მთავარი ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის ფენომენზე მუშაობის გამო

301
გააზიარეთ
სტალინი

სტალინის ფენომენზე მუშაობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მისი პიროვნება ჰგავს ტრამალებზე დანთებულ კოცონს, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება. ხან კი მეჩვენება, რომ ის განათებული ცათამბჯენებისა და ფართო პროსპექტების მირაჟია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მასალა გამოვაქვეყნე, მკითხველისთვის არ მიკადრებია, ჩემი აზრი გამომეთქვა კულტზე (“პიროვნების”), რომელიც ჩემთვის ღვთაებრივია, ღმერთია და ღმერთზე ჩემი ენით საუბარი მკრეხელობად მიმაჩნია, მაგრამ გადავწყვიტე, არა სხვისი გამონათქვამებითა და შეფასებებით გაგაკვირვო, მკითხველო, არამედ ჩემი აზრიც მოგაწოდო.

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში დავასრულე სტალინისა და ნიკოლოზ ბაიბაკოვის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხის გაცნობა მკითხველისთვის. გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლის შემდეგ უამრავი ადამიანი მირეკავს, უფრო ხშირად მადლობას მეუბნებიან, მაგრამ აი გასულ პარასკევს ტელეფონზე ჩემმა ახლო მეგობარმა და ძმამ სიმონ მაჭავარიანმა დამირეკა:

_ გრიშა, გულდასმით წავიკითხე სტატია “სტალინი და ბაიბაკოვი”.

მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ სიმონ მაჭავარიანი ტექსტის ძალიან გულდასმით წამკითხველია და ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი, ახლაც დიდი ყურადღებით დავიწყე მისი მოსმენა:

_ უნდა გითხრათ, რომ შენმა ნაწერმა თითქოს ჯავარი დაკარგა, ტანში აღარ მბურძგლავს, კითხვის დროს აღარ აღვენთები, ან მე დავბერდი და ემოცია აღარ დამრჩა, ანდა შენ მოუკელი წერას”.

_ სიმონ, რაში ატყობთ, რომ ნაწერმა ჯავარი დაკარგა? _ ვკითხე ოდნავ ნაწყენმა.

_ გრიშა, ბაიბაკოვი ჟუკოვსა და ვასილევსკის ეკითხება სტალინის შეფასებას და, ისინი რომ პასუხობენ… შენ ამას არ უნდა წერდე, რადგან უკვე დაწერილი გაქვს, რომ სტალინს ხშირად საყვედურობდნენ მაშინაც და ახლაც, რომ ომის პირველი წარუმატებლობა სწორედ ჟუკოვისა და ვასილევსკის კისერზეა, რადგან გენერალურ შტაბს სწორედ ეს ორი მარშალი განაგებდა. სტალინის ასეთი შეფასება მომგებიანი არ არის მკითხველისათვის. შენ სტატიებს თუ ვკითხულობ, იმიტომ, რომ მიუკერძოებლად ამბობ შენს სათქმელს”. და კიდევ ბევრი რამ მისაყვედურა ბატონმა სიმონმა.

მეორე ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და უფროსი ძმა ანზორ ბურჯანაძე, როდესაც ჩემს სტატიას წაიკითხავს, თუ უკმარისობის განცდა დაეუფლება, დამირეკავს და მეუბნება:

_ გრიშა, ძალიან ბევრს მუშაობ, გეტყობა, რომ გადაიღალე. სთხოვე რედაქციას, გამოტოვო ორი ნომერი, რათა ძალა მოიკრიბო და, როგორც იცი, წერა ისე გააგრძელო. არ გეგონოს, სტატიას რამე დასაწუნი ჰქონდეს, მაგრამ აშკარად მეტი შეგიძლია”, _ მეტყვის ხოლმე ბატონი ანზორი.

სტალინი

მე არ ვწერ შეფასებებს იმ ადამიანებისა, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ჩემი სტატიებითა და მასში მოყვანილი ფაქტებით. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბაიბაკოვზე უამრავ მასალას მოვუყარე თავი, სანამ წერას შევუდგებოდი, გამახსენდა, რომ საგეგმო კომიტეტში ყველაზე საინტერესო ფაქტები ბატონ ბაკურ გულუას მოეპოვება და ვიფიქრე: გავესაუბრები, იქნებ სხვა ახალი ფაქტებიც მოვიპოვო ამ შესანიშნავ პიროვნებაზე-მეთქი.

_ ბატონო ბაკურ, შენს მეგობარზე ვწერ სტატიას, ნიკოლოზ ბაიბაკოვზე, ვიცი, რომ ბევრი რამ იცი მისი განვლილი ცხოვრების შესახებ. იქნებ ორიოდე ფაქტი მომიყვეთ, რათა მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ სტალინის ეს ერთგული თანამებრძოლი.

“გრიშა-ბატონო, შენ მიერ მოძიებულ საარქივო მასალებს ახალს ვერაფერს დავამატებ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე მასთან მუშაობა არ მომიწია და მისი მუშაობის სტილსა და მეთოდებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევხვედრივარ. ისიც უნდა გითხრათ, რომ იგი დიდი სტალინელი არ გახლდათ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მან იმდენ ტალახში იარა, იმდენჯერ გამოიცვალა ტყავი, იმდენი რამ ჭამა, რაც არ იჭმევა, რომ სტალინელად ნამდვილად ვერ აღვიქვამ. ოღონდ ერთი კია, მან საქართველო კარგად იცოდა და დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს.

ენგურჰესი, რომლითაც მაშინაც და ახლაც ამაყობს რუსი და ქართველი ხალხი, როგორც ევროპაში ერთერთი უმაღლესი კაშხალი, სტალინის პროექტით არის განხორციელებული. სწორედ ენგურჰესის საპროექტო სამუშაოების ერთერთი აქტიური წევრი იყო ნიკოლოზ ბაიბაკოვი, რომელმაც თითქმის ზეპირად იცოდა ენგურჰესის ხეობა და მისი ლანდშაფტი. სამწუხაროდ, პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა სამამულო ომმა და პროექტი სტალინის გარდაცვალების შემდეგ განახლდა.

არის მეორე საკითხი, უფრო სერიოზული და მეტად სახიფათო. მარნეულის რაიონის იმირის ქვიშის კარიერიდან ინერტული მასალების გადმოზიდვა თბილისამდე უნდა მომხდარიყო პნევმატიკის გამოყენებით, რომლის პროექტიც პოლიტბიურომ მოიწონა და დაამტკიცა კიდეც. გამოყო იმდროისთვის კოლოსალური თანხა და მასალები. მშენებლობა დაიწყო და დამთავრდა აღნიშნულ ვადებში, მაგრამ პროექტში თუ სამუშაოს შესრულებაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა თავი იჩინა ექსპლოატაციის დროს და აღნიშნულმა პროექტმა არ იმუშავა. ასეულობით მილიონი მანეთი წყალში გადაიყარა. საკითხი პოლიტბიურომ განიხილა და შედგა სამთავრობიო კომისია ზარალის დადგენისა და დამნაშავე პირთა გამოსავლენად. კომისიის თავმჯდომარედ პოლიტბიურომ ნიკოლოზ ბაიბაკოვი დანიშნა. სწორედ იმ პერიოდში ვმუშაობდი საგეგმო კომიტეტში, როდესაც ბაიბაკოვის კომისია საქართველოში აღნიშნული საკითხის შესასწავლად ჩამოვიდა. კომისიამ ორ თვეზე მეტხანს იმუშავა _ შედგა უამრავი დოკუმენტი, ჩატარდა ექსპერტიზა. ყველა შედეგი პოლიტბიუროს მოსამზადებელ სხდომაზე მოისმინეს. გარდა ბაიბაკოვის მაღალი ნდობისა და ავტორიტეტისა, არავის შეეძლო გადაერჩინა არც საქართველოს მთავრობა და არც მშენებელთა, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა არმია, იმ მძიმე ხიფათისაგან, რომელიც ემუქრებოდა მათ სახელმწიფო სახსრების დიდი რაოდენობით გაფლანგვის გამო. ვფიქრობ, ნიკოლოზ ბაიბაკოვმა მხოლოდ და მხოლოდ სტალინის სახელს სცა პატივი, რომ ეს უდიდესი შეცდომა და სახელმწიფო დანაშაული მსხვერპლის გარეშე დასრულდა”.

ბატონ ბაკურ გულუას მონათხრობის პატივისცემის გამო ამოვიღე სტატიიდან ის საჩოთირო მომენტები, როდესაც ყველა ძვირად ღირებული ლითონის წონის ერთეულისა და მათი საბაზისო ნიშნულის ერთეულის დასახელება მოსთხოვა ფინანსთა მინისტრს სტალინმა, ხოლო მან ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა. ბოლოს კი სტალინმა ახალგაღვიძებულ მინისტრს უბრძანა, ბლოკნოტი და ფანქარი აეღო და, რასაც ეტყოდა, ჩაეწერა. სტალინმა ყველა ძვირფასი ლითონისა და ძვირფასი ბუნებრივი ქვების წონის ერთეულები და ღირებულებითი ეკვივალენტები ჩააწერინა მინისტრს და გაფრთხილა, კარგად გარკვეულიყო მათში, რადგან ფულის მომავალი რეფორმისთვის ყველა ეს მონაცემი ჰაერივით იყო საჭირო. ეს საუბარი 1943 წელს გაიმართა, სტალინგრადის აღების შემდეგ.

სტალინი

2010 წელს ლონდონის ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა სტალინზე გამოაქვეყნა ანონიმური მასალა და საჭიროდ ჩავთვალე, მისი შინაარსი მკითხველისთვის გამეცნო. სწორედ ამ წერილის დამთავრების შემდეგ შევეცდები, სრულიად ახალი რაკურსით დაგანახვოთ სტალინის ფენომენი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტალინის, როგორც ფართო, ასევე მცირე ჭრილში განხილვისას, იგი ზედმიწევნით დამაფიქრებელი და ზუსტი პიროვნებაა. თანამშრომლებთან, სპეციალისტებთან, მწერლებთან, დიპლომატებთან და სახელმწიფო მოღვაწეებთან თითოეული შეხვედრისთვის ზედმიწევნით ემზადება. ასეთი შეხვედრები კი ათასობით იმართებოდა. იგი დღე-ღამეში თორმეტ საათს მუშაობს, ყოველგვარი შესვენებისა და შვებულების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დღეებშიც საქმეებით არის დაკავებული. იგი ამაში ხედავდა აზრს. სიახლის ძიებისა და მომავლისთვის სარგებლის მოსატანად ბევრ რამეში იჩენს ინტერესს. დღეში მხატვრულ ტექსტებთან ერთად სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტების რამდენიმე ასეულ გვერდს კითხულობს. მოსკოვს იშვიათად ტოვებს, ფიზიკური დატვირთვის უკმარისობას კი კაბინეტში სიარულით ინაზღაურებს. როგორც ყველა დაკვირვებულ ადამიანს, სტალინსაც ნაცნობების ვიწრო წრეში ურთიერთობა მოსწონს. აგარაკზე გვიან საღამოობით გამართული ვახშმები, მისთვის მეგობრებთან ურთიერთობის და მოდუნების საშუალებაა.

სტალინი პატივს სცემს და უყვარს შრომისმოყვარე ხალხი, სძულს ზარმაცები. სტალინის დროს საბჭოთა და პარტიული მაღალჩინოსნების უმრავლესობა საქმის უცოდინარობისა და მუშაობის სურვილის არქონის გამო დაზარალდა. შეცდომებს მიუტევებს, თუმცა მის მიმართ ჩადენილი ბოროტება და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ავიწყდება. არ უყვარს ყბედები, განსაკუთრებით ტროცკისმაგვარითეატრალური ორატორები”. ხელოვანი ადამიანებისა და მეცნიერების წინაშე ქედს იხრის, თუმცა მათი არ შურს. საქმის დასრულებას, მოცემულ მომენტში თუ არის შესაძლებელი, ხვალისთვის არასოდეს გადადებს. იმ საქმის საუკეთესოდ ორგანიზება ეხერხება, რომელიც დიდი ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს. ხელისუფლებაში დაახლოებით ოცდაათი წელია და ქვეყანა უდიდესი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოდ იქცა. ცხოვრებაში დაუღალავ სპარტელ მებრძოლს ჰგავს, თუმცა ძალიან ცოტას ისვენებდა. მთელ ცხოვრებას მუშაობას უძღვნის. ქალებს ყურადღებას არ აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ყოველმხრივ საინტერესო ხასიათის მქონე ადამიანის მიმართ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები დიდ ყურადღებას იჩენენ

სტალინი წარმოუდგენელ ქარიზმას ფლობდა. ვინც მას იცნობდა, ამას ყველა აღნიშნავდა _ როგორც მეგობრები, ისე მტრები. საკუთარ ღირსებას მძაფრად შეიგრძნობს, რაც მისი ქვეყნის მიმართ სხვების დამოკიდებულებაზეც ახდენს გავლენას. სტალინს ერთგულებისა და პატრიოტიზმის გამო მტრებიც კი უდიდეს პატივს სცემდნენ. მან მსოფლიოს ასწავლა საბჭოთა რუსეთის სიყვარული და საბჭოთა ხალხში სწორედ ამ პატრიოტიზმისა და საკუთარი თავისადმი გამოჩენილი პატივისცემის გრძნობის აღდგენას ცდილობდა. მისი მმართველობის პერიოდში გაკეთებული დღემდე ბევრგან შემოგვრჩა და თანამედროვე რუსეთის ეკონომიკურ და ინტელექტუალურ ბაზას წარმოადგენს და დღეს, რუსეთის ფედერაციის პირობებში საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ახდენს. ესენია სტალინის დროს აშენებული ელექტროსადგურები, ქარხნები, ფაბრიკები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.

2010 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის შენობას შორიდან ნაღვლიანად ისე ვუყურებდი, როგორც სტალინის ეპოქის უმშვენიერეს ძეგლს, მის კედლებზე შემორჩენილ საბჭოთა კავშირის შესანიშნავი დროის სიმბოლოებთან ერთად.

მახსოვს, ერთხელ მთის მწვერვალიდან ირკუტსკის მხარეს გადავყურებდი, სადაც სხვადასხვა დროს სულ რამდენიმე ათეული წელი ვიცხოვრე. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ახალი არაფერი აშენებულა. ვიხსენებდი ბავშვობას და თვალწინ წარმომიდგა ახალაშენებული რვაწლიანი სკოლა, მის ტერიტორიაზე განლაგებული სამი მოედნით, სადაც ფეხბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის თამაშები მიმდინარეობდა. სკოლას ჰქონდა პატარა ბოტანიკური ნაკვეთიც. ეს სკოლა 1953 წელს აშენდა… ორი წლის შემდეგ მეზობელ დასახლებაში კიდევ ერთი საშუალო სკოლა აშენდა, რომელსაც ფეხბურთის მინდორი და სპოტრული მოედანი ამშვენებდა, სადაც უფროსი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ ხოლმე…

იმ დრამატიზმით აღსავსე პერიოდში გაკეთებულის მასშტაბურობას რომ მივხვდეთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, სტალინს ა და მის ხალხს, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საბჭოთა კავშირის მტერმა გეგმების განხორციელების საშუალებაც არ მისცა. იმ დროს ქვეყანაში არსებული ყველა გეგმა რომ განხორციელებულიყო, საბჭოთა კავშირი არ დაირღვეოდა და არც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში არ მოხდებოდა ხალხის გაღატაკება. თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ისტორია სუბიექტურ მიდგომას არავის მიუტევებს და ამიტომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, წარსულს მივტიროდეთ და ღრმად ამოვიოხროთ…

როგორც ბელადი, სტალინი ომისა და მშვიდობიანი მშენებლობის დროსაც ბრწყინვალეა. ქვეყნის კოლექტივიზაციითა და ინდუსტრიალიზაციით დაწყებული, საბჭოთა კავშირი უდიდესი ნაბიჯებით მომავლისკენ გაიჭრა. შექმნა თანამედროვე მრეწველობა, ჯარი, განათლების სისტემა და ჯანდაცვა. ეს ყოველივე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ გამოცხადებული ბლოკადისა და თავდასხმის საშიშროების ფონზე მიმდინარეობდა.

სტალინი, როგორც პიროვნება და ბელადი, განსაკუთრებული ხასიათის გამო იყო. ჩერჩილი გვიამბობს, რომ ომის დასასრულს იალტაში, სადაც ომისშემდგომი მსოფლიოს გაყოფის პრობლემის განხილვა მიმდინარეობდა, სტალინის გამოჩენისას, უნებლიეთ ყველა ფეხზე დგებოდა. იმ მოლაპარაკებებში, რომლებშიც მსოფლიოს სამომავლო ბედი წყდებოდა, რუზველტის მთავარი ოპონენტი და თანამოსაუბრე სწორედ სტალინი იყო. ამით ჩერჩილი არც ისე კმაყოფილი იყო, რაც საბჭოთა კავშირისადმი მის სიმპათიას ნამდვილად არ ემსახურებოდა. როგორც ვისოცკი ამბობდა, ჩერჩილი მხოლოდშტაბის მსახურისროლს ასრულებდა, ეს ორნი კიბატალიონის სკაუტებიიყვნენ.

თუმცა, როდესაც ეს ორი გარდაიცვალა, ხანგრძლივი ცხოვრების წლების გამო, მსოფლიო ომის შედეგები სწორედ ჩერჩილმა მიიწერა. იმ ომისა, რომელიც ჰიტლერს მეწაღის ოჯახში დაბადებულ გენერალისიმუს სტალინის მეთაურობით რუსებმა მოუგეს. ჩერჩილმა დაწერა მეორე მსოფლიო ომის “ახალი” ისტორია, რომელშიც გამარჯვება მიითვისა, სტალინი კი დიქტატორად და ტირანად გამოიყვანა. სტალინს მისთვის პასუხი არ მოუთხოვია, რადგან მსოფლიოს გადარჩენისთვის ხალხის მხრიდან საბჭოთა ჯარების მიმართ მადლიერებაში ისედაც დარწმუნებული იყო. საკმარისი აღმოჩნდა ბელადის გარდაცვალება იმისათვის, რომ მისგან “სისხლისმსმელი მხეცი” გამოეყვანათ და ეს ჩაიდინეს, როგორც მისმა ყოფილმა მოკავშირეებმა, ისე იმ ადამიანებმა, რომლებსაც თავის უახლოეს ადამიანებად და ბოლშევიკებად თვლიდა. ასეთი ცინიკური და გათვლითი ღალატისთვის გაწირეს საბჭოთა კავშირი, რომელსაც სათავეში სტალინი ედგა და ეს მას შემდეგ, რაც მილიონობით მსხვერპლის ფასად ჰიტლერი და მისი მოკავშირეები დაამარცხა.

ეს ღალატი შეიძლება ისე განვიხილოთ, როგორც ცივი ომის პროპაგანდა, რაც თანამედროვე რუსეთში საშინელ ექოდ გაისმის. ამ ღალატის დამსახურებით გაჩნდნენ “პროდასავლური დისიდენტები”, “არქიპელაგი გულაგი” და თავად სოლჟენიცინი, რომელიც ფულითა და მისდამი გამოჩენილი ყურადღებით დასავლურმა “ლიბერალ-განათლებულებმა” მოისყიდეს.

რა თქმა უნდა, ამ ღალატისთვის დღესაც იხდიან და მომავალშიც გადაიხდიან საფასურს ყოფილი კომუნისტები, რომლებმაც “ბოლშევიკები” შეცვალეს. ეს “იარაღი” სოციალისტური ქვეყნებისა და, პირველ რიგში, სსრკ-ის წინააღმდეგ მზადდებოდა. დღეს, როდესაც მსოფლიოს რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა და ევროპული კომუნიზმი დამხობილია, ისლამის რადიკალური ძალები ამერიკის წინააღმდეგ შებრუნდნენ. ამ ბრძოლის მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა კი შეუძლებელია.

სტალინის პიროვნებასთან დაბრუნებისას უნდა ვთქვათ, რომ მან სოციალიზმის იდეალებისადმი საკუთარი დამოკიდებულებით დაგვიტოვა შედეგები საბჭოთა მარშლების, მეცნიერების, ადმინისტრატორების სახით, რომელთა შორის ხრუშჩოვიც იყო, აგრეთვე, კოსიგინი და კონსტრუქტორი კოროლიოვი, მეცნიერი ფიზიკოსები და ატომის მცოდნეები…

ქვეყანაში ყველაფრის ჩამოშლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ძველი გვარდიის ნაცვლად ყოფილი კომკავშირლები, დემაგოგები და “ოპოზიციონერები” მოვიდნენ, ჯერ _ გორბაჩოვი, შემდეგ _ ელცინი. სოფლის წიაღიდან გამოსული გლეხი ბავშვები, ქედმაღლობამ და პატივმოყვარეობამ ქვეყნის ინტერესებისა და საბჭოთა ხალხის ღალატამდე მიიყვანა. მათ ისინი ჯერ გაწირეს, შემდეგ დასავლური პრესის ხმაურის სანაცვლოდ “გაყიდეს”.

იმისათვის, რომ ეს ღალატი აღსრულებულიყო, ხალხში “პიროვნების კულტის” ნდობა უნდა აღძრულიყო, რომელშიც სოლჟენიცინმა საბჭოთა კავშირში ცხოვრება ციხეს შეადარა. რა თქმა უნდა, ეს იდეოლოგიური პროვოკაცია იყო, რომლის შედეგიც საბჭოთა კავშირის ჩაძირვა და მილიონობით ადამიანის ტრაგედია იყო. მის ადგილზე ათზე მეტი “დამოუკიდებელი” ქვეყანა გაჩნდა, რომლებიც დღემდე ერთმანეთთან მუდმივ ომშია ჩართული.

ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი, რომლებიც სტალინის შესახებ საბჭოთა კავშირში წერდნენ, იმ მოზარდებს მაგონებენ, რომლებიც გარშემომყოფთა ცინიკური ხითხითის ქვეშ გაზეთების ხმაურიან დასათაურებებს დაეძებენ და პოულობენ კიდეც. ამიტომაცაა, რომ დასავლელი მეზობლის სასარგებლოდ “სტალინის ტერორის” მსხვეპლის რაოდენობას წარმოუდგენელ რაოდენობამდე ზრდის.

სტალინს, ისევე, როგორც ნაპოლეონს, თავის თანამებრძოლების შესახებ შეეძლო ეთქვა: “ ისინი ჩემ გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ჩემთან კი ჩემი თავი და ხელებია”. ნიკიტა ხრუშჩოვიც კი თავის დროზე ქალაქის მერი იყო და იბრძოდა, შემდეგში სსრკ-ის უნიჭო მეთაური გახდა, რომელმაც რევოლუციის მიერ გმირული მონაპოვარი გაანიავა და ერთ ადგილზე გაყინვის პირველი ნაბიჯი გადადგა. კიროვი, ორჯონიკიძე, მოლოტოვი, ბერია სტალინის დროს დაუღალავად შრომობდნენ, მის გარეშე კი უბრალო კარიერისტები გახდნენ… სტალინის სიცოცლის ბოლოს, როგორც ყველა ასაკოვანი ბელადის შემთხვევაში ხდება ხოლმე, იგი გარშემო აღარავის ენდობოდა. მათ კი მხოლოდ ეშინოდათ.

ამიტომაც დარჩა სტალინი სიკვდილთან მარტო, ისევე, როგორც სიცოცხლეში იყო მარტო. ასეთი იყო ბელადების ბედი ყოველთვის. ასე აღესრულა იულიუს კეისარი, რომელიც ღალატით მოკლეს. ასე მოკლეს იესო ქრისტე, რომელსაც უღალატეს და ჯვარზე გააკრეს, ასე მოკვდა ნაპოლეონი შორეულ კუნძულზე, ყველასგან მივიწყებული და მიტოვებული, ასე მოკვდა სტალინი.

თანამედროვეთა მონათხრობის მიხედვით, მისი რეზიდენციაში შეწუხების ეშინოდათ და გონების დაკარგვის შემდეგ რამდენიმე საათით უყურადღებოდ აღმოჩნდა. ბერია “პატრონის” სიკვდილს მოუთმენლად ელოდა, რათა მისი ძალაუფლება ხელში ჩაეგდო და თავისი ადმინისტრაციული “ნიჭი”, ბოლოს და ბოლოს, მთელი სიძლიერით გამოეჩნა. თუმცა ბელადის სიკვდილის შემდეგ მან მხოლოდ ექვს თვეს იცოცხლა და საბჭოთა კავშირის მთავრობა პარტიულმა მაღალჩინოსნებმა დაიკავეს, სათავეში კი ნიკიტა ხრუშჩოვი იდგა. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ, სულ მალე, სტალინი თითქმის ყველა წარმოდგენილ თუ წარმოუდგენელ დანაშაულში “ამხილეს”. ქვეყანამ კი, რომელმაც ყველა სირთულე გადალახა და ყველა დაამარცხა, შინაურ მტერს ვერ აჯობა და ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყო.

ასეთია თანასაზოგადოებების ისტორიული განვითარების კანონზომიერება _ გამარჯვების მომტან რევოლუციას გამარჯვებული კლასის სასტიკი დიქტატურა მოსდევს, შემდეგ ხელისუფლება “რეალისტ-დამპყრობელთა” ხელში გადადის და მათი დახმარებით კონტრრევოლუცია აღსრულდება, რასაც გარკვეული დროის შემდეგ აღდგენა მოსდევს. თუმცა ეს აღდგენა, თავის მხრივ, წარსულის იმ უნარდაკარგული წესრიგის აღადგენას ვეღარ ახდენს, რომელიც კაცობრიობის სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას უზრუნველყოფს…

ასეთია ისტორიის გაკვეთილებისადმი ჩვენი თვალსაზრისი. იმედია, რომ რუსეთში, ადრე თუ გვიან, ღირსეული რევოლუცია ამ ხარვეზებს გამოასწორებს.

2010 წელი. ლონდონი”.

წინამდებარე სტატია კიდევ ერთი შეგონებაა არა მხოლოდ კაპიტალისტური სისტემის, არამედ სოციალისტური ბანაკისთვის, რომლის ნანგრევებსაც, არ იქნა და, ფერფლი არ გადაეყარა.

სტალინის აჩრდილი კი, როგორც ხალხის მხსნელი და ჩაგრულთა ბელადი, პლანეტაზე დადის და არ ვიცი, ქრისტეს მსგავსად ცეცხლითა და მახვილით, თუ თავისუფლების ჩირაღდნით დღე და დღე გვიახლოვდება.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here