირო მითითებებს იძლეოდა. ლენინის დირექტივების მისაღებად ორჯონიკიძე სტალინის დავალებით ლენინთან ორჯერ გაემგზავრა”.

სტალინის შენიშვნა: ცეკა სად არის?”

1937 წლის 27 იანვარს ფილმ “დიადი მოქალაქის” სცენარის წაკითხვის შემდეგ სტალინმა საბჭოთა კინემატოგრაფის ხელმძღვანელ ბორის შუმიაცკის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ბევრ კრიტიკულ შენიშვნასთან ერთად ეწერა: “სტალინის სახელის ხსენება უნდა გამოირიცხოს. მის ნაცვლად უნდა ჩაისვას პარტიის ცეკა”.

ფოიტვანგერთან ზემომოყვანილ საუბარში სტალინმა თქვა, რომ თავისი 55 წლის იუბილის აღნიშვნა აკრძალა. ეს ასეც იყო. ძველი ბოლშევიკების კავშირის წერილს, რომელშიც ამ იუბილის პროპაგანდისტულ კამპანიად გამოყენებაზე იყო საუბარი, სტალინმა დაადო რეზოლუცია: “წინააღმდეგი ვარ, რადგან მსგავსი წამოწყებები “პიროვნების კულტის” გაძლიერებას უწყობს ხელს”.

1934 წლის 19 დეკემბერს პოლიტბიურომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: “პატივი ვცეთ სტალინის თხოვნას იმის შესახებ, რომ 21 დეკემბერს მისი დაბადების 55 წლისთავის აღსანიშნავად არ დავუშვათ არანაირი ზეიმი და ღონისძიება გაზეთებსა და საზოგადოების შეკრების ადგილებში”. ეს გადაწყვეტილება თბილისშიც გამოიგზავნა, დაიბეჭდაპრავდაში,” “იზვესტიასადა სხვა გაზეთებში.

1937-1938 წლებში არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მოსკოვისთვის სახელი შეეცვალათ და მისთვის სტალინოდარი დაერქმიათ. ასეთი წინადადებება 1937 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-17 ყრილობაზეც გაისმა.

ნაწყვეტი დ.ზაიცევის წერილიდან, რომელიც სსრკ-ის შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლაი ეჟოვს მისწერა 1937 წლის 28 დეკემბერს:

“დღევანდელი სოციალისტური მოსკოვი, რომელიც მომავალი კომუნისტური საზოგადოების აკვანია, სტალინის დიდებული ეპოქის ისტორიული ნაკვალევი უნდა გახდეს… სტალინის გენია კაცობრიობისთვის ის საჩუქარია, რომელიც მისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასავლელი გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად იქცევა. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ჩვენი ეპოქის, ისე მომავალი საუკუნეების დედამიწის მოსახლეობა დიდი მადლიერებით მიიღებს მოსკოვისთვის სახელის შეცვლას და მისთვის სტალინოდარის დარქმევას. სტალინოდარი ამაყად და საზეიმოდ გაიჟღერებს მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, დღევანდელი თაობის გმირული გამარჯვებების სიამაყეს საუკუნეების განმავლობაში შეინახავს და კომუნიზმის ერთგული მილიონობით ადამიანი ამ ზეიმში თავისი ბრძოლისა და შრომის შედეგს დაინახავს. ჩვენი სამშობლოს თითოეული მოქალაქე კი იმით იამაყებს, რომ სტალინის დიადი სახელი ყველა იმ ქალაქის დაფებზე იარსებებს, რომლებშიც კი მსოფლიო კომუნიზმის აკვანი დარწეულა”.

მსგავსი მიმართვების საფუძველზე ეჟოვის რეფერენტებმა მოსკოვისთვის სახელის შეცვლის თაობაზე მოამზადეს პროექტი უმაღლეს საბჭოში წარსადგენად. თავდაპირველად ის ცეკას პოლიტბიუროსა და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში გაგზავნეს. იოსებ სტალინი მათ ნებას არ დაჰყვა. მიხეილ კალინინმა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შეატყობინა, რომ სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მოსკოვი მოსკოვად დარჩა.

“თავის დროზე ჯიუტად მთავაზობდნენ მოსკოვისთვის სტალინოდარის დარქმევას! მე წინააღმდეგი ვიყავი. კაგანოვიჩი მთავაზობდა. ასე ამბობდა: მხოლოდ ლენინიზმი არ არსებობს, სტალინიზმიც არსებობს!” “სტალინს ძალინ ეუხერხულებოდა”, _ იხსენებდა ვიაჩესლავ მოლოტოვი მწერალ ფელიქს ჩუევთან საუბარში 1970 წელს.

სოციალისტური ბულგარეთის მომავალი ხელმძღვანელის, გიორგი დიმიტროვის, დღიურში არსებობს ჩანაწერი კლიმენტ ვოროშილოვის კრემლის ბინაში ოქტომბრის სოციალსტური რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშმის შესახებ. დიმიტროვმა სადღეგრძელოს სათქმელად სიტყვა ითხოვა, რათა სტალინზე, როგორც ლენინის საქმეების გამგრძელებელზე თავისი აზრი განევრცო:

დიმიტროვი: _ არ შეიძლება ლენინზე საუბარი, თუ მასთან ერთად სტალინსაც არ ვახსენებთ.

სტალინი: _ დიმიტროვს პატივც ვცემ. მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით, მაგრამ მას არ ვეთანხმები. მარქსისტულადაც კი არ გამოუვიდა. გამარჯვებისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, ბელადები კი ყოველთვის მოიძებნებიან”.

1938 წლის 16 თებერვალს კი სტალინმა საბავშვო გამომცემლობას შემდეგი წერილი მისწერა:

ამხანაგებს: ანდრეევსა და სმირნოვას (ავტორს წიგნისა “მოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”)!

გადაჭრით ვამბობ უარს, რომ დაიბეჭდოს “მოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”. წიგნი სავსეა როგორც არასწორი მასალით, ისე გადაჭარბებული და დაუმსახურებელი ქება-დიდებით. შეიძლება ეს ყველაფერი კეთილსინდისიერი ტყუილია, მაგრამ ავტორი მოტყუვდა, ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ წიგნს აქვს ტენდენცია, საბჭოთა ბავშვების (და, საერთოდ, ადამიანების) ცნობიერებაში პიროვნების, ბელადებისა და უცოდველი გმირების კულტი ჩამოაყალიბოს. ეს საშიში და საზიანოა. გმირებისა და ბრბოს თეორია არა ბოლშევიკური, არამედ ესერული თეორიაა. გმირი ხალხს ქმნის, ბრბოდან ხალხი გამოჰყავს, _ ამბობენ ესერები. ხალხი ქმნის გმირებს, _ პასუხობენ ბოლშევიკები ესერებს. ასე რომ, წიგნი ესერების წისქვილზე ასხამს წყალს. ყოველი ასეთი წიგნი ესერების საქმეს ემსახურება და ჩვენს ბოლშევიკურ საერთო საქმეს ყოველთვის საფრთხეს შეუქმნის. გირჩევთ, წიგნი დაწვათ”.

კიდევ ერთი ჩანაწერი დიმიტროვის დღიურიდან, რომელიც 1939 წლის საპირველმაისო მიმართვას ეხება. სტალინის შეკითხვას, წაიკითხა თუ არა დიმიტროვმა მიმართვა, მან უპასუხა, რომ ბოლო რედაქციის შემდეგ არ წაუკითხავს. სტალინმა სთხოვა, ყურადღება მიექცია ზოგიერთი ნაწყვეტისთვის, რომლებშიც მისი პიროვნების ბევრი ქება იყო (გაუმარჯოს სტალინს! სტალინი მშვიდობაა! სტალინი კომუნიზმია! სტალინი ჩვენი გამარჯვებაა!) და განუცხადა: “მანუილსკი ქვეშქვეშაა! ის ტროცკისტი იყო! ჩვენ ის იმისთვის გავაკრიტიკეთ, რომ, როცა პარტიაში ტროცკისტი ბანდიტების მოსაშორებლად წმენდა მიმდინარეობდა, ჩუმად იყო, სიტყვითაც არ გამოსულა, პირიქით, თავს გვაწონებდა. ეს ამბავი რაღაც საეჭვოა! “პრავდაში” დაბეჭდილი სტატია “სტალინი და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობა” ზიანის მომტანი და პროვოკაციული სტატიაა”.

“იოსებ ბესარიონოვიჩი, _ წერდა დიმიტროვი, _ არ დაგვთანხმდა, მიმართვაში დაგვეტოვებინა სახელები მარქსი-ენგელსი-ლენინი-სტალინი და მხოლოდ მარქსი-ენგელსი-ლენინი დაგვატოვებინა”. კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვინც კი სტალინს შეხვედრია, თითქმის ყველა ავტორი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ სტალინი თავისი პიროვნების განდიდებისკენ არასოდეს ისწრაფვოდა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here