მთავარი პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ვერ წარმომიდგენია, როგორ ესახებათ დეოკუპაცია მოლაპარაკების გარეშე

სოსო ცინცაძე: ვერ წარმომიდგენია, როგორ ესახებათ დეოკუპაცია მოლაპარაკების გარეშე

რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა _ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თვითონ შეუძლია, ილაპარაკოს თავის სტრატეგიულ ინტერესებზე?!

498
გააზიარეთ
სოსო ცინცაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში რუსულქართულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ, მიუხედავად თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობისა და სირთულეებისა, დარწმუნებულია, ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობა აღდგება. მისი თქმით, ის უკვე ხედავს საქართველოში კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ და ეს მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციული ძალები ჭარბობენ. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინას, გარე ძალები იყენებენ, თუმცაქართველი ხალხი ამ ანომალიურ მდგომარეობას გადალახავს და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და ხალხს შორის…”

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს (გაიხსენეთ ვლადიმერ პუტინის 2014 წლის განცხადება სოჭში ოლიმპიადის მიმდინარეობისას), მაგრამ ამ განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლებას ერთი პოზიცია ჰქონდა: “საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე ოკუპანტთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს…”

რა გზავნილია დღევანდელ ვითარებაში ჩვენთვის ლავროვის განცხადება და ადეკვატურია თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამ განცხადების სრული იგნორირება, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ადრე თუ გვიან რუსეთსაქართველოს შორის აღდგება ისტორიული ურთიერთობა, რომელსაც დღეს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს განცხადება, რა პოლიტიკური გზავნილია ის და, საერთოდ, ადეკვატურია ხელისუფლების რეაქცია კრემლიდან გაკეთებულ მსგავს განცხადებებზე?

_ ხელისუფლების ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია, არარეალისტური და მოკლებული საღ აზრს. მეტიც, ხელისუფლება არის გარკვეული საინფორმაციოიდეოლოგიური შანტაჟის ქვეშ, რომელიც მოდის .. ურაპატრიოტული პოლიტიკური სპექტრისგან და, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შანტაჟი, უკვე მრავალი წელია, ერთგვარ პრაქტიკად იქცა.

ახლა რას მოიტანს რუსეთთან დიალოგი და რა პოზიცია იქნებოდა, ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან ამ საკითხზე მართებული: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც დიპლომატიის თეორეტიკოსი, ვარ და ყოველთვის ვიქნები მოლაპარაკების მომხრე, იმიტომ, რომ, როგორც დიპლომატიის მამა რიშელიე ბრძანებს, ყველაზე ცუდად და წარუმატებლად დამთავრებული მოლაპარაკებაც კი დადებითი შედეგის მომტანია; თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ამ მოლაპარაკებაზე შენ უკეთ იგებ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის და, ალბათ, ვერასოდეს გავიგებ იმ ხალხისლოგიკას”, რომელიც არა მხოლოდ ფიქრობს, გამოდის და აკეთებს წარმოუდგენელი პოლიტიკური სიბეცის გამომხატველ განცხადებას _ რაზე უნდა ველაპარაკოთ ოკუპანტსო. ამ რიტორიკაში არათუ პოზიცია, რაციონალიზმის მარცვალიც კი არ არის, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ლაპარაკით რა შავდება, გაუგებარია; და მეორე _ ვერ წარმომიდგენია, როგორ ესახებათ მათ, თუნდაც ყველაზე შორეულ პერსპექტივაში, დეოკუპაცია მოლაპარაკების გარეშე. რა, ერთ მშვენიერ დღეს რუსები ჩაალაგებენ ჩემოდნებს, მავთულხლართებს აახვევენ და წავლენ მოსკოვში?! ეს ყველაფერი ხომ ინფანტილიზმია.

_ ხელისუფლება, ისევე, როგორც მთელი ლიბერალური პოლიტიკური სპექტრი, იმედებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე ამყარებს. მიაჩნიათ, რომ დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის აგრესიას ადრე თუ გვიან შეაჩერებს. რას ფიქრობთ ამაზე?

_ ესეც ჩვეულებრივი პოლიტიკური ინფანტილიზმია, რომელიც სათავეს სიბეციდან და სიბრიყვიდან იღებს. საერთოდ, ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ქართული დიპლომატიური სკოლა. ქართულ დიპლომატიას წარმართავენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების არმქონე დილეტანტები და ენთუზიასტები. აი, ეს არის რეალობა და ჩემთვის ისევე მიუღებელია ამ დილეტანტების ყოფნა პოლიტიკაში, მით უფრო მაღალ ეშელონებში, როგორც მიუღებელია ის ხალხი, რომელიც ისტერიულად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ყველანაირ დიალოგს კრემლთან. ისე, მათ ვურჩევ, რიშელიეს პოლიტიკური ანდერძი წაიკითხონ; იქნებ, მიხვდნენ, რომ დიპლომატიაში გაბუტვა, როგორც საპასუხო მოქმედების ფორმა, არ არსებობს. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ თქვენი გაზეთი, როგორც ერთ-ერთი პოპულარული გამოცემა, ერთხელ მაინც დაბეჭდავს რიშელიეს ანდერძს… რაც შეეხება რიტორიკას, რომ ჩვენთვის საფრთხის შემცველია ერთი-ერთზე ლაპარაკი ოკუპანტთან და ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, რუსეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, არასოდეს დაუშვებს მოლაპარაკებებს მესამე მხარის ზედამხედველობით და მეორე _ რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა _ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თვითონ შეუძლია, ილაპარაკოს თავის სტრატეგიულ ინტერესებზე?!

_ ვთქვათ, ხელისუფლებას გაუჩნდა პირდაპირი დიალოგის პოლიტიკური ნება, როგორ ფიქრობთ, რა ნიშნულიდან შეიძლება დაიწყოს ეს დიალოგი?

_ ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ, როგორც კი პირისპირ დავსხდებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დავიწყებთ მოლაპარაკებებს, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდება, მაგრამ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც შესაძლებელია, დააყენოს ასეთ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, იქნება ბორდერიზაციის თემა. ოღონდ, რა თქმა უნდა, დიპლომატიაში ყველაფერს თავისი ზომა და წონა აქვს და ნებისმიერი მსგავსი მნიშვნელობის საკითხის დაყენება უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკური სტრატეგიით. აი, ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დიპლომატია დილეტანტებმა და ბეცებმა არ წარმართონ. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ცუდმა ინჟინერმა შეიძლება გამოიწვიოს შენობის ნგრევა, ცუდმა ექიმმა _ ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ცუდმა დიპლომატმა შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს ნგრევა, რომლის უარყოფით შედეგებსაც ქვეყანა ათწლეულები ვერ აღმოფხვრის. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოიტანოს დიალოგმა, უწინარესად, ჩვენ გავიგებთ, რა უნდა რუსეთს ჩვენგან. გავიგებთ კონკრეტულად, რა მიზნები და ინტერესები აქვს. ეს ხომ თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად დღეს ჩვენ არ ვიცით, რა სურთ მათ… სულ გავიძახით ჯიუტად, ოკუპანტიაო… კი მაგრამ, რა სურთ საბოლოოდ, საქართველოს მიერთება? გამორიცხულია. პუტინი არასოდეს იქნება თანახმა, შეინახოს საქართველო, ერთ დღესაც რომ განვაცხადოთ, შევდივართ რუსეთის შემადგენლობაშიო. ის არასოდეს დათანხმდება, გამოგიგზავნოს საწვავი იაფად, საკვები, ხე-ტყე, წიაღისეული სიმდიდრეები და ა.შ. ასე არ იქნება არც ბელარუსისა და უკრაინის შემთხვევაშიც. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გარკვეული შეცდომები იქითა მხრიდანაც არის. რუსებიც საკმაოდ არასწორ და პოლიტიკურად მათთვისვე წამგებიან ნაბიჯებს დგამენ საქართველოს მიმართ, ეს კი უადვილებს მოქმედებას იმ ხალხს, რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარებას

_ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ხელისუფლება ერთგვარი ურაპატრიოტული შანტაჟის ქვეშაა, რაც მას არ აძლევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. რუსეთთან დიალოგის ნაწილში რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი? საზოგადოებაში აშკარად არ არის ისეთი განწყობა, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური ქულების დაკარგვის ეშინოდეს.

_ გეთანხმებით, საზოგადოებაში ნამდვილად არ არის განწყობა, რომ რუსეთთან დიალოგი არ გვინდა. მე, მაგალითად, კარგად ვიცნობ კახეთის რეგიონს და, ნებისმიერ კახელ გლეხს რომ ჰკითხოთ, მათი 98% ერთმნიშვნელოვნად მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის. რით არის ეს განპირობებული, აღარ განვავრცობ, ყველასთვის გასაგებია _ თითოეული იმ გლეხის მიერ მოწეული პროდუქტის ბედი დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. რაც შეეხება ხელისშემშლელ გარემოებებს, საქართველოში წლების განმავლობაში ერთგვარ პოლიტიკურ პრაქტიკად ჩამოყალიბდა ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი ამა თუ იმ ძალის წარმატების საზომად მიჩნეულია დასავლეთის რეაქციები _ თუ ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს გარე ძალის თუ ძალების პოლიტიკურ ინსტრუქციებს, უშეცდომოა ამ ყველაფერში და იმსახურებს შექებას იმ ძალებისგან, ესე იგი, წარმატებულია, თუ არა და ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია უმწვავესი კრიტიკისა თუ ცილისწამებისთვის, მათ შორის ყველაზე ყბადაღებული “არგუმენტითაც” _ “რუსეთის აგენტია…” აი, ამან ნელ-ნელა მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხი, პრაქტიკულად, ნულია, თუმცა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც… ამის ერთ-ერთი მაგალითია ეპიდემიაც. თავდაპირველად გვეუბნებოდნენ, რომ მკაცრი კარანტინი იყო საჭირო და შეზღუდვების მოხსნა არ შეიძლებოდა არც ერთ სეგმენტში, არც ბიზნესში, არც სხვაგან; ახლა კი, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე მკაცრი შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, ამათაც მაშინვე შეცვალეს რიტორიკა… კი, მესმის, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მცირე რესურებისა და შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვისურვებ, უფრო დამოუკიდებელი ყოფილიყო ქართული პოლიტიკა… ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი მოსახლეობა, სულ რაღაც, სამ მილიონ-ნახევარია. არ შეიძლება, აქ ისე მიუდგე საკითხს, მათ შორის ეპიდემიასაც, როგორც, ვთქვათ, ჩინეთი უდგება ან ამერიკის შეერთებული შტატები და მოსახლეობით მრავალრიცხოვანი სხვა ქვეყნები…

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს?

_ ისევ მივდივართ იქამდე, რომ პოლიტიკა გამოცდილმა, განათლებულმა და ღრმად განსწავლულმა პოლიტიკოსებმა უნდა აწარმოონ, დიპლომატია _ კვალიფიციურმა დიპლომატებმა. დღეს პროფესიონალების სერიოზული დეფიციტია… რა არის საჭირო? უწინარესად, ალბათ, საჭიროა სამეცნიერო კონფერენციები, მსჯელობა და მათ შორის საჯარო დისკუსიები, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ საღი პოლიტიკური სტრატეგია ჩამოყალიბდეს. მას კი სჭირდება რესურსი და ნება, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, დღევანდელ ვითარებაში მაინცდამაინც ვერავის ვატყობ. ვნახოთ, რა იქნება, ყოველ შემთხვევაში ცვლილებები რომ აუცილებელია, აშკარაა და ამას ყველა ძალა, მიუხედავად ორიენტაციისა და პოლიტიკური მრწამსისა, აღიარებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here